მთავარი საზოგადოება “ისევ გამოყვეს თაღლითებმა ენა ყურიდან”

“ისევ გამოყვეს თაღლითებმა ენა ყურიდან”

121
გააზიარეთ

მე მიყვარს ადამიანის ხმა. განმარტოვებული ხმა ადამიანის,

რომელიც სიყვარულით არის გაწამებული და ამაღლებულია

დამღუპველი დედამიწის თავზე. ხმა უნდა გათავისუფლდეს

მსოფლიო ჰარმონიისგან და ბუნების ქოროსგან, მარტივად

შთენილი თავისი ნოტის გადასარჩენად.

ფედერიკო გარსია ლორკა

ახალგაზრდა შემოქმედთა პლეადას და მათ შორის ლორკას, უნდა ეკისრა XX საუკუნის ესპანეთის კულტურის სიამაყედ ჩამოყალიბება, უპირველესად უნდა შეესისხლხორცებინა ერის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა ბუნებრივი ნიჭისგან განუყოფელი.

ყველა ერს, რომელსაც აქვს პრეტენზია კულტურულ ერთა შორის მოხსენიების, თავისი სამოციანელები ჰყავს.

სამოციანელობა, როგორც პრინციპი, წლებით შემოუსაზღვრელი.

რომელსაც, მზად ხარ, მსხვერპლად შეეწირო.

ესპანეთს ჰყავდა ასეთი შვილი _ დიდი პოეტი _ ფედერიკო გარსია ლორკა. “ცისფერ კომბინეზონიანი ამ ადამიანის გამოჩენით, _ წერენ ლიტერატურათმცოდნენი, _ დაიწყო სასწაული”…

ჰყავდა ასეთი მსხვერპლად შეწირულები საქართველოსაც.

უკანასკნელმა მოჰიკანმა ორიოდ კვირის წინად დატოვა ამქვეყნიერება. სამუდამოდ. და ამ განშორებას ფეისბუკპლასტის ისეთი რეაქცია მოჰყვა, რომელიც სავსებით საკმარისია წმინდა მსხვერპლის რანგში პოეტის აღსაზევებლად, განაწამები და ბრწყინვალე ქართველი პოეტის _ რეზო ამაშუკელის.

ვუწოდოთ დიდი ქართველი პოეტი! არ შევცდებით…

ბეჭდურ ქართულ პრესაში ასეც მოიხსენიებდნენ. გამონაკლისად.

“გაპუდრული არლეკინები” კი თითს უქნევდნენ დიდოსტატს _ ძველი ბიჭივით საუბრობს და “გამოდის ფოსტას”.

ღიზიანდებოდა. თავის მოკვლაც გადაუწყვეტია:

ამ დიდ მარხვაში

წამით ავცდი უმძიმეს ცოდვას _

გამთენიისას,

როცა წამცდა თოკისკენ ხელი!

და მოსვა მთვარემ

სიცხიანი პოეტის ბოდვა

და მთვარეს ჰქონდა ბაგე ცივი,

ცივი და სველი”.

მოერია. დაძლია. ჩაიბრუნა. და მოინანია პატიოსანი, ნიჭიერი, ტალანტების დამფასებელი საქართველოს წინაშე:

ჩემ წილ საქციელს,

რაც ვატარე ამდენ ხანს უბრად,

ვინანიებ და

სიკვდილამდე

უნდა ვუღრინო!

რომ თქვენთან ერთად

არაერთხელ ვუჯექი სუფრას,

რომ შხამად მექცა

მიღებული თქვენთან პურღვინო!”

სუფრა არ აკლდა. წამოსძახეს. ცოდვად მიუთვალეს ის, რაც რეზოს პოეტურმა ბუნებამ და ჯერ კიდევ ამოუხსნელმა არსმა ადამიანისა, ათასწლეულების მიღმიდან მიიღო ნიშანი ჩვენი რასის ისტორიის საგანთიადო წლების შესახებ. მაინცდამაინც ახლა, მაინცდამაინც ამჟამად, დამოუკიდებლობის 30 წელიწადი რომ განვვლეთ, ამ დროს:

…”არა პურითა”…

ქართველობით განვიცდი შიმშილს!..

აწ ნუშის ფშვინვით, მშვენიერებით

ვეღარ დავთვრები

და ჯიჯგნის მიწას

უცხო თესლით მაძღარი ჯიში _

მყრალი ხორხოცით

სასაფლაოს თხრიან აფთრები!..”

“შუაფხოსაც” შეუტიეს გაუნათლებელმა ინტერნეტმომხმარებლებმა. ლუდით და ჟიპიტაურით გამტყვრალი მიწაზე რომ ყრია ხალხი, ღრეობა და კოლექტიური ლოთობააო.

არადა, სწორედ აქ და ამ დროს ხორციელდება ისტორიული ეპოქების საკრალური კავშირი: ამაშუკელი მედიუმია, ჩვენი პრეისტორიის რეტრანსლატორი დღევანდელ რეალობასთან, სადაც ცხოვრების ნებართვაზე არ გვიზრუნია და რჩევაც არავის უთხოვია.

პანის დროა, აკაკი გელოვანს თუ დავუჯერებთ, მწვანე ტყეებისა და ატეხილი ჭალების არკადიული ღვთაების, თხისფეხებიანი და რქოსანი ღმერთის, რომელიც მითოლოგიურ, სტაჟიან ღმერთებს, კერძოდ, ჰერმესს, შესცოდებიათ, ოლიმპოზე აუყვანიათ, შეუფარებიათ და პანი უწოდებიათ. კოლექტიური უმრავლესობის გადაწყვეტილებით.

პანი ველთა და ტყეთა მქუხარე მბრძანებელია, უყვარს მხიარული ცეკვა-თამაში და ფერიებიც უყვარს.

ფრთიან ანგელოზობაზე თავს არ დებს.

ქართული (მეგრული) ფოლკლორის ზღაპრული ოჩოკოჩის (ვაც-კაცის) სახესთან არის დაკავშირებული.

იმდროინდელი ღრეობის პანორამა წარმოგვიდგინა რეზო ამაშუკელის პოეტურმა ფანტაზიამ:

სატურნალიები აქედან მოდის. ამათი ღვთაებრივი დღესასწაულები ღრეობა იყო სატურნალიები!

სხვა რა უნდა ყოფილიყო?!

ჯერ ეს მეტაფორა ნახეთ:

ლუდით და ჟიპიტაურით

გამტყვრალი ხალხი ეყარა

და ხერხემალში ხმაურით

შემოდიოდა ქვეყანა!..”

სტროფი რა არის, სტრიქონი არ გამორჩენია უმეტაფოროდ:

მზემ რომ მოხვრიპა ზედაშე,

ხატს უხმოდ გამოვესალმე

და საღამომდე მე და შენ

ვკრიფეთ ცისფერი კესანე.

მოვედი, ხელი მოგხვიე,

გულზე პერანგი მოგხიე

მთვარე,

მე,

შენ და არაგვი

მთვრალი ვიყავით ოთხივე”.

ღმერთებთან, ღვთაებათა შორის ქეიფი სხვა შედეგით წარმოიდგენდით?!

წარმოუდგენელია და იმიტომ.

“ჭეშმარიტი პოეზია _ ეს არის სიყვარული, ვაჟკაცობა და მსხვერპლად შეწირვა”, _ წერდა ფედერიკო გარსია ლორკა. ამ ტრიადით თუ ვიხელმძღვანელებთ, ქართველი პოეტების ბრწყინვალე კოჰორტიდან ყველაზე მეტად მაინცდამაინც რეზო ამაშუკელის შერჩევა მოგვიწევს.

მას ეკუთვნის უდავოდ: დიდი ქართველი პოეტი და ბობოქარი მამულიშვილია.

გნებავთ, რევოლუციონერი!

აბსოლუტურად თვითმყოფადია და დიდოსტატი მეტაფორული აზროვნების.

არა მეტნაკლებობის დასადგენად და შესადარებლად, არამედ პოეტის პასუხისმგებლობის დონის წარმოსაჩენად, რომელიც (პასუხისმგებლობა) ტალანტის თანმხლები და თანაზიარია.

მოვალეობაცაა ამავე დროს.

ამ კრიტერიუმებით თუ მივუდგებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ლორკას ფორმულა _ “პოეტის ლამპარი არის წინააღმდეგობის გაწევა” ყოველმხრივ გამართლებულია. არა ხელოვნურად შეთხზული, არამედ ობიექტური შეფასება რეალური ყოფის: ლორკა ამბობს იმას, რასაც ხედავს და გრძნობს.

ამაშუკელიც უკიდურესად პრინციპულია.

ხშირად _ რადიკალური!

ლორკა ასე შიფრავს: “…როცა მოცარტის მოლივლივე მუსიკა მეტისმეტად ღვთაებრივი ხდება, წონასწორობის დასამყარებლად მისკენ მოისწრაფვის ბეთჰოვენის უაღრესად ადამიანური გალობა”.

რეზო ამაშუკელი უფრო რეალური ცხოვრებისკენ ილტვის: კოაბიტაციის ტაქტიკამ დიდად აზარალა საქართველო. ეს პოლიტიკური რეაქცია ისეთ პოეტურ ხატად წარმოუდგენია, რომლის ავტორები “აიღე და სახალხოდ საჯენ!”

მაგრამ ვერ იზამ,

შეკრული გაქვთ რადგანაც პირი!

გაანადგურებ, თუ დაგცალდა,

რაც დაგვრჩენია!..

დღეს გალახული საქართველო

ბავშვივით ტირის

და ეს ცრემლები

შენი ბოლო განაჩენია”.

დაწერილია 2008 წლის 7 სექტემბერს.

ერთი წლის წინათ კი შუაფხოს საზეიმოდ მთვრალი მთვარის ჩაშავებაზე მიგვანიშნებდა “აპრილის პასტორალში”:

შავი მთოვარი

გიშერივით ჩააშრა გუგას,

მალე სიბერე

სამუდამოდ დაუშვებს ფარდას

გაქრა სიზმარი,

ედემიდან დავბრუნდი უკან,

ყოველდღიური ჯოჯოხეთის

მოღრეცილ კართან!..”

სხვათა შორის, ამაშუკელის სიმთვრალე (“მთვრალი ვიყავით ოთხივე”) შეიძლება სიფხიზლის ნიმუშად ჩაითვალოს, პოლიციისა და სასამართლოს დოკუმენტურ ენაში დამკვიდრებული კანცელარიული ქართულის “ნასვამ მდგომარეობასთან” შედარებით, რომლითაც ამ დარგში მოღვაწენი ყროლი სინამდვილის დამალვას ცდილობენ:

“…ზისსახელმწიფო დახლიდარი

ნაჭამნათქვლეფი,

ზის არხეინი,

იგინება და თან ამთქნარებს…”

1936 წლის 19 აგვისტოს, გრანადიდან 8 კილომეტრში, სოფელ ვისნართან ფრანკოს რეჟიმის სატრაპებმა დახვრიტეს ესპანელი პოეტი.

1936 წლის 24 ივნისს დაიბადა მომავალი ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი.

აცდენილი არიან დროსა და სივრცეში.

ერთი და იმავე პრინციპების ერთგული თავიანთი ერების სახელოვანი შვილები…

აქ წყდება ჩემი ეს ჩანაწერი _ გულიკო ჩაფიძის სახელობის გულის კლინიკაში მივყავარ…

არმაზ სანებლიძე

P.S. რამდენი რამ დამრჩა სათქმელიისევ რეზო თუ მიშველის, ამაშუკელი, ძველი მეგობარი:

გარშემო უდაბნოა,

უნდათ ერის დაბნევა!

ჩამოშვებულ ფარდებზე

შავი ვარდის დაბნევა!

სიბერე უდაფნოა,

გარშემო უდაბნოა”.

..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here