Home რუბრიკები საზოგადოება მაინც არავინ წაიკითხავს?..

მაინც არავინ წაიკითხავს?..

2756
ომარ ქავთარაძე

რუსთველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო ასე მხიარული
ქართველი პოეტი მერქვას.
ლადო ასათიანი

არ წაიკითხავენ იმიტომო, რომ მიმქრალი ტრადიციები ახალ თაობას არ აინტერესებს, ხიბსტერების კარაბადინში არ წერია. ხანდაზმულებს ხელი აქვთ ჩაქნეული: ასაკმა იცის. მე მაინც ვცადე

* * *

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პროკურატურის საერთო ზედამხედველობის პროკურორის, განუმეორებელი პიროვნების, კონსტანტინე ქავთარაძის სტუმართმოყვარე ოჯახში, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოს (ოპერიდან მამადავითის ფერდობს რომ აუყვება), რიწის #1 სახლში ცხოვრობდა, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ჩვენი ქვეყნის შემოქმედებითი ინტელიგენციის ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა.

ასეთი ტრადიციული რიტუალი ჰქონდა მეგობართა ამ კავშირს.

სწორედ თბილისურ ტრადიციებზე სასაუბროდ ვესტუმრე ამ ოჯახის დღეისთვის უხუცეს წევრ ომარ ქავთარაძეს, თვითონაც “კონსერვატორ-ტრადიციონალისტს”, რომლისთვისაც არაფერი ახალი მიუღებელი არ არის.

არიან ასეთი გამონაკლისები.

რუსთაველის პროსპექტზე (ერთი ხანია, გამზირს რომ ვუწოდებთ) სალაპარაკოდ მივედი.

რადგან ადამიანი ოჯახიდან იწყება, ჩვენც ოჯახიდან ვიწყებთ.

ბევრი საინტერესო ამბავი ქავთარაძეების ოჯახიდან იღებდა სათავეს. აქედან ვრცელდებოდა საზოგადოებაში და, არცთუ იშვიათად, თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

მათ შორის ბატონ კონსტანტინეს შეკამათების ეპიზოდი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომაზე მაშინდელ ცეკას პირველ მდივან კანდიდ ჩარკვიანთან, რომელსაც იოსებ სტალინი კარგი თვალით უყურებდა და პატივსა სცემდა.

იმ შორეულ დროს საქართველოში, როგორც საბჭოთა კავშირში საერთოდ, კადრების წმენდის საკითხი პერიოდულად დგებოდა დღის წესრიგში. ჩვენთანაც ასე ხდებოდა, მაგალითად, რესპუბლიკის პროკურატურაში ხელმძღვანელობის გადახალისება-გაძლიერების მიზნით. მაშინ ასე იტყოდნენ…

პარტიის ცეკას ბიუროს სხდომაზე განიხილავდნენ თითოეული პროკურორის “პერსონალურ საკითხს”.

მოხსნის მორიგ კანდიდატს ეუბნებოდნენ:

_ პარტიის ცენტრალურ კომიტეტში არის აზრი თანამდებობიდან თქვენი გათავისუფლების შესახებ.

ის განწირულიც ეთანხმებოდა (ოღონდ არ დაეპატიმრებინათ და მოხსნას ვინ დარდობდა): _ თუ პარტიას მიაჩნია, რომ ასეა საჭირო, საწინააღმდეგო რა უნდა მქონდესო.

“განხილვა” ამით ამოიწურებოდა და ბიუროს სხდომაზე შესული მრისხანე და დაუნდობელი ალიგატორები იქიდან პატარა, თან კუდმოწყვეტილ ხვლიკებად გამოდიოდნენ.

ბატონ კონსტანტინეს რიგიც მოვიდა და ბიუროს წევრების წინაშე წარმდგარ პროკურორ ქავთარაძეს კანდიდ ჩარკვიანი ეუბნება:

_ ამხანაგო ქავთარაძე, არის აზრი, გაგათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან.

_ ნუგზარის გეფიცებით, ცუდი აზრი მოგსვლიათ, _ უპასუხებს კონსტანტინე ქავთარაძე (ნუგზარი მისი უფროსი ვაჟია).

ეფექტი ისეთია, როგორც ნიკოლაი გოგოლის “რევიზორის” ფინალში: მუნჯი სცენა გოროდნიჩით ცენტრში.

მაგრამ, თუ კლასიკურ კომედიაში აქ მთავრდება ყველაფერი, ჩვენს მონათხრობში ამ დროს აიხდება ფარდა და გაიხსნება კვანძი.

აქედან საუბარს ნუგზარის ძმა _ ომარ ქავთარაძე განაგრძობს:

_ ეს მოხდა 1948 წელს, ძველი კადრების ახლებით მასობრივი შეცვლის კამპანიის დროს.

მამაჩემი ზამთარში ბოსტონის ერთი კოსტუმით დადიოდა, რომელზეც პროკურორის სამხრეები ეკეთა, ზაფხულში კი ჩესუნჩის სამხრეებიანი ერთი კიტელი ეცვა. სხვა არ ჰქონდა. ოპერაშიც და რუსთაველის თეატრშიც ასე გამოწყობილს დავყავდით შვილები. ეს იყო მისი სამუშაო და საზეიმო სამოსი.

პატიოსნებით გამოირჩეოდა ყოველთვის, მაგრამ მასობრივი საკადრო წმენდა გამონაკლისებს არ ითვალისწინებდა. არ შეეპუა იგი ასეთ “ურავნილოვკას” და განუცხადა ცეკას მდივანს: მიზეზი მითხარით გათავისუფლებისო. უპასუხეს, რომ მიზეზი არის ის, რომ სამუშაო საათებში ძალიან ბევრს დადიხართ და ადგილზე არ იმყოფებითო; კიდევ ის, რომ რესპუბლიკის პროკურატურაში თუ რამ კომიკური სიტუაცია იქმნება, ყველას მოთავე თქვენ ხართო. არასერიოზულობაზე მიანიშნეს.

მაშინ აუღელვებლად აუხსნა კონსტანტინე ქავთარაძემ:

_ მოგეხსენებათ, რომ თანამდებობით ვარ საქართველოს საერთო ზედამხედველობის პროკურორი. თუ მასწავლით, როგორ უნდა შევამოწმო საქართველოს რაიონებში შექმნილი მდგომარეობა ადგილზე მიუსვლელად, სიამოვნებით მივიღებ თქვენს რჩევა-დარიგებასო.

იუმორის თაობაზე კი გეტყვით, რომ მოსკოვში საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურორთან გამართულ თათბირზე სიტყვით გამოვედი. სიტყვაში იუმორიც გავურიე. ამას შედეგად კი ის მოჰყვა, რომ გენერალურმა პროკურორმა სამახსოვრო საათით დამაჯილდოვა.

მოიხსნა საათი და ბიუროს წევრებს წააკითხა ზედ ამოტვიფრული წარწერა: “Константину Парнаозовичу Кавтарадзе от генерального прокурора СССР Руденко”.

ბიუროს წევრებს, რაღა თქმა უნდა, აზრი შეეცვალათ…

ფრანგების არ იყოს, დავუბრუნდებით ჩვენს ცხვრებს და ომარ ქავთარაძე განაგრძობს:

_ ცნობილი პიროვნებების შეკრებები ჩვენთვის, ყმაწვილებისთვის, იყო ქართული ტრადიციების ერთგულების საჩვენებელი გაკვეთილები, სამაგალითო და დასამახსოვებელი _ როგორ უნდა გვეცხოვრა და რომელი მიზნებისთვის გვეერთგულა.

რუსთაველის გამზირი

იშლებოდა ქართული სუფრა და იწყებოდა ფანტასტიკური ზეიმი საოცარი სტუმრების შემადგენლობით. ჩამოგითვლით: ჩემი უფროსი ძმის _ ნუგზარ ქავთარაძის ნათლია, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სტალინური პრემიის ხუთგზის ლაურეატი აკაკი ხორავა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ვასო გოძიაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი, სტალინური პრემიის ლაურეატი დავით გამრეკელი, რომელიც ჩემი დის _ ლიანა ქავთარაძის ნათლია იყო, პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, ცნობილი პოეტი კარლო კალაძე, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შავგულიძე, ჩვენი ოჯახის უსაყვარლესი ადამიანი, საქართველოს სახალხო არტისტი აკაკი კვანტალიანი, პოპულარული და სახელმოხვეჭილი მსახიობები: პიერ კობახიძე და ემანუელ აფხაიძე, ახალგაზრდები _ გოგი გელოვანი (მსახიობი) და ზურაბ ლეჟავა (მხატვარი) და, როცა თბილისში იყო ჩამოსული, საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში _ სერგო ქავთარაძე, ჩვენი სისხლით ნათესავი.

ითქმებოდა დახვეწილი სადღეგრძელოები, დიდებულად ჟღერდა მრავალხმიანი ქართული სიმღერა.

და, რა თქმა უნდა, _ განუმეორებელი იუმორი, ექსპრომტად თქმული, იქვე დაბადებული, რომლის დიდოსტატებიც იყვნენ აკაკი კვანტალიანი და ემანუელ აფხაიძე.

_ რუსთაველის პროსპექტი იყო ის საკრალური ადგილი, სადაც საბოლოოდ ყალიბდებოდა _ ჯერ ჩვენზე უფროსი თაობა, შემდეგ _ ჩვენი თაობა, მომდევნოდ _ თქვენი თაობის ახალგაზრდობა.

რუსთაველის პროსპექტი ჩემი სიცოცხლის ნაწილი იყო. იქ იწყებოდა და იქ მთავრდებოდა ჩემი ყველაზე დიდი სიხარული, ყველაზე დიდი ბედნიერება. იქ იყვნენ ჩემი საუკეთესო ძმები, მეგობრები. ვერ გეტყვით, რომ ყველანი ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები ვიყავით, მაგრამ წესიერებით, განსწავლულობით არავის ჩამოვრჩებოდით.

ლაღიძისწინ ერთი დიდი ჭადარი რომ იდგა, იქ ვიკრიბებოდით საღამოობით, ჩვენს პროფესიულ საქმიანობას რომ დავამთავრებდით და თბილისელები პრომენადზე რომ გამოვიდოდნენ მაშინ.

ლექსიც კი მივუძღვენი ამ ადგილს:

მენატრება ყრმობის წლები რუსთაველზე,
უდარდელი, დარდიმანდი ყმაწვილებით.
დაიძაბეთ, ჩემი ტვინის საცეცებო,
გამახსენეთ ყველაფერი დაწვრილებით.
ლაღიძისწინ იყო ჩვენი სამფლობელო,
ორივ მხარეს _ სასეირნო არეალი,
სტუმრად გვყავდა სხვა უბნელი,
თუ არ გვყავდა, შეხვედრები მთავრდებოდადარიალით”.

“დარიალი”, გახსოვთ, რესტორანი იყო იქვე, სარდაფში, ჩვენი “საბანკეტო დარბაზი”.

ერთხელ ჩავედი რუსთაველზე და ვხედავ, ჭრიან ამ ჭადარს. დაგვიბერდა, გამოფუტურდა. მუშებს ვთხოვე, ეგებ ერთი ნაჭერი, ასე თუ ისე საღი, შემირჩიოთ-მეთქი. _ შეშად გინდა? _ მკითხეს. _ არა, რა თქმა უნდა! ამასთან ერთად გავიზარდე და სამახსოვროდ მინდა-მეთქი დამრჩეს.

შემირჩიეს, მომცეს. ჩემს ეზოში “საპატიო ადგილზე” დავდგი, სანამ სულ არ გამოიფიტა.

_ ვინ იყავით ბიჭები, იმბირჟაზერომ იკრიბებოდით?

_ ძმები ყიფიანები _ ჯიმი და დემური, თორნიკე კოპალეიშვილი, უსაყვარლესი ადამიანები, გივი სიხარულიძე _ ჩემი მძახალი, საქართველოში ცნობილი პიროვნება, ვაჟა ჩაგანავა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს!), გურამ ვარდოსანიძე _ “სეფე”, რომელსაც სახალისო სტროფი მიუძღვნა ოთარ მამფორიამ:

თუ გინდა, იცხოვრო მეფესავით,
უნდა მოიქცესეფესავით”…

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ვერ გავიხსენე…

_ რა გასაკვირია, რამდენი წელიწადი გავიდა!.. რუსთაველზე არ ყოფილხართ რა ხანია? (მგონი, მეც ლექსის სტრიქონებად ვიხარჯები).

_ ღმერთმა დამიფაროს იმისგან, რომ სიარულის საშუალება მქონდეს და რუსთაველზე არ ჩავიდე, არ გავიარო. ეგ სურვილი თუ აღარ მექნება, იქ დამთავრდება ჩემი სიცოცხლე.

_ ჩახვედით და ჩაიარეთ: რა არის რუსთაველი დღეს?

_ მაპატიეთ, ჩემო ბატონო, ბოდიშს ვიხდი საზოგადოების წინაშე, ჩემი ქალაქის წინაშე და ვიტყვი, რომ დღეს რუსთაველი არაფერი არ არის. ცარიელი ადგილია! იმდენი სიკეთე თქვენ და მეც, რამდენჯერ ჩავსულვარ რუსთაველზე, საათობით ვმჯდარვარ, მინატრია: ერთი ნაცნობი სახე დამანახა და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება-მეთქი.

ამაოდ!

საერთოდ გაუკაცრიელდა პროსპექტი. ახლა სხვა ინტერესები გაჩნდა, სხვა დამოკიდებულება, სხვა ქცევა

_ “სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული?” (გალაკტიონი).

_ არა, არაფერი ისმის.

_ რუსთაველის პროსპექტის დანიშნულება დღეს A წერტილიდან B წერტილში გადაადგილებით ამოიწურება. და კიდევ _ პარლამენტის წინ აქციების გამართვისლოკაციადჩამოყალიბდა.

_ დიახ, სამწუხაროდ!

რაც ვთქვი, ჩემთვის ტრაგედიაა, არ მსიამოვნებს ამის განცხადება, მაგრამ ფაქტია და უთქმელობა არ ეგების. სიცარიელეა…

_ მაშ, გავიხსენოთ ძველი ფაქტები.

_ უკვე ვთქვი, რომ ჩვენი შეხვედრები მთავრდებოდა “დარიალით”. ამ რესტორნის დირექტორი იყო მელქო პატარიძე, რომელიც მამასავით გვივლიდა და გვიფრთხილდებოდა. ზოგჯერ, როცა კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნებოდა, გადაგვეფარებოდა. “კაი კაცები გვეზრდებიან და ამისთანა რაღაცაზე ჩვენ ნუ დოუწყებთ დავას”, _ იტყოდა ხოლმე. დიდი პატივისმცემელი იყო ჩვენი. დღემდე ვემადლიერები.

არ შემიძლია, არ გავიხსენო ამ რესტორნის ოფიციანტი, სომეხი არიკა. ერთხელ მოვიფიქრე, რომ მოგვეწყო არიკასთვის არიკობა _ ჩვენი ბერიკობის მსგავსი მხიარული ზეიმი. მაგრამ ბედი არ გინდა! მაინცდამაინც მაშინ მოუნდა გორბაჩოვს და ლიგაჩოვს “მშრალი კანონის” გამოცემა. ვაპირებდით “დარიალში” ჩასასვლელ კიბის თავზე გამოგვეკრა ლოზუნგი:

და ვუბარებ ყველა ქართველს,
მისი წმინდა ვალი არი,
არასოდეს დაავიწყდეს
არიკა დადარიალი!”

ირაკლი აბაშიძის ცნობილი ლექსის საჩვენოდ მორგებული ვარიანტი.

ჩაგვეშალა!

რიწის ქუჩის #1 სახლი: ერთსულოვნების ტრადიციის კერა
რიწის ქუჩის #1 სახლი: ერთსულოვნების ტრადიციის კერა

_ რუსთაველის პროსპექტს თავისი ტრადიციები ჰქონდა. თქვენ იყავით ერთგვარიგრაალის მცველები” _ ამ ტრადიციების ერთგული მოდარაჯენი.

_ რა თქმა უნდა! ერთ ფაქტს გავიხსენებ: ვდგავართ იმ საღამოს ჩვენი საძმოს ბიჭები ჩვენს ტრადიციულ ადგილზე.

_ “საძმოსცნება წაირყვნა ოთხმოცდაათიან წლებში

_ გვიახლოვდება ერთი ახმახი, ზორბა და საკმაოდ სასიამოვნო შესახედაობის ბიჭი. ეტყობოდა, შეზარხოშებული იყო. გვეუბნება: თქვენზე გამიგია, რომ მაგარი ბიჭები ხართ და მეჩხუბეთო.

_ შენ გენაცვალე!

_ შვილებს გეფიცები, ასე იყო. ვუთხარით: სანამ სურვილს შეგისრულებთ, გვითხარი, სადაური ბრძანდები?

ქუთაისელი ვარ და სპეციალურად ჩამოვედიო.

_ ავოეეე!

_ არა გრცხვენია, ნუთუ გჯერა, რომ თბილისელები სტუმრებს ცემა-ტყეპით ვუმასპინძლდებით?! ახლა ამ ლაპარაკს მოვრჩეთ და აგერ “დარიალში” ჩავიდეთ, იქ გავაგრძელოთ საუბარი, _ შევთავაზე.

_ მეჩხუბეთ, კაცები არ ხართ? _ თავისაზე იდგა.

_ ჭიქებით ვიჩხუბოთ, _ ესეც ვუთხარი.

დაგვიჯერა, ჩამოგვყვა და კაი ხნის შემდეგ ტირილით გამოვიდა რესტორნიდან:

_ თქვენ ყოფილხართ ხალხი და ბოდიშს გიხდით ჩემი დღევანდელი საქციელისთვის.

_ გვარი გახსოვთ?

_ არ გვიკითხავს. ტყუილს ვერ გეტყვით. ჩხუბსა და აყალმაყალს ყოველთვის ვერიდებოდით. როცა კაცი, მით უფრო ჯგუფი, დარწმუნებულია თავის აღმატებულ სიძლიერეში, თავშეკავებული უნდა იყოს! ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა, ჩვენი სინდისნამუსის შებღალვა, ვინმეს იქ ხელი რომ გაენძრია, ამიტომ ჩანასახშივე ვაქრობდით ხულიგნურ გამოხდომებს.

_ გოგოებს ხელის გულზე ატარებდით, უწმაწურ სიტყვასაც არ გააგონებდით.

_ ჩემი ლექსი, რომლის ამონარიდიც წაგიკითხეთ, ამ თემით გრძელდება:

ქანდაკებებს მოგაგონებთ ჭადრის ჩრდილში
ყმაწვილები ოცნებებში წასულები _
მოლოდინით _ როდის გამობრძანდებიან
სასეირნოდ ჯიშიანი ასულები.
და _ აჰ! დგება ჟამი ტრფობის, ნეტარების,
მოდიან და ათასფერად იალებენ,
ხეებიც კი თავებს ხრიან, ჩუმდებიან,
თბილისელი გოგონები შრიალებენ…”

_ ხელის გაწვდენაზე იყო ოპერისა და ბალეტის, რუსთაველის სახელობის თეატრები.

_ ბედნიერები ვიყავით, რომ ამ ორი თეატრის გარდა მარჯანიშვილშიც გვყავდნენ მეგობარი-თანამეინახენი. ყველა ახალ წარმოდგენაზე გვიგზავნიდნენ ბილეთებს და არც ერთი პრემიერა არ გამოგვიტოვებია.

ილიას “კაცია-ადამიანში” ლუარსაბ თათქარიძის როლს ჟანრი ლოლაშვილი ასრულებდა. მეოთხე რიგში ვიჯექი. პირველი მოქმედების შემდეგ, ანტრაქტში კაცი გამომიგზავნა, _ ომარ ქავთარაძეს უთხარით, სადმე სხვაგან გადაჯდეს, თორემ სულ თვალში მეჩხირება და თათქარიძეობაში ხელს მიშლისო.

იმ პერიოდში მსახიობებს ძალიან უჭირდათ. ჩვენ, მადლობა ღმერთს, ლუკმის გამყოფი ხალხი ვიყავით და მათ გარეშე ინახად არ დავსხდებოდით.

_ იმ დიდი მსახიობების ხელოვნების მოწმენიც ვიყავით, რომელთა სცენაზე ცოცხლად ხილვის ბედნიერება უკვე აღარავის ექნება.

_ უწინარესად, დიდებულ რამაზ ჩხიკვაძეს გავიხსენებ, სერგო ზაქარიაძეს. აკაკი ხორავას _ თავისთავად. ძალიან მიყვარდა კარლო საკანდელიძე; სალომე ყანჩელი და მედეა ჩახავა _ უნიჭიერესი ქალბატონები. როგორ შეიძლება, რომ რუსთაველის თეატრზე საუბრისას ეროსი მანჯგალაძე არ ახსენო!

ოპერისა და ბალეტის თეატრს ერთი ფოტოსურათით გავიხსენებდი, რომელიც ჩვენს ოჯახში ინახება: დგას მიშა ყვარელაშვილი _ რესპუბლიკის სახალხო არტისტი, ტენორი, მის გვერდით _ მამაჩემი _ კონსტანტინე ქავთარაძე, პროკურორი, შემდეგ _ დათკა გამრეკელი და პეტრე ამირანაშვილი _ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები, ბარიტონები. მათ წინ სკამზე ზის უცნობილესი დავით ანდღულაძე. ჩემი განძი არის ეს გაცრეცილი სურათი. ამაზე მეტი სიმდიდრე მე არ გამაჩნია.

როგორ ფიქრობთ, ამათ სპექტაკლებს დავაკლდებოდი?

_ ცხადია, არა!

_ ჩემი პასუხიც ეგ არის.

_ ბოლო სიტყვას მოვიდეთ, ბატონო ომარ, მაშ, რუსთაველის პროსპექტი, როგორც რიტუალური სიმბოლო, დაიკარგა?

_ გიპასუხებთ, ჩემი ლექსის, რომელიც რეფრენად გაჰყვა ჩვენს დღევანდელ საუბარს, დასკვნითი სტროფებით, როცა თბილისელი გოგონების რუსთაველზე გამობრძანებას ჭადრები თავდახრით შეეგებებიან:

“… აშოლტილნი, დახვეწილნი, თლილი მკერდით
მოდიან და ტურფა მდედრთაპარადია”,
ვით თბილისი, სეირნობა რუსთაველზე
სამუდამო, უკვდავია, მარადია”.
წლები გარბის, მაინც ვდგავარ რუსთაველზე,
ვეფერები ტკბილად მოსაგონარ წარსულს,
არ წავიქცეთ, ხელჩაკიდულს ვასეირნებ
ჩემს მეუღლეს _ მათგან ერთერთ ლამაზ ასულს.

დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, ახალგაზრდობა დაუბრუნდება იმ სიწმინდეებს, რომლებითაც თბილისსა და თბილისელებს დღემდე მოუღწევიათ.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. ჟამთასვლის გვალვამ ამოაშრო ადამიანების ნაკადი რუსთაველზე.
წვიმას ნატრობდა პროსპექტი მოლოდინით დამშრალ თვალთაგან წვეთი ცრემლის გამოსაწურად, რათა უკაცრიელ სცენაზე ატირებულიყოვით მეფე ლირი, ლირი ყველასგან მიტოვებული” (გალაკტიონი):
მადლო ზეცისავ, მომეც, მომეც მე მოთმინება! ტვინს ნუ შემირყევ, დამიფარე ჭკვიდამ შეშლისგან!..” (უილიამ შექსპირი).
მაგრამ სხვა რამაზ ჩხიკვაძე რობიკო სტურუას არ ჰყავს
..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here