Home სხვადასხვა დაიჯესტი იტალიური ამბოხი ევროპის ხომალდზე

იტალიური ამბოხი ევროპის ხომალდზე

1285
იტალიური ამბოხი

მასმედიაში სენსაციაა _ ევროპის ხომალდზე ამბოხია. იტალია მიგრანტების გამო აჯანყდა. სხვათა ინტერესების გამო მუდმივად დაჩაგრულმა რომმა მოულოდნელად დაარტყა ევროპას შიგ მზის წნულში.

28-29 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართა, რომელზეც განიხილეს მთელი რიგი საკითხებისა: ვაჭრობა, უშიშროება, აშშ-თან ურთიერთობა. ამ რიგში მიგრაციის პრობლემაც იყო ჩართული. იმის გამო, რომ ევროპაში ყველა საკითხს საფრანგეთთან შეწყვილებული გერმანია წარუძღვებოდა, იტალია ყოველთვის რჩებოდა ისეთ ქვეყნად, რომელიც იძულებული იყო, მიმხრობოდა სხვების გადაწყვეტილებებს. ახლა კი იტალიამ ბოლოს და ბოლოს კარგად გამოიყენა შესაფერისი მომენტი და მძლავრად დაარტყა მიგრაციულ თემას _ დაუმიზნა მიგრანტებს და მოახვედრა ევროკავშირს.

სამიტამდე რომი ცდილობდა, გავლენა მოეხდინა კოლეგებზე და მიეღო მათი თანხმობა მიგრანტების მიმართ მკაცრი პოლიტიკის განხორციელებაზე. იგი (რომი) მოითხოვდა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, კოლეგები თანხმობის ნიშნად თავს უქნევდნენ, ჰპირდებოდნენ, რომ დაფიქრდებოდნენ, მხარს დაუჭერდნენ და სწრაფად გაეცლებოდნენ, რაც ძალიან ჰგავდა გაცქევას.

აჯანყდა რომი. იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ რომი მრავალი წლის განმავლობაში ითმენდა მხარდაჭერის ფუჭ დაპირებებს, მაგრამ ამიერიდან მეტის მოთმენას არ აპირებს _ იტალია ხელს არ მოაწერს მიგრანტების საკითხზე რეზოლუციის პროექტს. ამის გარეშე კი შეუძლებელია სამიტის ყველა საკითხზე შემაჯამებელი საერთო რეზოლუციის გაფორმება, რომელსაც უნდა ერთვოდეს ევროკავშირის ქვეყნების ყველა ლიდერის ხელმოწერები.

“ჩვენ ველოდებით მოქმედებას, _ ამბობს კონტე, _ ვერაფერზე ვერ შევთანხმდებით, სანამ მოწონებული არ იქნება ყველაფერი”.

ევროკავშირის შემთანხმებელი მანქანა მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა. დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი დაიბნენ და ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გადაიდო. მაკრონი შეეცადა კონტეს დაყოლიებას, თუმცა ამაოდ მოცდა.

იტალიამ და საფრანგეთმა შეძლეს ერთობლივი დოკუმენტის შემუშავება, რომელსაც მხარი დაუჭირა რამდენიმე ქვეყანამ. ამ დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის საზღვრებს მიღმა უნდა შექმნილიყო შეგროვების რამდენიმე ცენტრი, რომლებშიც მიიღებდნენ ლტოლვილებს, და იქიდან გაანაწილებდნენ ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც “ნებაყოფლობით” დათანხმდებოდნენ მათ მიღებას.

იდეა ჯერჯერობით ნედლი და მყიფეა; გაურკვეველია, სად და როგორ უნდა შეიქმნას ეს ცენტრები. იტალია წინააღმდეგია არა ლტოლვილების ცენტრების შექმნის, არამედ უფრო ადრე მიღებული დუბლინის შეთანხმების, რომლის მიხედვით მთელი პასუხისმგებლობა მიგრანტების ყოფისა და დასაქმების საკითხებში ეკისრება მიმღებ ქვეყანას. იტალია მოითხოვს, რომ ეს პასუხისმგებლობა თანაბრად განაწილდეს ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე. პასუხისმგებლობა უნდა დაიკისროს ყველამ და არა მხოლოდ იმ ქვეყანამ, რომელიც მიიღებს მიგრანტებს. გასაგებია, რომ ასეთი მიდგომა არ აღაფრთოვანებს ყველა მოკავშირეს, რადგან პასუხისმგებლობას ფულის ხარჯი მოსდევს, ევროკავშირის ბიუჯეტი კი რეზინის არ არის. ამასთანავე, ასეთი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბიუჯეტში შესატანი ყველასთვის გაიზრდება, რაც არავის სურს. გაჩნდა მოლაპარაკების კლასიკური ჩიხი. იტალიის პოზიციამ გადაფარა უნგრეთის, ავსტრიისა და პოლონეთის პოზიცია. მათ მიგრანტების საკითხში უფრო კატეგორიული პოზიცია აქვთ _ თავიანთ ქვეყნებში მიგრანტების მიღებას აღარ აპირებენ.

გერმანიის კანცლერმა მერკელმა თავის კოლეგებს მოუწოდა, არ შეჩერდნენ მხოლოდ ერთ საკითხზე, ყველა საკითხი ერთობლიობაში გადაწყვიტონ. ამ მარტივი ფანდით მერკელს სურს, ყველაფერი ერთ პაკეტში მოაქციოს და კონფლიქტური თემებიც ასე გაათრიოს, მაგრამ თანხმობის მისაღწევად ერთი პარასკევიღა დარჩათ. თუ ვერ მოასწრებენ, ევროკავშირის შენობის კედლები დაიბზარება.

მერკელის შეშფოთებას იზიარებს ტუსკი. მისი აზრით, თუ ევროპელი ლიდერები მიგრანტების საკითხში ვერ შეთანხმდებიან, ეს ევროსკეპტიკოსებს დამატებით არგუმენტებს მისცემს. ამ მიმართულებას განეკუთვნებიან ის კონსერვატიული ძალები, რომელთა ზურგს უკან ადგილობრივი კაპიტალი დგას. ჯუზეპე კონტე სწორედ იმ ევროპული კონსერვატიული ძალების მხარესაა, რომლებიც ძველი ევროპული კაპიტალის ინტერესებს გამოხატავენ, მეოცე საუკუნე გლობალისტებთან რომ წააგეს და ახლა რევანში სწყურიათ.

მომზადებულია ღია წყაროების მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here