მთავარი საზოგადოება იქ, სადაც ადრე ჩხაოდა ტურა…

იქ, სადაც ადრე ჩხაოდა ტურა…

ქუთაისში არაშენებულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს რექტორი დაუნიშნეს

1066
გააზიარეთ
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მაკეტი

წერილი ერთი ძველი ანეკდოტით უნდა დავიწყო: კაცებმა ორმო ამოთხარეს და არ იციან, მიწას რა უყონ. მოულოდნელად ერთს გონება გაუნათდება და იტყვის, _ მეორე ორმო უფრო დიდი ამოვთხაროთ და ორივეს მიწა იქ ჩავყაროთო

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქუთაისში ჩასულმა “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ამომრჩეველს სხვა დაპირებებთან ერთად, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების პირობაც მისცა. უნივერსიტეტი, რომლის შენობა მილიონ კვადრატულ მეტრზე იქნებოდა გათვლილი, 60 ათას სტუდენტს დაიტევდა, აღიჭურვებოდა უახლესი ტექნიკით და იქ არსებულ ლაბორატორიებს, ამიერკავკასიაში კი არა, ევროპაშიც ანალოგი არ ექნებოდა. უნივერსიტეტისთვის ადგილიც შეირჩა და ქუთაისელი ამომრჩეველი იმედით ელოდა საოცრებას _ ხუთსართულიან შენობას, რომლის სიგრძე _ 200, სიგანე კი 150 მეტრი იქნებოდა. რეალურად, ეს უნდა ყოფილიყო მცირე საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისს აშკარად გამოაცოცხლებდა და ინფრასტრუქტურას განავითარებდა.

ზუსტად ხუთი წელი გავიდა დაპირებიდან, მაგრამ ჯერჯერობით საქმე ადგილიდან არ დაძრულა. ძველებს უთქვამთ: “თავმოჭრილ მოზვერს ჩალას უყრიდნენო”, ასეა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის საქმეც. არაშენებულ კორპუსს, ანუ ადგილს, რომელზეც დღემდე ჭაობია და ბაყაყების ხმაშეწყობილი ყიყინი ისმის, რექტორი დაუნიშნეს. არ გეგონოთ, ისევ ანეკდოტს ვყვებოდე, სრულ სიმართლეს მოგახსენებთ _ ქუთაისში აშენებული საუნივერსიტეტო ქალაქის, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას, მართვის ორგანოების არჩევამდე, განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია შეასრულებს. ამის შესახებ ბრძანებულება ამა წლის ზაფხულში პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსცა. კვირიკაშვილის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ კომპლექსის უმაღლესი თანამდებობის პირი წარმართავს კომპლექსის საქმიანობას, ამზადებს მას ავტორიზაციის (აკრედიტაციის) გასავლელად, წარმოადგენს კომპლექსს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს კომპლექსის სახელით. იმავე დღეს, როცა ბრძანებულება გამოიცა, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კომპლექსის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ანუ იქ, სადაც დღეს ჭაობია და მშენებლობა 2012 წელს უნდა დაწყებულიყო, ჩათვალეს, რომ უკვე შენობაც დგას, რექტორიც ჰყავს და ევროპულ უნივერსიტეტებთან ხელშეკრულებებსაც აფორმებენ სამომავლო თანამშრომლობაზე, თუმცა ყველაზე საინტერესო წინ გელოდებათ.

მშენებლობის ვადის გადაწევა-გადმოწევას, პროექტის შემუშავება-პრეზენტაციას შედეგად მოჰყვა ის, რომ პრემიერმინისტრმა, განათლების მინისტრთან და “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენელთან ერთად, გამოაცხადა, 2017 წლის აგვისტოში მშენებლობა სრული სვლით გახურდებაო. დადგა აგვისტო, გავიდა კიდეც, სექტემბერიც გავიდა, ოქტომბერიც გვეახლა და…

ყველაფერი გრაფიკით მიდის. მშენებლობა სანამ დაიწყება, აუცილებელია მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. შენობა 1 მლნ/კვ.მეტრზე უნდა აშენდეს. შესაბამისად, ასეთი ფართობის მომზადებაა საჭირო. მშენებლობა გაზაფხულისთვის უნდა დაიწყოს, შეიძლება უფრო ადრეც შევძლოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, მოსამზადებელი სამუშაოები როდის დასრულდება. პროექტი მასშტაბურია, ტერიტორია _ ძალიან დიდი. თავიდანვე ვიცოდით, რომ მშენებლობის დაწყებამდე მსგავსი სამუშაოების ჩატარება იქნებოდა საჭირო. რაც მთავარია, მშენებლობის პროექტი მომზადებულია. როგორც კი მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება, მშენებლობაც დაიწყება. შემდეგ უკვე მშენებლობა ადვილი იქნება, რადგან მაღალი შენობების აშენება არ იგეგმება”, _ განაცხადა “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენელმა.

თუ რატომ დავიწყეთ ამ ამბის მოყოლა ანეკდოტით, მიხვდებით, როცა მოისმენთ, კონკრეტულად რა შეიქნა მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი.

ტერიტორიიდან დიდი რაოდენობით მიწაა გასატანი, ამიტომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ჯერ ვერ დაიწყება. აქამდე ადგილს ვეძებდით, თუ სად გაგვეტანა მიწა. ახლაც არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, თუმცა ერთი ადგილი უკვე შერჩეული გვაქვს. ეს არის გაუქმებული ნაგავსაყრელი, რომელიც ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, მდებარეობს. მიწის გატანის გარდა, შიგა კომუნიკაციების გაკეთებასაც დრო სჭირდება. კანალიზაცია, წყლის გაყვანილობები _ ეს ყველაფერი მშენებლობის დაწყებამდე უნდა მოგვარდეს”, _ ეს განცხადება კი იმერეთის გუბერნატორს ეკუთვნის.

“ეს იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის აშენებას “ქართუ ჯგუფი” დააფინანსებს და მისი ინვესტიციის მოცულობა 500 მილიონი იქნება. დაწესებულება პირველ სტუდენტებს 2019 წელს მიიღებს”, _ საერთო მხიარულებას ალექსანდრე ჯეჯელავაც შეუერთდა და აღნიშნა, რომ მთავრობის კანცელარიაში, განათლების სამინისტროსა და “ქართუ ჯგუფს” შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისა და უნივერსიტეტის აშენებაში ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს.

ახლა მავანი იტყვის, _ ადროვეთ ხალხს, ხომ ხედავთ, მუშაობას იწყებენო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს წინა ხელისუფლების პერიოდში დაანონსებულ პროექტებს, თუნდაც იმას, ქალაქ ლაზიკის მშენებლობა რომ უნდა დაწყებულიყო, ან კიდევ იმას, ბუნებრივი აირი რომ შეჰყავდათ სოფლებში და სინამდვილეში ცეცხლს “ბალონით” ანთებდნენ და შემდეგ ის სოფელი არავის ახსოვდა. იმასაც, საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის პატივსაცემად მუხრანის წყარო ორ დღეში რომ გახსნეს და სინამდვილეში ადგილამდე წყალი სახანძრო მილებით მიიყვანეს. “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” მსგავსება მხოლოდ ეს არ არის _ მოსახლეობა ორივეს მაშინ ახსენდება, როცა ხმები სჭირდებათ, ანუ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცოცხლობთ.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გარდა, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ქუთაისში ავტოქარხნის რეაბილიტაციის გეგმის შესახებაც განაცხადეს; მერე იყო, პორტის მშენებლობაც რომ დაანონსეს რიონზე და იმ 100 საწარმოდან, საქართველოში რომ უნდა გახსნილიყო, სულ ცოტა, 20 ქუთაისში უნდა აშენებულიყო. თუ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას გვპირდებიან მაინც, ის დაპირებული 100 საწარმო აღარავის ახსოვს და თავსაც აღარ იწუხებს, რადგან 2012 წელს ხალხისთვის გადაყრილმა საკენკმა თავისი მოვალეობა შეასრულა, ახლა კი ახალი ტყუილია მოსაფიქრებელი და ტყუილების მოფიქრება ნუ გგონიათ იოლი, ხალხიც გათვითცნობიერდა და მარტივი ტყუილების აღარ სჯერა. ტყუილი მასშტაბური უნდა იყოს, 500-მილიონიანი მაინც, მილიონ კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული. ახლა იკითხავთ: თუ ასეა, მაშინ ასი საწარმო რატომ დაიჯერაო ხალხმა? _ სწორედ იმიტომ, ბატონებო, რომ ასი საწარმო, ერთად აღებული, სწორედ 500-მილიონიანია, სულ ცოტა, და ფართობითაც მილიონ კვადრატულს გადაასწრებს.

შესადარებლად გეტყვით: 2012 წელს დასაწყები მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა და ის ახალგაზრდები, რომლებიც 2013 წელს სკოლას ამთავრებდნენ და იმედი ჰქონდათ, ერთ წელიწადში მაინც ახალ უნივერსიტეტში მივიდოდნენ ევროპული დონის განათლებას მისაღებად, უკვე ამთავრებენ სასწავლებელს, მალე მუშაობასაც დაიწყებენ და, სავარაუდოდ, შვილებს მოუყვებიან მომავალში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რომ მომსწრებოდა, ეგებ ჩემი ბედი სხვანაირად წარმართულიყოო…

ანეკდოტით დავიწყეთ და ანეკდოტით დავასრულოთ: “შედი, ქალო, ბუტკაში!..”

ბესო ბარბაქაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here