მთავარი პოლიტიკა იმედგაცრუების მეხუთე წელი

იმედგაცრუების მეხუთე წელი

1215
გააზიარეთ
ქართული ოცნება

2017 წელი დასასრულს უახლოვდება და, ალბათ, მისი შედეგების შეჯამება უნდა დავიწყოთ. მთლიანობაში მას რეჟიმის გამყარება და ახალი პრობლემების ფონზე მოსახლეობის გაღიზიანების ზრდა ახასიათებდა.

2017 “ნაციონალური მოძრაობის” დაშლით დაიწყო. ამას მოჰყვა იმ სტერეოტიპების რღვევა, რომლებსაც “ქართული ოცნება” 2012-16 წლების არჩევნებში იყენებდა და ახდენდა ამომრჩეველთა მობილიზებას ნაციონალების რევანშის მოგერიების იდეის გარშემო. “ნაცმოძრაობის” და მისი ბელადის დასუსტების პარალელურად, საუბარმა ამ თემაზე აქტუალობა თანდათან დაკარგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მმართველი პარტია უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში დღის წესრიგში მის დაბრუნებას ვერ შეძლებს, მითუმეტეს, რომ ნაციონალები მუქარებს არ წყვეტენ.

2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წელსაც გაგრძელდა “ქართული ოცნების” ყოფილი კოალიციური პარტნიორების მარტივ მამრავლებად დაშლის და დასუსტების პროცესიც. საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ რამდენიმე, ერთმანეთისგან იზოლირებულ სეგმენტად გაყოფილი პოლიტიკური არენა _ ერთში სააკაშვილის პარტია და “ევროპული საქართველო” ძველი “ნაცმოძრაობის” მემკვიდრეობას იყოფენ, მეორეში ამომრჩეველთა ყურადღებისთვის მიკროსკოპული ლიბერალური ჯგუფები იბრძვიან, მესამეში ერთმანეთს დაქსაქსული და ასევე დაუძლურებული კონსერვატიული პარტიები ეჯიბრებიან. ამორჩეველი ერთი სეგმენტიდან მეორეში, პრაქტიკულად, არ გადადის, დიდი ალიანსების შექმნა კი გამორიცხულია. ყოველივე ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2017, უპირველესად, ოპოზიციის დასუსტების წელი იყო.

ვინაიდან ის დაუძლურდა და დიდი ხანია, აღარ სთავაზობს ამომრჩეველს ახალ იდეებს, “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებაში გაიზარდა მოთხოვნა ახალ ალტერნატიულ ძალაზე და კანდიდატზე, რომელიც ძველ პარტიებთან და, ზოგადად, სისტემასთან დაკავშირებული არ იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოებამ “ქართველი მაკრონის” ხილვა ისურვა. ამან უზრუნველყო დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის, წარმატება (მეორე ადგილი) თბილისის მერის არჩევნებში, თუმცა, ვინაიდან, მაკრონისგან განსხვავებით, არც ფული, არც სტრატეგიული დაგეგმარების უნარი გააჩნდა და არც გავლენიანი ფარული მოკავშირეები ჰყავდა, მან სასწაული ვერ მოახდინა, რის გამოც საზოგადოების ნაწილი დაითრგუნა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც საქმე ფაქტობრივ ერთპარტიულობამდე მივიდა და ვიდრე “მოქალაქეთა კავშირის” შიგნით არაფორმალური ფრაქციები ჩამოყალიბდებოდა, წარმატებულ ოპონირებას ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის ნაწილი უწევდა. ეს საზოგადოებას “სანათას ძილით” დაძინების შესაძლებლობას არ აძლევდა, მაგრამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მათი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა, იმიჯი შეილახა, ხოლო საზოგადოებას, ოცი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, ნაკლებად სჯერა, რომ ვიღაც სამართლიანობისთვის გულწრფელად და უანგაროდ იბრძვის. ასე რომ, ამ მხრივ, ხელისულებას თავი ქუდში აქვს. 2017 წელს ფართოდ გავრცელდა და გამყარდა მოსაზრება, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. მაგრამ ოპონენტების დასუსტება-დისკრედიტაციის ფონზე “ქართული ოცნება” საზოგადოებასთან პირისპირ დარჩა, რამაც შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემები შეუქმნას, ვიდრე პაექრობამ “ძველ ოპოზიციასთან”.

ჩვენ მივედით სიტუაციამდე, როდესაც ნებისმიერი კრიზისის დროს საზოგადოების ნაწილი თავს ვალდებულად თვლის (რადგან თავს ერთგვარ “საზოგადოებრივ ოპოზიციად” გრძნობს), მწვავედ გააკრიტიკოს ხელისუფლება სოცქსელებსა და მასმედიაში _ ეს “ქართული ოცნებისთვის” ფრიად უარყოფით ატმოსფეროს ქმნის. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ აგვისტოს ტყის ხანძრები _ ცეცხლოვანი მამლის წლის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ეპიზოდი, რათა ვნახოთ, რომ ხელისუფლება იმ დღეებში ერთ დიდ სამიზნედ იქცა. იგივე განმეროდა 22 ნოემბრის ანტიტერორისტული ოპერაციის დროს და ბევრ სხვა ეპიზოდშიც. ამან შეიძლება მიიყვანოს ხელისუფლება დასკვნამდე, რომ მას ახალი მარიონეტული ოპოზიცია სჭირდება, რომელიც კი გააკრიტიკებს, მაგრამ აქცენტებს ისე დასვამს, რომ ნაკლებ საიმიჯო ზიანს მიაყენებს.

მძიმე დარტყმაქართული ოცნებისავტორიტეტს 2017-ში საკონსტიტუციო რეფორმამ მიაყენა. მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, ეს იყო კონსტიტუციის გაუპატიურება სააკაშვილის სტილში, რომლის მთავარ მიზანს მმართველი პარტიის ხელისუფლებაში დარჩენის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ამ პროცესმა “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში ახლახან შეყვანილი “ახალგაზრდული ფრთის” იმიჯი შეიწირა (და, შესაბამისად, “დიდი მომავალი” მოუსპო) _ სიმპათიური და საზრიანი ახალგაზრდების ნაცვლად, მოსახლეობამ დაინახა ბიორობოტები გაყინული მზერით, რომლებიც ერთსა და იმავე სისულელეს იმეორებდნენ.

ბუნებრივია, 2017-ში მოხდა ბევრი ისეთი რამ, რაც ხელისუფლებას შეეძლო თავის წარმატებად წარმოეჩინა, იქნებოდა ეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან (რომელსაც, ეკონომიკურის გარდა, დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს), მნიშვნელოვანი ცვლილებები “ბაქო-თბილისი-ყარსის”, ანაკლიის პორტის, ახალი სატრანზიტო მილსადენების მიმართულებით, შეიარაღების მოწოდებაზე შეურაცხმყოფელი “არაფორმალური ემბარგოს” დაძლევა, ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ან თუნდაც ისეთი ლოკალური, მაგრამ სასიამოვნო პროექტები, როგორიც, მაგალითად, “პლეხანოვის” განახლება იყო. მაგრამ ხელისუფლება ამ წარმატებების სათანადო პრეზენტაციას ხშირ შემთხვევაში ვერ ახდენდა. ამასთანავე, როგორც უკვე ვთქვით, ოპოზიციის კრახმა საზოგადოების ნაწილი ხელისუფლების აქტიურ ოპონენტად გადააქცია, რომელიც ეძებს ნეგატივს და ვერ ამჩნევს პოზიტივს _ მსგავსი რამ საქართველოში ხდებოდა პერიოდში 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებიდან (როდესაც ოპოზიციის მარცხს უდიდესი იმედგაცრუება მოჰყვა) 2011 წლის ოქტომბრამდე (როდესაც ასპარეზზე ივანიშვილი გამოჩნდა). მაშინ რეჟიმის სისხლიანი დანაშაულებების გამო, გრძნობები უფრო გამძაფრებული იყო, ხოლო სააკაშვილი ამაოდ ცდილობდა, საზოგადოების ყურადღება ინფრასტრუქტურულ წარმატებებზე გადაეტანა, მაგრამ მას, მომხრეების გარდა, არავინ უსმენდა. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორებისა და ლიბერალების დაპირისპირება წელს საკმაოდ აქტიური იყო, “ქართული მარშითადა კონტრმარშით, მიგრაციის შეზღუდვის, ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციის და სხვა თანმდევი თემებით მან საზოგადოების ყურადღება იმ დოზით ვერ მიიპყრო, როგორც, სავარაუდოდ, ხელისუფლებას სურდა.

დიდი გავლენა ქვეყნის ცხოვრებაზე 2017-ში ე.წ. ციანიდის საქმემ მოახდინა. პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მედიაში დაიწყო ღია დისკუსია საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე, სააშკარაოზე გამოვიდა დაპირისპირება მაღალი რანგის იერარქებს შორის და მათ ავტორიტეტს დიდი ზიანი მიადგა, მაგრამ ამავე დროს, ზოგიერთი ლიბერალი კომენტატორის მოლოდინის საპირისპიროდ, ამას მრევლის მნიშვნელოვანი შემცირება და მის შიგნით “სამოქალაქო ომის” დაწყება არ მოჰყოლია. ხელისუფლებამ სავარაუდო “საკადრო” მიზნებს მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს პატრიარქმა თანამოსაყდრის დანიშვნით ინიციატივა ისევ დაიბრუნა.

9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 4 ადამიანი დაიღუპა და ამან რადენიმე დღით გაზარდა საზოგადოების ყურადღება შრომის უსაფრთხოების (შრომის ინსპექციის შექმნა და სხვ.) პრობლემის მიმართ, მაგრამ მალევე ის სხვა თემებზე გადაერთო. იგივე მოხდა “ლეოგრანდის” ხანძრის შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, იგივე ხდება 51- სკოლის მოსწავლეების მკვლელობასთან და სკოლებში უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებითაც _ საზოგადოებას არ შეუძლია ერთ პრობლემაზე ყურადღება ხანგრძლივი დროით შეაჩეროს და ავიწყდება, რას მოითხოვდა მთავრობისგან ორიოდეს კვირის წინათ. შესაბამისად მოქმედებს ხელისუფლებაც _ კრიზისის პერიოდში ის პალიატიურ ზომებს მიმართავს, რათა აჩვენოს, რომ აქტიურად მუშაობს, ხოლო ძირეული რეფორმების გატარებას არ ჩქარობს და ამას, პრინციპში, არც მალავს. “ჩვენ არ გჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება, რათა სკოლა, მისი ტერიტორია და მათ შორის შემოგარენიც იყოს დაცული…”, _ აცხადებს პრემიერმინისტრი და, ალბათ, ყველასთვის ცხადია, რომ ასეთი მიდგომით, სტრატეგიული გადაწყვეტილებების გარეშე ჩვენ კრიზისიდან კრიზისამდე ცხოვრება მოგვიწევს.

საერთოდ, გიორგი კვირიკაშვილისთვის 2017 დაღმასვლის წელი იყო, კახი კალაძისთვის კი _ აღმასვლის, დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიციები გაიმყარა, ალექსანდრე ჯეჯელავამ კი კრახი განიცადა. დაწვრილებით ამაზე მომდევნო კვირას ვისაუბრებთ. ახლა კი, უბრალოდ, აღვნიშნოთ, რომ 2017-ში ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვნად გაზარდა დისტანცია საკუთარ თავსა და ხელისუფლების ზედა რგოლს შორის, ის საზოგადოებაში პრაქტიკულად არ ჩანდა, არ აკეთებდა კომენტარებს აქტუალურ საკითხებზე, წინა წლებისგან განსხვავებით, არ მიუღია (ხილული) აქტიური მონაწილეობა წინასაარჩევნო პროცესებში. ვერ ვიტყვით, რომ ამის გამო საზოგადოებამ ის დაივიწყა ან არ აკისრებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში განვითარებული ნეგატიური პროცესების გამო, მაგრამ ეს კრიტიკა შედარებით იშვიათი და ნაკლებად კონკრეტული გახდა, მთელი რიგი კრიზისების დროს ივანიშვილი აღარ იყო მთავარი სამიზნე. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც გია გაჩეჩილაძის (“უცნობის”) ბოლოდროინდელი კრიტიკა ტარიელ ხეჩიკაშვილის, არსებითად კი გიორგი კვირიკაშვილის მისამართით და თანმდევი კამათი. ამ საქმის ყველა ფიგურანტი ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემის ფარგლებში მოქმედებს და ნებისმიერი ფრაზის წარმოთქმისას მის შესაძლო რეაქციას ითვალისწინებს, მიუხედავად ამისა, ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ივანიშვილი თითქმის არც ერთ კომენტატორს არ ახსენდება (2-3 წლის წინათ ასე არ იქნებოდა). ამ კონტექსტში სხვა მაგალითების გახსენებაც შეიძლება. 2017-ში ივანიშვილი პრაქტიკულად კულისებს მიღმა გაუჩინარდა, რაც მის მიერ შექმნილი სისტემის თავისებურებების და, ასე ვთქვათ, “პასუხისმგებლობის ეროზიის” გათვალისწინებით მის მდგომარეობას აუმჯობესებს.

დიმიტრი მონიავა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here