მთავარი პოლიტიკა ირაკლი გოგავა: მედიის მიერ ბაიდენის გამარჯვებულად გამოცხადება მხოლოდ ვარაუდია, მილოცვა კი _...

ირაკლი გოგავა: მედიის მიერ ბაიდენის გამარჯვებულად გამოცხადება მხოლოდ ვარაუდია, მილოცვა კი _ ნაჩქარევი

7334
გააზიარეთ
ირაკლი გოგავა: მედიის მიერ ბაიდენის გამარჯვებულად გამოცხადება მხოლოდ ვარაუდია, მილოცვა კი _ ნაჩქარევი

დღეს ჩვენი სტუმარია საერთაშორისო პრობლემების ცნობილი მიმომხილველი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა.

_ რა ხდება ამერიკაში, ბატონო ირაკლი? რატომ გაუჭირდათ პრეზიდენტის არჩევა?

_ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრადიციულად ჩამოყალიბდა ორპარტიული სისტემა: ათწლეულებია, რაც დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები “მორიგეობენ” ხელისუფლების სათავეში. მსგავსი პოლარიზაცია, რომლის მოწმენიც დღეს ვართ, არასდროს ყოფილა, თუმცა მძაფრი კონკურენცია ყოველთვის აღინიშნებოდა. მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ 2000 წლის არჩევნები, როდესაც ჯორჯ ბუშუმცროსსა და ალბერტ გორს შორის სულ რამდენიმე ასეულმა ხმამ გადაწყვიტა პირველის უპირატესობა და მაშინაც მედიამ ალ გორი გამოაცხადა გამარჯვებულად და 37 დღის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ბუშის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

რესპუბლიკელები არიან უფრო მემარჯვენე ორიენტაციის, ანუ პატრიოტულ-კონსერვატორულ პლატფორმაზე დგანან, ხოლო დემოკრატიული პარტია უფრო მემარცხენე ორიენტაციისაა _ სოციალისტური ინტერნაციონალის წევრია.

მას შემდეგ, რაც კლინტონები მოვიდნენ ხელისუფლებაში, სრულიად გადალაგდა ამერიკული პოლიტიკური ლანდშაფტი: მემარცხენე იდეოლოგიას შეერწყა ნეოლიბერალიზმი, რომელმაც მოახდინა მისი სრული ტრანსფორმაცია. ნეოლიბერალიზმი არის ჰიბრიდული, ხელოვნურად გამოყვანილი იდეოლოგია, რომელიც რამდენიმე ტრადიციული თუ არატრადიციული იდეოლოგიის სინთეზად წარმოგვიდგება, ეფუძნება მარქსიზმს, მიერთებული აქვს ფრაგმენტები მაოიზმისგან, ტროცკიზმისგან და კარლ პოპერის ნეოლიბერალიზმისგან.

ამ სინთეზის პროპაგანდის მეშვეობით ძალადობენ არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში, სადამდეც ხელი მიუწვდებათ, მათ შორის, საქართველოშიც. ერთადერთი ისლამური სახელმწიფოებია, რომლებსაც ვერაფერს უხერხებენ, ამიტომ ებრძვიან ნავთობის ბიზნესს.

დღეს ამერიკაში საოცარი პოლარიზებაა, მოსახლეობა ორად არის გაყოფილი. უწინ ამ ორი პარტიის, მაგალითად, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში განსხვავება, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ რადიკალიზაცია ნამდვილად არ შეიმჩნეოდა. ბოლო პერიოდში დემოკრატიულმა პარტიამ სერიოზული გავლენა განიცადა ულტრამემარცხენეებისა და ნეოლიბერალების მხრიდან და შედეგიც სახეზეა. ნეოლიბერალების მოქმედება ცხრა წლის განმავლობაში საქართველოშიც ვიწვნიეთ და საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ ისინი უაღრესად აგრესიული და ყველაფერზე წამსვლელი ძალა არიან და კანონის დარღვევასაც არ თაკილობენ, თუ ეს მათ ინტერესს ემსახურება.

ამერიკაში მიჩნეულია, რომ დემოკრატიული პარტია უფრო “თავხედი ძალაა”, რესპუბლიკელები კი _ უფრო “რბილი” თავიანთ მოქმედებებში. საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაგვარწმუნა, რომ ჭეშმარიტად ასეა.

დღეს რესპუბლიკური პარტია ბრალს სდებს დემოკრატებს არჩევნების გაყალბებაში. დავა სამართლის სფეროში გადავიდა.

_ .., სანამ სასამართლო თავის სიტყვას არ იტყვის, ამერიკა ვერ მიიღებს ახალარჩეულ პრეზიდენტს?

_ ამერიკის პრეზიდენტს საბოლოოდ ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება 538 ხმოსნისგან. მათ ირჩევს შტატების კონგრესები. 11 ნოემბრისთვის ხმოსნები შტატების კონგრესებს არჩეული არ ჰყავს, შესაბამისად, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევაზე ლაპარაკი ნაადრევია. დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გაიმართოს ხმოსნების სხდომა (ასეთია ტრადიცია), რომლებიც ხმას მისცემენ ორიდან ერთ-ერთ კანდიდატს, 20 იანვარს გაიმართება ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია.

მედიის მიერ იმის გამოცხადება, რომ გაიმარჯვა ბაიდენმა, მხოლოდ ვარაუდია. ამ შემთხვევაში ლაპარაკია შესაძლო გამარჯვებულზე. ეს უფრო პიარსვლაა საინფორმაციო საშუალებების უდიდესი ნაწილის, რომელებიც, როგორც ვიცით, მხარს უჭერენ ჯო ბაიდენს, ლიბერალურ დღის წესრიგს მიჰყვება და წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს ტრამპის წინააღმდეგ იყო დარაზმული.

_ ახლაც ამ პოზიციაზე რჩება.

_ რა თქმა უნდა. ამიტომ ჯერჯერობით არაფერი არ არის გარკვეული. სასამართლომ უნდა განიხილოს ყველა საჩივარი, რომლებსაც კი მიიღებს, და გადაწყვიტოს ამა თუ იმ ბიულეტენის კანონიერების საკითხი. ამის შემდეგ ხელახლა გადაითვლიან და დააჯამებენ მიღებულ შედეგებს, ანუ მოხდება ტაბულაცია, რომელიც გამოავლენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს.

_ რატომ დასჭირდა ლიბერალურ მედიას, საჩქაროდ გამოეცხადებინა ჯო ბაიდენი შესაძლო გამარჯვებულად?

_ დასჭირდათ იმიტომ, რომ მიეღოთ პარტნიორი ქვეყნების ლიდერების მილოცვები, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ტრამპის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის ნაწილად.

_ მიიღეს კიდეც მილოცვები, რაც, მე რომ მკითხოთ, ცოცხალი დათვის ტყავის განაწილებას უფრო ჰგავს, ვიდრე საღი განსჯის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.

_ თუ მოსაგებია, ბაიდენი ამ მილოცვების გარეშეც გაიმარჯვებს. ბრძოლა არ დამთავრებულა. ამას ადასტურებს თუნდაც ისეთი ცნობები, რომლებსაც სი-ენ-ენი ავრცელებს. მაგალითად, თითქოს პირველი ლედი, მელანია ტრამპი, მეუღლეს ურჩევს, აღიაროს დამარცხება. სინამდვილეში კი მელანია ტრამპი ითხოვს სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს, ან თითქოს ტრამპის სიძე, კუშნერი, სიმამრს იმავეს ურჩევს. ყველაფერი ეს და კიდევ ბევრი სხვა მაგალითი, ვიმეორებ, ფსიქოლოგიური ომის შემადგენელი ნაწილია.

_ “ფეიკია”?

_ დიახ. ტრამპი სულ სხვა გუნებაზეა, არ აპირებს, შეეგუოს უსამართლო დამარცხებას და იბრძოლოს ბოლომდე ყველა ლეგალური საშუალებით.

_ და არჩევნების ჩატარების მეორე დღესვე გოლფის თამაშით აღიდგენს მარათონში დახარჯულ ფიზიკურ და გონებრივ ძალას. ისტერიკაში არ ჩავარდნილა.

ახლა კი მინდა, მიპასუხოთ ასეთ შეკითხვაზე: თუ ტრამპმა გაიმარჯვა, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

_ ტრამპის გამარჯვება საქართველოსა და მსოფლიოსთვის ნიშნავს, რომ ეროვნული სახელმწიფოები შენარჩუნდება; ვერ გაძლიერდება გლობალური მართვის ცენტრები, გადახედავენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.

ვიცით, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ მონაწილეობდა ძალიან ბევრ შეიარაღებულ კონფლიქტში. ტრამპი მიიჩნევს, რომ ბევრ ასეთ დაპირისპირებაში ამერიკას არაფერი ესაქმება. იგი წინააღმდეგია, რომ ამერიკის არმიის ნაწილები იმყოფებოდეს მსოფლიოს რვაასზე მეტ სამხედრო ბაზაზე და სურს, საიდანაც შესაძლებელი იქნება, ჯარისკაცები შინ დააბრუნოს.

წინააღმდეგია გლობალიზაციის ამ მოდელის, უტევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და მის პანდემიურ სცენარს; არ მოსწონს მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საქმიანობა; აკრიტიკებს გაეროსაც. ვფიქრობ, რომ იგი რეგიონული გლობალიზაციის მომხრე უფრო არის, ვიდრე ერთი ცენტრიდან მთლიანად პლანეტის კოორდინაციის.

ტრამპი მოითხოვს, შეწყდეს შეტევა რელიგიებსა და ეკლესიებზე, კვლავაც იარსებოს ტრადიციულმა საზოგადოებებმა, ტრადიციულ ღირებულებებზე აღიზარდონ მომავალი თაობები: მან დააბრუნა შეერთებული შტატების სკოლებში პატრიოტული აღზრდა, როგორც სასწავლო დისციპლინა, და ა.შ.; კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ახალგაზრდა თაობის ინდოქტრინაციას, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინერგება შეერთებული შტატების სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში (ინდოქტრინაცია _ რწმენის სისტემების ფუნდამენტურ დებულებათა გადაცემაა).

საგარეო პოლიტიკაში ტრამპის განსხვავებული პოზიცია გამოხატულია იმითაც, რომ მას მთავარ საფრთხედ მიაჩნია ჩინეთი _ აშშ-ის მთავარი კონკურენტი; თავისუფალი ვაჭრობის კრიტიკოსია, რადგან თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან ამერიკას ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი უჯდება.

იგი აპირებს შეერთებული შტატების ახალ ინდუსტრიალიზაციას, იმ 90 ათასი ქარხნის დაბრუნებას, რომლებიც ამერიკიდან ჩინეთსა და მექსიკაში იყო გატანილი. პირველ ოთხ წელიწადში მან შეძლო 12 ათასი საწარმოს დაბრუნება, რითაც შტატებში 700 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა მრეწველობის სხვადასხვა დარგში.

ტრამპი სკეპტიკურად აფასებს ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკას შეერთებული შტატების მიმართ.

აცხადებს: ამერიკა უპირველეს ყოვლისა! ამასთან მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, რომ თავიანთი ქვეყნები პირველ პლანზე დააყენონ.

თუ დარჩება პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადიკალურად შეამცირებს (ან მთლიანად შეწყვეტს) ლიბერალური იდეოლოგიის გამტარებლების დაფინანსებას ამერიკაშიც და პლანეტის მასშტაბითაც, მათ შორის, საქართველოშიც. დემოკრატები კი პირიქით აპირებენ _ გაზარდონ მარგინალური ნეოლიბერალური ჯგუფების დაფინანსება.

_ ბაიდენმა განაცხადა, რომ, როგორც კი პრეზიდენტი გახდება, მეორე დღიდანვე დაიწყებს აქტიურ ბრძოლას კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ.

_ დიახ. ბაიდენი აპირებს, კვლავ ჩაკეტოს ამერიკა, ამერიკის ეკონომიკა. ტრამპის აზრით კი, პანდემიის სცენარი არის გლობალისტების იდეა, რომელიც გააძლიერებს გლობალურ კონტროლს პლანეტაზე.

_ ვთქვათ და, ბაიდენი გაპრეზიდენტდა. რას უნდა ველოდოთ?

_ უნდა ველოდოთ ნეოლიბერალური პოლიტიკის შემდგომ აღზევებას, მარგინალური რადიკალური ჯგუფების გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება ე.წ. დიადი გადატვირთვის პროექტით, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაასაჯაროებს 10 ივნისს გასამართ შეკრებაზე.

_ საქართველოზე ეს ყველაფერი როგორ იმოქმედებს?

_ მოკლევადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის ბევრი რამ არ შეიცვლება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ნეოლიბერალებს ჩაფიქრებული აქვთ ეროვნული სახელმწიფოს მცნების გაქრობა. მათ უკან დგას ტრანსეროვნული კაპიტალი, ტრანსნაციონალური კორპორაციები, კაპიტალისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეროვნული სახელმწიფოები, ეროვნული ელიტები, ეროვნული მთავრობები მათთვის ხელისშემშლელი ფაქტორებია, ამიტომ სახელმწიფოები, როგორც ასეთი, არ უნდა არსებობდეს. სანაცვლოდ უნდა შეიქმნას ეკონომიკური სექტორები და ყველაფერი საერთო რეგულაციებით უნდა იმართებოდეს. ასეთია შორსმიმავალი გეგმა, რომელსაც ჯო ბაიდენი და მისი გუნდი მხარს უჭერენ.

_ გასაგებია, რომ, აქედან გამომდინარე, რუსეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება.

_ დემოკრატებსა და ჯო ბაიდენის გუნდს რუსეთი სჭირდება, როგორც მტრის ხატი, რათა თავიანთი ოპონენტები რუსეთის აგენტებად მონათლონ. ეს უფრო პიარული მომენტია, ვინაიდან რუსეთის დღევანდელი ეკონომიკა და ძალა ამერიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს (ბირთვული იარაღის გარდა), მით უფრო, რომ რუსეთი არც გეგმავს, თავს დაესხას აშშ-ს ან ნატოს წევრ ქვეყნებს.

_ ჩვენ რა ვქნათ? დავრჩეთ ფარვატერულ სახელმწიფოდ, თუ რაღაც გავიფაფხუროთ ჩვენი ადგილის მოსაპოვებლად?

_ ჩვენი სამოქმედო არეალი შეზღუდულია. პატარა სახელმწიფო ვართ, დიდი გავლენის მოხდენის ილუზია არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ამ სიტუაციაში სიფრთხილე გვმართებს, რათა დიდი მოთამაშეების დავაში, როცა ამერიკის ელიტა დაეჯახა გლობალურ ელიტას, არ ჩავერიოთ. სახელმწიფოს მიერ ამ დაპირისპირებაში ვინმესთვის მხარის დაჭერა კონტრპროდუქტიულია. უნდა მოვერიდოთ ასეთ მიტმასნას. ეს თავის დროზე გააკეთა სააკაშვილმა და ქვეყანას ძვირი დაუჯდა.

გავლენის მოხდენა შეგვიძლია თუ არა მიმდინარე პროცესებზე? რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, მაგრამ თვალყური უნდა ვადევნოთ, გავაანალიზოთ სიტუაცია და მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here