Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ღვინჯილია: თუკი ენას დავკარგავთ, რაღა მნიშვნელობა ექნება, ვინ ვიქნებით და რა...

ლევან ღვინჯილია: თუკი ენას დავკარგავთ, რაღა მნიშვნელობა ექნება, ვინ ვიქნებით და რა გვერქმევა?!

4468
ლევან ღვინჯილია

ამა წლის 18 ოქტომბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა წეროვანის მე-2 საშუალო სკოლის უფროსკლასელებს მორიგი შემეცნებითი და სასიამოვნო დღე მოუწყო _ ქართული ენის სიდიადეზე, მნიშვნელობასა და მისი გადარჩენის აუცილებლობაზე საინტერესო ლექციის წასაკითხავად ენათმეცნიერი, ყოფილი ენის პალატის თავმჯდომარე ლევან ღვინჯილია მიიწვია.

მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანის მე-2 საშუალო სკოლა 1990 წელს დაარსდა ბატონი ჯუმბერის ინიციატივით და მას შემდეგ მასზე მეურვეობა წამითაც არ შეუწყვეტია: “მინდა, ამ სკოლის ბავშვებს ჰქონდეთ ყველაფერი, ჰქონდეთ ცოდნა და პირადად იცნობდნენ იმ ადამიანებს, რომლებისგანაც ბევრი საინტეროსო ამბის მოსმენას შეძლებენ. არ მინდა, თბილისის სკოლის მოსწავლეებს ჩამორჩნენ და აკლდეთ რაიმე. ვცდილობ, გავულამაზო და გავუხალისო სწავლის პროცესი. რამდენიმე კვირის წინათ თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა ძველი, სახელოვანი თაობა გვყავდა სტუმრად და ახალგაზრდების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მათ სიხარულსა და ბედნიერებას მეც ვუერთდები და ეს ხალისს მმატებს”, _ გვითხრა ბატონმა ჯუმბერმა, რომელიც ამ შესანიშნავ საღამოებს მის მიერ აშენებულ ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში აწყობს.

ლევან ღვინჯილიას მიერ წაკითხულმა ლექციამ ქართული ენის სიწმინდეზე და ქართველებისთვის მის მნიშვნელობაზე ახალგაზრდები ძალიან დააინტერესა. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, გავსაუბრებოდით ბატონ ლევანს.

_ ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფო ენისადმი უპასუხისმგებლოა. საქართველოს ტერიტორია არის კაცობრიობის განსაკუთრებული და განსხვავებული სამოსახლო, არ ვამბობ, რომ საუკეთესო.

ქართველები ვცხოვრობთ ქართულ ენაში და ამიტომ სრული უფლება გვაქვს, უფლება გვაქვს კი არა, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, მოვუაროთ მას და განვავითაროთ. ქართველები ქართველად ვყალიბდებით ქართული ენით და ეს უნდა იცოდეს ყველამ. ამ ენაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, სწორედ სახელმწიფო უნდა იცავდეს მას. ენაზე ზრუნვით ქართველობას გადავარჩენთ, სახელმწიფო გადაარჩენს საქართველოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ენას დავკარგავთ, შევუერთდეთ მეზობელ ქვეყნებს, რაღა მნიშვნელობა ექნება, ვინ ვიქნებით და რა გვერქმევა?! თუკი ენა არ გვექნება, ცალკე სახელმწიფოდ ყოფნა საჭირო არ არის. ქართველობა, როგორც კაცობრიობის განსაკუთრებული სახეობა, უნდა გადავრჩეთ.

ქართველებისნაირი ერი ბევრია, მაგრამ ერი არ არიან ამერიკელები, ისინი კაცობრიობის სახეობა არ არიან. მაგალითად, ცხენი ცხოველის სახეობაა, ვირიც, მაგრამ ჯორი არ არის სახეობა, ასეა ამერიკის მოსახლეობაც, რადგან იქ მთელი მსოფლიოდან ჩასული ხალხები ცხოვრობენ, მათ ენაც არ აქვთ, ისინი ბრიტანული ინგლისურით საუბრობდნენ და ახლა ცდილობენ, ამერიკული ინგლისური შექმნან, რადგან სხვაგვარად ერად ვერ შედგებიან. ერთხელ ფსიქოლოგმა შოთა ნადირაშვილმა თქვა: ამერიკა არის სამშობლოს უარმყოფელ ადამიანთა მიერ შექმნილი ქვეყანა”.

ჩვენს არსებობას დედამიწაზე მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ჩვენ შევნარჩუნდებით, როგორც ქართველი ერი, და გავაგრძელებთ სამყაროს აღქმას ქართულად.

_ ქართული ენა სავალალო მდგომარეობაშია… რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ენა გადავარჩინოთ და ისეთივე წმინდა დავუტოვოთ მომავალ თაობებს, როგორც ჩვენ გადმოგვეცა? პედაგოგები ხშირად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოწაფეებს ენა შეაყვარონ, მაგრამ მათაც არ აქვთ კმაყოფილების განცდა, რადგან სასკოლო პროგრამებში მშობლიური ენის სწავლებას უპირატესობა არ ენიჭება.

_ გრიგოლ ორბელიანმა დაგვიბარა: “რა ენა წახდეს, ერი დაეცეს”. იაკობ გოგებაშვილმა თქვა: “ენა ბურჯია ეროვნებისა”. არანაირი ენთუზიაზმი მასწავლებლისა თუ რომელიმე საზოგადო მოღვაწისა შედეგს არ გამოიღებს, თუკი სახელმწიფომ არ დაისახა მიზნად ენის დაცვა. დიდი ხანია, ვხედავ, რომ ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული სახელმწიფო ენის მნიშვნელობა ერის ცხოვრებაში და ამიტომ ერიც დაეცა. მისი ფეხზე წამოყენება ადვილად შეიძლება არა ინვესტიციების მოზიდვით, არა ღრმაწყლოვანი პორტის აშენებით, არამედ ენის გადარჩენით და ენაზე ზრუნვით.

500-ათასი კაცით დასახლებული ლაზიკა იქნება ინგლისურენოვანი და ახლო-მახლო მცხოვრები ქართველებიც შეეცდებიან, შვილებს აკვნიდანვე შეასწავლონ ინგლისური, რათა ლაზიკაში დასაქმდნენ, რაც დამღუპველი იქნება.

ენის დაცვის საკითხისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება ამერიკიდან მოდის. იქ ვინმეს რომ უთხრათ, ბრიტანული ენის სიწმინდე უნდა დაიცვაო, სიცილით მოკვდება, რადგან სურთ, დაშორდნენ ბრიტანულს და სხვანაირი გახადონ ენა. რამდენიმე ხნის წინათ ერთმა კაცმა იგავი წამაკითხა: “ტყეში ხანძარი გაჩნდა. ერთი პატარა ჩიტი წყაროსთან მიფრინავს, სველდება და მერე ხანძრის თავზე ფრთებს იბერტყავს, მერე ისევ მიდის წყაროსთან და ასე, მთელი დღის განმავლობაში დაუღალავად მიფრინავს და მოფრინავს. ვიღაცამ ჰკითხა: _ რას აკეთებ, შენ ამ ხანძარს როგორც ჩააქრობო? ჩიტმა უპასუხა: _ აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ჩემი სახლი იწვის და ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს, ერთი ეს შემიძლია და ამას ვაკეთებ, იქნებ ჩემმა წვეთებმა რაღაც უშველოსო.

ეს რომ ანგელოზებმა დაინახეს, ხანძარი ჩააქრეს”.

შესაძლოა, ერთმა წვეთმა ქართულ ენასაც უშველოს, ჩვენ მოვინდომოთ მისი დაცვა და მერე უფალიც გადმოგვხედავს, მაგრამ სამწუხაროდ, მივხვდი, რომ ქვეყანას არაფერი არ ეშველება, თუ თავკაცები არ დადგებიან ჯეროვან სიმაღლეზე.

_ როგორ ხდებოდა ენის დაცვა საბჭოთა წყობის დროს?

_ 1975 წლიდან ენის დაცვის საქმეს ვემსახურები. იმხანად საკმარისი იყო, ტელევიზიით მეთქვა შენიშვნა და მეორე დღესვე გასწორებული იყო. მეცინება, როდესაც ამბობენ, კომუნისტები ქართულ ენას აბუჩად იგდებდნენო. რუსებისგან მხოლოდ ერთი სიტყვა გვაქვს ქართულში _ სამოვარი, სხვა რუსული სიტყვა ჩვენს ლექსიკონში არ არსებობს, არადა, ამბობენ, რუსებმა წაგვართვეს ენაო.

“ადჟარია” ეწერა სასტუმროს რუსულად, ტელევიზიით ვთქვი, რომ ეს საკუთარი სახელია და მისი ასე დაწერა არ შეიძლება. მეორე დღესვე მოანგრიეს და სწორად დააწერეს. წარმოუდგენელი იყო, საქართველოს ტელევიზიით ვინმეს მართებულად კრიტიკული სიტყვა ეთქვა და ის არ გამოსწორებულიყო; მეტიც, ხელმძღვანელ პირს თანამდებობასაც კი ატოვებინებდნენ. შეცდომა რომ არ გამოსწორებულიყო, წარმოუდგენელი იყო, რადგან ტელევიზიითა და გაზეთით ნათქვამი კრიტიკა აღიქმებოდა, როგორც ხელისუფლების პოზიცია. ასეთი პოზიცია უნდა იყოს დღესაც. უფროს თაობას ახსოვს, როგორ ავრცელებდნენ საბჭოთა კავშირის პერიოდში რუსულ ენას. აი, ის მეთოდოლოგია გვჭირდება, რათა ქართული ენა გავავრცელოთ, მაგრამ ამას გააზრება, მონდომება და ენის სიყვარული სჭირდება.

კომუნისტების პერიოდში მოსკოვი, ასე ვთქვათ, აკვირდებოდა ჩვენი ხელისუფლების ქმედებებს გამადიდებელი შუშით, მაგრამ ჩვენები ახერხებდნენ ენის დაცვას ისე, რომ რუსულს არავინ შეურაცხყოფდა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” იყო ერთი კაცი (გარდაიცვალა, ამიტომ მის ვინაობას არ გავამხელ), რომელმაც თქვა, რომ გერმანიაში გვითხრეს, ალექსანდრე ქართველიშვილის გამოშვებულ ერთ ძველ “ბოინგს” გაჩუქებთო და, როგორც ძეგლი, ისე დადგითო. მაშინდელ მთავრობას “ბოინგისთვის” ადგილი შეურჩევია პუშკინის სახელობის სკვერში _ პუშკინის ძეგლი ავიღოთ და იქ დავდგათო. გავვოცდი, ნუთუ ამის მეტი ადგილი ვერ ნახეს-მეთქი?! ქართველებმა რა, არ იციან, რომ პუშკინი რუსული პოეზიის მარგალიტია სრულიად მსოფლიოში?

პედაგოგებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მათ დახვეწილი ქართულით უნდა ისაუბრონ და მომავალი თაობები ქართულ ენაში უნდა გაზარდონ, მაგრამ, სამწუხაროდ, გლობალურად ეს არაფერს შეცვლის, სანამ კანონით თითს არ მოაჭრიან მას, ვინც სამარცხვინო ქართულს დაწერს ან სამარცხვინოდ ისაუბრებს. თითის მოჭრა, მიხვდით, ალბათ, რომ ფიგურალურად ვთქვი. უნდა დაისაჯოს არასწორად მოსაუბრე ჟურნალისტი, მაგრამ ეს რომ მოხდეს, მისმა ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს ენა ზედმიწევნით კარგად. სორბონაში მიღებული განათლება არაფერს არ ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა ენაზეა საუბარი.

ქართულ ენას სახელმწიფო არ იცავს, ახლა შეიქმნა ენის დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელმძღვანელობს, მაგრამ შედით ამ დეპარტამენტის საიტზე და ნახავთ მათ აქტივობებს. პირველი, რაც გააკეთეს, სუმოისტ ტოჩინოშინს შეხვდნენ. კვლევითი ინსტიტუტები ვერ მუშაობენ, რადგან ნახევარი აღარ არსებობს და, რომელიც არსებობს, სულს ღაფავს. ახლა სულ ანგრევენ ენათმეცნიერების ინსტიტუტის უნიკალურ შენობას, რადგან სასტუმროს მშენებლობას უშლის ხელს.

ჩვენ მივყავართ ისეთი ქვეყნისკენ, როგორიც სინგაპურია, და ის მაღალი კაცი, საქართველოს პრეზიდენტი რომ ერქვა, ამას ამბობდა კიდეც. რა არის სინგაპური? სინგაპური არის ქვეყანა, რომლის ადგილობრივი მოსახლეობა არის ჩვიდმეტი პროცენტი, ლაპარაკობს ინგლისურად და, ლამის 30 წელიწადია, ერთი ხელისუფლება ჰყავს. იქ ეროვნულობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეროვნულობაზე ლაპარაკი ზედმეტია ამერიკელებისთვისაც. ისინი რომ იმ დარბაზში მსხდარიყვნენ და ჩემთვის მოესმინათ, პროტესტის ნიშნად დატოვებდნენ იქაურობას; ჩემს ნათქვამს ჩათვლიდნენ ჩამორჩენილ, თანამედროვეობაში ჩაუხედავ, ე.წ. მეცნიერის ნაბოდვარად.

მიდგომა _ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ილაპარაკებ, მთავარია, გააგებინო, მცდარია და ეს უნდა შევიგნოთ.

ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ მოდიოდა, მითხრა, რომ ენის დაცვაზე აუცილებლად ვილაპარაკოთ, ოღონდ ევროპასთან ლაპარაკი დამაცადეო. ვაცადე ევროპასთან ლაპარაკი, პრემიერის დანიშვნა ერთის, მეორის, მესამის… მაგრამ ქართულ ენაზე ლაპარაკის დრო არა და არ დადგა, რადგან ენის დაცვის აუცილებლობის გააზრების პრობლემა აქვთ.

როდესაც ენის დაცვის საკითხი სახელმწიფოს დონეზე იქნება აყვანილი, მაშინ ბავშვები ერთმანეთის კონტროლს დაიწყებენ. ბავშვობაში ჩვენ ვთამაშობდით: ვისაც ბარბარიზმი წამოსცდებოდა, ყულაბაში ფულს აგდებდა. ეს ბევრს ნიშნავდა…

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. “ღმერთმა როდესაც ამ ქვეყანაზე კაცი შეჰქმნა და სული შთაჰბერა,
    სრულყო გონებით, გრძნობამქონებით, ზე აღმოუხმო ბაგითგან ბგერა,
    ხმათა შესმენით, მიმბაძველ ენით, სიტყვად უბრძნა და გამოუჟღერა
    და სამეტყველოდ დაუდო შემდგომ, კაცთა მოდგმას რომ ეგონიერა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here