მთავარი საზოგადოება კრისტიან დანიელსონი: “კომპრომისი არის ევროპული გზა”

კრისტიან დანიელსონი: “კომპრომისი არის ევროპული გზა”

კი მაგრამ... რომელია ქართული გზა?!

117
გააზიარეთ

“ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის”(ილია). 

ერთი შეხედვით, სწორედ რომ ასე ჩანს. არადა, ის, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, იგივეა, როგორც ორჯერ ორი _ ოთხი. “აქ საუბარის გაბმა და ერთმანეთთან ლაპარაკი, საგნის ვითარების გადატრიალ-გადმოტრიალება, წაღმა-უკუღმად თრევა და წეწვა, მეტი ბარგია. ამისთანაებზე ლაპარაკი სულგრძელობაა იმის მხრით, ვინც იძულებულია, ეჩიჩინოს მეორეს, რომ ორჯერ ორი ოთხიაო, და იმის მხრით-კი, ვინც ამ ჩიჩინისათვის ვისმე იძულებულ ჰყოფს, მეტისმეტი სიბრიყვეა და გონების დახშულობა”.
ჰოდა, ჩვენდა სამარცხვინოდ, მეორედ ჩამოვიდა უცხო კაცი, როგორმე რომ შეგვაგნებინოს, გაჯიქება და კომპრომისზე უარის თქმა რომ სიბრიყვეა და ჩვენს გონებადახშულობაზე მიუთითებს. და, რამდენიც უნდა ვეკეკლუცოთ ჩვენი მდიდარი ისტორიული წარსულითა და განუმეორებელი კულტურით, ჩვენი ამჟამინდელი საქციელიდან გამომდინარე, მხოლოდ ღიმილს თუ მოვგვრით.
ან ჩვენ თვითონ წესიერად ვიცით, “რანი ვყოფილვართ”?
ან ვხედავთ, “რანი ვართ”?
იმას მაინც თუ ვხვდებით, ამგვარი ქმედებით “რანი ვიქნებით”?
არა!

“ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების, წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა, ხელი გვკრან _ და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოთა ვბზუით “მე ვარ და ჩემი ნაბადიო” და ამ ბზუილიდამ არა გამოდის რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის”.

ახლა ანდერსონის იმედად ვართ, ამ ვაიპოლიტიკოსებს თვალი რომ აუხილოს. როგორც მან მედიასთან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კომპრომისი დემოკრატიის ნიშანია.

“მგონია, რომ წინა მისია, რომელიც აქ განხორციელდა, იყო საკითხების კარგი გაცნობა. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, კარგად იცის მეორე მხარის აზრები, ასევე კარგად იციან, რის გაკეთება არის საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ, უნდა ანახონ კომპრომისი. მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია მარტო დავეხმაროთ ამას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, როცა საუბარია ამ დახმარებაზე. ახლა არის საჭირო გამბედაობა, არის საჭიროება კომპრომისის, კომპრომისი არ არის იმის ნიშანი რომ ვიღაც არ არის ძლიერი, ეს არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი, დემოკრატიის ნიშანი და კომპრომისი არის ის გზა, რომელიც არის ევროპული”, _ განაცხადა დანიელსონმა.

მაგრამ “მკვდარი არ გაცოცხლდება და ყორანი არ გათეთრდება, რაც გინდა ჰხეხო ქვიშითა. ან რა საჭიროა? რწმენასთან რომ ჰქონდეს კაცს საქმე, კიდევ ჰო, მაშინ თქმასა და ლაპარაკს საბუთი აქვს, ჩააგონებ რასმე, დააჯერებ რასმე. აქ ხომ სულ სხვა მიზეზი იღვწის და ჰმოქმედობს. აბა ერთი სხვა ალალმა დაჰქროლოს ამ უარმყოფელ ვაჟბატონებს, თუ სულ სხვა ჰანგზედ არ დაიწყონ გალობა და სულ სხვანაირად არ ჩაჰბუქნონ. არიან ქვეყანაზედ იმისთანა ჯურის ფალავნები, რომ, რასაც დღეს მოსაკლავად სდევენ, იმას ხვალ ფეხქვეშ გაეშლებიან ფიანდაზად, და რა გულმოდგინებითაც ეხლა სდევნიან სამტროდ, ხვალ იმავ გულმოდგინებით გალობას ეტყვიან:
უი შენ-კი ჩაგეგრიხე
უსურვაზის წნელივითაო”.

რა, ერთხელ უთქვამთ თუ ორჯერ?!

“ჩვენში დიდი ხანია ნათქვამი, რომ “საცა გაგება არ არის, კარგვაა სამართლისაო”. აბა ჭკვათამყოფელმა კაცმა ამ უბრალოს და მარტივად თქმულს ჭეშმარიტებას, საიდამაც ჰნებავს, მოუაროს, თუ ერთი იოტის ოდენა იმისთანა რამ უპოვოს, რომ იმ ნაპოვნის მეოხებით ამ ჭეშმარიტებას მცირეოდენი ჩრდილი უარყოფისა ჭკვაზედ ხელაუღებლად მიაყენოს. ამას რა დიდი ლარი და ხაზი უნდა, რომ მთქმელს გამგონი უნდა და კარგი გამგონიცა და, თუ მთქმელს და გამგონს ერთმანეთის ენა არ ესმით, იქ არც თქმაა და არც გაგონება, მაშასადამე, არც განკითხვაა და არც სამართალი”.

“სამართალი იმისთანა რამ არის ადამიანისათვის, რომ მარტო თავის დანიშნულებას უნდა ემსახურებოდეს და, თუ სამართალი ორს კურდღელს გამოუდგა, ვერც ერთს ვერ დაიჭერს”.

“მოსამართლეს მოჩივარის ენა უნდა უსათუოდ ესმოდეს, იმიტომ, რომ თავის ყურით გაგონილი, თავის ყურით სმენილი უფრო უტყუარია, უფრო ზედმიწევნილია, უფრო მართალია და, რადგანაც მართალია, უფრო შეუცდომელს საბუთს აძლევს შეუცდომელის განკითხვისა და განაჩენისათვის. მოსამართლე და მოჩივარი, რომელთაც ერთმანეთისა არ ესმით, ერთმანეთის ენა არ იციან, ერთმანეთისათვის მუნჯებიც არიან და ყრუნიცა. ამისთანა მოსამართლე და მოჩივარი ერთმანეთისათვის აღარ არიან და ამათი ერთად შეყრა სწორედ იმასა ჰგავს, რომ მკვდარი მკვდარს აეკიდა, საფლავამდე წამიღეო”.

ადამიანის ღირსეული ცხოვრების პირობების მისაღწევად დათმობაზე წასვლასა და შერიგებაზე საუბრობენ აქა-იქ, დათმობაზე ორივე მხრიდან და იმაზეც, რომ, კონკრეტული ლიდერების პოზიციები როგორიც არ უნდა იყოს, სხვებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და სითამამე, გაემიჯნონ ლიდერებს და გამოხატონ თავიანთი აზრი, რადგან ამ უსასრულო წრეზე სიარული აღარ შეიძლება. ამის აუცილებლობას ადასტურებს ის განცხადებები, რომლებიც მოლაპარაკების “მეორე რაუნდს” უსწრებს წინ.

“აღარ შევალ შეფასებებში, როგორ ვუყურებ ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, მთლიანად “ქოცობას”, როგორც მოვლენას. ამ ნაწილში ვერასდროს შევთანხმდებით. ჩემთვის დარჩებიან საზიზღრობად, რომელიც ქვეყანას თალხივით ადევს და უნდა მოვიშოროთ. ამიტომ გვინდა რიგგარეშე არჩევნები, არჩევნებით მშვიდობიანად მოხდეს ცვლილებები, ქვეყანა განვითარების გზაზე გადავიდეს. დიახ, ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი _ ეს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები, სადისტური მიდრეკილების ადამიანები მმართავენ ქვეყანას. ეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის”, _ აცხადებს გიგი უგულავა. ვინ ვინ და უგულავას, მართლაც სადისტური ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, არ აქვს სწორედ მორალური უფლება მსგავსი განცხადებების გაკეთების, მაგრამ ეს, ალბათ, მაშინ ხდება, როდესაც ადამიანს სინდისის ძარღვი გაწყვეტილი აქვს ან, საერთოდაც, არც არასდროს ჰქონია. თუ “ქართული ოცნება” არის “საზიზღრობა, რომელიც ქვეყანას თალხივით ადევს”, მაშინ რაღა ითქმის “ნაციონალურ მოძრაობაზე”?!

მსგავსი განწყობებისა და დამოკიდებულებების ფონზე ძნელია, იფიქრო დადებით შედეგებზე. თუმცა დანიელსონი ამბობს, რომ “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარტიებს დავეხმაროთ. ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მაგრამ კომპრომისი თავად პარტიებმა უნდა მოიძიონო”.

“საუბარია კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. ჩემი წინა მისიის შემდეგ, ბრიუსელში ყველა იმ ინსტიტუციებთან მქონდა ურთიერთობა, ვინც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებშია ჩართული… ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ საქართველოს ამ კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირს არ ეკისრება, არამედ პოლიტიკურ ლიდერებს. მგონია, რომ წინა მისია, რომელიც განხორციელდა, ამ საკითხების კარგი გაცნობა იყო. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ძალიან კარგად იციან ორივე მხარის აზრი, ასევე კარგად იციან, თუ რისი გაკეთება არის საჭირო იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მათ უნდა გამონახონ კომპრომისი”.

რა შემოგვთავაზა დანიელსონმა, ორივე მხარისგან კომპრომოსული ნაბიჯების გადადგმის გარდა?

ყველამ უნდა მოთოკოს პოლიტიკური ამბიცია _ ამის სათქმელად ჩამოდის კრისტიანიო. რა, გადამთიელმა რომ არ გითხრათ, თქვენ არ იცით, რომ მხოლოდ შეთანხმებით, ხალხისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით დაიმსახურებთ პატივისცემას და მოიპოვებთ ნდობას შინ თუ გარეთ?! ვის ეკითხებოდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები, რომელ უცხოელს ეძახდნენ, მოდი და ქვეყანა დაგვილაგეო?! მაგრამ ჩვენ ხომ დაგვავიწყდა ჩვენი ისტორია. დიდი ილია კი გვეუბნება, რომ “ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს _ ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის”.

აი ეს კი იმის გასახსენებლად, საიდან მოვდივართ, ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები და ვის უნდა მივბაძოთ ჩვენ, რადგან სხვა უფლება არ გვაქვს!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here