Home რუბრიკები პოლიტიკა “კოჭებისმხვრეტელი” გვარამია და “ტერორისტი” არასამთავრობოები

“კოჭებისმხვრეტელი” გვარამია და “ტერორისტი” არასამთავრობოები

2724
ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ამბობს, რომ რუსეთი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა და ყველა, ვისაც ჩრდილოელ მეზობელთან რაიმე აკავშირებს, მოღალატეა. ამ დროს თვითონ რუსული ფულით ცხოვრობს და ნებივრობს

საქართველოში არსებული უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის ფონზე, კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რომ შევქმნა და მე და ეს ორგანიზაცია რუსეთმა დაგვაფინანსოს, ანუ გრანტები, რომლებსაც დღეს არსებული არასამთავრობოები ევროპიდან და ამერიკიდან იღებენ, რუსეთიდან რომ წამოვიდეს, გამომაცხადებენ თუ არა ქვეყნის მოღალატედ?

ძალიან დიდი ალბათობით, ქვეყნის მოღალატედ გამოცხადება კი არა, ლინჩის წესით გასამართლება არ ამცდებოდა და ამ ყველაფერს სათავეში სწორედ ის არასამთავრობოები ჩაუდგებიან, ახლა მშვიდად რომ ნაბავენ თვალებს და ობიექტურობაზე აქვთ პრეტენზია. ეს იმის მიუხედავად, რომ ორივე შემთხვევაში ფული საზღვრებს გარედან შემოვა, მაგრამ ქართული არასამთავრობოების რეალობა ასეთია _ ევროპულ და ამერიკულ ფულს სუნი არ აქვს, რუსული ფული კი ყარს! ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რომ არასამთავრობოებსა და მათ დამფინანსებლებს არანაირად არ სურთ, ქართულ რეალობაში შემოვიდეს ახალი ძალა, რადგან, მათივე მონაცემებით, არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ამ ძალას ბევრი ამოუდგება მხარში და, რაც მთავარია, არსებობს შანსი იმისა, რომ ამ ძალამ ობიექტური შეფასებები და დასკვნები აკეთოს.

თუ გახსოვთ, “ნაციონალური მოძრაობის” ზეობის პერიოდში მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას ჩაიდენდა ხელისუფლება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ამერიკა და ევროპა ერთ ხმაში ამბობდნენ: წინ მივიწევთ და ქართული დემოკრატია სანიმუშოა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიცო. ეგ კი არა, სახალხო დამცველიც სწორედ იმ ტონალობაში მღეროდა, რომელსაც ნაციონალები შეუკვეთავდნენ და ეს გამოჩნდა კიდეც, როცა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ნაციონალების მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა. (შენიშვნისათვის: სწორედ ტუღუში იყო სახალხო დამცველი მაშინ, ჩვენი რედაქცია რომ დაარბიეს, მაგრამ ამ ვაჟბატონს კრინტიც არ დაუძრავს, ვითომც არაფერი არ მომხდარა).

ახლა საპრეზიდენტო არჩევნებზე ვთქვათ. ეგრეთ წოდებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რეალურად კი “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნებში მარცხი აღიარა და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას დაუმორჩილებლობაზე გაემიჯნა. თუმცა, როგორც კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, _ მმართველმა გუნდმა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენაო, მაშინვე კვერი დაუკრა: მართლები ხართო, და აქციაც დააანონსეს. პარალელურად, მუდმივად იმას იმეორებდნენ, რომ არჩევნებში ხმა მათ რვაასი ათასმა ამომრჩეველმა დაუჭირა და ეს ადამიანები ქუჩაში გამოვიდოდნენ. რა თქმა უნდა, კვირას რვაასი ათასი ადამიანი არ მისულა ნაციონალების მხარდასაჭერად და, იმის მიუხედავად, რომ წინა დღით გაერთიანებულმა ოპოზიციამ დუღილის ტემპერატურის აწევა სცადა, რეალურად არაფერი გამოუვიდა და ხალხის იმ რაოდენობით, რომლითაც ისინი კვირას წარდგნენ, გამორიცხულია, გადატრიალება-გადმოტრიალებაზე იფიქრონ.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე ოპოზიცია ხვდება, რომ რიგითი მოქალაქეები არც ისეთი ტოლერანტები არიან, როგორც მოქმედი ხელისუფლება. მართალია, ძირითადად ადამიანების მოკლე პოლიტიკური მეხსიერების იმედად არიან საქართველოში, მაგრამ იმდენად მძიმე ცხრა წელი გადაიტანა ამომრჩეველმა, მეხსიერებიდან ვერ შლის. ამიტომ ისინი რადიკალიზმს ერიდებიან, მაგრამ რადიკალურები არიან ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებთან და სთხოვენ, 2020 წლისთვის ხელისუფლებაში დაბრუნება “გაუმწვანონ”.

იცით, საინტერესო რა არის? როგორც კი შანსი მიეცემა, პრაქტიკულად ყველა არასამთავრობო და ყველა ტელევიზია აცხადებს, რომ რუსეთიდან წამოსულ ფულს ხელი არავინ არ უნდა მოჰკიდოს, რისთვისაც არ უნდა იყოს ეს ფული გადმორიცხული. რა თქმა უნდა, ამ დროს არავინ ახსენებს იმას, რომ დაახლოებით მილიონი ქართველი რუსეთში შოულობს სარჩოს, თავსაც ირჩენს და ერთ ამდენს აქაც არჩენს, მაგრამ…

ტელეკომპანიარუსთავი 2” ხმალამოღებული იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ და მისთვის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რუსეთთან რაიმე ფორმით არის დაკავშირებული, მოღალატეა. ამ დროს ოფიციალურად, დოკუმენტურად დასტურდება, რომ ამ ტელეკომპანიის სოლიდური წილის მფლობელი პარლამენტარ კობა ნაყოფიას ვაჟი _ ნიკოლოზ ნაყოფიაა. ამ უკანასკნელს კი ბიზნესი რუსეთში აქვს, რუსეთის მოქალაქეა და იქ ნაშოვნი ფულით აფინანსებს ტელევიზიასაც და ხელფასებსაც სწორედ რუსეთში ნაშოვნი ფულით უხდის. რა გამოდის? მაგალითად, ნიკა გვარამია, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა და ყველა, ვისაც ჩრდილოელ მეზობელთან რაიმე აკავშირებს, მოღალატეა, ამ დროს თვითონ რუსული ფულით ცხოვრობს და ნებივრობს…

მაგრამ საკმარისია, რომელიმე რუსულმა კომპანიამ საქართველოში ოფისი გახსნას და იქ ვინმემ მუშაობა დაიწყოს, მაშინვე სამშობლოს მტერი ხდება.

სხვათა შორის, ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან კარგად მუშაობს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის. უფრო ზუსტად, ევროპელებსა და ამერიკელებს ეს ორმაგი სტანდარტი ხელს აძლევთ, და ხელს აძლევთ იმიტომ, რომ ხმამაღლა მხოლოდ რუსეთის კრიტიკა ისმის, ხოლო რას ფიქრობს ხალხი, არავის აინტერესებს. ხალხს არ აქვს საერთაშორისო ტრიბუნა, არ დადის ევროპარლამენტში, არ გამოდის სიტყვით და ამიტომ უბანში ნათქვამი “რუსეთი კარგია” არავის ყურამდე არ მიდის.

1 დეკემბერს, საღამოს, ნიკა გვარამიამ ეთერში ხმამაღლა განაცხადა, ადამიანებს კოჭებს დავუხვრეტ და მაგასაც არ ვაკმარებო. და ეს მაშინ, როცა იგივე გვარამია კატეგორიულად ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან იმ ადამიანების დაკავებას, რომლებიც თურმე მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან, ანუ მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა უნდა დაისაჯოს, მაგრამ, როცა ტელევიზიით აცხადებ, რომ ვიღაცებს კოჭებს დაუხვრეტ და ამას არ აკმარებ, არა. ამ განცხადებას წაუყრუეს არასამთავრობოებმა, რადგან ხელს არ აძლევთ ხმაურის ატეხვა, რადგან პარტნიორები არიან, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, გრანტს რამე დააკლდეს და ურჩევნიათ, პირში წყალი ჩაიგუბონ.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლებაში სწორედ არასამთავრობოები და ტელეკომპანიები არიან, თვით ხელისუფლება კი ოპოზიციაა და მუდმივად თავდაცვაზეა გადასული. ვერ გეტყვით, რატომ მოირგო ოპოზიციის ამპლუა ხელისუფლებამ, მაგრამ ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს ჰქონდათ ყველაფრის უფლება, ისინი შედიოდნენ უბანზე, აშინებდნენ ამომრჩეველსა თუ კომისიის წევრებს, ეუბნებოდნენ, რომღორებივით გამოჭრიდნენ ყელსდა ვითომც არაფერი, ჩვეულებრივად მიიღო ყველამ. აი, როგორც კი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი რაიმე პროტესტს გამოთქვამდა, მაშინვე აფთრებივით მიესეოდნენ და ტალახს ესროდნენ: როგორ გაბედე და ხმა ამოიღე: საკუთარ თუ შენი მომხრე ამომრჩევლის უფლებას როგორ იცავო. და ამ ყველაფერს თითქოს ყველა შეეგუა, თითქოს ასე უნდა იყოს, მაგრამ, რაც მთავარია, ყველამ იცის, რომ ეს არანორმალურია, მაგრამ ხმას არავინ იღებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებას სწორედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების განაწყენება არ სურს და, როგორც კი ახალარჩეულმა სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ინტერვიუში რუსეთი გააკრიტიკა, ტაში დაუკრეს: აგერ, ხომ ხედავთ, ევროპელი პრეზიდენტი გვყავსო. მეორე მხრივ, ყველა ჩასაფრებული იყო, მიულოცავდა თუ არა ზურაბიშვილს პრეზიდენტობას რუსი კოლეგა, რათა მერე ქოქოლა დაეყარათ, თუმცა მილოცვა არ ყოფილა და არ ყოფილა მარტივი მიზეზის გამო _ პირველივე ინტერვიუში მეზობელს ლანძღვას რომ დაუწყებ, მილოცვას რატომ უნდა ელოდო?! ჯერ ინაუგურაცია რომ არ გამართულა, ოფიციალური სტატუსი რომ არ გაქვს და უკვე იმ სახელმწიფოს ლანძღავ, რომელთანაც, წესით, საუბარსა და მისასვლელ გზებს უნდა ეძებდე, რატომ გიკვირს, რომ იქიდან ყვავილებს არ გესვრიან?!

ფაქტია, რომ უცნაურ რეალობაში ვცხოვრობთ. ორმაგი სტანდარტი ყველა მიმართულებით მუშაობს და სწორედ ამის გამოა, ხელისუფლება საკუთარ თავს რომ არ ჰგავს, ოპოზიცია ხელისუფლებასავით იქცევა, არასამთავრობოები იცავენ მათ, ვისზეც გრანტი აქვთ აღებული და არა მათ, ვინც ამას მართლა საჭიროებს და ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ამბად იქცა. ევროპა-ამერიკიდან დაფინანსებული არასამთავრობოები იმას არკვევენ, ის დამკვირვებლები, რომლებიც ევროპამ და ამერიკამ არ დააფინანსეს, საიდან იღებდნენ თანხებს და ყველგან რუსულ კვალს ეძებდნენ. მართალია, ეს კვალი ვერ იპოვეს, მაგრამ ეჭვობენ, რომ სწორედ რუსული ფულით დაფინანსდნენ ის არასამთავრობოები, რომლებსაც მათსავით კრიტიკული შენიშვნები არ ჰქონდათ და არჩევნების შედეგები არ გააპროტესტეს. ეს იმის მიუხედავად, რომ, მაგალითად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დირექტორმა განაცხადა: ოპოზიციამ შედეგი უნდა აღიაროს და 2020 წლის არჩევნებისთვის დაიწყოს მზადებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პირით ამერიკა საუბრობს, მაგრამ ნურას უკაცრავად! ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება, რადგან ქვეყანაში ხელისუფლება თურმე “მშვიდობიანი რევოლუციის” გზით უნდა შეიცვალოს.

ერთივარდების რევოლუციაიყო მშვიდობიანი და მეორე ეს იქნება

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here