Home ახალი ამბები მსოფლიო ილჰამ ალიევი – რუსეთმა, უკრაინამ და ევროპის ინსტიტუტებმა მოგვმართეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე...

ილჰამ ალიევი – რუსეთმა, უკრაინამ და ევროპის ინსტიტუტებმა მოგვმართეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი გაგრძელდეს

84

უკრაინამ, რუსეთმა და ევროკავშირმა მიმართეს აზერბაიჯანს, რომ რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი იყოს შენარჩუნებული, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჩერნობიოში საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

ილჰამ ალიევის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ბაქო, უკვე რამდენიმე თვეა, აწარმოებს მოლაპარაკებებს.

„რუსეთი, უკრაინა და ევროპული ინსტიტუტები დაგვიკავშირდნენ უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის გაგრძელებასთან დაკავშირებით. თუ ტრანზიტი შეჩერდება, და ეს დეკემბერში მოხდება, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას სერიოზული სირთულეები შეექმნება ბუნებრივი აირის ფიზიკურ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხოლოდ ამ ქვეყნებისა და უკრაინის მხარდაჭერა გვინდა, რადგან თუ გაზის ტრანზიტი შეჩერდება, უკრაინის გაზის განაწილების სისტემა მთლიანად პარალიზდება“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, ფაქტობრივად, აზერბაიჯანის შუამავლობით ორივე ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელებაზე და აზერბაიჯანული გაზის რუსეთისა და უკრაინის გავლით ევროპაში მიწოდებაზე.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული ოპტიმიზმი, რადგან ამ კონტექსტში ორივე ქვეყანასთან გვაქვს შეხება და ვხედავთ, რომ არსებობს სერიოზული პროგრესის საფუძველი. თუ ამ სფეროში წარმატებას მივაღწევთ, ვფიქრობ, შეგვიძლია გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები ამ ომის დასასრულებლად, რომელიც ანადგურებს მთელ რეგიონს“, – განაცხადა ალიევმა.

ამასთან, ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი რუსეთთან და უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის და ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ ვყოფილვართ და არ ვიქნებით ანტირუსული სანქციების კამპანიის ნაწილი“, – განაცხადა ალიევმა.

ავტორი – მარიამ ახალაია

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here