მთავარი საზოგადოება ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

წერილი მესამე

859
გააზიარეთ
ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

საქართველოს დღეს განსაკუთრებით სჭირდება ისეთი პრობლემების გადაჭრა, როგორიცაა ადამიანთა დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, საექსპორტო პოტენციალისა და ქვეყანაში სავალუტო შემოსავლების მატება, საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაცია და .. სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს უცხოური ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში და სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნა იაფი მუშახელის შეთავაზებით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ იაფ მუშახელს, ძირითადად, არ შეუძლია ხარისხიანად მშენებლობა, რემონტი, გზების დაგება, ინოვაციური პროდუქტის შექმნა და .. ამიტომ, სანამ ქვეყანაში არ შეიცვლება მიდგომა პროფესიული განათლებისადმი და არ მოხდება კვალიფიციური კადრების შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად მომზადება, უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის შემთხვევაშიც კი ვერ მოხერხდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების დონის მნიშვნელოვანი ცვლილება.

ფაქტია, ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია სასურველი, თუ ის ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება. ნებისმიერი კაპიტალი ავტომატურად ვერ ჩაითვლება პოზიტიურ ინვესტიციად, თუ არ შეფასდა მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. როგორც ილიამ მოგვცა მაგალითი, დეტალურად უნდა განვიხილოთ უცხოელი ინვესტორების თითოეული წინადადება, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები; რომ ინვესტორი ქვეყანაში უნდა შემოვიდეს, როგორც პარტნიორი და არა ისე, როგორც ჩვენთან ხდება უმეტეს შემთხვევაში _ 90%-ზე მეტი მას მიაქვს, ადგილზე კი რჩება იაფი მუშახელის ანაზღაურება და ხშირად, მრავალწლიანი შეღავათიანი დაბეგვრის წყალობით, სიმბოლური გადასახადები. ხშირია შემთხვევა, როცა იაფი მუშახელიც თვითონ ჩამოჰყავს ინვესტორს.

აი, რას ამბობს ილია უცხოურ კაპიტალზე: “კაპიტალი, როცა ნამუსიანია, კარგია, მაგრამ უნამუსო კაპიტალი _ ჩარჩული ფული ბუნებითაც მხდალია, იმიტომ, რომ ქურდბაცაცაა _ იქა მკის, სადაც არ უთესია…”, “უფულო ერი ფულიანთა საძოვარი, მისი საცხოვრისი ხდება”. და იქვე დასძენს: “ქურდბაცაცა ბურჟუაზია და კაპიტალიზმის გაუმაძღარი სტომაქი ქართველებს სახსენებელს გაგვიწყვეტს, თუ ჩვენი მხრიდანაც ჩვენი ცხოვრების უწერელი კანონები არ მოვიმარჯვეთ…” ასე რომ, უცხოური ინვესტიციებისთვის უპირობოდ კარის გაღება კარგს არაფერს მოგვიტანს, რადგან ყველა ბიზნესის მთავარი მიზანი მოგების მიღებაა და არა ქველმოქმედება, ამიტომ ჩვენ ის შუალედური ურთიერთობა უნდა ავაწყოთ ინვესტორებთან, რომელიც არა მხოლოდ მისთვისაც იქნება სასარგებლო და საინტერესო, არამედ, პირველ რიგში, ჩვენთვის. თუმასში ჩვენი სახეირო არა არის რა და სავნებელი კია”, უარი უნდა ვთქვათ. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა უცხოური ინვესტიციების აკრძალვასა და მასზე უარის თქმას არ ნიშნავს. აქ საუბარია იმ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოვჩნდეთ და ილიაც სწორედ ამის შესახებ გვაფრთხილებდა, როცა აღნიშნავდა: “ხმლით მოსულმა ვერა დაგვაკლო რაშრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანსქართველებს სახსენებელს გაგვიწყვეტს…” და გვირჩევს ინვესტორებთან ურთიერთობისასოქროს შუალედისმოძებნას.

მეისნერის პროექტი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. #28-29, 2020 .

მაგრამ ვსთქვათ, ბ-ნ მეისნერის მექომაგეთაებრ, რომ ფარატინა ქაღალდმა წაგვიტყუა, და აქაო-და ბევრი ფარატინა ქაღალდი დატრიალდება ხელშიო, ავიღეთ და ღვინის გამრავლებას შევუდეგით მაშინ, როდესაც ყოველივე სხვა გარემოება წინანდელის მაგალითისა დარჩა უცვლელად. ცხადია, რომ ღვინო გავამრავლოთ, პურს უნდა მოვაკლოთ მწარმოებელნი და მიწა. ვსთქვათ, ოთხასის თუნგის მაგიერ ექვსასი თუნგი ღვინო მოვიწადინეთ; თუ ხუთს დღიურს და ათს მწარმოებელს ოთხასი მოყვანდა, ესე იგი ხუთს მწარმოებელს და ორდღიურ-ნახევარს მიწას ორასი, მაშასადამე, პურს უნდა მოვაკლოთ ხუთი მწარმოებელი და ორ-დღიურ-ნახევარი მიწა და ღვინის წარმოებას დავუმატოთ. მართალია, ამით ექვსასი თუნგი ღვინო გვექნება, მაგრამ ამ-რიგად განახევრებული წარმოება პურისა ორას კოდიდამ ასს კოდზე ჩამოხტება. აქედამ 50 კოდი თითონ პურის მწარმოებელთ მოუნდებათ სარჩოდ და 50 კოდი პურიღა იქნება ღვინოზედ გასაცვლელად, მაშინ როდესაც ამას გარდა კიდევ ასი კოდია საჭირო ყველასათვის სარჩოდ და 200 თუნგი ღვინო კი მეტია. ვსთქვათ, მარტო ეს 200 თუნგი ღვინო, რომელიც ჩვენთვის მეტია, გაიტანა ბ-ნმა მეისნერმა და მის სამაგიეროდ ფარატინა ქაღალდი მოგვცა. ნუთუ ეს ფარატინა ქაღალდი პურის დანაკლისს არ გვაგრძნობინებს? ნუთუ პურის მაგივრობას გვიზამს? ნუთუ ამით ჩვენში პური არ დაძვირდება? პური თუკი ერთი-ორად ნაკლები იქნება და საჭიროება იგივე, მისი ფასი, სულ ცოტა რომ ვსთქვათ, ერთი-ორად მაინც აიწევს, და თუ მისი ფასი ფარატინა ქაღალდია, ერთიორად ამ ფარატინას მოითხოვს; რაკი პური ასე დაძვირდება, ამ წარმოებისაგან წასული მწარმოებელი და მიწა ისევ პურს უკანვე დაუბრუნდა იმავე ფარატინების გამორჩომის იმედითა, რამაც წინა მაგალითში ღვინის თაობაზედ წაიტყუა ერთიცა და მეორეც. თუ ფარატინა ქაღალდმა ერთს შემთხვევაში წაგვიტყუა და ღვინის წარმოება გაგვაძლიერებინა პურის დაკლებით, რატომ იგივე ფარატინა არ წაგვიტყუებს მეორე შემთხვევაში და პურის წარმოებას არ გაგვაძლიერებინებს ღვინის წარმოების დაკლებითა? მიზეზი ერთია, შედეგიც ერთი უნდა იყოს. ეს ერთხელ აღძრული ტოკვა სასწორის უღლისა ღვინისა და პურის წარმოების შუა იქამდინ იქნება, ვიდრე ღვინო თავის დონემდე არ დავა და პური თავის დონემდე არ ავა ამ-რიგად უღელი სასწორისა წინანდელ ლარზედ არ დადგება.

მაგრამ გვეტყვიან, რომ ეს ასე არ მოხდებაო, რადგანაც პურის წარმოებაზედ შეგვიძლიან სრულებითაც ხელი ავიღოთო და პური რუსეთიდამ ვზიდოთ იმ ფულის შემწეობით, რასაც ჩვენგან გატანილს ღვინოში ბ-ნი მეისნერი მოგვცემსო. შესაძლოა, მაგრამ ის შემოსული ბ-ნ მეისნერისაგან ფული ამ გზით ხომ ჩვენის ქვეყნიდამ ისევ მთლად გაიზიდება, და იქნება მოჭარბებითაც, რადგანაც პური უფრო აუცილებელი და დიდი საჭიროებაა ჩვენთვის, ვიდრე ღვინო რუსეთისათვის. მაშინ მეისნერის მექომაგეთ ხომ ამითაც გამოეცლებათ ხელიდამ საბუთი, რომ იმედოვნებენ, მისგან შემოტანილი ფული ჩვენშივე დარჩებაო, მაშასადამე, ფული გაგვიმრავლდება და გავბედნიერდებითო. ეს კიდევ არაფერია. საქმე იმაშია, ჩვენ ამით რა მოგვემატება? არაფერი. ჩვენიდამ ღვინო იმდენი გავა, რაც მეტია და სწორედ იმოდენადაც მეტი იქნება, რაც დანაკლისის პურის მოსაპოვებლად საჭიროა. სასწორი ჩვენის სარჩოქონებისა და საქონლისა არ შეიცვლება და ისევ ამ სახისა იქნება: ქონება = 400 თუნგი ღვინო + 200 კოდი პური, საქონელი = 200 თუნგი ღვინო + 100 კოდი პური, – რაც უნდა ბევრმა ფულმა იტრიალოს ამათ სააღებ-მიცემოდ.

ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

ზარალი კი ის იქნება, რომ პური უწინ ახლო საშოვარი იყო და ეხლა შორს საძებნელი გახდება, და როცა ის შორი ბაზარი რომელისამე გარემოებით ჩვენთვის დაიკეტება, მშივრები ამოვწყდებით. ეხლა ერთიც ვიკითხოთ: თუ არა მოგვემატება რა, უტკივარი თავი რათ ავიტკივოთ.

მაშასადამე, მეისნერის დაპირება, რომ ღვინოს თქვენგან ვიყიდი, რომ ისევ გავყიდოო, ესე იგი _ ამ სახის ღვინის ვაჭრობას გავმართაო, _ არასგზით და არასმხრით ჩვენდა სახეიროდ არ უნდა იყოს ცნობილი.

საზოგადოდ, ვაჭრობა იმ მხრით კი არ არის სახეირო ქვეყნისათვის, რომ ქვეყნის მეტი სარჩო გაიტანოს, არამედ იმ მხრით, რომ იმ მეტის სარჩოთი ის აშოვინოს, რაც აკლია ქვეყანას დანარჩენ სარჩოდ.

“ვაჭრობის სარგებლობა, _ ამბობს ზემოთვე ხსენებული მეცნიერი, _ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ გაჰყიდოს საქონელი, როგორც აქამომდე ეგონათ, არამედ იმაში, რომ გასასყიდი საქონელი საშუალებად ხდება სასყიდის საქონლის შესაძენადაო”.

მეორე პირობა მეისნერისა, რომელიც დიდ ბედნიერებად მიაჩნია მის მექომაგეთ, ის არის, რომ თქვენს ღვინოს სხვა ახალს ბაზარს გავუჩენო. აბა ეს არის ის კაი ფონი, რომელიც ერთს ადგილას აღრჩობს. სხვა ახალის ბაზრის აჩენა მაშინ არის კარგი, როცა უკვე აჩენილი, ესე იგი დღევანდელი ბაზარი, არ იტევს საქონელსა. მაშინ ქვეყანა ან ახალს ბაზარს ეძებს საქონლისათვის, ან, თუ ვერ იშოვა, თითონ წარმოებას შეაცოტავებს, თუ სხვა გარემოებანი უცვლელნი არიან.

ეხლა ერთი ვიკითხოთ: ნუთუ მართლა იმოდენა ღვინო მოდის ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩვენში ვეღარა საღდება. ამაზედ ჰოს ვერავინ გვეტყვის, თუ ალალბედად თქმა არ იკადრა, და თუ იკადრა, ამასაც იტყვის, რომ ათში ერთი ჩაფი იყიდება ჩვენშიო და დანარჩენი ცხრა ჩაფი გაუსყიდავი რჩებაო?

მართალია, ჩვენში ხშირად ისმის ჩივილი, ღვინო არ გვეყიდებაო, მაგრამ მაგასვე პურის პატრონიც იძახის პურის შესახებ, მატყლისა _ მატყლის შესახებ, შეშისა _ შეშის შესახებ და სხვა ამგვარი. ნუთუ აქედამ ის დასკვნა უნდა გამოიყვანოს კაცმა, რომ ყოველივე ამ ნაწარმოებით ჩვენი ბაზარი იმოდენად სავსეა, რომ ყოველს ამას აღარ იტევს, ყოველივე ეს ვერა საღდება უმუშტრობის გამო.

თუ ეს საჩივარი გამსყიდველთა მართალია, აბა, ეხლა ყური დაუგდეთ, რა საჩივარი ისმის იმავე დროს და იმავე ბაზარში მყიდველთაგან: ღვინო ძვირია, პური ძვირია, საკლავი ძვირია, ლამის გავტყავდეთო. ეს ჩივილი რომ ვთარგმნოთ, იმასა ნიშნავს, რომ ჩვენი ბაზარი ყოველ ამით არამც თუ სავსეა, ნაკლულადაც არის, თუ ნაკლულად არ იყოს, იეფობა იქნებოდა. ეს ორი საჩივარი რომ ერთმანეთს პირში წავუყენოთ, გამოვა, რომ ერთსა და იმავე ბაზარში ერთობ საქონელი ბევრიც არის და ცოტაც ერთსა და იმავე დროს.

მაშასადამე, მართალი ორში რომელი ერთია? ცხადია, არც ერთი. მართალი სწორედ ამათ შუაა და ვერც ერთს კი ხელი ვერ ჩაუვლია. საქმე იმაშია, _ ვერც საქონლის გამსყიდავი, როგორც კერძო პირი, ვერც მსყიდავი, ვერა სცნობს ეკონომიურს ვითარებას რომელიმე დროისას და ამიტომ ჰგონია ერთსაც და მეორესაც, რომ სასწორს საქონლის ღირებულებისას თავიანთ სურვილისამებრ თუნდა ასწევენ, თუნდა დასწევენ მარტო თავის სასარგებლოდ. როცა ღვინის პატრონი ჩივის, ღვინო არ მეყიდებაო, ეგ ჩივილი ასე უნდა ითარგმნოს, რომ იმ ფასად არ ეყიდება, რამოდენიც გულში ჩაუდვია, და როცა იმავე დროს ღვინის მსმელი, ესე იგი მუშტარი, ჩივის, ღვინო ძვირიაო, ეს იმასა ნიშნავს, რომ იმ ფასად ვერ უყიდნია, რაც ემეტება.

ტყუილია, თუ ეკონომიური ვითარება საზოგადოდ ისეთია, რომ ორ თუნგ ღვინოზედ მარტო ერთი კოდი პური იშოვება, რაც უნდა მაღლა ასწიოთ თქვენის ღვინის ფასი, მაინც იმოდენას მოგცემენ, რამოდენადაც ერთი კოდი პური იყიდება იმავე დროს და იმავე ბაზარში. თუ არადა ღვინოა, თუ პური, შინ დაგრჩებათ თქვენისავე ახირებით და არა იმიტომ, რომ მსყიდველი არ არის. აბა ღვინის გამსყიდველმა პატრონმა ამ საზოგადო ეკონომიურს ვითარებას შეუტოლოს ღირებულება თავის საქონლისა, თუ ჩვენმა ბაზარმა ყოველივე ეს არ მოიზიდოს და არ დაიტოვოს. ეგევე ითქმის საზოგადოდ სხვა საქონელზედაც, როდესაც იმავე დროს და იმავე ბაზარში საქონლის პირდაპირი მხმარებელი ჩივის, საქონელი გაძვირდაო.

შორს რათ მივდივართ: რომ ჩვენი, თუნდაც კამისიისაგან ეგრე დაწუნებული ტფილისის ბაზარი იტევს მთელს ჩვენს ნაწარმოებს ღვინოს და თითქმის არცა ჰყოფნის, ამის დასამტკიცებლად საკმაოა ვსთქვათ, _ რომ დღეს ტფილისში არამც თუ მარტო ქართლ-კახეთის ღვინო საღდება, როგორც უწინ, არამედ იმერეთიდამაც დიდძალი ღვინო შემოდის.

დრო იყო, რომ საფრანგეთიდამაც შემოიტანეს და მუშტარს შოულობდნენ.

მაშ რა საბუთი გვაქვს, რომ ვამბობთ, ჩვენი ღვინო ჭარბია ჩვენის ბაზრისათვისაო? მაშ რას გვიხარიან ახალის ბაზრის აჩენა?

შინაური მიმოხილვა. 1882 წელი, დეკემბერი

ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

ღვინის ქართულად დაყენება

(ნაწყვეტი)

აი რას ამბობდა ილია ჭავჭავაძე ღვინის სასარგებლო თვისებების შესახებ:

მინამ შევუდგებოდეთ იმის გარჩევას, თუ რომელი კეთება ღვინისა უმჯობესია, ჩვენებური თუ სხვაებური, და ერთისა და მეორის ავკარგიანობას ერთმანეთს პირში წაუყენებდეთ უტყუარის განაჩენის დასადგენად, საჭიროა ვიცოდეთ, რაშია ჭეშმარიტი ღირსება ღვინისა. რა თქმა უნდა, ღვინო, როგორც სასმელი, რომელსაც მარტო ადამიანი ჰხმარობს, უნდა გაისინჯოს იმისდა მიხედვით თუ, რაგვარ უხდება, რაგვარს შემწეობას უწევს ადამიანის აგებულებას, ანუ, უკედ ვსთქვათ, რა უნდა მოეთხოვებოდეს ღვინოსა.ამ საგანზედ აი რა აზრია გამოთქმული მეცნიერთაგან. ღვინო საკვებავი არ არის ადამიანის აგებულებისათვის; იგი აგებულებას საზრდოს არ აძლევსო; იგი მარტო სანელებელია და ყველაზედ უკეთესი სანელებელიც, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის ძარღვებსა, გუნებასა და გონებაზედა. ამისთანა თვისებამ ღვინისამ ისეთს აღტაცებაში მოიყვანა ძველს დროში ასკლეპიადი, ჰიპოკრატის მიმდევარი, რომ მან თავის თხზულებაში სთქვა: “ღმერთთა ძლიერებამა არა მგონია იმოდენა ჰქმნას, რაც ღვინის სიკეთემ და სარგებლობამაო”.

ეს ასკლეპიადი პირველი იყო, რომ სხვადასხვაგვარს სნეულებას უფრო ღვინით სწამლობდა. მის მაგალითს აჰყვნენ ბოლოს მკურნალნი სიდენჰამი, სვიტენი, ჰუფელანდი, გრანტი, ჰუქსამი და დასასრულ, ბროუნიცა, რომელმაც მთელი სკოლა მკურნალობისა შეადგინა ინგლისში და მისი ღვინით წამლობა დღესაც ცნობილია მისისავე სახელით “ბროუნიზმი”. მკურნალი სტოკესი დუბლინში სახადს და საოფლეს ღვინით არჩენს, ფოდერე წითელას მარტო ღვინითა სწამლობს, ლებენსტეინ-ლებელი თითქმის ყველა სენსა მარტო ღვინითა ჰკურნავს.

ეს ღვინის მარგებლობა დამტკიცებულია მეცნიერთა გამოცდილებითა. მაგალითებრ, ზღვაში ღელვის დროს ორი გემი მომწყდეული ყოფილა, ერთი ინგლისელებისა და მეორე ფრანგებისა, ორსავე გემში გაჩენილიყო ერთგვარი ავადმყოფობა, რომელსაც ჩვენში პირის ტკივილს, და უფრო გაძლიერებულს, ვგონებთ, ელქანს ეძახიან, და მკურნალობაში “სკორბუტი” ჰქვიან. ფრანგის მეხომალდეთა, რომელთაც ღვინოს ასმევდნენ თურმე, ამ საშინელმა სნეულებამ არა დააკლო რა, ინგლისელები კი არაყს ასმევდნენ და კინაღამ არ გაწყდნენ. როდესაც პარიჟს გარს ერტყა გერმანიის ჯარი და გასვლა-გამოსვლა აღარავის შეეძლო, ზემოხსენებული სენი საშინელის სიმძლავრით გაჩნდა. მაშინ მკურნალმა ბრუადელმა ღვინო იხმარა წამლად და ამით არჩინა სნეულნი.

ამასაც ამბობენ, ვითომც ციებ-ცხელებაში ცხროებას ანელებს ღვინო და საზოგადოდ აგრილებს ადამიანის აგებულებასა. ერთი საფრანგეთის მწერალი თურმე ამტკიცებს, რომ იმ ქვეყნის ერი, საცა ღვინო მოდის, უფრო გონებით სწრაფია, მოსწრებულია, მახვილგონიერია, ვიდრე იმ ქვეყნისა, საცა სასმელად ლუდსა (პივას) ჰხმარობენო. ეს იქნება გერმანელთა მტრობით მოსდის ფრანგსა, იქნება ყოველს ამაში ცოტად თუ ბევრად გადაჭარბებაც იყოს, მაგრამ ის კი უეჭველია, რომ ზომიერად მიღებული ღვინო ძალიანა ჰრგებს ადამიანსა; ამღერებს და აღონიერებს ძარღვებს მოქმედებისათვის, ადამიანის აგებულებას, კუჭსა ჰშველის კარგად მოხარშვას და მონელებას საჭმლისას და ყოველ ამით აძლიერებს ძალსა საცხოვრისას. ამ სახით, ამბობს ერთი მწერალი, ღვინო მარგებელი სანელებელია, ყველა სანელებლებზედ გაცილებით უმჯობესი და უპატიოსნესი, იმიტომ რომ ყველაზედ უკეთ აღამაღლებს ხოლმე ადამიანის ჭკუასა და გულსა. ერთი ყლაპი კარგის ღვინისა გამოახალასებს მოხუცსა და გამოაცოცხლებს სნეულსა, იგი ღონეს მოუკრებს ხოლმე დაუძლურებულს და დასუსტებულსა.

რა ჰხდის ღვინოს ესოდენ მარგებელად, ესოდენ სასარგებლოდ! მარტო ერთი ყოვლადშემძლებელი, შეუცდომელი, გაბრძნობილი ოსტატი, რომელსაც ბუნება ჰქვიან. მარტო ბუნებურს ღვინოსა სჭირს ესოდენი სიკეთე, ესოდენი მადლი”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here