მთავარი საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მიღებული უნდა იქნას საეკლესიო კანონიკის შესაბამისად

მამა გიორგი (რაზმაძე): საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მიღებული უნდა იქნას საეკლესიო კანონიკის შესაბამისად

2231
გააზიარეთ
მამა გიორგი (რაზმაძე)

მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა უკრაინის ეკლესიის გარშემო წლების წინათ მის მიერვე დაწყებული რელიგიური ცირკი და ბაკქანალია შობის წინა დღეს, 6 იანვარს, “მიტროპოლიტეპიფანესთვის ავტოკეფალიის ტომოსის გადაცემით დააგვირგვინა (ამან სრულიად მართლმადიდებელ სამყაროში დიდი განხეთქილების საფრთხე კიდევ უფრო გაამძაფრა), საქართველოს საპატრიარქოს დუმილისა და პოზიციის გამოხატვისგან თავის შეკავების ხანგრძლივი ვადა, ფაქტობრივად, ამოეწურა.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სინოდში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და მეტიც _ კულუარული ინფორმაციით, სერიოზული დაპირისპირებაც, ერთ რამეზე ყველა თანხმდება: გაურკვევლობა, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების არარსებობის გამო დღემდე გრძელდება, უნდა დასრულდეს. თუმცა საკითხავია, როგორ და რა პრინციპით იხელმძღვანელებს გაერთიანებული კრება ამ გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინ, როცა სამღვდელოების ნაწილი უკვე ულოცავს უკრაინას საეკლესიო დამოუკიდებლობას, ნაწილი კი კანონიკური ნორმების დაცვაზე საუბრობს. როგორც ჩანს, შიდასაეკლესიო დაპირისპირება, რომლის მიღმაც დიდი კონფლიქტი და უთანხმოებები იმალება, კულმინაციას უახლოვდება. ერთი რამ ამთავითვე ნათელია _ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბართლომეოსის მომხრე ძალების მხრიდან შუღლი და კინკლაობა წმინდა სინოდში გაგრძელდებარა პროცესები მიდის ამჟამად საქართველოს საპატრიარქოში უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის გარშემო და რა გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ საბოლოოდ, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესებს 6 იანვარს საბოლოო სახე მისცა. მან, შეიძლება ითქვას, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა, თუმცა ჯერ კიდევ არავინ იცის, ეს რით დასრულდება. რა მიიღო უკრაინამ რეალურად?

_ სამწუხაროდ, “არანაირი დამოუკიდებელი ეკლესია უკრაინას არ მიუღია. უკრაინის ამ ახალეკლესიასარ ჰყავს პატრიარქი, მათ არ აქვთ მირონის ხარშვის უფლება; არ აქვთ უფლება, შექმნან ეპარქიები საზღვარგარეთ; ხოლო ის ეპარქიები, რომლებიც ჰქონდათ, ბართოლომეოსის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადავიდა, .., მნიშვნელოვნად შეიკვეცნენ ტერიტორიულად და რაოდენობრივად. ისინი თავიანთ მეთაურად სტამბოლის საპატრიარქოს აღიარებენ, არ შეუძლიათ ნებისმიერი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა, ამისთვის უნდა მიმართონ კონსტანტინოპოლის პატრიარქს და .. სად არის აქ დამოუკიდებლობა? და ყველაფერ ამას თვალთმაქცნი ავტოკეფალიას უწოდებენ”.

_ ახლა ყველა გაფაციცებით ელოდება დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციას. მათ შორისაა საქართველოც. თქვენი აზრით, რა პრინციპით იხელმძღვანელებს ამ შემთხვევაში ჩვენი საპატრიარქო?

_ სანამ მთავარზე გადავალ, ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ტომოსის გადაცემის დღეს, 6 იანვარს, ზოგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს მოხდა შობის წინა დღეს, რაც არასწორია. მოგეხსენებათ, ისინი, უკვე დიდი ხანია, ახალ კალენდარზე არიან გადასულნი და 7-ში არა შობას, არამედ ნათლისღებას აღნიშნავენ. სხვათა შორის, ესეც არის დიდი ცოდვა, იმიტომ, რომ ადამიანი ორი კვირით ასწრებს ყველა დღესასწაულს და ცდება მართებულ ტრადიციას, რაც თავის დროზე მსოფლიო კრებებმა განსაზღვრა. თუმცა ეს დოგმატური საკითხი არ არის, კანონიკურია და ბერძნები ამას, სამწუხაროდ, დიდ ცოდვად არ მიიჩნევენ. რაც შეეხება ტომოსის გადაცემას, იმ დღეს მოხდა ასეთი უცნაური ფაქტი, რაც მედიამ, ბუნებრივია, არ გააშუქა: როდესაც ეს ტომოსი, რომელიც სპეციალურ პერგამენტზე იყო დაბეჭდილი, ჩაიტანეს კიევში, აღმოჩნდა, რომ მასზე ხელს მხოლოდ ბართოლომეოსი აწერდა. ეს, ფაქტობრივად, დარღვევაა და ატყდა ერთი ამბავი. მერე ხელახლა გადააფრინეს თვითმფრინავი და სასწრაფოდ შეკრიბეს სინოდი, რათა მის ყველა წევრს მოეწერა ხელი. ვიღაცისთვის ამას შეიძლება არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ, როდესაც ასეთი მოვლენა ხდება, მსგავსი შეცდომები უმნიშვნელო არ არის…

_ რატომ არ იყო ტომოსზე თავიდანვე სინოდის ყველა წევრის ხელმოწერა?

_ ვერ გეტყვით. ძნელი სათქმელია, გამორჩათ თუ, უბრალოდ, ბართოლომეოსი ამ ყველაფერს ძალიან ზედაპირულად უყურებდა, მაგრამ ფაქტია. ჩვენთვის, ალბათ, მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც ჩვენი პოზიციაა.

_ რას გულისხმობთ?

_ საქართველოს საპატრიარქო დიდი ხნის განმავლობაში არ თუ ვერ გამოხატავდა თავის პოზიციას ამ საკითხზე. მაღალი იერარქები თავს არიდებდნენ მინიშნებების დონეზეც კი აზრის გამოთქმას, თუმცა ყველამ ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან დადგებოდა დრო, როცა ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მისვლა იქნებოდა გარდაუვალი. ეს ასეც უნდა მომხდარიყო და ვფიქრობ, დუმილი ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის

_ ის, რომ აქამდე საპატრიარქოს კონკრეტული განცხადების გაკეთება უჭირს, რაზე მეტყველებს?

_ ეს ისეთი მნიშვნელობის საკითხია, რომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილება ერთი კონკრეტული თვალსაზრისით შეიძლება კარგი აღმოჩნდეს, მაგრამ სხვა მხრივ დაგაზარალოს. ამიტომ ვთქვი ადრეც თქვენთან ინტერვიუში და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ორ ცეცხლშუა ვართ… თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მიღებული უნდა იქნას საეკლესიო კანონიკის შესაბამისად და, რა საფრთხეებზეც უნდა იყოს საუბარი, აქ კომპრომისზე ფიქრიც ზედმეტია. რაც შეეხება სინოდს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამ ეტაპზე მათი აზრი და ვერ გეტყვით, მომავალში რა როგორ წარიმართება. ჩემთვის გასაგებია, რომ ვიღაცას გული შესტკივა უკრაინელ ხალხზე და პირადი დამოკიდებულების გამოხატვა უნდა, მაგრამ, როდესაც მღვდელმთავარი ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება-არმინიჭების საკითხზე საუბრობს, მან ემოციები განზე უნდა გადადოს და სჯულის კანონებით განმარტოს, რატომაა ეს აუცილებელი.

_ თქვენ ვერ მოისმინეთ ეს განმარტება?

_ აქამდე რაც მოვისმინე, იყო მხოლოდ პოლიტიკურ-იდეოლოგიურად მოტივირებული მსჯელობა, რასაც ვერ ვაკავშირებ საეკლესიო კანონიკის პრინციპებთან. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება ძალიან რთული საკითხია. ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: როდესაც სქიზმატი ინანიებს ცოდვას და ბრუნდება ეკლესიის წიაღში, ის ბრუნდება არა იმ სამღვდელო ხარისხით, რომელიც მანამდე ჰქონდა, არამედ, როგორც ერისკაცი. ბართოლომეოსმა ესეც დაარღვია და ფილარეტსა და ეპიფანეს სამღვდელო ხარისხები აღუდგინა. მეორე _ უკრაინის ე.წ. ავტოკეფალიურ ეკლესიაში არიან ისეთი თვითმარქვია ეპისკოპოსები, რომლებსაც მართლმადიდებელი სამყარო, გარდა კონსტანტინოპოლისა, არ ცნობს. ისინი არიან იმ დროს ნაკურთხი “ეპისკოპოსები”, როცა სქიზმაში იყვნენ და ეს “კურთხევა”, ცხადია, მოხდა ნორმების უხეში დარღვევით. სხვა დანარჩენ გადაწყვეტილებებზე აღარ ვისაუბრებ. უბრალოდ, აქ ახლა არის მთავარი და ხაზგასასმელი ის მომენტი, რომ საქართველოს ეკლესია უნდა იყოს პრინციპული.

_ და, თუ არ ვაღიარებთ, რა წინააღმდეგობებს წავაწყდებით? სხვათა შორის, ერთერთი პირველი, ვინც უკრაინასსაეკლესიო დამოუკიდებლობამიულოცა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იყო

_ მსოფლიოს მერვე საკლესიო კრება, რომელმაც დიდწილად ნიადაგი შეუმზადა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, ვფიქრობ მართული იყო სწორედ ორი სახელმწიფოს _ ისრაელისა და ამერიკის _ სპეცსამსახურების მიერ. რაც შეეხება წინააღმდეგობას, ანტიმართლმადიდებლური კამპანია, პროპაგანდა და ცილისწამებები ჩვენი ეკლესიისთვის უცხო არ არის, მაგრამ უკრაინის ეკლესიის საკითხი შეიძლება უფრო დიდი წყალგამყოფი აღმოჩნდეს. აქ, ალბათ, ისევ გაგრძელდება ციანიდის საქმის მსგავსი პროვოკაციები, იქნება უარესი სიბინძურეებიც და ამას ვერ გავექცევით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამათ ხელში უფრო ცუდის მოლოდინში ვართ და ეს გასაკვირი არ არის. ისე, მე ერთი რამ მაინტერესებს, რომ მივარდნენ ეს ჩვენი “ლიბერალი” ჟურნალისტები ხელისუფლების წარმომადგენლებს და შეფასებებს სთხოვდნენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე, ეს ის “ლიბერალები” არ არიან, რომ გვიკიჟინებენ, ეკლესია და სამღვდელოება სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოსო?! იქ პოროშენკო და დეპუტატები აკეთებდნენ განცხადებებს, აქ კი პარლამენტის თავმჯდომარეს ეკითხებიან, მხარს დაუჭერთ თუ არაო. როდის აქეთ გახდა ეს ან პრეზიდენტის, ან პრემიერის, ან პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტი?! ან რატომაა ამ საკითხზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ასეთი მნიშვნელოვანი, რომ თითქმის ყველა ტელეარხმა მთელი დღე ატრიალა?.. რაც შეეხება ისევ “ლიბერალურ” პროპაგანდასა და კამპანიას ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც გითხარით, მომავალში უფრო გამძაფრდება. თუკი ჩვენი ეკლესია მხარს არ დაუჭერს უკრაინის ავტოკეფალიას და, კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება კანონიკური ნორმების კარნახით მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყება პირდაპირი შეტევები კონკრეტულ სასულიერო პირებზე. ამას შეიძლება ჰქონდეს როგორც პროვოკაციული, ისე ცილისმწამებლური ხასიათი მის “რუსეთის აგენტობაზე”. ასე რომ, “ბრალდებების” მთელი კასკადი შეიძლება ვიხილოთ. აი ზუსტად ამიტომ მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებასა და თითოეულ იმ ადამიანს, რომლებიც ამ პროპაგანდის მიერ შეცდომაშია შეყვანილი _ არავითარ აგენტობაზე არ არის საუბარი. თუ ეკლესია საეკლესიო კანონიკას იცავს და გარკვეულ ძალებთან კომპრომისზე არ მიდის, რუსეთის აგენტობა არ არის! კიდევ ვიმეორებ: ჩვენც გვწყდება გული იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, და ეს არ შეიძლება მოსწონდეს ნორმალურ ადამიანს, მაგრამ ერთია ემოციები და მეორე _ პრინციპები, რომლებსაც არ შეიძლება გადააბიჯო. საქართველო და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ეკლესია ამ პრინციპებზე იდგა, ამან მოგვიყვანა დღემდე და არ შეიძლება ვუღალატოთ.…აქვე მინდა, გამოვეხმაურო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს. როგორც კი გადასცა მსოფლიო პატრიარქმა უკრაინას ტომოსი და სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმა, სასულიერო პირებმა დაიწყეს განცხადებების გავრცელება, საქართველოდანაც გამოხტნენ ვიღაც-ვიღაცები და მიულოცეს. მათ შორის იყო მალხაზ სონღულაშვილი, ბაპტისტების “მიტროპოლიტი”, კიდევ _ მეუფერუსუდანი, აგრეთვე, უკრაინაში “ნაკურთხი” მღვდელი, უგულავას მეგობარი. განცხადებით გამოეხმაურა ამ ფაქტს საქართველოს მუსლიმანთა თემის წარმომადგენლობა. ეს არის ფაქტები იმისა, რომ ეს ეკუმენისტური სატანის მსახურები ერთად ებრძვიან დედაეკლესიას; ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ გონება და ანალიზის უნარი, უნდა გააცნობიერონ, რა ხდება. სხვათა შორის, უკრაინაში “ნაკურთხი” ის მღვდელი, ნიკოლოზი რომ ჰქვია და, თუ არ ვცდები, ინასარიძეა გვარად, თავის დროზე უგულავამ ჩამოიყვანა საქართველოში (იქ, უკრანაში, ფეხი ვერ მოიკიდა) და თანაშემწედ დაინიშნა მერიაში. მას ექვსი ათას ლარს უხდიდა თვეში და ფუფუნებაში აცხოვრებდა. აი, ასეთი ხალხია დღეს ეკლესიის წინააღმდეგ მომართული და, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რათა დედაეკლესია გახლიჩონ. ამისთვისაა შექმნილი ეს მოძრაობები და ამისთვის იბრძვიან სერიოზული ძალები არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ფაქტია, რომ ვიღაცებმა აამოქმედეს ქვეყნებს შორის, ხალხებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი პუნქტი: რელიგიური დაპირისპირება.
    განსაკუთრებით უტევენ მართლმადიდებლობას, რომელიც სძულთ, როგორც ბნელს სძულს ნათელი…
    მსგავსი სკანდალებით იკვებება მსოფლიოს პრეს-მედია; მათთვის მსგავსი სკანდალები ისეა, როგორც ავტომანქანისთვის საწვავი.
    თავად მდიდრდებიან, ხალხი კი ერთმანეთს ჭამს…
    ღმერთო, მოხედე გონწართმეულ მსოფლიოს…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here