მადამ  პრეზიდენტი  თავგამოდებით  განაგრძობს  ბრძოლას საქართველოს ხელისუფლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ

    სალომე ზურაბიშვილს, პოლიტიკური არა, ცხოვრებისეული პარტნიორი ჰყავს გადაგდებული თავის დროზე და დიდი რამე, თუ პოლიტიკურად „მიჰქარა“

    200
    სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას

    საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და პირველ პირად პრემიერმინისტრი ითვლება. ამის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტსა და მის სიტყვას საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გავლენა და ძალა აქვს, რადგან პრეზიდენტი ჰქვია და სახელმწიფოს  წარმოადგენს. ნამდვილად ვერ გეტყვით, რას ფიქრობდა ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როცა ქვეყნის სახედ სალომე ზურაბიშვილი აირჩია, მაგრამ აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი შეცდა და, სავარაუდოდ, შეცდა, როგორც არასდროს. მას არ გაუმართლა რამდენიმე პრემიერმა, არ გაუმართლა პლასტელინად  წოდებულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი მაინც სულ სხვა „ლეველი“ აღმოჩნდა.

    „დღეს მე ისეთივე შოკირებული ვარ, როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა, რადგან მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეშია, ჩათვალა, რომ ამ საარჩევნო კამპანიისთვის კარგი აზრი იყო, თბილისის ქუჩებში დაედგათ ბანერები, სადაც გვერდიგვერდ ჩანს მარიუპოლის თეატრი და რესტავრირებული თეატრი საქართველოში; განადგურებული კათედრალი უკრაინაში და გვერდზე – სამების საკათედრო ტაძარი თბილისის შუაგულში. ამან სრულიად საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რაც აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვართ და შეიძლება ოპტიმისტები ვიყოთ. აღშფოთება გამოიწვია ასევე „ქართული ოცნების“ დარჩენილ მხარდამჭერებში, „ქართული ოცნების“, რომელიც ვთქვი და კიდევ ვიტყვი, ქართულ კოშმარად იქცა, ასევე მთელ მოსახლეობაში. ამდენად, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ტრადიციებს, კულტურას, ქართულ ჰუმანურობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას. 

    დავიწყოთ იმით, რომ ევროპული ღირებულებები ყველაზე კარგად სწორედ პარიზში გამოჩნდა, როცა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე სულში ჩააფურთხეს მთელ მსოფლიოს და დასცინეს, უწინარესად, ქრისტიანობას. სწორედ პარიზში გამოჩნდა ევროპული ღირებულებები, სადაც ტრანსგენდერებისა თუ ტრანსვისტიტების ზეიმი იყო და ეს ყველაფერი ისე ამაზრზენი გახლდათ, რომ ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა ზერელედ, მაგრამ  მაინც მოუწიათ.  რაც შეეხება დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლებისადმი, არ გვახსოვს, ზურაბიშვილი აღშფოთებულიყო, როცა  უკრაინის პოლიტიკური ელიტა იერიშზე  გადმოვიდა და გვლანძღავდა; არ გვახსოვს, ქალბატონ სალომეს ეთქვას: ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო ძებნილია და  უკრაინელები ვალდებულნი არიან, გადმოგვცენო; არ გვახსოვს, გაეპროტესტებინოს ყველა ის ქმედება, რომლებსაც უკრაინელები ჩვენ წინააღმდეგ სჩადიოდნენ, და არც ის გვახსოვს, უკრაინელებისთვის შეეხსენებინა: ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარება ქართველებისგან მიიღეთ და მადლობა მაინც გეთქვათო. სამაგიეროდ, ზურაბიშვილი დღეს აღმერთებს ზელენსკის და მიაჩნია, რომ ის ზუსტად ისეთივე  დემოკრატიის შუქურაა მსოფლიოში, როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი იყო,  მაგრამ გვერწმუნეთ, ბატონი ვოლოდიმირი იმაზე  ცუდად დაამთავრებს, ვიდრე მიშა.

    რაც შეეხება გამოფენილ ბაანერებს, ქალბატონი სალომე, რომელმაც  გულმოდგინედ  აღწერა, რა არის მათზე გამოსახული, რატომ არ ამბობს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, რომ ის, რაც ბანერებზე ჩანს, მართლაც მოხდა, რომ საქართველოს უდიდესი შანსი ჰქონდა, უარეს დღეში აღმოჩენილიყო, თუ ომს დაიწყებდა, იმ ომს, რომელსაც ასე აქტიურად გვაძალებდნენ დასავლელი პარტნიორები, მაგრამ…

    „კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკულად, იანვრიდან გვაქვს ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის ტალღები, რომელიც ადრე დაიწყო. იყო თბილისში მყოფ ელჩებზე თავდასხმა, მაგრამ ამან  უფრო ოფიციალური, ფორმალური ხასიათი მიიღო, ბატონი ივანიშვილით სათავეში, რომელმაც პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორობას და მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო. ის ბრალს სდებდა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში, თითქოს  საქართველოში მათ მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რეგიონში ომი სურს, რუსეთია“, – ესეც ზურაბიშვილის სიტყვებია.

    ქალბატონ სალომეს არ უხსენებია, რომ ჯარის ფორმირებისთვის საქართველომ უდიდესი ფასი გადაიხადა – ათეულობით ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში, ერაყში, ცენტრალურ აფრიკაში და ეს მაშინ, როცა ყველა მისია რეალურად არაფრისმომცემი იყო და ეს დადასტურდა კიდეც, როცა ამერიკამ იქიდან ჯარები გამოიყვანა და მისიებიც დასრულდა. ის, რისი მიღწევაც შტატებს სურდა, მიაღწია და ახლა საერთოდ არ აინტერესებს, რამდენი ქართველი შეეწირა უაზრო მისიებს და კიდევ რამდენი შეეწირებოდა. ისიც გაცხადდა, რომ ნატოსკენ მიმავალი გზა რამდენიმე ათეულ წელზე გადის და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ამას უშუალოდ ამერიკა მოინდომებს, მათ კი მონდომების არაფერი ეტყობათ. პრეზიდენტის ვოიაჟებსა და განცხადებებში ყველაზე საინტერესო რევოლუციის დაანონსებაა. ქალბატონი სალომე ამას თითქოს გულუბრყვილოდ აკეთებს, მაგრამ რეალურად მან იცის, რასაც ამბობს, და მისი ნათქვამი ძალიან კარგად ესმის დასავლეთს. ზურაბიშვილი ამბობს: 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, მაგრამ, თუ ისე მოხდება, რომ არჩევნებს „ოცნება“ მოიგებს, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ „ქართული კოშმარი“ სახლში გაუშვასო. რას ნიშნავს ეს? თუ „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს, გამოდის, გადატრიალება უნდა მოხდეს და დასავლეთმა ხალხის არჩევანი ფეხებზე უნდა დაიკიდოს? არის კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო გარემოება: ყველა გამოკითხვით, მმართველ ძალას ამ არჩევნების მოგება არ გაუჭირდება, ეს იციან ევროპელებმაც, ამერიკელებმაც და ოპოზიციამაც. სწორედ ამიტომ საარჩევნო უბნებზე ძალიან ბევრი დამკვირვებელი იქნება, მაგრამ არც ეს არის გარანტია იმისა, რომ ოპოზიცია მოიგებს. ძალიან დიდია იმის შანსი, რომ დამკვირვებლებმა ვერ მოახერხონ საჭირო საჩივრების დაწერა, რადგან ამის საბაბი არ ექნებათ და შესაბამისად, ვერც დასავლეთს ექნება ხელჩასაჭიდი მიზეზი იმისა, რომ არჩევნები არალეგიტიმურად ცნოს.

    ამიტომ მათ უნდა მოიფიქრონ რაღაც და ის „რაღაც“ უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ უკვე თქვა:  „ჩვენი ბრალია, ივანიშვილი ამდენი ხნის განმავლობაში ცოცხალი რომ არის!“ ეს არ იყო წამოცდენა და ეს არ იყო ჰაერზე ნათქვამი ფრაზა. ივანიშვილი საფრთხეს რომ გრძნობს, აშკარაა და ამიტომ საკუთარ უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ზრუნავს, რაც ოპოზიციისთვის საქილიკო თემაა. ისე ჩანს, თითქოს ოპოზიციას სურს, რომ ბატონი ბიძინა აიძულონ, ეს უსაფრთხოების ზომები შეამციროს, რასაც… შეიძლება მათთვის სასურველი შედეგი მოჰყვეს… და მაინც, რას ფიქრობს და რა გეგმა აქვს პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ უკვე ღიად მიდის? მას იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია შეთანხმდებოდა და დეკემბერში  გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად სწორედ ის დასახელდებოდა, მაგრამ ზურაბიშვილი მიხვდა, რომ არც ერთი ოპოზიცური ძალა მას პრეზიდენტობის  კანდიდატად არ განიხილავს და ერთადერთი დასავლეთის იმედი აქვს. ევროპელები ან ამერიკელები, პრეზიდენტის სავარძელს თუ არა, რაიმე საერთაშორისო სტატუსს მიანიჭებენ და ხელფასსაც დაუნიშნავენ. ზურაბიშვილი ვერ ხვდება ან ხვდება და არ აღიარებს  იმას, რომ მისგან პრეზიდენტი პირადად ივანიშვილმა შექმნა და, რომ არა ბატონი ბიძინას მოწოდება და „ქართული კოშმარის“ აქტივის უპრეცედენტო მობილიზაცია, ქალბატონი სალომე ვერც პრეზიდენტი გახდებოდა და მანამდე  ვერც პარლამენტარის სავარძელს მოირგებდა. როგორ დაუფასა ამაგი ივანიშვილს მადამ სალომემ, კი ვნახეთ და, პოლიტიკაში გადაგდება საუცხოოდ რომ სცოდნია, მივხვდით. ისე, არც უნდა გაგვკვირვებოდა, პოლიტიკური პარტნიორი კი არა, ცხოვრებისეული პარტნიორი ჰყავს გადაგდებული თავის დროზე ზურაბიშვილს და დიდი რამე, თუ პოლიტიკურად  „მიჰქარავდა“.

    არჩევნებამდე 4  კვირაზე ნაკლები დარჩა. არ გაგიკვირდეთ, ამ დარჩენილ ვადაში ზურაბიშვილმა უფრო მეტი რომ იკადროს და საქართველო ჯვარზე გააკრას. მას მოსწონს ის პოზიცია, რომელიც ახლა აქვს; მოსწონს, რომ დასავლეთში სასურველი სტუმარია და მერე რა, თუ  ხვდება, რომ  არასწორად იქცევა, უმადურობის ზეიმი აქვს, მთავარი ხომ ის არის, რომ უზრუნველი სიბერე ჰქონდეს და… ისტორიაში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, აუცილებლად შევიდეს. აი, ამ ისტორიაში შესვლას როგორ მოახერხებს, მეორე საკითხია, რადგან ის, რაც ახლა გამართლებულად მიაჩნია, შესაძლოა, წლების შემდეგ ღალატად აღიქვას ერმა. ზურაბიშვილის ქმედებებს დღესაც ღალატად აღიქვამს უმრავლესობა, მაგრამ, როცა მთელი ერი ერთხმად გიღიარებს ღალატს, სხვა „ხიბლი“ ექნება.

    და ერთიც – საქართველოზე იერიში მხოლოდ დასავლეთს არ მოაქვს, საქართველოზე იერიში დაწყებული აქვთ როგორც ოპოზიციას, ისე მათ ბაირახტარ  პრეზიდენტს…  უკვე ლიდერების ლიკვიდაციის მუქარა ისმის და დასავლეთი ამაზე ხმას არ იღებს. პრინციპში, რატომ ამოიღებს, როცა პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი ლამის ორჯერ მოუკლეს ამერიკას და ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინეს, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. არადა… იქაც ლიბერალები ებრძვიან ტრამპს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                   

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here