მთავარი პოლიტიკა მათი სახელი “მოქკავშირია”

მათი სახელი “მოქკავშირია”

2364
გააზიარეთ
კვირიკაშვილი

9 ნოემბერს თბილისში, ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დანგრევისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენაზე არ იყო სსრკის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის _ ედუარდ შევარდნაძის ფოტო.

“მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რადგან ისტორია არის ისტორია”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილი, ეტყობა, იმიტომ განაწყენდა, რომ მისი პოლიტიკური მამის, დიდი “დემოკრატისა” და დიპლომატის, გენშერისა და ბეიკერის “მეგობრის” ედუარდ შევარდნაძის ღვაწლი და დამსახურებები საქართველოს წინაშე წარმოჩენილი არ იყო.

ეს დამსახურებებია:

* საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნობისას, 1972 წელს ე.წ. ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის საბაბით უამრავი ადამიანის დაპატიმრება;

* 1980 წელს თბილისის 26 კომისრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის, იუზა კობახიძის, დახვრეტა;

* 1983 წელს “თვითმფრინავის ბიჭების” დახვრეტა;

* 1992 წლის იანვარში პუტჩის მოწყობა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, საქართველოდან განდევნა;

* 1990-იან წლებში საქართველოს მოსახლეობის უკიდურესად გაღატაკება და უკუნში ყოფნა;

* 1992 წელს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება და შედეგად, დაკარგვა;

* 1993 წელს “მოქალაქეთა კავშირის” შექმნა.

ეს ის “მოქალაქეთა კავშირია”, სადაც დაფრთიანდნენ და შემდეგ მას გამოეყვნენ ზურაბ ჟვანია, ქართველი ხალხის სისხლში ხელგასვრილი მიხეილ სააკაშვილი, სოფელ ეცერაში აფრასიძეების ოჯახისთვის სისხლიანი კალოს მომწყობი გია ბარამიძე, არჩევნების გაყალბებაში არაერთხელ დადანაშაულებული ხათუნა გოგორიშვილი და სხვები, რომლებმაც შექმნეს “ნაციონალური მოძრაობა” და 9 წლის განმავლობაში თავზე ასხდნენ ქართველ ხალხს. ეს ის “მოკავშირია”, რომლის წევრიც, მიხეილ სააკაშვილის რეკომენდაციით, იყო ბატონი კვირიკაშვილი და, რა გასაკვირია, რომ საქართველოს ამჟამინდელ პრემიერს გული სწყდებოდეს “დამსახურებების” უგულებელყოფაზე ედუარდ შევარდნაძისა, რომლის გამოზრდილიც დღესაც ბევრია საქართველოს ხელისუფლებაში _ “მოქალაქეთა კავშირში” დაფრთიანებული ე.წ. პოლიტიკოსებით ხომ გაძეძგილია არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა”, არამედ “ქართული ოცნებაც”. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებაც, რომელიც თვალებში შესციცინებს დასავლელ პატრონებს, ხომ იმავე ინტერესებს ემსახურება, რომელთა გატარებასაც ცდილობდნენ “მოქკავშირი” და “ნაციონალური მოძრაობა”?

ლუკას სახარებაში(8. 30.) იესო ქრისტეს შეკითხვაზე: “რა გქვია?” უწმინდური სულით შეპყრობილი უპასუხებს: “ლეგიონი”, რადგან მრავალი ეშმაკით იყო შეპყრობილი… ასეა ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ “მათი სახელი ლეგიონია”, თუმცა არა _ მათი სახელი “მოქკავშირია”!

ლუკა მაისურაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here