მთავარი პოლიტიკა კოსმოსსაც აქვს საზღვრები, ჩვენი ურაპატრიოტების იდიოტიზმს _ არა

კოსმოსსაც აქვს საზღვრები, ჩვენი ურაპატრიოტების იდიოტიზმს _ არა

902
გააზიარეთ
თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია რუსულ არმიულ კლუბში გადადისშენგელია იმ გუნდს უნდა ემსახუროს, რომელმაც საქართველო დაბომბაშენგელია ფულზე გაიყიდა”, _ ეს და სხვა ბრალდებები საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას მისამართით ისე ხშირად გაისმის, რომ ლამისაა, ეს ბიჭი ერის მოღალატედ გამოაცხადონ, მოქალაქეობა ჩამოართვან და საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალონ. არ ვხუმრობთ, როცა მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ვაკეთებთ აქცენტს, მხედველობაში საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი ზურაბიშვილი გვყავს. იმის ნაცვლად, რომ ან საერთოდ გაჩუმებულიყო, ან თორნიკესთვის, უბრალოდ, წარმატებები ესურვებინა, პირიქით, გამოვიდა და ცეცხლზე ნავთი დაასხა, თუმცა, ამაზე _ ქვემოთ. მანამდე კი რიგითობით მივყვეთ.

Полное юридическое наименование: ОБЩЕСТВО С ОГРАНИЧЕННОЙ ОТВЕТСТВЕННОСТЬЮ – “ПРОФЕССИОНАЛЬНЫЙ БАСКЕТБОЛЬНЫЙ КЛУБ ЦСКА” (შპს “პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი ცსკა”)Руководитель: ГЕНЕРАЛЬНЫЙ ДИРЕКТОР ВАТУТИН АНДРЕЙ ВЛАДИМИРОВИЧ; Дата регистрации: 30.11.2006 (2006 წლის 30 ნოემბრიდან კლუბს იურიდიულად შეხება აღარ აქვს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან); Количество учредителей: 1 (ერთადერთი დამფუძნებელი და მფლობელი არის სამთო-მეტალურგიული კომპანია “ნორილსკი ნიკელი”). ეს მათთვის, ვისაც დაეზარა ინფორმაციის მოძებნა, რეალურად სად გადავიდა თორნიკე შენგელია, რადგან მთავარი მოტივატორი იმ განცხადებებისა, რომ თურმე შენგელიამ სამშობლოს უღალატა, სწორედ აღნიშნული კლუბისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კავშირი იყო. ჰო, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ 2014-15 წლებში იმავე ცსკა-ს ღირსებას კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი იცავდა და საკმაოდ წარმატებითაც. უფრო ადრე, 2003-04 წლებში ამ გუნდის ღირსებას ასევე საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე იცავდა და მერე რა?! მაშინ არავის არ გახსენებია არაფერი, მაგრამ ახლა გაახსენდათ და თანაც იმიტომ, რომ დასავლეთს დასჭირდა ეს ყველაფერი და არა ქართველ გულშემატკივარს. ჰო, სწორედ რომ დასავლეთს და დასავლეთის მორიგ დაკრულზე ჩამოუარა კვლავ დავლური ჩვენმა პრეზიდენტმა. ცოტა ხნის წინათ იმავე დასავლეთის დაკრულზე ზურაბიშვილმა ზარ-ზეიმით გახსნა ციხის კარი და სისხლის სამართლის ორი დამნაშავე გამოუშვა _ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. ორივე მათგანზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი, ანუ დაამტკიცა, რომ ისინი დამნაშავეები არიან, მაგრამ, დასავლეთმა პრეზიდენტის ხელით ჯერ სასამართლო სისტემა გადაგვახია თავზე, ახლა კი პრეზიდენტმა ამ ახალგაზრდა კაცს, წარმატებულ კალათბურთელს, შეუტია და, მოდური რომ არის სიტყვაბულინგი”, სწორედ ეგ გააკეთა. სამაგიეროდ, პრეზიდენტს არ გახსენებია, რომ ცსკაში გადასვლამდე ორი კვირით ადრე თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და თანც გუნდის კაპიტნის რანგში. მისმა “ბასკონიამ” ფინალში ძლევამოსილი “ბარსელონა” დაამარცხა და პრეზიდენტს შეეძლო მიელოცა თორნიკესთვის და ეთქვა, რომ ეს ყველაფერი კარგია, რომ შენგელია მაგალითია ქართველი ბავშვებისთვის, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არა, პრეზიდენტმა ხმა სწორედ მაშინ ამოიღო, როცა დუმილი სჯობდა.

ვერ გეტყვით, პრეზიდენტმა ან იმ ურაპატრიოტებმა თუ იციან, ვინ არის გელა კეტაშვილი. ბატონი გელა ერთადერთი სპორტსმენია ქართული სპორტის ისტორიაში (და ეჭვი გვაქვს, ერთადერთადაც დარჩება კარგა ხანს), რომელმაც ფეხბურთში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო. ჰო, მოიგო, მაგრამ აღარ აქვს, რადგან, როცა ქვეყანას უჭირდა, მაშინ ჩააბარა, გამოიყენეთო. ჰოდა, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ცალკე არსებობა გადაწყვიტა და დამოუკიდებლად ეროვნული ჩემპიონატიც გავმართეთ, კეტაშვილს რუსეთიდან შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ ატყდა აქ ერთი ამბავი: არ წახვიდე, თავი არ მოგვჭრა ქართველებსო. ვერ გაუძლო გელა კეტაშვილმა წნეხს, დარჩა და… 25 წლისამ კარიერა დაასრულა, მაშინ დაასრულა, როცა დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. ის სსრკის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის სამჯერ იყო დასახელებული, ანუ გამორჩეული იყო და... ბატონი გელასადმი უდიდესი პატივისცემა გვსურს გამოვხატოთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ის ფეხბურთიდან მილიციაში წავიდა და “გაიშნიკი” გახდა. “მადლიერმა” სამშობლომ ასე დაუფასა ღვაწლი და ფულიან ადგილზე გაუშვა, მაგრამ მერე, როცა ხელისუფლებაში ნაციონალები მოვიდნენ, კეტაშვილი საერთოდ უსამსახუროდ დარჩა და ლამის შიმშილით მოკვდა. ასე ვეცით პატივი ერთადერთ ოლიმპიურ ჩემპიონს ფეხბურთში.

გელა კეტაშვილი
გელა კეტაშვილი

სამაგიეროდ, ყური არავის დაუგდო და რუსეთში სათამაშოდ წავიდა კახა ცხადაძე, რომელმაც მოსკოვისსპარტაკშიცითამაშა, მოსკოვისდინამოშიც”, იქიდან კი ფრანკფურტისაინტრახტშიგადავიდა და კარიერა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის რანგში დაასრულა. ახლა ვინმე იმას იტყვის, რომ კახა პატრიოტი არ არის ან ცუდი ფეხბურთელი იყო, ან რუსეთში თამაშით ჩრდილი მიადგა? არ იყო ეს დანაშაული, არ არის დანაშაული და, თუ ასე შევხედავთ, მაშინ რუსეთის ნაკრებში ქართველი მორაგბეებიც თამაშობენ, ის მორაგბეები, ჩვენს ეროვნულ გუნდში რომ ვერ მოხვდნენ და საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდნენ მინდორზე. რა, ისინი მოღალატეები არიან?

ბევრმა შეიძლება ისიც არ იცის, რომ ომარ თეთრაძე, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, რომელიც თბილისის “დინამოში” თამაშობდა, 1991 წელს იმიტომ გააგდეს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და ნაკრებში იმიტომ არ ათამაშეს, რომ გვარი გადაკეთებული გაქვს, _ ადრე ოსიპოვი იყავიო. ომარმა საუცხოო კარიერა გაიკეთა რუსეთში, იტალიაში, საბერძნეთში, დღესაც რუსეთში ცხოვრობს, სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა და თეთრაძეა ისევ გვარად. ამის გამო არც არავის გაუკრიტიკებია და არც არავის უთქვამს: ნახეთ, ქართული გვარით თამაშობსო. რუსეთის ნაკრებშიც ითამაშა, რამდენიმე შეხვედრაში უკაპიტნა კიდეც და მერე რა?!

თორნიკე შენგელიას გარშემო ატეხილმა ამბავმა “ტამბოვის” კაპიტანი და მეკარე გიორგი შელიაც გააოცა. შელია რუსეთის მოქალაქეა, რუსულ პრემიერლიგაში თამაშობს და გუნდის კაპიტანია. მან საჯაროდ და სახალხოდ განაცხადა: ქართველი ვარ, ხალხო, და ამის გამო აქ არავინ მაკრიტიკებს, არც პრობლემები მექმნება, გუნდის კაპიტანი ვარ და თქვენ რა დღეში ხართო. ამ ყველაფრის პარალელურად, გვავიწყდება ის, რომ საქართველოდან რუსეთში ლეგალურად თუ არალეგალურად მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა ლუკმაპურის საშოვნელად. აი, ეს მილიონი კაცი რომ მოგვაყენოს ლარსზე რუსეთმა, _ რაც გინდათ, ის ქენით, მე მათ აღარ შევინახავო, _ მერე რას ვშვრებით?!

დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიას რომ გადავხედოთ, ყველაზე მეტი სპორტსმენი სხვადასხვა სახეობაში სათამაშოდ რუსეთში წასულა. დღევანდელი მდგომარეობითაც ყველაზე მეტი სპორტსმენი სწორედ რუსეთში თამაშობს და მაშინ ყველა მათგანი ჯვარზე გავაკრათ, მოქალაქეობა წავართვათ, ეროვნულ ნაკრებებში სათამაშოდ რომ ჩამოვლენ, ვუსტვინოთ; უფრო მეტიც, საქართველოში მოთამაშე რუსი ლეგიონერები დავიმონოთ, ხელფასი არ გადავუხადოთ, ისე ვათამაშოთ და ვამუშაოთ. კოსმოსსაც კი აქვს საზღვრები, იდიოტიზმი კი უსაზღვროაო, _ ამაზეა ნათქვამი. თორნიკე შენგელია აუცილებლად იქნება ცსკა-ს წარმატებული კალათბურთელი. საუბარია იმაზე, რომ ის შეიძლება გუნდის კაპიტნადაც აირჩიონ და მერე რა? პარკეტზე გამოსულ თორნიკეს რუსმა გულშემატკივარმა უნდა უსტვინოს თუ კლუბის ოფისთან აქცია გამართოს, _ კაპიტნობა ქართველს როგორ მიეცითო? და მაშინ რატომ არავინ ამოიღო ხმა, როცა რუსეთის საფეხბურთო ნაკრებში მოთამაშე გიორგი ჯიქიაზე ითქვა, რომ ნაკრების მომავალი კაპიტანი ის გახლავთ? მაშინ რატომ არ იყო ასეთი მასობრივი შეტევა იმავე უგულავასა და ოქრუაშვილზე, სისხლის სამართლის დამნაშავეები გმირებად რომ გამოაცხადებინეს პრეზიდენტს? თუ მაშინ ეს ქართულ პოლიტიკას სჭირდებოდა, რადგან თურმე ქართული დემოკრატია უგულავასა და ოქრუაშვილზე ყოფილა ჩამოკიდებული. რეალურად ქართული დემოკრატია ადრეც ფეხებზე ეკიდა დასავლეთს და ახლაც იქვე ჰკიდია. მთავარია, ნებისმიერი საბაბითა თუ ნებისმიერი მიზეზით ჩვენ შევუტიოთ რუსებს, თორემ თვითონ მშვიდად არიან. რას ვგულისხმობთ? სანამ წელს შენგელიას დაიმატებდა, გასული სეზონის 14-კაციან განაცხადში ცსკა ხუთი ამერიკელი (ჰო, ამერიკელი!), ერთი იტალიელი, ერთი კუბელი, ერთი გერმანელი, ერთი ლატვიელი და 5 რუსი კალათბურთელი ჰყავდა. ამერიკელებისთვის, რომლებიც ცსკა-ში თამაშობენ, ქვეყნის მოღალატე არავის დაუძახია, არც დონალდ ტრამპი გამოსულა და უთქვამს: რა ქენით ეს, ბიჭებო, რუსეთში სათამაშოდ როგორ წახვედითო?! არც ანგელა მერკელს ამოუღია ხმა, _ აქაოდა, რუსეთში გერმანელს რა უნდოდაო…

არა, ჩვენ, ჩვენ უნდა ავტეხოთ ყველაფერზე ერთი ამბავი და ვიღაცების საამებლად ჭიქაში ქარიშხალი დავატრიალოთ.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ჩვენი საამაყო და სათაყვანებელი სპორტსმენის თორნიკე შენგელიას გადასვლა ცსკა–ში პირდაპირ ეთერში მკაცრად გააკრიტიკა “ცნობილმა” საფეხბურთო კომენტატორმა ცნობილაძემ. ეს ის ცნობილაძეა, რომელმაც შუა ტაიმში ბოდიში მოუხადა ტელემაყურებლებს ფეხბურთის გუნდები ერთმაეთში ამერიაო. როგორც ჩანს, ცნობილაძეს ხშირად ეშლება და ერთმანეთში ერევა ჭეშმარიტება და სიყალბე.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here