Home რუბრიკები საზოგადოება ირგვლივ უპატრონო ადამიანებიც არიან და მათაც სჭირდებათ თბილი საკვები, თავზე ხელის გადასმა...

ირგვლივ უპატრონო ადამიანებიც არიან და მათაც სჭირდებათ თბილი საკვები, თავზე ხელის გადასმა და მოფერება

4491
ირგვლივ უპატრონო ადამიანებიც არიან და მათაც სჭირდებათ თბილი საკვები, თავზე ხელის გადასმა და მოფერება

ჩინელებს, პირველად რომ დაიწყეს მასობრივად შემოსვლა საქართველოში, გაოცებული სახეები ჰქონდათ, ვერ წარმოედგინათ, რომ არსებობდა ქვეყანა, რომლის ქუჩებშიც მათი საყვარელი კერძის მოსამზადებელი ცხოველები ასე უპატრონოდ დადიოდნენ, და ჩინელები ძაღლებს დაერივნენ. იმხანად ამით ადგილობრივებმაციხეირეს”, ჩააბამდნენ საბელს მაწანწალა ძაღლს, მიჰგვრიდნენ ჩინელებს და ყიდდნენ. მერე და მერე, ჩინელებმა უარი თქვეს მაწანწალა ძაღლებზე, რადგან არ არსებობდა ცნობა მათი ჯანმრთელობის შესახებ.

ომგამოვლილ საქართველოს მაწანწალა ძაღლებისთვის არ ეცალა. ახლა კი მოვიცალეთ და თანაც როგორ _ სოციალურ ქსელში ათეულობით ჯგუფია შექმნილი, რომლებიც მაწანწალა ძაღლებზე ზრუნავენ, ხელისუფლება იჭერს, აცრას და სტერილიზაციას უკეთებს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი ეკისრებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ოთხფეხა მეგობრებს უდიერად მოეპყრობიან. ამ მიმართულებით, ძალიან გვსურს, მივბაძოთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. მაგალითად იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ავიღოთ. იქ, მაწანწალა ძაღლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ზოოპარკში ცხოველების მოსავლელად წლიურად 3 მილიარდი დოლარი იხარჯება და ორი თვით ზოოპარკი დაკეტილია, ცხოველებმა მნახველებისგან რომ დაისვენონ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. კარგია ის, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შიშით, ადამიანთა გარკვეული კატეგორია შეგნებულად აღარ აჯახებს მანქანას მაწანწალა ცხოველს. კარგია ისიც, რომ ვიღაც გასართობად აღარ ხოცავს მათ (ასეთებიც იყვნენ). ისიც გვახსოვს, ახალი ნაგვის ურნები რომ დაიდგა, ცხოველთა უფლებების დამცველებმა გააპროტესტეს: ნაგვის ახალ ურნებს სახურავი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძაღლები იქიდან საკვებს ვეღარ ამოიღებენ და ხელისუფლებამ მაწანწალა მეგობრები შიმშილისთვის გაწირაო. ჰო, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ…

ნაგვის ურნებით დავიწყოთ. სწორედ მას შემდეგ, რაც სახურავიანი ურნები შემოვიდა, ადამიანებსა და ძაღლებს შორის კონკურენცია დასრულდა, ადამიანებმა “გაიმარჯვეს”. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მშიერ ძაღლებზე არანაკლები რაოდენობის მშიერი ადამიანები არიან. ის ადამიანები, რომლებიც ნაგვის ურნების სახურავის ახდით იწყებენ დილას და მთელი დღის საკვებს სწორედ ნაგავში პოულობენ. ძაღლი მეც მყავს, თანაც _ ორი და, მერწმუნეთ, თითო ძაღლის მოვლა არ ჯდება იმაზე იაფი, ვიდრე ბავშვის მოვლა, ოჯახის წევრებივით არიან, სჭირდებათ საკვები, სჭირდებათ ექიმი, მუდმივი ყურადღება და, თუ ამის შესაძლებლობა არ აქვს ადამიანს, ძაღლი არ უნდა იყოლიოს. ისეთებიც ბევრნი არიან, ძაღლს მოდის გამო რომ აიყვანენ ხოლმე, მერე ხვდებიან, რომ მოვლა და შენახვა იოლი საქმე არ არის და ისე მშვიდად გაუშვებენ ქუჩაში, როგორც არაფერი. შემდეგ ეს ძაღლი ან თავშესაფარში ხვდება, ან რომელიმე კორპუსის ეზოს წევრი ხდება, ან, თუ შინაურ პირობებშია გაზრდილი, სხვა მაწანწალა ძაღლები გლეჯენ.

ირგვლივ უპატრონო ადამიანებიც არიან და მათაც სჭირდებათ თბილი საკვები, თავზე ხელის გადასმა და მოფერება

დარწმუნებული ვარ, ცხოველთა უფლებების დამცველები ამის გამო სასტიკად გაგვაკრიტიკებენ, მაგრამ… რაღაც არ მახსოვს, რომ სოციალურ ქსელში მენახოს ჯგუფი “დავეხმაროთ მაწანწალა ბავშვებს”. არ მინახავს, ვინმეს ეთქვას, რომ მის უბანში ცხოვრობს მაწანწალა ბავშვი, რომელთანაც ყოველდღე მიაქვს საკვები, დაჰყავს ექიმთან, თუ შეატყო, სამედიცინო ჩარევა სჭირდება, ზრუნავს მის თავშესაფარზე, ღამით რომ არ შესცივდეს. სამაგიეროდ, ასეულობით არის ისეთი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად სოციალურ ქსელში დებენ ფოტოს, როგორ მიუტანა თბილი საჭმელი მისი კორპუსის ეზოში შეფარებულ უპატრონო ცუგას, როგორ მოუწყო პატარა სახლი, რომ ჰყავდა ვეტექიმთან, რადგან ცუგამ დააცემინა. ასეთი ისტორიები სოციალურ ქსელში ძალიან ბევრია, აღფრთოვანებული ადამიანების რაოდენობაც დიდია და არც კომენტარებია ურიგო _ “რა კეთილი ხარ, რა გული გაქვს”.

ასპროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია იმის თქმა, რომ იმავე უბანში, იქვე მდგარ ურნასთან ყოველ დილით მოხუცი ან ბავშვი მიდის და ნაგავში იქექება, მაგრამ მასთან არც თბილი საჭმელი მიაქვს ვინმეს და არც ექიმთან მიჰყავს. არც მათთან გადაღებულ ფოტოს დებენ და არც მათი სახელები იციან. არადა, თბილი საჭმელი შეიძლება იმ ადამიანისთვის (ჰო, ადამიანისთვის) იმ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს და შეიძლება ათ ურნაში ვერ ნახოს გადაყრილი საჭმელი, იმიტომ, რომ სხვებსაც არ ულხინს და ნაგავში საკვებს იშვიათად ყრიან. იმასაც გვეტყვიან, _ ეგ სახელმწიფოს საქმეა და იმან მიხედოსო, მაგრამ, თუ სახელმწიფოზე მიდგა საქმე, სახელმწიფომ მაწანწალა ძაღლებსაც უნდა მიხედოს, კატებსაც და აგერ, ჩემს უბანში ორი კვირა უპატრონოდ ვირი რომ დადიოდა და მერე გაქრა, იმაზეც. იმედია, იმ ვირით რომელიმე საშაურმის მეპატრონემ არ “იხეირა”.

ყოველდღე ჩნდება ახალი ინფორმაცია, რომ პატარა ბავშვს დაავადების გამო დახმარება სჭირდება. ათასობით კომენტარში, ძირითადად, წერია: “უფალო, დაეხმარე”, მაგრამ საკმარისია, მეტ-ნაკლებად ჯიშიანი მაწანწალა ძაღლის ფოტო დაიდოს, ვინმეს ხომ არ უნდა, გავაჩუქებო, რომ მაშინვე ატყდება ამბავი: “აუ, მე მინდა”, “აუ, რა საყვარელია”. მაწანწალა ძაღლებსა და კატებს უფლის იმედად კი არ ვტოვებთ, ვუვლით, ვპატრონობთ და არ ვფიქრობთ, რომ სწორედ იმ თანხით ძალიან მარტივად შეიძლება შეფობა მშიერ და მაწანწალა ბავშვზე ავიღოთ. არ არის გამორიცხული, ვიღაც ძაღლების პარალელურად მაწანწალა ბავშვს ან მოხუცსაც პატრონობდეს (იქნებიან ერთეულები), მაგრამ ამან ისეთივე მასობრივი სახე რომ მიიღოს, როგორც ცხოველების შემთხვევაშია, ურიგო ნამდვილად არ იქნება.

თუ გახსოვთ, შარშან, ზამთარში, დაიწყო პროექტიგააზიარე სითბო”. ქუჩაში დადგეს კარადები, რომლებშიც ადამიანები თბილ ტანსაცმელს ტოვებდნენ მათთვის, ვისაც ამ ტანსაცმლის ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდა. იცით, რატომ აღარ არის წელს ეს თემა აქტუალური? იმიტომ, რომ კარადებს მეორადი ტანსაცმლების გამყიდველები აცარიელებდნენ და ჩვენ მიერ მიტანილი სამოსი ბოლოს დახლზე ხვდებოდა. ამაზე ხმა არავინ ამოიღო, მაგრამ აბა, გააკეთეთ იგივე ცხოველების მიმართ, დადგით ყუთი, რომელიც მათი საკვებისთვის იქნება განკუთვნილი და, თუ ვინმე შეეხება და ძაღლის საკვების ჭამას დაიწყებს, ატყდება ვაი-უშველებელი, _ ცხოველებს საჭმელს პარავსო. ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები სიუჟეტებს მოამზადებენ, ძვირად ღირებულ ვიდეორგოლებსაც გადაიღებენ და ეს თემა განხილვის საგანი კვირების განმავლობაში იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების დასაცავად საერთაშორისო ორგანიზაციები არაფერს იხდიან, ცხოველთა უფლებების დაცვაში კი ასიათასობით დოლარსა თუ ევროს რიცხავენ. იქ, დაწყობილ თუ აწყობილ ქვეყნებში, მდიდრები მილიონებს უტოვებენ შინაურ ცხოველებს და ეს პრაქტიკა მიღებულია. საქართველოში ჯერჯერობით ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, მაგრამ არც ეს დრო არის შორს. ისიც გემახსოვრებათ, ქალაქის მერმა მაწანწალა ძაღლი რომ შეიფარა და პატრონობს, რამხელა გამოხმაურება და დადებითი ემიციები მოჰყვა ამ ფაქტს. ხომ დარწმუნებული ხართ, რომ იმ ძაღლის ბედსძაღლი არ დაჰყეფს”?

ისე, რა მოხდებოდა, კახა კალაძეს რომელიმე უპატრონო ბავშვზე აეღო შეფობა? ვერ შეძლებდა მოვლას? შეძლებდა! ვერ შეინახავდა და ვერ მისცემდა განათლებას? რა თქმა უნდა, მოახერხებდა. ერთი ძაღლის გაზრდას, ერთი ბავშვი რომ გაეზარდა, განათლება მიეცა და გზაზე დაეყენებინა, უფრო კარგი არ იქნებოდა? თუ ასე მნიშვნელოვანია ძაღლებისა და კატების ბედი, სახელმწიფომ გააკეთოს ერთი დიდი თავშესაფარი, წაიყვანოს იქ მაწანწალა ცხოველები და მიხედოს, უბანიც დაისვენებს და დედებიც, ძაღლების შიშით რომ არ უშვებენ ბავშვებს ეზოში; ხალხს კი სხვა საზრუნავზე ფიქრისთვის მეტი დრო დარჩება.

ისიც ვთქვათ, რომ დედაქალაქის მერიაში აღნიშნეს, უსახლკარო ადამიანებისთვის აშენებულ თავშესაფრებში ბევრი ადგილია, თუმცა იქ მისვლა არავის სურსო. ბატონებო, იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ქუჩაში სიცივეში ძილი და ნაგვის ურნებში ქექვა რატომ ურჩევნიათ ამ ადამიანებს? ესე იგი, იქ, თავშესაფრებში, რაღაც ისე არ არის და, ეს “რაღაც” წლობით რომ გრძელდება, ხომ უნდა დაინტერესდეთ? ხომ უნდა მოუსმინოთ ამ ადამიანებს, რატომ ერიდებიან თავშესაფრებს?

მანამდე კი ეგებ იმაზე იფიქროთ, რომ უპატრონო ცხოველების გარდა ირგვლივ უპატრონო ადამიანებიც არიან და მათაც სჭირდებათ თბილი საკვები, თავზე ხელის გადასმა და მოფერება.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here