Home რუბრიკები საზოგადოება მაამებლობა, “პლასტელინობა” იყო და არის სწორედ ის, რამაც მლიქვნელსაც ავნო და მლიქვნელობის...

მაამებლობა, “პლასტელინობა” იყო და არის სწორედ ის, რამაც მლიქვნელსაც ავნო და მლიქვნელობის ობიექტსაც, ყველაზე მეტად კი ქვეყანა დააზარალა

რატომ ვერ აგვისრულა “ოცნებამ” მასზედ დანდობილი იმედი

3018
მაამებლობა, “პლასტელინობა” იყო და არის სწორედ ის, რამაც მლიქვნელსაც ავნო და მლიქვნელობის ობიექტსაც, ყველაზე მეტად კი ქვეყანა დააზარალა

რატომ ვერ აგვისრულაოცნებამმასზედ დანდობილი იმედი, გარკვეულწილად იმან განაპირობა, თუ როგორი იყო მისი მმართველობა, რა პრინციპებზე აგებული, რამდენად შეესაბამებოდა ეს პრინციპები საზოგადოების ინტერესებს და რამდენად იყო ისინი ხალხზე ზრუნვის მიზნით მოფიქრებულიუპირველესად კი განაპირობა იმან, რომ დღეს ბევრი თანამდებობის პირი პასუხისმგებლობას გრძნობს არა ხალხის, საზოგადო სამართლისა და კანონის წინაშე, არამედ კონკრეტული პიროვნების მიმართ, რომლის კეთილგანწყობის შენარჩუნება ყველა კანონსა და ხალხზე მაღლა დგას მისთვის. მაამებლობა, “პლასტელინობაიყო და არის სწორედ ის, რამაც მლიქვნელსაც ავნო და მლიქვნელობის ობიექტსაც, ყველაზე მეტად კი ქვეყანა დააზარალა.

კითხვაზე _ როგორ უნდა მოქმედებდეს ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება და რაზე უნდა ამახვილებდეს განსაკუთრებულ ყურადღებას, დამაჯერებელ პასუხს ისევ ილიას პუბლიკაციებში თუ ვიპოვით. ამ მხრივ საინტერესოა ილიასცხოვრება და კანონი” (მეოთხე წერილი), რომელშიც ერის მამამ ჩამოაყალიბაზოგიერთი აზრი შინაგანს მმართველობაზედ საზოგადოდ”. მისი აზრით, “ქვეყნიერობაზედ მართველობას ორგვარი წყობა და აგებულება ჰქონია და აქვს”, რომელსაცყოველს სახელმწიფოში ორი დიდი მდინარებაგანაპირობებს: ერთი _ სახელმწიფოს საჭიროებისა და მეორე _ საზოგადოებისაო, ანუ ცენტრალური მმართველობა და თვითმმართველობა.

მოვუსმინოთ თავად ილიას:

ყოველი სახელმწიფო, რიგიანს წესზედ ცოტად თუ ბევრად დამდგარი, ნაწილნაწილად არის დაყოფილი, რომ მოვლა და პატრონობა ადვილი იყოს. მაგალითებრ, რუსის იმპერია დაყოფილია გუბერნიებად, გუბერნიები მაზრებად, მაზრები სოფლის საზოგადოებად. ყოველს სახელმწიფოში ორი დიდი მდინარებაა: ერთი მთელის სახელმწიფოის საჭიროებისა და მეორე _ საზოგადოებისა. ეს ორივე-გვარი საჭიროება ყოველს ნაწილში მომდინარეობს იმდენად მეტ-ნაკლებად, რამდენადაც თვით ნაწილი მეტ-ნაკლებია; განსხვავება თითქმის ამ მეტ-ნაკლებობაშია და სხვა არაფერში. ამიტომაც მთელს სახელმწიფოში, თუ თვითოეულს მის ნაწილში, ამ ორგვარის საჭიროების მზრუნველობა და გამგეობა საჭირო არის. ეგ მზრუნველობა და გამგეობა არის აუცილებელი და უსათუო საგანი ყოვლის მმართველობისა. ქვეყნიერობაზედ მართველობას ორგვარი წყობა და აგებულება ჰქონია და აქვს. თუ სადმე რაიმე ცვლილება არის, მაინც არ შეიძლება, რომ მმართველობა ან ერთისაკენ არ იყოს მიდრეკილი, ან მეორისაკენ. ერთგვარი მმართველობა იგია, საცა სახელმწიფო საჭიროების საქმესაც თვით მთავრობა განაგებს და საზოგადოებისასაც, ყველგან და ყოველს ნაწილში. ამ შემთხვევაში მთავრობა ყოველგვარის საქმის დამწყები და მოთავეა, ყოველგვარის საქმის მწარმოებელია, _ ყოველის მზრუნველი და გამგეა, ასე რომ ყოველივე მისგან წარმოსდგება და ყოველივე მასვე ერთვის.

ამგვარად, გამგეობისათვის მას თავისი საკუთარნი მოხელე-კაცნი ჰყვანან, რომელთაც თვით ირჩევს, თვით ნიშნავს, თვით გადააყენებს და რომელნიც მხოლოდ მის წინაშე არის პასუხისმგებელნი. ამგვარს მმართველობას ცენტრალიზაციას ეძახიან.

მეორე-გვარი მმართველობა იგია, საცა მთავრობას ხელთ უპყრია მარტო მთელის სახელმწიფოის საჭიროების საქმენი და ყოველივე სხვა კი საზოგადოებას გაუსაკუთრებია, მერე ასე, რომ ყოველს ნაწილს თვისნი ადგილობრივი საქმენი აქვს ხელშეუვალად მინდობილნი. ეს საზოგადოების საჭიროების საქმენი, ადგილობრივად განაწილებულნი, განიგებიან უსათუოდ ადგილობრივთა მოხელეთა შემწეობით, რომელთაც ირჩევს თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა საზოგადოება და რომელნიც ამავე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელნი არიან. ამგვარს გამგეობას თვითმმართველობას უწოდებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში თვითოეული ნაწილი ერთისა და იგივე სახელმწიფოისა თავის საკუთარს საქმეს თვით ჰპატრონობს, თვით უვლის და თვით ჰმართავს.

ერთის სიტყვით, ამგვარის მმართველობის დედა-აზრი იგია, რომ ადგილობრივნი საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთაგან განიგებოდეს. ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობასა: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მზრუნველობისათვის ხალისს უღვიძებს და საზოგადო საქმისათვის სწურთნის და ავარჯიშებს. ამგვარი მმართველობა ისეთის თვისებისაა, რომ, საცა კი სურს ადამიანს, ყველგან და ყოველს ხალხში იხეირებს და ჩვეულებრივს ნაყოფს მოიტანს. იქ, საცა მაგას გზა და ადგილი ჰქონია, ყველგან ცხოვრება ადამიანისა აუყვავებია და მთავრობისათვისაც მძიმე ტვირთი ქვეყნის გამგეობისა შეუმსუბუქებია, აუხსნია.

ერთი მწერალი ამბობს: “ისტორია ამტკიცებს, რომ თვითმმართველობა უკეთესი წამალია ხალხის ყოველგვარის საჭიროებისა. საცა უნდა დარგათ, იგი ყველგან ხეირობს: ინგლისშიაც, საცა დიდკაცობაა ყოველის წყობის საფუძველი, ამერიკაშიაც, საცა განუსაზღვრელი თანასწორობაა მიღებული სახელმწიფოს ქვაკუთხედადა. ერთნაირის სიკეთით და მადლით მოქმედებს და თავსდება იქაც, საცა იმისთანა პატარა ქვეყანაა, როგორც შვეიცარია (739 ოთხკუთხი მილია) და იქაცა, საცა იმისთანა უზარმაზარი უდაბნო მინდვრებია, როგორც ჩრდილო-ამერიკაში. იქაც კეთილადგანწყობილი და შეთვისებულია, საცა იმისთანა სახელოვანი განათლებაა, როგორც ლონდონში და იქაცა, საცა იმისთანა გაუნათლებელი ხალხია, როგორც კანადაში, ავსტრალიაში და სხვა ინგლისის კოლონიებში”. თუმცა ესეა, მაგრამ მაგ თვითმმართველობას ქვეყანაზედ ბევრი მტერი ჰყავს; ბევრს უფრთხობს ტყუილუბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშარიაო _ საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს: აურზაურს მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდამ გამოვაო. როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი რა სთქვა: “ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისათვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის.

გიორგი გახარია

ამ თვითმმართველობის დადგენისათვის ყველაზედ ძნელი იმ ზომის პოვნაა, რომლითაც საერთო სახელმწიფო საჭიროების საქმენი მიეზომება ხოლმე სახელმწიფოს მთავრობასა, და საზოგადოებრივი კი _ ადგილობრივ საზოგადოებასა. ამ ორთა შუა ნამდვილის საზღვარის პოვნაც ძნელია, იმიტომ რომ თვით ბუნებითად ამ ორივე საჭიროების ძაფები ერთიერთმანეთში ჩართულ და გადაბმულ არიან, თუ ყოველსფერში არა, ბევრში მაინცა.

მაგრამ თვითმმართველობის საქებარად ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ აქ გადამეტებულსა, თუ არ სარგებლობა, ისეთი ვნება მაინც არ მოსდევს, როგორც მას, როცა სახელმწიფოს _ მთავრობას გადამეტებულის ზომით დაუჭერია ცხოვრებაში ადგილი. ღირსება და სიკეთე შინაგანის მმართველობისა ჯერ იმაზედ არის დამოკიდებული, რომ განაწილებულია თუ არა სახელმწიფოსა და საზოგადოების შორის მათდამი კუთვნილთა საქმეთა გამგეობა, და თუ განაწილებულია _ როგორ და რამოდენის სიმართლით არის ეგ მომხდარი. ყოველივე შინაგანის მმართველობის ღირსება და სიკეთე ამ სასწორით უნდა აწონილ იქმნას.

ადგილობრივი თვითმმართველობა და უმაღლესი მთავრობა არც ერთი და იგივეა, არც ურთიერთის მოკამათე და მოცილენი არიან. ერთსა და იმავე ქვეყანაში, ერთსა და იმავე სახელმწიფოში, ორნივ მშვიდობიანად თავსდებიან და ურთიერთის სახეიროდ მოქმედობენ. ზემოთ მოვიხსენიეთ, რომ ძნელია ამათ შუა ნამდვილის საზღვარის დადება, თუ ყველაფერში არა, ზოგიერთში მაინცა. თუმცა ეს ასეა, მაგრამ საზოგადოდ ერთსაც და მეორესაც ისეთი თვალსაჩინო თვისების კუთვნილება აქვს, რომ მის მეოხებით კაცს შეუძლიან, თითქმის ყოველს შემთხვევაში, გაარჩიოს, ან ერთი რის მოღვაწე და პატრონი უნდა იყოს, ან მეორე. ჩვენ თვისება თვითოეულისა ზემოთ გაკვრით მოვიხსენიეთ. მაგრამ ვხედავთ, რომ იგი ჩვენის უმთავრესის საგნის უკეთ ცნობისათვისა ცოტაა, ამისათვის გვსურს ამჟამად ეგ თვისება ცოტაოდენად დაწვრილებით აღვნიშნოთ.

ყოველი სახელმწიფო, თუნდ გვარტომობით ერთისა და იგივე ხალხით იყოს შემდგარი, მაინც, ადგილობრივის სხვადასხვაობისა გამო, ბევრს სხვადასხვა თვისების მხარესა და მხარეს წარმოგვიდგენს. ყოველს მხარეს, ყოველს ნაწილს ერთისა და იგივე სახელმწიფოსას, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აქვს, თავისი საკუთარი გაჭირვება ადგია, თავისი საკუთარი მზრუნველობა და ფიქრი უმძიმებს გულსა, თავისი საკუთარი ნეტარება აფხიზლებს და იბირებს. უმაღლესის მთავრობის პირდაპირი დანიშნულება იგია, რომ ყოველს ქვეშევრდომს მისი სატკივარი გაუგოს, მისი წამალი დასდოს, ყოველს სიკეთისა და კეთილდღეობის გზა გაუხსნას. ამისათვის საჭიროა, უმაღლესმა მთავრობამ უტყუარად, პირუთვნელად, ზედმიწევნით იცოდეს ყოველის კუთხის ნამდვილი ვითარება, მისი ავკარგიანობა, რომ საცა შესაძლოა შველა, უშველოს, შემწეობა მიაწვდინოს. ცხადია, რომ უმაღლესს მთავრობას თითონ, სხვის დაუხმარებლად, ვერ შეუძლიან ვერც თვალი მიაწვდინოს დასანახავად ყველგან, ვერც ყური სასმენლად და ვერც ხელი საშველადა. ცხადია, რომ მან უნდა იყოლიოს ამისათვის ანუ საკუთარი მოხელენი, ყოველგან მოფანტულნი და მორიგებულნი, ანუ ეგ მოხელეობა თვით ადგილობრივ მცხოვრებთა უნდა ჩააბაროს, მიანდოს. პირველმა საშუალებამ თავი ვერსად ვერ გაიმართლა, იმიტომ რომ სხვის ხელით საქმის გაკეთება არსად და არასფერში არც თავს მოსულა და არც მოვა. სხვას, ტყუილია, ჩემთვის ისე გული არ შესტკივა, როგორც მე თითონ; სხვა ჩემს ავკარგიანობას ჩემსავით ვერ შეტყობს, ჩემს ტკივილს ჩემსავით ვერ მოუვლის, ჩემს ჩივილს ჩემსავით ვერ იტყვის; რაც მე ვიცი ჩემი, სხვას თავის-დღეში არ ეცოდინება. ეს ყველგან ესე სცნეს და ამიტომაც ეგ საშუალება თითქმის ყველგან დაწუნებულ იქმნა და უარყოფილი. სულ სხვა არის, როცა უმაღლეს მთავრობას თვის მეთვალყურედ, მოხელედ და ადგილობრივთა საქმეთა გამგედ თვით ადგილობრივი მცხოვრებნი ჰყვანან. მათ უკეთ იციან თავისი ვითარება, უკეთ იციან თვისი საჭიროება, უკეთ იციან თვისის თავის მოვლა, თვისთა საქმეთა პატრონობა.

ამ შემთხვევაში, ერთის მხრით, ყოველის კუთხის ჭეშმარიტი საჭიროება, უტყუარი ტკივილი, გულწრფელი და მართალი წადილი მთავრობამდე მიღწეულია, მეორეს მხრით _ უმაღლესის მთავრობის საერთო მზრუნველობა ერთნაირის გულისტკივილით, ერთნაირის მადლით ყოველს კუთხემდე მიწვდენილია, მორიგებული და მოფენილი. აქედამ ცხადია, სად უნდა დაიდვას საზღვარი უმაღლესის მთავრობისა და თვითმმართველობის შუა. უმაღლესი მთავრობა, რა სახისაც უნდა იყოს, საყოველთაო საქმეთა მზრუნველი და მოღვაწეა, ესე იგი იმა საქმეთა, რომელნიც არამც თუ ყოველს ნაწილს, არამედ ყოველს ქვეშევრდომს ერთნაირად და ერთგვარად შეეხება და რომელნიც საერთო, საყოველთაო კეთილდღეობისათვის ცნობილია. მაგგვარნი საქმენი ეკუთვნიან საყოველთაო კანონმდებლობის წარმოებასა, საყოველთაო ფინანსთა (შემოსავალ-გასავალის) მოძრაობასა და საყოველთაო მხედრობის განწყობილებასა. ესე ყოველი ხელშეუვალი კუთვნილებაა უმაღლესის მთავრობისა, და თვითმმართველობას, როგორც კერძო სამმართველოს, ამ საქმეებში ხმა არა აქვს: იგი ემორჩილება ყოველს მას, რაც უმაღლესის მთავრობისაგან განგებულია, დაწყობილი და განწესებული.

თვითმმართველობა ხელქვევითია ამ შემთხვევაში უმაღლესის მთავრობისა და საერთო კანონის ადგილობრივი მცველია და აღმასრულებელი. რაც სახელმწიფოს საერთოს ვითარებას არ შეადგენს, იგი თვითმმართველობის უცილო კუთვნილებაა. თვითმმართველობა თავის ადგილას ყოველის შინაურის საქმის გამგებელია და მეოხე; ყოველივე საერთო სახელმწიფო ხარჯის და სამსახურის ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის განმაწილებელია, ადგილობრივის საზოგადოების რიგისა და წესის დამწყობია, მისის ზნეობის, პატივის, ქონების, განათლების და ერთობ კეთილდღეობის მზრუნველია. ყოველივე ამის მომქმედია იმოდენად, რამოდენადაც ყოველივე ეს მის სამმართველოს წრეში მცხოვრებთა განკერძოებით შეეხება და არ ეწინააღმდეგება საერთო სახელმწიფო კანონსა და განკარგულებასა. აქედამ სჩანს, რომ თვითმმართველობა ერთის მხრით ადგილობრივ საქმეთა დამწყობია და გამრიგებელი, მეორეს მხრით უმაღლესის მთავრობის ხელისუფალი ორღანოა. ამ სახით, იგი ერთსა და იმავე დროს ადგილობრივის საზოგადოების ორღანოც არის უმაღლესის მთავრობის წინაშე, და უმაღლესის მთავრობის ორღანოცა წინაშე ადგილობრივის საზოგადოებისა.

ცხადია, რომ როგორიც უნდა იყოს უმაღლესი მთავრობა _ თვითმპყრობელობითი, მონარქიული წარმომადგენლობითი, თუ რესპუბლიკის სახისა, _ ერთშიაც, მეორეშიაც და მესამეშიაც თვითმმართველობა მშვიდობიანად მოეწყობა, საზოგადო წყობილებას არამც თუ ხელს შეუშლის, არამედ ხელს მოუმართავს, რადგანაც თვით ადგილობრივის საზოგადოების მოჭირნახულეა და ამასთანავე უმაღლესის მთავრობის უკეთესი თვალი და ხელია, ყოველ კუთხემდე მიწვდენილი. რუსეთშია მაგ თვითმმართველობას დიდი ფართო გზა გაეხსნა უმაღლესის მთავრობისაგან და თითქმის მთელი რუსეთი ამას სიხარულით მიეგება. იქ ჯერ სოფლის, გლეხთა საზოგადოებას მიენიჭა თვითმმართველობის უფლება, მერე მაზრასა და გუბერნიასა ერთად და ამ სახით ყოველს განყოფილებაში დაიდგინა თვითმმართველობითი გამგეობა ადგილობრივთა საქმეთა. იგი დიდი ხანია მოქმედებს ინგლისშიაც, საცა მონარქიული წარმომადგენლობითის სახის მთავრობაა, და ჩრდილო-ამერიკაშიაც, საცა რესპუბლიკაა.

ეს მაგალითები ცხადად გვიჩვენებს ჩვენ, რომ თვითმმართველობა უმაღლესის მთავრობის სხვადასხვაგვარობაზედ არ არის დამოკიდებული, რომ იგი ყოველგვარს უმაღლეს მთავრობას უხდება. თვითმმართველობამ რომ თავისი ჩვეულებრივი ნაყოფი მოიტანოს და თავის თავს არ უმტყუნოს, მისდა შესაფერად უნდა იყოს მოწყობილი და დარგული. ამ მოწყობაში არც ერთი მისი არსებითი კუთვნილება დავიწყებული არ უნდა იქმნას, არც ერთი ძირეული აზრი არ უნდა დაირღვეს. თუ ეს სიფრთხილე არ იხმარა ადამიანმა, თვითმმართველობა უფრო უქმი სიტყვა იქნება, უფრო სახელი იქნება, ვიდრე სახრავი.

უმთავრესი კუთვნილებანი თვითმმართველობისანი არიან:

1.ადგილობრივთა საქმეთა ადგილობრივის განსამართლების უფლება. ამაზედ არის დამყარებული მცხოვრებთა პატივის, ღირსების და ქონების ნამდვილი მფარველობა და ხელშეუხებლობა;

2.უმაღლესის მთავრობისაგან განწესებულის ხარჯისა, ბეგარისა და სამსახურისა ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის გადანაწილება. ეს უკეთესი ღონისძიებაა, რომ ყოველმა სამართლიანად და უმეტნაკლოდ გადუხადოს სახელმწიფოს თვისი შესახვედრი მოვალეობა;

3.ადგილობრივის საჭიროებისათვის გარდასახადის დადგენა, გაწერა და აქედამ შემოსულის ფულის თავისუფლად გამგეობა;

4.სხვადასხვა წესისა და რიგის დადგენის უფლება ადგილობრივის საზოგადოების კანონად, მაგრამ ისე კი, რომ იგი წესი და რიგი საყოველთაო კანონს არ ეწინააღმდეგებოდეს;

5.ადგილობრივის საზოგადოების პირველდაწყებითის სწავლის მოწყობა და თავისუფალი გამგეობა;

6.ადგილობრივის საზოგადოებისათვის მზრუნველობა და ღონისძიების მოხმარება;

7.ადგილობრივის საზოგადოების საზრდოებისათვის თავდარიგის დაჭერა და ღონისძიების მოპოება;

8.ადგილობრივის გზებისა, ხიდებისა კეთება, მოვლა და თავისუფალი გამგეობა;

9.უმაღლესის მთავრობის წინაშე შუამდგომლობა ყოველს მასზედ, რაც ადგილობრივის საზოგადოების საჭიროებას და მოთხოვნილებას შეადგენს.

უმთავრესნი საფუძველნი თვითმმართველობისანი არიან:

1.ხმა და არჩევის უფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველს ადგილობრივს მცხოვრებსა, რაკი სრულწლოვანია; მაშასადამე ყოველს მოვალეობაშიაც ყოველს მცხოვრებს წილი უნდა ედვას;

2.ადგილობრივის სამმართველოს ხელქვევით უნდა იყვნენ ყოველნი, ვინც კი სამმართველოს წრეში სცხოვრობს; აქ, როგორც პირველს შემთხვევაში, წოდებათა შორის განყოფილება და ხარიხების გადება მავნებელია და თვითმმართველობის ბუნების წინააღმდეგია;

3.ადგილობრივი მოსამართლენი, აგრეთვე მოხელენიცა, უნდა ამოირჩიონ ადგილობრივთა მცხოვრებთა;

4.ყოველივე ადგილობრივის თანამდებობის მექონი კაცი პასუხისმგებელი უნდა იყოს წინაშე საზოგადო სამართლისა და სამსჯავროსა და არა თვისთა უფროსთა წინაშე”.

* * *

იქვე ილია ჩვენს სათქმელსაც ამბობს, როდესაც სვამს კითხვას: “თუ თვითმმართველობა ეგ არის, მაშ, ყოველის მხრით და ყოველგან რად ისმის სამდურავი მმართველობაზედ? რატომ მაგ თვითმმართველობამ არ ააყვავა სოფელი, თვით გლეხობა ეგრე ერთხმად რად უჩივისო?”

ილია ამ სამართლიან გულისწყრომას ხალხისას შემდეგ წერილში უპასუხა: “ჩვენ ვეცდებით, ამ საბუთიანს სიტყვას შესაფერი პასუხი მივცეთ შემდეგს წერილშიო”.

მაგრამ დღევანდელი საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი იმ თაობას, რომელსაც მთავრობათა მედღეხვალიობაში ცხოვრება ხელიდან გაუფრინდა, ვინ რა პასუხს გასცემს?!

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს უიმედობის უფლება. ადგილობრივი თვითმმართველობა არც სხვაგან ჩამოყალიბებულა ერთი ხელის მოსმით. ჩვენი პრობლემა კი მუდმივი კონფლიქტი იყო შიდა თუ გარეშე მტერთან. მათი გავლენა არ გვაძლევდა საშუალებას, გვეფიქრა ისეთ მაღალ დემოკრატიულ ღირებულებებზე, როგორიც ადგილობრივი თვითმმართველობაა. ამ მხრივ შედეგის მისაღწევად საჭიროა საერთო სულისკვეთება, უფრო კონკრეტულად კი:

* ძლიერი პოლიტიკური პარტიების შექმნა და კონკურენტული არჩევნების ჩატარება;

* რაციონალური საჯარო სამსახურის სისტემა, პროფესიონალი კადრების მომზადება;

* მუნიციპალიტეტების ხელში უფლებამოსილებების შესაბამისი ფინანსური და ქონებრივი რესურსების თავმოყრა;

* სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში და იმ მექანიზმების დახვეწა, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას თვითმმართველობის მუშაობაში.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here