Home ახალი ამბები მსოფლიო კორონავირუსი ცვლის ადამიანთა ჩვევებსა და ცხოვრებას

კორონავირუსი ცვლის ადამიანთა ჩვევებსა და ცხოვრებას

1034
კორონავირუსი ცვლის ადამიანთა ჩვევებსა და ცხოვრებას

მსოფლიოში სოციოპათია ძლიერდება. ეს არის ავტონომიური არსებობისკენ სწრაფვა. ეპიდემია ამ ტენდენციების მასტიმულირებელია. ამაზე ლაპარაკობენ სოციოლოგები. მათი აზრით, კორონავირუსის გამო ბევრ ქვეყანაში შეიცვლება ცხოვრების ყაიდა.

თითქმის ყველა წამყვანმა ქვეყანამ დახურა თავისი საზღვრები. მოქალაქეები მკაცრად გააფრთხილეს, თავი შეიკავონ უცხოეთში გამგზავრებისგან და რაც შეიძლება იშვიათად გამოვიდნენ სახლიდან. მართალია, იტალიელებს შეუძლიათ დატოვონ ქვეყანა, მაგრამ მათ მესაზღვრეებს უნდა წარუდგინონ დოკუმენტი გამგზავრების მიზნის შესახებ (მაგალითად, სასწრაფო მივლინება).

საზღვრები ჩაკეტა აშშმა, აგრეთვე, რუსეთმა, ევროკავშირმა. სასაზღვრო კონტროლი აღადგინა მრავალმა ქვეყნამ: სლოვაკეთმა, ავსტრიამ (იტალიასთან), ესტონეთმა, ნორვეგიამ, კიდევ ბევრმა სხვამ. შენგენის ზონის სახელმწიფოები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინათ ამაყობდნენ შიდა საზღვრების გამჭვირვალეობით, ახლა სასწრაფოდ ემიჯნებიან ერთმანეთს.

გლობალური ეპიდემიის ფონზე ზოგიერთი მაღალჩინოსანი მაინც პოულობს ოპტიმიზმის საბაბს. ისინი მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი, გარკვეული თვალსაზრისით, არის განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების განვითარების “შესაძლებლობების ფანჯარა”.

ექსპერტები უკვე წინასწარმეტყველებენ, როგორ შეცვლის პანდემია ცხოვრებას სრულიად მსოფლიოში. მაგალითად, პოლიტოლოგების აზრით, მსოფლიოში რადიკალურად შეიცვლება მიგრაციისადმი დამოკიდებულება. ისინი ამბობენ: “როცა 30 წლის შემდეგ სტუდენტებს შეეკითხებიან, რამ დაასრულა გლობალიზაცია XXI საუკუნის 20-იან წლებში, დადებითი ნიშნის მისაღები პასუხი იქნება: “COVID-19”-მა.

პოლიტოლოგები, აგრეთვე, წინასწარმეტყველებენ მსოფლიო ეკონომიკის საფუძვლების გადაკეთებას. ისინი შეგვახსენებენ, რომ უკვე დაიწყო მეოთხე სამრეწველო რევოლუცია, რომლის მთავარი თვისება ადამიანის გამოთიშვაა გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. ამ პროცესებს შეუძლია სოციალური მღელვარების გამოწვევა, მაგრამ პანიკის პირობებში ადამიანები თვითონ გასცემენ იმას, რაც ადრე მათთვის ძვირფასი იყო. ისინი უარს იტყვიან თავიანთ უფლებებზე, დათანხმდებიან გადაადგილებისა და მოხმარების შეზღუდვებზე.

კორონავირუსი ცვლის ადამიანთა ჩვევებსა და ცხოვრებას

რუსი სოციოლოგი ალექსეი ფირსოვი ვარაუდობს, რომ ვირუსი მასტიმულირებელ ზემოქმედებას იქონიებს, თუ შევეცდებით სიტუაციიდან რაღაც დადებითის პოვნას. კორონავირუსის აფეთქება დაიწყებს “ზედმეტის მოშორებას”. კოლოსალური რაოდენობა “ივენთებისა”, ანუ ქსელი სხვადასხვა ღონისძიებისა, რომლებსაც კაცობრიობა ბოლო წლებში მიმართავდა, გამოწვეული იყო რესურსებისა და დროის სიჭარბით, კომპანიის მენეჯმენტის მოჭარბებული აქტიურობისთვის გამოსავლის მისაცემად. აწი შეიძლება ბევრი რამ აღარ მოხდეს, მაგრამ ამით სერიოზულად არაფერი შეიცვლება. როგორც ვცხოვრობდით ამ ფორუმების გარეშე, ისე ვიცხოვრებთ კვლავაც. რაც შეეხება საყოველთაო ციფრიზაციას, საეჭვოა, რომ მან ამ მომენტში სრულიად გამორიცხოს ადამიანური ურთიერთქმედების აუცილებლობა.

შეუძლია თუ არა ონლაინთათბირებსა და კონფერენციებს, მთლიანად გააქროს პირისპირ შეხვედრები? არა, ეს არ მოხდება. ადამიანებს სჭირდებათ ფიზიკური ყოფნის შეგრძნება. არის რიგი მომენტებისა, რომლებიც შესამჩნევია მიკროდონეზე და ვერ ვხედავთ ონლაინფორმატში. ეს არის ნდობის საკითხი, აგრეთვე, სამუშაო დროის უფრო მოქნილი მართვა. შემდეგ _ ადამიანის შეგნება, პრინციპში, კონსერვატიული, ეჩვევა გარკვეულ ფორმატებს. მას სჭირდება ტრიგერები (მოვლენა, რომელიც პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ადამიანში იწვევს ფსიქოლოგიური ტრავმის ხელახლა განცდას) ცვლილებებისთვის. კორონავირუსი რომ არა, ჩვენ განვაგრძობდით ჩვეულ მოქმედებებს, ნაწილობრივ უკვე უაზროს მათ, რომლებიც უკვე დიდი ხნის წინათ უნდა გადაგვეტანა ციფრულ პლატფორმებზე. ნებისმიერი კრიზისი იწვევს სტიმულირებას იმ პროცესებისა, რომლებიც უკვე მომწიფდა საზოგადოებაში. მაგალითად, პროდუქტის შინ მიტანა მოსახერხებელი პრაქტიკაა, მაგრამ ადამიანები მაინც ივლიან მაღაზიებში. ვირუსი სტიმულს მისცემს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, გამოიყენოს ციფრული პლატფორმები პროდუქტების შესაკვეთად, შემდეგ ეს, ალბათ, ჩვეულებად იქცევა. ანალოგიური რამ მოხდება ონლაინფორმატის თათბირებისა და ჩვენი ცხოვრების სხვა ელემენტების შემთხვევაშიც.

მაგრამ მხოლოდ ვირუსი არასაკმარისია ქცევის გრძელვადიანი მოდელის შესაქმნელად. კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული პანიკა, ადრე თუ გვიან, გაივლის. შექმნიან ვაქცინას, გამომუშავდება იმუნიტეტი. კაცობრიობას მოკლე ისტორიული მეხსიერება აქვს და ის სულ უფრო მოკლე ხდება, რადგან მატულობს ცვლილებების სიჩქარე.

ამიტომ ისეთი არაფერი მოხდება, რომ ყველა ადამიანი წავიდეს სოციოპათიაში, დიდი ხნით ჩაიკეტოს სახლში.

ახლაც კი იტალიაში, სადაც თითქმის კომენდანტის საათია შემოღებული, დღისით ქალაქები ცხოვრობენ, ადამიანები ურთიერთობენ. ადამიანები ბოლო მომენტამდე, ჩვეულებრივ, ბარებსა და კაფეებში ისხდნენ, მაგრამ სტრესულ პერიოდში მათი ქცევა შეიცვლება. ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს თვითიზოლაციაში ყოფნა, მაგრამ შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით.

სხვა საქმეა, რომ მსოფლიოში სოციოფობიის ტენდენცია ვირუსისგან დამოუკიდებლად ძლიერდება. ფართოვდება ონლაინსერვისების მომსახურებაც. საერთო ჯამში, ეს არის ტენდენცია, მისწრაფება ავტონომიური არსებობისკენ. ამ ტენდენციებს სტიმულს მისცემს ეპიდემია.

ეს ეხება ხელოვნური ინტელექტის ძალაუფლების გაფართოებასაც. დიახ, ჩვენ სულ უფრო მეტ ფუნქციას ვანდობთ რობოტებს, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ორი თვის შემდეგ სხვა სამყაროში გავიღვიძებთ. არის მხოლოდ მიმართულებები, რომლებისკენაც მოძრაობს მსოფლიო.

თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ კორონავირუსი ბოლოს მოუღებს გლობალიზაციას, ბოლო წლებში ჩვენ სხვა შეზღუდვებსაც ვხედავდით. წარმოიშვა ინტერესი ლოკალური ბრენდების მიმართ, ცხოვრების ლოკალიზაციისადმი, ტრადიციული კულტურებისკენ დაბრუნებისადმი. ეს დამახასიათებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ შეიძლება ვნახოთ აშშში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიასა და გერმანიაშიც.

ვირუსს, შეიძლება ითქვას, რომ ახლა “მიანიჭეს მოქალაქეობა”. აფეთქება ასოცირდება ჩინეთთან, ირანთან, იტალიასთან, თუმცა ცხადია, რომ დაავადების ზონა საზღვრებით არ არის შემოფარგლული იმავე იტალიაში. მოგონება იმის შესახებ, რომ არსებობს საზღვარი და საჭიროა მისი დახურვა, უფრო ადრე გაჩნდა, მაგრამ ვირუსის აფეთქებამ დააჩქარა ეს პროცესი.

არსებობს თვალსაზრისი, რომ ვირუსი შეცვლის ძალების განლაგებას მსოფლიო ეკონომიკაში. ჩინეთი აღარ იქნება მსოფლიო ფაბრიკა, რადგან სხვა ქვეყნებს ეშინიათ, ძალიან არ იყვნენ დამოკიდებული ჩინურ წარმოებაზე.

თუ ეპიდემია არ მიიღებს შუასაუკუნეობრივი “შავი სიკვდილის” სახეს, როცა ევროპის მოსახლეობის მეოთხედი დაიღუპა ჭირისგან, ძალთა განლაგების სწრაფ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. ჩინეთი ამჟამად ცდილობს, სწრაფად აღიდგინოს პოზიციები, თუკი, რა თქმა უნდა, ვირწმუნებთ მის ოფიციალურ სტატისტიკას. ფაქტია, რომ უჰანში, როგორც ცნობილია, უკვე დახურეს კორპუსები, რომლებშიც ინფიცირებულები ჰყავდათ მოთავსებული. საზოგადოების მობილიზებული მოდელის მეშვეობით, რომლის მსგავსიც ევროპას არ ჰყავს, ჩინეთი საკმაოდ ეფექტიანად უმკლავდება კრიზისს. სხვა საქმეა, რომ ეს ქვეყანა, ასე თუ ისე, კარგავს მსოფლიო ფაბრიკის სტატუსს.

წარმოება ჩინეთიდან გადადის ინდოეთში, ვიეტნამსა და სხვა ქვეყნებში, რომლებშიც უფრო იაფი მუშახელია. ინვესტორების გადასვლა იქ, სადაც იაფი მუშახელია, რადგან სარფიანი პირობებია, ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მისი მძლავრი მატერიალური ბაზით არის გრძელვადიანი მოთამაშე და საეჭვოა, რამემ შეარყიოს მისი პოზიციები.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here