მთავარი პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: ჩვენ ამ არჩევნებით არ ვამთავრებთ, ჩვენ ამ არჩევნებით ვიწყებთ

ლევან ჩაჩუა: ჩვენ ამ არჩევნებით არ ვამთავრებთ, ჩვენ ამ არჩევნებით ვიწყებთ

“ისეთი დიდი მოტივაცია და მხარდაჭერა გვაქვს საზოგადოების მხრიდან, რომ მხოლოდ ტყვია თუ გაგვაჩერებს, სხვა ვერაფერი”

336
გააზიარეთ
ლევან ჩაჩუა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 23 ოქტომბერს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის თანახმად, 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიაში თითქმის იმდენივე თანხა დახარჯა, რამდენიც არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა 61-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა ერთად. დროის აღნიშნულ მონაკვეთში მმართველი გუნდის ხარჯებმა 10 612 565 ლარი შეადგინა, ხოლო დანარჩენი საარჩევნო სუბიექტებისამ _ 12 361 348 ლარი. სულ დახარჯულია 22 973 913 ლარი. იმავე ანგარიშის თანახმად, ქართულმა ოცნებამ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან, შემოწირულობის სახითაც კოლოსალური თანხა მიიღო _  10 139 707 ლარი, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლის სახით _ 215 505 ლარი. აქედან 8 213 467 ლარი რეკლამაში, 39 888 ლარი კი შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა. თუმცა არანაკლებ დიდია .. პროდასავლური ოპოზიციის ოფიციალური ხარჯებიც, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელოს, სტატერგია აღმაშენებლისა და .. უფრო კონკრეტულად პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში დახარჯული თანხების პირველი ხუთეული ასეთია: ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო _ 10 612 565 ლარი, ლელო საქართველოსთვის _ 2 566 897 ლარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ 2 330 757 ლარი, ევროპული საქართველო _ 2 008 235 ლარი, “გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი” _ 1 856 467ლარი

რაზე მეტყველებს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, სამართლიანია  თუUარა დღეს წინასაარჩევნო გარემო და რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის ფინანსური თუ საინფორმაციო მხარდაჭერის კუთხით არსებული ხელოვნური უთანასწორობა მეტნაკლებად აღმოიფხვრას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პარტია ქართული იდეის ლიდერი და დამფუძნებელი ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის თანახმად, 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიაში 10 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა თითქმის იმდენივეა, რამდენიც არჩევნებში მონაწილე დანარჩენი 61 სუბიექტის მიერ ერთად დახარჯული. შემდეგ მოდიან: ლელო, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, „სტრატეგია აღმაშენებელი და .. როგორ ფიქრობთ, რაზე მეტყველებს ეს ციფრები, სამართლიანია თუ არა საარჩევნო გარემო და მთლიანად პოლიტიკური სისტემა, რომელშიც, ჩანს, გარკვეული მონოპოლიები არსებობს?

_ დავიწყოთ იმით, რატომ უწევს დღევანდელ პოლიტელიტას ამხელა თანხების ხარჯვა საარჩევნო კამპანიაში. მიზეზი ძალიან მარტივია:  ორივე ძალა _ “ქართული ოცნებაც” და „ნაცმოძრაობაც” პოლიტიკურადაც და მორალურადაც გაკოტრებული, შეიძლება ითქვას, ყავლგასული არიან. ეს კოლოსალური ხარჯები მიმართულია იმისკენ, რომ მათ მიერვე გაღატაკებული და დამშეული ხალხი მოისყიდონ; სხვა გზაუბრალოდ, აღარ დარჩენიათ, თორემ, რეალური მხარდაჭერა რომ ჰქონდეთ, 10 მილიონს კი არა, 10 ლარსაც არ დახარჯავდნენ. წინა არაერთ არჩევნებზე თავიანთი ხალხი გადააგდეს, ვგულისხმობ პარტიულ აქტივს, მათ შორის კოორდინატორებსაც, რომელთა დიდი ნაწილი ამუშავეს და ხელფასიც აღარ გადაუხადეს.

რაც შეეხება დემოკრატიის ხარისხსა და წინასაარჩევნო გარემოს, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ციფრები მეტყველებს, რომ აქ არავითარი დემოკრატია  არ არსებობს. ეს ფიცრები, ფაქტობრივად, ცხადყოფს, რა უსამართლო გარემოში გვიწევს ბრძოლა შიშველი ხელებით. თანაც, გამადიდებელი შუშით უყურებენ ჩვენს შემოწირულობებს, რომელიც ძალიან მწირია და მაინც, ყოველ ხუთ დღეში გვაბარებინებენ დეკლარაციას… მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც შესაძლებლობების ფარგლებში გამოიჩინეს კეთილი ნება და გადმოგვირიცხეს თანხები: ზოგმა _ 20 ლარი, ზოგმა _ 30 და 40… გუშინწინ, მაგალითად, ერთმა პენსიონერმა 5 ლარი ჩაგვირიცხა, თუმცა იქიდან ერთი ლარი ბანკმა წაიღო საკომისიო… წარმოიდგინეთ, გაჭირვებული პენსიონერი, რომელსაც წამლების საყიდლადაც არ ჰყოფნის მიზერული პენსია, იქიდან ჩვენ რაღაც თანხას გვირიცხავს… ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი მოტივაცია და იმედი, რაც გვაძლევს რწმენას, რომ, ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს გარდაუვალია, იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, პატიოსანი, განათლებული, მორწმუნე ხალხი, ხოლო მეორე მხარეს დგას წუწურაქი მილიარდერი. მან შემოიკრიბა სისხლის სამართლის დამნაშავეები ნაცებისა და მისი სატელიტების სახით, რომლებსაც ვითომ ებრძვის, როგორც ბოროტ ძალას, სინამდვილეში ერთი და იმავე პოლიტიკურ რეალობას ეკუთვნიან.

_ ფინანსური რესურსების კუთხით არსებულ უთანასწორობასთან ერთად თქვენთვის, ალბათ, გარკვეულ ბარიერს საინფორმაციო სივრცის არქონაც ქმნის. ფაქტობრივად, არც ერთ ტელეეთერში არ გიწვევენ და არ გაძლევენ ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებასროგორ წარმოგიდგენიათ ამ ყველაფრის გადალახვა დღევანდელ პირობებში?

_ გეთანხმებით, რომ დღეს ვიმყოფებით საინფორმაციო ბლოკადაში, რომელიც, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული პოლიტიკაა და ამას „ნაც-ქოცები” შეთანხმებულად აკეთებენ… მაგრამ უფალი ამბობს: „სადაც ორი და სამი შეიკრიბოს ჩემი სახელით, მეც იქ ვარ”…  ჩვენ ბევრი ვაჟკაცი, მორწმუნე, განათლებული და მცოდნე ადამიანი გავაერთიანეთ. დავდივართ კარდაკარ; მათ შორის რეგიონებში, ვხვდებით მოსახლეობას, სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს, ვიღებთ კურთხევას და .. აი, ამ ფორმით ვცდილობთ, შევაჩეროთ ბოროტება, რომელიც სამი ათწლეული მართავს და სისხლს სწოვს საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ქართველი ხალხი ამ უღმერთო და გაუმაძღარ პოლიტელიტას სამუდამოდ მოიშორებს

_ ამ არჩევნებით ეს რამდენად მოხერხდება?

_ ამ არჩევნებით, განსხვავებით აქამდე ჩატარებული სხვა არჩევნებისგან, ცვლილებების ძალიან დიდი შანსი გვეძლევა  და შევეცდები, მოკლედ ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე. საერთოდ, ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი არჩევნების გზით ცვლილებების მიმართ და ამას არც ვმალავდი. არ ვმალავდი იმიტომ, რომ აქამდე ჩატარებულ არც ერთ არჩევნებში არ მონაწილეობდნენ ჯანსაღი ძალები. მეტსაც გეტყვით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში პირდაპირ მოვუწოდე საზოგადოებას, არ წასულიყო ხმის მისაცემად, ვინაიდან, მაშინ მიმაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, წარმოდგენილი კანდიდატებიდან ვინ გახდებოდა პრეზიდენტი _ ზურაბიშვილი თუ ვაშაძე. დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არჩევნებში კონსერვატიული ძალები მონაწილეობენ; და მეორე _ მსოფლიო ძირფესვიანად იცვლება. „ლიბერალური” ტირანია ემხობა და იქმნება ახალი დღის წესრიგი… აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კონსერვატულმა ძალებმა თუნდაც რამდენიმე კაცით მაინც შევაღწიოთ პარლამენტში. რაც შეეხება წინააღმდეგობებს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ახლა ისეთი დიდი მოტივაცია გვაქვს, ისეთი დიდი მხარდაჭერა და თანადგომა საზოგადოების მხრიდან, რომ მხოლოდ ტყვია თუ გაგვაჩერებს!… მიუხედავად ფინანსური და სახელისუფლო ბერკეტების არქონისა, ქართულმა იდეამ ძალიან ბევრი რამ შეძლო, მათ შორის: მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის შეჩერება; მიგრანტების უკონტროლო შემოდინების მცდელობის აღკვეთა; ბანკების მიერ მოქალაქეების პოლიციური გამოსახლებების შეწყვეტა და .. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ათასობით ადამიანს გავუწიეთ უფასო იურიდიული მომსახურება. მათ შორის მსჯავრდებულებს ციხეებშიც ვაკითხავდით და მათ მხარდასაჭერად სასამართლო პროცესებსაც ვესწრებოდით. სასამართლო პროცესები მოვუგეთ პრეზერვატივებზე წმინდანების გამომსახველ კომპანიას და შევაჩერეთ მსგავსი ბილწი პროდუქციის გამოშვება. არაერთხელ ჩავშალეთ ე.წ. გეიაღლუმების ჩატარების მცდელობა, შევაჩერეთ 500-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზების გატარება დასახლებულ პუნქტებზე (რაც, სამედიცინო დასკვნებით, იწვევს ლეიკემიას), ოჯახებს დავუბრუნეთ იუვენალური იუსტიციით  წართმეული შვილები და ეს მოვახერხეთ ყოველგვარი ფინანსური და სახელისუფლო ბერკეტების გარეშე. ბუნებრივია, ათჯერ მეტის გაკეთებას შევძლებთ პარლამენტის კედლებიდან, ამიტომ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობის იმ ნიჰილისტურად განწყობილ 60%-ს, რომელიც აქამდე გასაგები მიზეზების გამო არ მიდიოდა არჩენებზე:  ახლა თქვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება ქვეყნას. აუცილებლად მიდით არჩევნებზე და შემოხაზეთ 44!

_ ცალკე საკითხია არჩევნების სამართლიანობა. ცხადია, მარჩიელობას ვერ დავიწყებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კი არჩევნები გაყალბდება, რა გზა რჩება საზოგადოებას საკუთარი უფლებების დასაცავად?

_ ყველგან, სადაც კი მოსახლეობასთან შეხვედრებს ვმართავთ, ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ ამ არჩევნებით არ ვამთავრებთ. პირიქით, ჩვენ ამ არჩევნებით ვიწყებთ, ამიტომ ღმერთმა ნუ ქნას, ხელისუფლება ტოტალურ გაყალბებაზე წავიდეს, თორემ ამით საბოლოოდ დაისამარებენ პოლიტიკურ მომავალს. რაც შეეხება კონკრეტულად „ქართულ იდეას” და ჩვენს გეგმებს, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ისეთი ხალხი გვყავს შემოკრებილი და იმხელა მხარდაჭერა გვაქვს, რომ ახლა მხოლოდ ტყვია თუ გაგვაჩერებს, თორემ სხვა ვერაფერი. როგორც გითხარით, ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია; ბრძოლის, რომელიც თავისთავად არ იქნება მარტივი, მაგრამ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დასრულდება არსებული სამარცხვინო პოლიტიკური სისტემის დემონტაჟით. ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს მზრუნველ და ღირსეულ ხელისუფლებას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონშემოქმედებითი უფლებით მხოლოდ ზნეკეთილი მამულიშვილები აღვჭურვოთ და ჩვენი სამშობლო გავაძლიეროთ, როგორც სულიერ-კულტურული, ასევე ეკონომიკური კუთხით.…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here