Home რუბრიკები საზოგადოება “იქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ…”

“იქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ…”

132

წერილი მეორე

ნაბიჯნაბიჯ იდგამს ფეხს კაცობრიობაო, _ წერდა დიდი ნიკო ნიკოლაძე, _ ესა თუ ის ხალხი, როგორც ბავშვი, ჯერ ფორთხვას იწყებს, მერე _ სიარულს, ფეხის ადგმამდე და გაზრდამდე ბევრჯერ ხან კედელს მიეხლება, ხან იატაკზე დაეცემა, ხან კიბეზე გადავარდებაო… “დასაწყისში თითოეული ხალხი უძლური და უსუსურია, მალე მას ძიძა ან მომვლელი უჩნდება, რომელიც აკვანში აწვენს და ხელფეხს მაგარი არტაშანებით უკრავსმთელი საუკუნოებით რჩება ხალხი ამ უბედურ მდგომარეობაში. მერე კბილები ამოდის, ღონე ეძლევა, გონება მოეწიფება. მაშინ ის ჯერ ფორთხვას იწყებს, მერე ხეტიალს, და ბოლოს ადამიანურ სიარულსაც”.

დღეს საქართველოსძიძასგულმა რეჩხი უყო, რადგან შეამჩნია, რომ მისიშვილობილიმოღონიერდა და ფორთხვიდან ადამიანურ სიარულზე გადასვლას ცდილობს.

დღეს აშშევროკავშირის შეშფოთება აღშფოთებაში გადაიზარდა, რაც აშკარად გამოხატეს მათმა წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფალთა მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ გაკეთებული განცხადებების გამო.

ნუთუ ეს ის ნაბიჯია, რომელზეც ნიკო ნიკოლაძე წერდა, რომ ერიბოლოს, როცა დიდძალ გამოცდილებას ან ჭკუას შეიძენს, როცა დავაჟკაცდება, ცხოვრებას გაეჩვევა, გაგონიერდება, ის თავის საკუთარ ჭკუას მიენდობა, მის ხელმძღვანელობით მოქმედებას იწყებს, და ისე ცხოვრობს, რომ სხვისი გამოცდილებაც გამოიყენოს და თავისი საკუთარიც; კარგი თავისიც დაიცვას და სხვებისაგანაც შეიძინოს; ავს სხვებისასაც ასცილდეს და თავისასაც”?!

ნუთუ

მოვუსმინოთ ისევ დიდ ნიკოს: რა არის მამულის სიყვარული და მამულის მსახურება.

მამულის სიყვარული და მსახურება

მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არ მომხდარა, რომ ხალხს დიდ-ხნობით დავიწყებული ჰქონოდეს თავისი თვისტომობა და შემდეგ აღძრულიყოს მასში, შემდეგ გაძლიერებულიყოს საზოგადოებრივი გრძნობა, მამულის სიყვარული, მამულის მსახურება. დედამიწაზე ერთი ძლიერი ხალხი არ არის ისეთი, ერთი კაკალი, რომელსაც ეს მდგომარეობა არ გამოევლოს, რომლისამე სხვა ხალხის გონებითს გავლენის ქვეშ არ ეცხოვროს და ბოლოს თავისი თვისტომობა არ გაეხსენებინოს. ზოგმა დიდი ხანია რაც მოიპოვა ეს თავისი თვისტომობა, ზოგმა გუშინ შეიძინა ის, ზოგი კი დღესაც მისი შოვნისთვის იბრძვის, ან მის მოპოებაზე შრომობს და ზრუნავს. მაგრამ ყოველგან და ყოველთვის ერთნაირი გზა გამოუვლიათ ყველა იმ ხალხთა, რომელთაც ეს ბედი ღირსებიათ. მათი გაზრდა, გაძლიერება და განვითარება ერთგვარის გზით მიდის წინ, ერთგვარის კიბით ადის უმაღლეს განვითარების წერტილამდი. თითოეულ საფეხურს ამ კიბისას თავისი სწორი და მსგავსი საფეხური აქვს, როგორც ყველა სხვა ხალხების აღსამაღლებელ კიბეებს.

ნაბიჯ-ნაბიჯად იდგამს ფეხს კაცობრივობა და წინ მიდის. რა გზაც ხუთს, ექვსს ან ოცს ხალხს ოთხი ნაბიჯით გაუვლია, მას ვერც ერთი სხვა ხალხი ერთის გადახტომით ვერ გაივლის. მართალია, ზოგი ხალხი ადვილად ან უცფად გაირბენს ამ ნაბიჯებს, ზოგი კი ლოკოკინასავით ფორთხვით გადაჩოჩდება ამ გზაზე…

ავიღოთ, მაგალითად, თუნდ რუსეთი, და ვნახოთ, რა სტადიები გამოუვლია რუსების საზოგადოებას მისი თვისტომობის შეგნებისა და შეთვისებისათვის. მოგეხსენებათ, რუსეთი ჯერ სწორედ ისე განკერძოებულად ცხოვრობდა და უცხო ქვეყნელებს ისე ერიდებოდა, როგორც უწინდელ საუკუნოებში საქართველო იქცეოდა. პეტრე პირველამდი რუსეთი მარტო თავის თავს იცნობდა და მარტო თავის ჭკუით ცხოვრობდა. ერთობ უკან ჩამორჩა ის ამის გამო, ერთობ დასუსტდა, ერთობ დაგლახაკდა. ეს მიძინებული და დაუძლურებული ხალხი პეტრე პირველმა აიყვანა და ევროპის განათლებულ ცხოვრებაში შეაგდო. ბევრი რუსთაგანი წაფორხილდა მაშინ, ბევრმა უარი თქვა, ბევრმა თვალი დახუჭა, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო, იმისი არ იყოს, დრომ თავისი ჰქმნა… შემდეგ გამეფდა ეკატერინე დიდი, რომელმაც პეტრესავით ძალადობა კი არ იხმარა, უფრო ოსტატურად შეუდგა საქმეს. ის იშვიათად ხმარობდა ძალდატანებას. დიდკაცობაში ევროპიულ ცეკვასა, მორთვასა და მოკაზმვას ავრცელებდა, ევროპიულად ცხოვრობდა და თავის საზოგადოებას ევროპიულად მდიდრულ ცხოვრებას აჩვევდა. რაღა ბევრი გავაგრძელო, ის სწორედ ისე ეპყრობოდა რუსის საზოგადოებას, როგორც ვორონცოვი ჩვენს ქვეყანას… და რასაც პეტრე პირველმა _ გენიოსმა _ რუსეთი ძალით ვერ შეაჩვია, რაც ჩვენში ერმოლოვმა _ დიდმა და ჭკუიანმა ერმოლოვმა _ ვერ მოახერხა, ის რუსებს ეკატერინემ და ქართველებს ვორონცოვმა ალერსით თუ ოსტატობით შეაპარა. შეაპარა ბრმა, მაიმუნური, გარეგანი წაბაძვა უცხო ქვეყნელების ზნისა და ცხოვრების

ცდილობდენ, რომ რუსის ხალხი გაენემეცებიათ ან გაეფრანცუზებიათ, და ქართველები _ გაერუსებიათ. ის ავიწყდებოდათ, რომ ყოველ ხალხს თავისი განსაკუთრებული ხასიათი და ზნე აქვს, რომ რუსს ვერავინ გაანემეცებს, ქართველს ვერაკაცი გაარუსებს; შესაძლებელია, ქართველს ჩოხის მაგიერ ზიპუნი ჩააცვა, ბოხოხის მაგიერ შაპკა დაახურო, ქალამნის მაგიერ _ წაღა მისცე, მაგრამ ხასიათი და ზნე, სისხლი და ბუნება კი მაინც ქართველის დარჩება… და როცა ამ ბუნებას ძალას დაატან, როცა მოინდომებ, რომ რუსმა ფრანცუზსავით იხტუნოს, ან ნემეცსავით იშრომოს, ან ქართველმა რუსსავით გეყმოს, მაშინ ხიფათს შეეყრები, საქმეს წაიხდენ, ქვეყანას ავნებ…

ამნაირ გარეგან წაბაძვას გამოეკიდა ყველა; ამგვარ მაიმუნურ ან მასკარადულ “გადასხვაფერებას” მიალიეს ხალხის უმჯობესი დრო და თითქმის მთელი საუკუნე… მაინცა და მაინც სრულიად უმნიშვნელო ან უნაყოფო როდი დარჩენილა ეს გარეგანი წაბაძვაც. ბევრი სიკეთეც მოუტანა მან ხალხს. მაგალითად, თუნდ თეატრი ან მწერლობა… ასე ხშირად, მარტო წაბაძვით იწყებს ბალებში სიარულს ჩვენებური ვაჭარი, მარტო იმ განზრახვით, რომ სხვებს უკან არ ჩამოვრჩეო… მაგრამ რამდენისამე წლის შემდეგ ის ხედავს, რომ სუფთად ჩაცმასაც შეუნიშვნელად შეეჩვია, თავაზიან და პოლიტიკურ ლაპარაკსაც და, ამას გარდა, ბევრ საკვირველს, გონების განმავითარებელს აზრებს და ფიქრებს გაეცნო, საზოგადოებაში ბაასობის დროს…

უსარგებლო არ ყოფილა მეთქი თვით მაიმუნური წაბაძვაც. მართლაც, ქვეყანაზე ყველაფერი ახირებულად ბრუნავსასე დახეტიალობს ქვეყანაზე კაცობრიობა, ერთი შეცთომიდგან მეორისკენ და ვინ იცის, როდის ეღირსება მას იმნაირ გზაზე დადგომა, რომელზედაც უხიფათოდ ან დაუბრკოლებლად წაგოგიალდება მისი საქმე

ამ ბედნიერებისგან ჯერ-ჯერობით კი მეტის მეტად შორსა ვართ. ჩვენ დროს, ორმოცი, სამოცი წლის განმავლობაში ადგია ხალხი ბრმაწაბაძვის გზაზე, ცდილობს, გადაკეთდეს, გადასხვაფერდეს უცხოეთის კალაპოტზე. შუბლს რომ გაიხეთქს ამისთანა ცდაში და მიხვდება, ამდენიხანი უხეირო მიზნისთვის შემილევიაო, ის მობრუნდება და მეორე გზას ადგება: ცდილობს მაშინ საკუთარი წინაპრების წარსული დრო მოიბრუნოს, მათი მივიწყებული ჩვეულებანი გაიხსენოს

ხალხიც სწორედ ისე იზრდება, როგორც ბავში. მართალია, როცა ის აკვანში ჩაწვენილია, როცა მას ხელ-ფეხი შეკრული აქვს და თვალები ახვეული, ის ვერც შუბლს მიახლის კედელს, ვერც ფეხს მოიტეხს ღრეში. მაგრამ, რომ წამოიზრდება, კარგი მომვლელი სჭირია და, რაგინდ დახელოვნებული ან გულმტკივნეული იყოს ძიძა, ხომ ვეღარ მოერევა წვერ-ულვაშიან გაზრდილს, აკვანში ხომ ვერ ჩააწვენს, ხომ ვერ მოუვლის? როცა ბავში ჯერ ფორთხვას იწყებს, მერე სიარულს, განა შესაძლოა მისი ფეხის ადგმა და გაზრდა ისე, თუ ბევრჯერ ხან კედელას არ მიეხალა, ხან იატაკზე არ დაეცა, ხან კიბეზე არ გადავარდა?…

დასაწყისში თითოეული ხალხი უძლური და უსუსურია, მალე მას ძიძა, ან მომვლელი უჩნდება, რომელიც აკვანში აწვენს და ხელფეხს მაგარი არტაშანებით უკრავსმთელი საუკუნოებით რჩება ხალხი ამ უბედურ მდგომარეობაში. მერე კბილები ამოდის, ღონე ეძლევა, გონება მოეწიფება. მაშინ ის ჯერ ფორთხვას იწყებს, მერე ხეტიალს, და ბოლოს ადამიანურ სიარულსაც. თავდაპირველად, როგორც კი გონებაზე მოდის, მას მარტო მიბაძვა შეუძლია: რა საქმის კეთებასაც სხვას შეამჩნევს, მის გადაღებას მოინდომებს… ბოლოს, როცა დიდძალ გამოცდილებას ან ჭკუას შეიძენს, როცა დავაჟკაცდება, ცხოვრებას გაეჩვევა, გაგონიერდება, ის თავის საკუთარ ჭკუას მიენდობა, მის ხელმძღვანელობით მოქმედებას იწყებს, და ისე ცხოვრობს, რომ სხვისი გამოცდილებაც გამოიყენოს და თავისი საკუთარიც; კარგი თავისიც დაიცვას და სხვებისაგანაც შეიძინოს; ავს სხვებისასაც ასცილდეს და თავისასაც. თუ კაცმა ამ სტადიების სისტემებრივ გამოსახვა და დაწყობა მოინდომა, ვნახავთ, რომ ყოველი ხალხის ცხოვრებაში შემდეგი განვითარების ოთხი პერიოდი მოიძებნება.

პირველ პერიოდს ის დრო შეადგენს, როცა ხალხი თავის საკუთარი გონებითი ან ტვინით არ ცხოვრობს, როცა მის მაგიერ სხვა ვინმე ზრუნავს და მოქმედობს, და როცა ხალხი მცენარეობს, საზოგადოებრივ ინტერესებს არ გრძნობს; ერთი სიტყვით ის დრო, რომელსაც ყრმობის პერიოდი ჰქვია.

მეორე პერიოდი, მიმბაძველობითს ეძახიან, იმ დროს წარმოადგენს, როცა ხალხი უცხოეთის დაწინაურებას ხედავს და მის მონურ მიბაძვას იწყებს, თავის უძლურებას ან სისუსტეს იზიზღებს და ცდილობს, გადასხვაფერდეს გარეგნულ წაბაძვით.

მესამე პერიოდს, ძველებურობის აღმადგენელს, ის დრო შეადგენს, როცა ხალხი რწმუნდება, რომ მაიმუნური მიბაძვა დიდ ხეირს არას მაძლევსო, და საკუთარი წინაპრების წესების აღდგენას მოინდომებს, მათს ყურმოჭრილ მონად ხდება.

ზოგიერთი ისტორიკოსები მეორე პერიოდს პროგრესიულ მიმბაძავს არქმევენ, და მესამეს _ რეგრესიულ მიმბაძვას.

მეოთხე პერიოდი კი მაშინ იწყება, როცა ხალხი ამ მესამე პერიოდის ნაყოფობასაც იგრძნობს. მაშინ ის გამორკვევას იწყებს, თუ მისი საკუთარი ბუნება რას მოითხოვს, მისი ძალა რის ნებას აძლევს, სხვა ხალხის ძლიერება რამ შეადგინა, სხვებს რა აქვთ კარგი, ისეთი, რომლის შეთვისებაც მის ბუნებას შეუძლია, და თვითონ მას რა ჰქონია ცუდი, ისეთი, რომლის თავიდგან მოშორებაც შესაძლოა. ამ პერიოდს ჩვენში საკუთარი სახელი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ეს დრო არ გვღირსებია.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here