Home რუბრიკები საზოგადოება ლეონიდ პარფიონოვი: ქართველები რუსეთის ელიტაში შემოდიოდნენ ისე, როგორც მეორე სატიტულო ერი

ლეონიდ პარფიონოვი: ქართველები რუსეთის ელიტაში შემოდიოდნენ ისე, როგორც მეორე სატიტულო ერი

5201
ლეონიდ პარფიონოვი

ჩანაწერს, რომელსაც დღეს გთავაზობთ, საერთო არაფერი აქვს იმ ფარულკრიმინალურ ჩანაწერებთან, რომლებსაც ასე დახარბდა ელექტრონული მედია და რომლებიც ფართო საზოგადოების გართობის საგნად, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებისთვის შესწავლაგამოძიების ლამის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა.

ეს არის ფრაგმენტი სტუმარ-მასპინძელთა საუბრისა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანში, გაბრიაძის თეატრს მიდგმულ პატარა და მყუდრო კაფეში გაიმართა ამა წლის 15 სექტემბერს, შუადღეს, როცა “მომლოცველი” ტურისტების  ტალღამ დაფარა სივრცე “დამრეცი კოშკიდან” ანჩისხატის VI საუკუნის ბაზილიკამდე: გერმანელები, ფრანგები, პოლონელები, ბალტიისპირელები, უკრაინელები (ლუგანსკიდანაც), ინგლისურენოვანი ჯგუფები და რუსები, რუსეთელები.

ზუსტად 12 საათზე ჩამოჰკრავს ზარი და აქ თავმოყრილი ლეგიონი სმარტფონებს, ფოტო და ტელეკამერებს დაუმიზნებს კოშკის სარკმელს _ იწყება გაბრიაძის თოჯინების დეფილე, რომლის ნახვა და ვიდეოზე ჩაწერა ერთ რამედ ღირს, თუნდაც დასატრაბახებლად _ იმ დროს იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვიხილეო.

მეც იქ ვიყავი.

* * *

მაგიდაზე “ციკორი” (ვარდკაჭაჭიანი ხსნადი ყავა) და ორი უთხელესი ხაჭაპური _ იმერული პეწი. მაგიდის გარშემო _ სტუმარი, ცნობილი და პოპულარული ტელეწამყვანი, ფილმების ავტორი და პუბლიცისტი ლეონიდ პარფიონოვი და თბილისელები, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს, _ პრესაში გამოკეკლუცება არ გვჭირდებაო.

საუბარი _ სერიოზულ თემებზე, იუმორის მსუყე დოზით შეზავებული, ზუსტად მინიშნებული ქვეტექსტებით.

პარფიონოვი გვიყვება, რომ თბილისში ჩამოსვლის ერთერთი მიზანი მისი სამნაწილიანი ფილმის პირველი ნაწილის _  “რუსი ებრაელებისგასაგრძელებლად მასალის მოძიება იყო; რომ სხვა ნაწილები მიეძღვნებარუს გერმანელებსდარუს ქართველებს”.

_ ქართველებიო, _ აზუსტებს, _ რუსეთის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე შემოდიოდნენ რუსეთის დედაქალაქის ისტორიაში, რუსულ ელიტაში, როგორც მეორე, ფაქტობრივად, სატიტულო ერი და თითქმის ერწყმოდნენ პირველს.

ამ თემის დაწყება შეიძლებოდა უძველესი დროიდან, უბედური გიორგი რუსის _ თამარის ქმრის დროიდან, მაგრამ მაშინ უცხოელები ვიყავით, ამიტომ ცოტა აქეთ გადმოვინაცვლებთ.

პავლე I ხელს აწერს აღმოსავლეთ საქართველოს, ანუ ქართლის რუსეთის იმპერიასთან შემოერთების ბრძანებას. იანვარში ამ ბრძანებულებას კითხულობენ, ასაჯაროვებენ პეტერბურგის ეკლესიებში; თებერვალში _ თბილისის ტაძრებში; მარტში კი რუსეთის იმპერიის საუკეთესო ახალგაზრდა არისტოკრატები, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ პავლეს პოლიტიკით, საშინელ საქმეზე მიდიან _ 1801 წლის 11 მარტის ღამეს კლავენ იმპერატორს.

იმპერატორის საწოლ ოთახამდე, როგორც ცნობილია, 6 კაცი მიაღწევს (სხვა ვარიანტით _ 12). მათ შორის არის თავადი ვლადიმერ იაშვილი _ რუსეთის არტილერიის მაშინდელი სარდალი. რუსეთის ისტორია ქართველების გარეშე უკვე წარმოუდგენელია.

_ მან პირველმა დაარტყა პავლეს.

_ დიახ. მან პირველმა დაჭრა და შესძახა: იგი (პავლე) ყველაფერზე, რასაც მოვთხოვთ, ხელს მოგვიწერს, ხვალ კი თავებს დაგვაყრევინებსო. პავლეს სიცოცხლეს მოუსწრაფებს რუსი ზუბოვი _ ოქროს სათუთუნეს ჩაარტყამს თავში. მაგრამ, სხვებზე უფრო თავადი იაშვილი რომ აქტიურობდა, ფაქტია. მეტიც, ამ აქტის შემდეგ კატეგორიული წერილით მიმართავს ალექსანდრეს, ხაზგასმით ამბობს, რომ სისხლი ამაოდ არ დაღვრილა, და ჭკუას არიგებს იმპერატორს, რუსეთის სამეფო ტახტზე უნდა იყოო სამაგალითო მოქალაქე და ნამდვილი რუსი. ქართველი კაცი ასწავლიდა, როგორი რუსი უნდა ყოფილიყო რუსეთის იმპერატორი! სხვათა შორის იაშვილმა თავი ისახელა 1812 წლის სამამულო ომში ნაპოლეონის წინააღმდეგ.

_ “რუსი ქართველების” თემა ფილმში ქრონოლოგიურად გაგრძელდება?

_ რა თქმა უნდა. დამთავრდება 1989 წლით, როცა რუსეთის იმპერიული მუხტი ამოიწურება, ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელი გახდება და დავრჩებით კეთილ მეზობლებად.

_ ვართ კი კეთილი მეზობლები?

_ ადამიანურ დონეზე, რა თქმა უნდა, ვართ. დანარჩენზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. თქვენთან რომ მოვფრინავდი, ბორტი მგზავრებით იყო სავსე. საკმარისი არ არის რეისების რაოდენობა: უამრავ ადამიანს სურს თქვენთან ჩამოსვლა.

_ ინტერვიუში, რომელიც ბარიშნიკოვს ჩვენმა გაზეთმა ჩამოართვა (ერთი კვირის წინათ იგი საპატიო თბილისელი გახდა), მიხეილმა თქვა, რომ ქართველი მაყურებელი შესანიშნავად იგებდა ბროდსკის მაღალ ინტელექტუალურ რუსულ პოეზიას, რომელიც ბევრი რუსისთვისაც კი ძნელად აღსაქმელია.

 

... და ტურისტების ლეგიონი სმარტფონებს, ფოტო და ტელეკამერებს კოშკის სარკმელს დაუმიზნებს
… და ტურისტების ლეგიონი სმარტფონებს, ფოტო და ტელეკამერებს კოშკის სარკმელს დაუმიზნებს

_ საქართველო პოეზიის ქვეყანაა, _ ამბობს ლეონიდ პარფიონოვი და მოკლე ექსკურსს შემოგვთავაზებს ლიტერატურის ისტორიიდან. იმ ტრადიციის შესახებ ილაპარაკებს, რომელსაც საფუძველი ალექსანდრე გრიბოედოვმა ჩაუყარა. მისგან გადაეცა პუშკინს, პუშკინისგან _ ლერმონტოვს. საქართველო მათი “პოეზიის მუზა” იყო, შეიძლება ასეც ითქვას. აქვე შენიშნავს, რომ რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ ერთ მნიშვნელოვან დეტალს, კერძოდ იმას, რომ პუშკინმა პირველი ლექსი საქართველოზე დაწერა 1828 წლის 12 ივნისს

_ საქართველოში ჩამოსვლამდე, _ დაასრულებს აზრს მოსაუბრეთაგან ერთ-ერთი.

_ ალექსანდრე სერგეევიჩი საქართველოში ჩამოვიდა 1829 წელს. 1828-ში კი პუშკინის მეგობარი გრიბოედოვი, რომელიც ყველაფერთან ერთად მუსიკოსიც იყო, კომპოზიტორიც, მიხეილ გლინკას (დიდ რუს კომპოზიტორს) საქართველოდან პეტერბურგში ჩაუტანს მელოდიას (მაშინ გრიბოედოვი ჯერ არ იყო ჭავჭავაძეების სიძე). მელოდია გლინკას ძალიან მოეწონება, გადაამუშავებს და, როგორც საფორტეპიანო პიესას, შესთავაზებს თავის მოწაფეს _ ანა ანდროოლენინას, გრაფინია დე ლანჟერონს (სხვა ვარიანტით _ ტატიშჩევას). ამ მომხიბლავ ლამაზმანს ეტრფის ალექსანდრე პუშკინი, კვალდაკვალ დაჰყვება, მუსიკის გაკვეთილებზეც თან ახლავს. აქ მოისმენს ამ მუსიკალურ ოპუსს და დაწერს დიდებულ ლექსს:

Не пой,  красавица, при мне

Ты песень Грузии печальной…

დამსწრენი აიტაცებენ ამ სტროფს:

Напоминают мне оне

Другую жизнь и берег дальный.

_ შემდეგ ჩამოდის თბილისში. გაჩერდება სახლში, რომელიც ქარვასვლის წინ იდგა (მისი ახლანდელი ძეგლის გასწვრივ, ირიბად) და მეხუთე დღეს შექმნის

На холмах Грузии

Лежит ночная мгла

Щумит Арагва предо мною…

დაწერს ისე, თითქოს მთელი ცხოვრება აქ აქვს გატარებული _ საქართველოს გორაკებზე, არაგვის ხმაურში. ასე მხოლოდ მშობლიურზე წერენ, საკუთარზე…

ვიღებთ სამახსოვრო ფოტოებს და მთხრობელი ჩვენს დროს მოადგება _ XX საუკუნეს. ისევ _ პოეზია, ახლა უკვე ბორის პასტერნაკი და საქართველოსთან დაკავშირებული ტრადიციის კიდევ ერთი, აქამდე უცნობი შტრიხი.

_ როცა არქივებში ვიქექებოდი, აღმოვაჩინე, რომ პასტერნაკისთვის გადაღებულ კინოფირზე, რომელზეც, გამოსახულებასთან ერთად, მისი ხმაც არის ჩაწერილი (სხვა ასეთი ჩანაწერი არ არსებობს), იგი კითხულობს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის მისეულ თარგმანს.

არა თავის რომელიმე ლექსს, არამედ _ ბარათაშვილისას, მაინცდამაინც ტატოს ამჯობინებს:

Цвет небесый, синий цвет

Полюбил я с малых лет.

 (გაიხსენეთ:“ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,

პირველად ქმნილსა ფერს

და არ ამ ქვეყნიურს

სიყრმიდან ვერტფოდი”).

არც ეს ფაქტი უნდა იყოს შემთხვევითი: რაღაც “არ ამ ქვეყნიური” მუხტი მოჰყვება ტრადიციას, რომელზეც ვლაპარაკობთ. ღვთიური ძალა მართავს თითქოს…

* * *

სადღაც შუა საუბარში არეული და შეშლილი დღევანდელი მსოფლიოს თემა წარმოიჭრება თავისთავად.

ასეთ განზომილებაში ვცხოვრობთ და ვცდილობთ, ავხსნათ ამ სიგიჟის მიზეზი. სერიოზულს ვერ ვპოულობთ და, როგორც ყოველთვის, იუმორში ვეძებთ გამოსავალს, ხოლო ყველა ხუმრობაში ცოტა სიმართლე მაინც არის.

_ პოლიტოლოგებს თუ დავუჯერებთ, _ “გვარწმუნებს” ერთი, _ დედამიწაზე დღეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ერთი პროცენტი, ანუ 400 მილიონი გიჟია. ისინი პლანეტის ერთ გარკვეულ ადგილზე კი არ არიან თავმოყრილნი, არამედ მთელ მსოფლიოს არიან მოდებულნი. მათ შორის, იმ სივრცეში გახლავან, სადაც საკუთრივ ჩვენ ვცხოვრობთ.

_ 400 მილიონი 10 საფრანგეთის მოსახლეობის ოდენობაა.

_ ცოტა ნაკლების _ 10 იტალიის ან ათი ესპანეთის.

_ ნუ დავწვრილმანდებით.

შევთანხმდით, რომ არ უნდა დავწვრილმანდეთ. და ამ კონსენსუსს მიღწეულები ვისმენთ განაჩენს:

_ დღეს რომ შეგვეკითხებიან, რა ხდებაო ქვეყანაში, გაიხსენეთ, რომ პლანეტაზე 400 მილიონი გიჟი გვყავს. ერთმა ჭკვიანმა (ძაალიან ჭკვიანმა) კაცმა მითხრა, რომ დღევანდელ სიტუაციაში სავსებით შესაძლებელია, ერთ ოთახში იზოლირებულმა ადამიანმა მოიფიქროს ისეთი რამ, რაც პლანეტის განადგურებას გამოიწვევს.

თეორიულად ეს დასაშვებია. არავინ იცის, იმ 400 მილიონიდან სად აღმოჩნდება ის ერთი.

ხარხარებს ყველა.

Танцуют все!!”

P.S. ლიონია პარფიონოვს ფენომენალური მეხსიერება აქვს, რასაც თვითონ კატეგორიულად უარყოფს:

_ მეხსიერება არაფერ შუაშია. უბრალოდ, დავიწყება არ შემიძლიაო.

პარფიონოვისგან განსხვავებით, ასეთი ნიჭით დაჯილდოვებული არ ვარ, ამიტომ ჩავიწერე ის საინტერესო საუბარი.

ჩემთვის. არდასავიწყებლად.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here