Home რუბრიკები პოლიტიკა კახი კალაძე – ცუდი თუ უარესი?

კახი კალაძე – ცუდი თუ უარესი?

4091
კახი კალაძე

გასულ კვირას დადასტურდა, რომქართული ოცნებისკანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში კახი კალაძე გახდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს კალაძის გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. საინტერესოა, რამდენად საფუძვლიანია მათი ოპტიმიზმი. მაშ, ასე: საქართველო-2017, მორიგი არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ცუდს, სავარაუდოდ, კახი კალაძე და ალექსანდრე ელისაშვილი განასახიერებენ, ხოლო უარესს _ “ნაციონალებიდა მათი სულიერი ძმებიევროპული საქართველოდან”. იქნება კიდევ რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი, მათ შორის დეგენერატებიც, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ.

ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე “ქართული ოცნების” რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კანდიდატია. ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნების პერიოდში ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ თავისუფლად შეეძლო მერობის კანდიდატად ე.წ. პოლის ჯოხი დაესახელებინა (კაცმა რომ თქვას, დაასახელა კიდეც) და ის თითქმის გარანტირებულად გაიმარჯვებდა. დღეს სიტუაცია შეცვლილია. სახელისუფლო პარტიამ უკანასკნელი პლაცდარმები დაიკავა აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ, ხოლო პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ საზოგადოების უნდობლობა მის მიმართ მკვეთრად გაიზარდა. უფრო ზუსტად კი _ ოპოზიციური პარტიების კოლაფსის ფონზე, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილმა თავი ოპოზიაციად იგრძნო და ხელისუფლების მცირე გადაცდომასაც კი ნეგატიური ემოციების ამოფრქვევით უპასუხებს. ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის მოქმედი მერის, დავით ნარმანიას, იმიჯისა და რეიტინგის საბოლოო დასამარებაში, რომელსაც იმთავითვე განუხრელი ვარდნის ტენდენცია ახასიათებდა.

ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნების” ხელმძღვანელები ნამდვილად განიხილავდნენ დავით ნარმანიას მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობას, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ზედმეტად გამომწვევი იქნებოდა. “ქართული ოცნება” სხვა პარტიებთან შედარებით გაცილებით დიდ რესურსს ფლობს, ხოლო ფული და ადმინისტრაციული რესურსი აღმართს ხნავს და ჯოჯოხეთს ანათებს. ასე რომ, ოპოზიციის დასუსტების პირობებში ნარმანიასგათრევამეორე ვადით თეორიულად შესაძლებელი იყო, მაგრამ დედაქალაქის საზოგადოება ამას, სავარაუდოდ, ცინიკურ ძალადობად აღიქვამდა და მისი ურთიერთობა ხელისუფლებასთან მალევე კრიზისულ ხასიათს მიიღებდა. აქედან გამომდინარე, ნარმანიას კანდიდატურა დღის წესრიგიდან მოიხსნა.

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებულია, გაცილებით ძლიერი კანდიდატი დააყენოს, ვიდრე წინა არჩევნებში, ირიბად მიუთითებს ხელისუფლების მდგომარეობის გაუარესებაზე, თუმცა აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ _ მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, კახი კალაძემ მნიშვნელოვნად გააფართოვა გავლენის ზონა, მის გარშემო შემოკრებილ ადამიანებს კი ხშირად “კალაძის კლანს” უწოდებენ. მისი პოზიციების შემდგომი გაძლიერება (რაც თბილისის მერის პოსტის დაკავების შემთხვევაში გარდაუვალია) ხელისუფლების შიგნით სახიფათო დისბალანსს გააჩენს. ივანიშვილი იძულებული გახდება, კალაძეს გაათმაგებული ყურადღებით დააკვირდეს და ბალანსის აღსადგენად გარკვეულ ზომებს მიმართოს. ამ კონტექსტში, უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა “კალაძის კლანი” (ფიგურანტს ეს ტერმინი ძალიან არ მოსწონს) მას შემდეგ, რაც თბილისის მერიას დაეპატრონება.

ამის ალბათობა კი დიდია არა მხოლოდ კანდიდატის ფარდობითი სიძლიერის, არამედ ოპოზიციის დაქსაქსულობისა და სისუსტის გამო. მართალია, ასპარეზზე შეიძლება გამოჩნდეს შედარებით პერსპექტიული დამოუკიდებელი კანდიდატი _ ალეკო ელისაშვილი, მაგრამ მის წინააღმდეგ ორი ფაქტორი იმუშავებს. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” კანდიდატები თავისი ძველი ამომრჩევლების ხმების მნიშვნელოვან ნაწილს “წაიღებენ”. ამასთანავე (შესაძლოა, ხელისუფლების ფარული მხარდაჭერით), პროცესში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან სხვა, მეტ-ნაკლებად მისაღები დამოუკიდებელი კანდიდატები სადღაც 5-7%-იანი რეიტინგით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ოპოზიციური ელექტორატის ფრაგმენტაციას. არჩევნები, დიდი ალბათობით, ოპოზიციური კანდიდატების დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაივლის.

განსაკუთრებული საორგანიზაციო, ინტელექტუალური და საფინანსო რესურსი ელისაშვილს არ აქვს, ამასთანავე, ბოლო დროს მან დაუშვა რამდენიმე შეცდომა, რომლებიც მის იმიჯზე უარყოფითად აისახა. სამაგიეროდ, მის სასარგებლოდ მუშაობს მოსახლეობის გაღიზიანება, რომელიც მიმართულია ძველი პარტიებისა და ზოგადად პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ. სწორედ ასეთმა გაღიზიანებამ მოუტანა მოულოდნელად მაღალი შედეგი ჟან-ლუკ მელანშონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და ეს რესურსი (ოღონდ სხვაგვარად) გამარჯვებულმა ემანუელ მაკრონმაც გამოიყენა. ამ კონტექსტში ელისაშვილი შეიძლება გახდეს იმ საზოგადოების კანდიდატი, რომელსაც არა მხოლოდქართული ოცნებააღიზიანებს, არამედ სძულს არსებული სისტემა მთლიანობაში _ ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მის კამპანიას სათანადო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა ექნება და ის შეძლებს, ამომრჩევლის წინაშენაცქოცურისისტემის მესაფლავის როლში წარსდგეს.

“ნაციონალებსა” და “ევრონაციონალებს” (რა საჭიროა ეს ორი სათაური), ხელს არ აძლევს, რომ მეორე ადგილი დამოუკიდებელმა ან სხვა ძალის წარმომადგენელმა კანდიდატმა დაიკავოს. ეს მათ პოლიტიკურ სტატუსს დააკნინებს. “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, ერთი მხრივ, ერთმანეთს ძველი ელექტორატის განაწილებისთვის ებრძვიან; მეორე მხრივ კი _ “მარადიული მეორე ადგილისთვის”, რომელიც ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ. ძლიერი დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ ბრძოლაში ორინაცმოძრაობადაქართული ოცნებაშეიძლება ფარულ მოკავშირეებად მოგვევლინონ, რადგან არც ერთს ხელს არ აძლევს, რომ ასეთი კანდიდატი მეორე ადგილზე და მეორე ტურში გავიდეს. ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებსოცნება”-”ნაცმოძრაობისბიპოლარულ სისტემას და გაამწვავებს დაპირისპირებას ხელისუფლებასა და საზოგადოების იმ ნაწილს შორის (ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ), რომელიც თავს ზეპარტიულ ოპოზიციად გრძნობს. ამ შემთხვევაში, არჩევნების შედეგი მეორე პლანზე გადავა, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომელნიც ვერ იტანენ “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ამავე დროს სძულთ “ნაცმოძრაობა”, დაინახავენ გამაერთიანებელ ფიგურას და ერთად დგომის გამოცდილებას მიიღებენ.

“ქართულ ოცნებას” სჭირდება არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება (მისთვის სასურველია, პირველსავე ტურში), არამედ ის, რომ მისმა “არანაციონალმა” ოპონენტებმა კვლავ უსუსურად იმეორონ: “რა ვქნათ, ვის გავყვეთ…”.

აქვე, ალბათ, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას იმ ვერსიაზე, რომლის თანახმად, “ნაცმოძრაობა” თავის კანდიდატად “რუსთავი 2”-ის ტელეწამყვანს _ ზაალ უდუმაშვილს დააყენებს. ერთი შეხედვით, ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან “ნაცმოძრაობის” “ტრადიციული კანდიდატი” ნიკა მელია საბოლოოდ გადაიქცა კომიკურ ფიგურად, ხოლო უდუმაშვილი ცნობილი სახეა და სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულთან პირდაპირ არ ასოცირდება. “ნაცმოძრაობის” კანიდადატი თბილისში აპრიორი ვერ მოიგებს, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება სწორია. მას გარკვეული მინუსებიც უკავშირდება, რადგან “რუსთავი 2”-ს “ნაცმოძრაობასთან” მჭიდროდ დაკავშირებულად წარმოაჩენს და ართმევს შესაძლებლობას, უფრო ფართო ოპერატიულ კონტექსტში იმოქმედოს. აღსანიშნავია, რომ “ევროპულმა საქართველომაც” შეარჩია ისეთი კანდიდატი (ელენე ხოშტარია), რომელიც ნაკლებად ასოცირდება ძველი რეჟიმის დანაშაულებრივ პრაქტიკასთან, მაგრამ უამრავი ადამიანისთვის როგორც “ნაციონალური მოძრაობა”, ისე “ევროპული საქართველო” სააკაშვილის რეჟიმის განუყოფელ ნაწილად _ მკველების, სადისტებისა და ბანდიტების გაერთიანებებად დარჩება.

კახი კალაძის საიმიჯო და ფსიქოლოგიური პორტრეტი, ისევე, როგორც მისი საქმიანობა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე, ცალკე საუბრის თემაა. ამჯერად მხოლოდ ერთ ფაქტორს შევეხებით: ზოგიერთი კომენტატორი დარწმუნებულია, რომ ის გარემოება, რომ კალაძე თბილისელი არაა, მის კამპანიაზე ცუდად აისახება, მაგრამ საქმე ისაა, რომ, დავით ნარმანიასგან განსხვავებით, რომელმაც, უბრალოდ, ვერ მოახერხა ინტეგრირება თბილისურ სამყაროში, კახი კალაძე ცდილობს, ასიამოვნოს ადგილობრივ ელიტას, მიბაძოს მას და მშვენივრად ესმის, რომ “თბილისი არის ურთიერთობა” _ ამ სიტყვების ყველაზე პრაგმატული, გნებავთ, მერკანტილური გაგებით. ამასთანავე, ეს კომენტატორები არ აცნობიერებენ, რომ იმ ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებიც თბილისში არცთუ დიდი ხნის წინათ დასახლდნენ, კრიტიკულად დიდია და მათ, სავარაუდოდ, უფრო მოეწონებათ კანდიდატი, რომელიც წარმატებით “იპყრობს” თბილისს (ისე, როგორც ამის გაკეთება თავად სურთ), ვიდრე “ხოხბის პირდაპირი შთამომავალი”. ამგვარად, კალაძე დიდად არ აღიზიანებს ძველ თბილისელებს. ხოლო ახლებისთვის მიმზიდველ ცხოვრებისეულ სცენარს განასახიერებს. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ “არათბილისელობის ფაქტორმა” მას განსაკუთრებული ზიანი მიაყენოს.

ზოგადად კი, კახი კალაძის შანსი ამ ეტაპზე დამაჯერებლად გამოიყურება, ხოლო იმის ალბათობა, რომ “ქართული ოცნება” ამ არჩევნებსაც მოიგებს, საკმაოდ მაღალია. ეს, ალბათ, ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან 2012 წლიდან ყოველი ახალი გამარჯვება მმართველ პარტიას ისედაც შეზღუდულ კოლექტიურ ინტელექტს, კეთილგონიერებასა და პატიოსნებას აკლებს. აქედან გამომდინარე, უკეთესი იქნება, თუ ეს მისი უკანასკნელი გამარჯვება ან სულაც პირველი მარცხი გახდება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here