მთავარი მსოფლიო ლიბიის ამბები

ლიბიის ამბები

539
გააზიარეთ
ლიბიის ამბები

ამერიკის, ევროპისა და ნატოს მიერ 2011 წელს ინტერვენციისა და მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ ლიბიაში სხვადასხვა ინტენსივობით პერმანენტულად მიმდინარეობს სამოქალაქო ომი. ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა.

დედაქალაქ ტრიპოლიში საქმიანობს ეროვნული თანხმობის მთავრობად წოდებული ჯგუფი ფაიზ სარაჯის მეთაურობით, რომელიც აშშ-მა, გაერომ და ევროკავშირმა დანიშნეს. მისი გავლენა ნომინალურად ვრცელდება ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიების მხოლოდ ნაწილზე. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილსა და ნავთობის საკვანძო საბადოებს აკონტროლებს ლიბიის ეროვნული არმია ხალიფა ხაფთარის მეთაურობით, რომელიც ცნობს არჩეულ პარლამენტს და ამ პარლამენტის მიერ დანიშნულ დროებით მთავრობას აბდელ აბდურახმან ატ-ტანის ხელმძღვანელობით. უნდა ითქვას, რომ ე.წ. ეროვნული თანხმობის მთავრობის ძალაუფლება ერთობ პირობითია, მაგრამ ევროპა-ამერიკის მხარდაჭერითა და მათ მიერ გამოყოფილი ფულით შეიარაღებული ძალების ყოლას ახერხებს, თუმცა ვითარება თვით ტრიპოლიშიც კი გაურბით ხანდახან ხელიდან. ამის დასტურია ის, რომ მხოლოდ შარშან ქალაქში რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება მოხდა მათ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. აპრილის დასაწყისში სწორედ არჩეული პარლამენტის მომხრე ხალიფა ხაფთარმა წამოიწყო შეტევა ტრიპოლიზე იმ მოტივით, რომ გაწმინდოს დედაქალაქი იქ მოკალათებული “ტერორისტებისა და ათასი ჯურის დაქირავებულებისგან”, რომლებმაც იქ საკმარისად მოიყარეს თავი, მათ შორის, სირიიდან და ერაყიდან გაქცეულებმაც. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ხაფთარს მოუწოდა, შეაჩეროს შეტევა ტრიპოლიზე და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ექსპერტები აღნიშნავენ პომპეოს მოზომილ რიტორიკას. ამას იმით ხსნიან, რომ ამერიკელებმა დაკარგეს ლიბიაზე გავლენის ბერკეტები და მოუწევთ ხაფთართან საქმის დაჭერა იმ შემთხვევაში, თუ კი ის გამარჯვებას მიაღწევს. ამერიკელები ითვალისწინებენ იმასაც, რომ ხაფთარს სიმპათიით უყურებს ლიბიელთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ამასთანავე, აშშ-მა ლიბიიდან სასწრაფოდ გაიყვანა თავისი სამხედროები. ექსპერტები მიიჩნევენ და ლიბიაშიც ასე თვლიან, რომ ლიბიის სიტუაციაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია რუსეთს, რომელსაც შუამავლის როლისთვის სხვაზე მეტი რესურსი აქვს. ლიბიის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 აპრილს უკვე მოუწოდა რუსეთს, იკისროს შუამავლის როლი ეროვნული დიალოგისა და თანხმობის მიღწევაში, როგორც ეს მან სირიაში გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს კონტაქტი აქვს ლიბიის კონფლიქტის ყველა მხარესთან და რომ ლიბიის ბედი თვით ლიბიელებმა უნდა გადაწყვიტონ. მისი მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი კი ტელეფონით ესაუბრა ხაფთარს და გააცნო რუსეთის პოზიცია.

სარაჯის მთავრობა იუწყება, რომ ხაფთარის ძალები ტრიპოლის აეროპორტისთვის იბრძვიან და ქალაქის ასაღებად ემზადებიან.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here