მთავარი საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ეს პროცესები მართლმადიდებლური სამყაროს გახლეჩისკენაა მიმართული და საქართველო მართლმადიდებლობის...

მამა გიორგი (რაზმაძე): ეს პროცესები მართლმადიდებლური სამყაროს გახლეჩისკენაა მიმართული და საქართველო მართლმადიდებლობის დამცველი უნდა იყოს

3819
გააზიარეთ
მამა გიორგი (რაზმაძე)

როდესაც ეპისკოპოსები რამე პრინციპულ განცხადებას აკეთებენ, ეს მოსაზრება სჯულის კანონით უნდა იყოს გამყარებული და არა რაღაც უსუსური არგუმენტებით

საქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ (რაზმაძემ) უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა; აღნიშნა, რომ გარკვეული დასავლური პოლიტიკური ძალები რუსეთის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის გამოყოფას ცდილობენ. მისი თქმით, ამ განზრახვას უკავშირდება კათოლიკური ეკლესიის ორი მაღალი იერარქის ბოლოდროინდელი ვიზიტი თბილისში, რაც რეალურად ჩვეულებრივი სტუმრობა არ იყო, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შანტაჟისა და დაშინების მცდელობა.

როგორც ჩანს, მსოფლიო საპატრიარქო საქართველოს ეკლესიაზე მართლაც ახდენს ზეწოლას იმ კუთხით, რომ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობაში მხარი დაუჭიროს. ამაში ზოგიერთი ქართველი სასულიერო პირიც აქტიურად მონაწილეობს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინას, როგორც 40-მილიონიან დამოუკიდებელ ქვეყანას, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უკრაინას, 40-მილიონიან ქვეყანას, დამოუკიდებელს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და არ უნდა ექვემდებარებოდეს მას ეკლესიურად”, _ თქვა მან. მისი აზრით, სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის მთავარი სწორედ ეს საკითხი იყო, თუმცა სინოდს შეჯერებული პოზიცია, დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, აქამდე არ აქვს.

რა პროცესები მიდის დღეს რეალურად სინოდში და რას მოუტანს საქართველოს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე) გვესაუბრება.

_ მამაო, წინა ინტერვიუში განაცხადეთ, რომ მსოფლიო საპატრიარქო საქართველოს ეკლესიაზე ზეწოლას ახდენს და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეკლესიებს თვითონ დაიქვემდებარებს. სანამ ამ თემას გავშლით, სინოდში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბროთ. რამდენიმე დღის წინათ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ უკრაინას დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეს. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე, შეესაბამება დღეს ეს პოზიცია ჩვენს ეროვნულსახელმწიფოებრივ ინტერესებს?

_ ეს არ არის სასარგებლო არც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და არც ეკლესიისთვის. საქმე ის არის, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგანვე იყო რუსეთის იურისდიქციაში და მას ჰყავდა მიტროპოლიტი, რომელიც, ფაქტობრივად, მართავდა სახელმწიფოს, თუმცა ემორჩილებოდა, კიდევ ვიმეორებ, რუსეთის საპატრიარქოს. ახლა ის, რომ ვიღაცას ამ ქვეყნის ეკლესიიის დამოუკიდებლობა მოუნდა, ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის. ამ ყველაფერს სჯულის კანონი განსაზღვრავს და ზოგიერთმა ეპისკოპოსმა უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ეკლესიის დამოუკიდებლობა ერთი და იგივე არ არის. 40 კი არა, 500-მილიონიანიც რომ იყოს ქვეყანა, ეს მისი ეკლესიის დამოუკიდებლობას არ ნიშნავს.

კონკრეტულ განცხადებას რაც შეეხება, როდესაც ეპისკოპოსი აკეთებს საფრთხის შემცველ შეფასებას, ეს ცუდია არა მხოლოდ მისი ავტორიტეტისთვის, არამედ ეკლესიისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი, რაც დღეს ხდება, შეთხვევითი არ არის. აქ ისეთი ძალებია ჩართული, განხეთქილებაზე მიანიშნებს. ამიტომ ვამბობ, რომ ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. კიდევ ვიმეორებ: თუ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, რუსეთის საპატრიარქო აუცილებლად დააყენებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ეკლესიების დამოუკიდებლობის საკითხს…

_ თქვენი აზრით, რატომ უნდა სურდეს მსოფლიო საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა?

_ რეალურად მათ აწუხებთ არა ის, რომ უკრაინა 40-მილიონიანი დამოუკიდებელი ქვეყანაა და ამიტომ ეკლესიაც უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი, არამედ ეს მცდელობები მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილების შეტანას ემსახურება.

ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: მსოფლიოს საპატრიარქო ეკუმენიზმის მორევში ჩაიძირა. დღეს იქ დარჩა მხოლოდ რამდენიმე ეპისკოპოსი, რომლებიც საღად და სწორად აზროვნებენ, დანარჩენს ამერიკის სპეცსამსახურები მართავენ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც, ფაქტობრივად, ეკუმენიზმი დაკანონდა, სწორედ ამერიკისა და ისრაელის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. მადლობა ჩვენს პატრიარქს, რომ უარი თქვა ამ ავაზაკთა კრებაში მონაწილეობაზე!

ახლა დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს. ძალიან არ მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა რამე ფორმით გარეული აღმოჩნდეს იმ ბინძურ ქმედებებში, რომლებიც არა რომელიმე ერთი სახელმწიფოს, არამედ სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული, ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიფრთხილის გამოჩენა სასულიერო პირების და მით უმეტეს, ეპისკოპოსების მხრიდან. სხვათა შორის, იოანე ოქროპირი ერთგან ამბობს: ყველაზე მეტად ამ წუთისოფელში მეშინია ეპისკოპოსის, იმიტომ, რომ მას იმხელა ძალაუფლება აქვს, შეიძლება, ერთი ხელის მოსმით ააყვავოს ქვეყანა და ასევე ერთი ხელის მოსმით ფერფლად აქციოს ყველაფერი”. ვფიქრობ, როდესაც ეპისკოპოსები რამე პრინციპულ განცხადებას აკეთებენ, ეს მოსაზრება სჯულის კანონით უნდა იყოს გამყარებული და არა რაღაც უსუსური არგუმენტებით, რომ 40-მილიონიან დამოუკიდებელ ქვეყანას დამოუკიდებელი ეკლესია როგორ არ უნდა ჰქონდესო.

_ მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება ახსენეთ, ამ კრებაში მონაწილეობაზე უარის გამო მსოფლიო საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ურთიერთობაში რამე შეიცვალა?

_ არათუ შეიცვალა, დღეს, ფაქტობრივად, მიდის სამაგიეროს გადახდა იმ ეკლესიებისთვის, რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა ამ კრებაში. ეს პროცესები ამ სამაგიეროს გადახდის ნაწილია, სინამდვილეში კი უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა არავის აინტერესებს. კიდევ ვიმეორებ:

მიზანი არის მართლმადიდებელი სამყაროს გახლეჩა და ამიტომ მიდის შანტაჟი, ამიტომ დაშინებითა და დაძალებით ცდილობენ, ისეთი გადაწყვეტილება შეგვასრულებინონ, რომელიც დაგვაპირისპირებს რომელიმე სხვა ქვეყნის ეკლესიასთან. სხვათა შორის, ჩვენ შემთხვევაში ეს დასჯა დაიწყოციანიდის საქმით”, ახლა გრძელდება უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებით და მომავალში კიდევ რა იქნება, ღმერთმა უწყის, ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ამ ბრძოლაში საქართველო ბრმა იარაღად არ გამოიყენონ.

_ თქვენ, როგორც სასულიერო პირს, კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ იმ ძალების გეგმა, რომლებსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაყოფა სურთ? როგორ და რა ფორმით შეიძლება ეს იდეაში განხორციელდეს?

_ ეს გაამჟღავნა კიდეც ზოგიერთმა ეპისკოპოსმა, როცა პატრიარქის ტახტის გაუქმება და სინოდურ მმართველობაზე გადასვლა მოითხოვა, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გეგმაც. მაგალითად, ერთერთი გეგმა შეიძლება იყოს რამე ხინჯისა და უთანხმოების შეტანა ეკლესიურ სწავლებაში. თუ ეს რეალურად მოხერხდა, გარკვეულწილად იქნება ქაოსი და ამით ცხადია, დასავლეთის მიერ მართული ძალები ისარგებლებენ. მათი გაძლიერება კი, პრაქტიკულად, იქნება დასასრული, რადგან, თუ მათ ერთხელ მაინც ჩაიგდეს ხელში სადავეები, მერე ძალიან გართულდება ეკლესიაში საღი ძალების დაბრუნება.

_ დღეს ხომ არიან ეკლესიაში საღი ძალები? მათი უგულებელყოფა ასე ადვილია?

_ მათ მიმართ, უბრალოდ, დაიწყება რეპრესიები და ყველას, ვინც რამის წინააღმდეგი იქნება, ციხეებში გამოკეტავენ. მერე უკვე ზედმიწევნით განხორციელდება ყველა გეგმა, რომლებიც მერვე საეკლესიო კრებაზე იქნა პრაქტიკულად დეკლარირებული, ანუ ახალ სტილზეც გადავლენ, მარხვებსაც გააუქმებენ, კალენდარსაც შეცვლიან და ..

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ის სასულიერო პირები, რომლებიც თავიანთი მსოფლმხედველობით პროდასავლურები არიან ან შეიძლება თანამშრომლობდნენ დასავლეთის სპეცსამსახურებთან, ეკლესიამ უნდა ამხილოს? ამ ლუსტრაციას ერთგვარი პრევენციის ეფექტი არ ექნება?

_ ისინი ისედაც არ მალავენ თავიანთ პოზიციას და ეს ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა მერვე საეკლესიო კრებაზე წასვლა-არწასვლის საკითხი იდგა. ასეა დღესაც _ ზოგი თვლის, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას. არადა, რა შეიძლება მოჰყვეს ამას ჩვენი ქვეყნისთვის, არავინ ამბობს. ჩემი აზრით, ამას არანაირი მხილება და ლუსტრაცია არ სჭირდება. უბრალოდ ჩვენ, სრულიად საქართველომ, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: ნებისმიერი მსგავსი განცხადება ხვალ-ზეგ შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს, როგორ და რანაირად, ისევ იოანე ოქროპირს დავესეხები, “ყველაზე მეტად დღეს ეპისკოპოსის მეშინია”… იმიტომ, რომ მის ნებისმიერ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს ეკლესიის აყვავებაც და განადგურებაც, აღმავლობაც და ნგრევაც

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here