Home რუბრიკები საზოგადოება ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

1248
ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

წერილი პირველი

რამდენიმე წელიწადია, რაც ჩვენი გაზეთი ადგილს უთმობს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკასა და მის ანალიზს; ცდილობს, დიდი ქართველი მამულიშვილის თვალით შეხედოს თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ჩამოყალიბების რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესებს და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას თვით ილიას ფენომენს საქართველოს ისტორიულ წარსულსა და მის მომავალში; ხაზი გაუსვას იმას, რომ ილია ჭავჭავაძის მიერ მარადიულ ფასეულობად მიჩნეულიმამული, ენა, სარწმუნოებაკვლავაც აუცილებელი წანამძღვარია ქვეყნისთვის რეალური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, უცილობელი პირობა მისი შემდგომი სრულფასოვანი არსებობაგანვითარების.

დასანანია, რომ ილიას თანამედროვეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ყრუ, ბრმა და უმეცარიც აღმოჩნდა ერის მოძღვრის შეგონებებისა და მოწოდებებისადმი; მით უფრო დასანანია, რომ მას შემდეგაც კიბედნიერ ერსთავისბედნიერებაზეუარი არ უთქვამს, არავის არ გამოუვლენია მსგავსი კრიტიკული დამოკიდებულება არსებული კრიზისული ვითარებისადმი და არ მოუცია მისი ყოვლისმომცველი ანალიზი, ამიტომ არის დღეს აუცილებელი, ყოველგვარი გაფეტიშების გარეშე, ამ ფენომენის სიღრმისეული გააზრება.

ამჯერად მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ ილია ჭავჭავაძის შეხედულებებზე უცხოური ინვესტიციების მიმართ. დაკვირვებულ მკითხველს არც პარალელების გავლება გაუჭირდება ამ მხრივ დღეს არსებულ ვითარებასთან და იმის დანახვა, მართლაც მივდივართ თუ არა ილიას გზით.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეკონომიკის განვითარების საფუძველი როგორც მსოფლიოში, ისე ცალკეულ ქვეყნებში საბანკო კრედიტია. იგი ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ სესხი გრძელვადიანია და წლიური პროცენტი _ მცირე. სხვა შემთხვევაში, ქვეყანა იძულებულია, მიმართოს სხვა გზას _ მოიზიდოს უცხოური კაპიტალი და ადგილობრივ წარმოებაში დააბანდოს. საქართველოს კანონისსაქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებმე-3 მუხლის თანახმად, ინვესტიცია არისსახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დარგის საწარმოში, საწარმოოსაინვესტიციო პროგრამებსა და საწარმოოსაინვესტიციო პროექტებში კაპიტალის დაბანდება, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალური ეფექტიანობით ამოქმედება და წარმოების განვითარების ხელშეწყობით უმუშევრობის დონის შემცირება”. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ ინვესტორი აქ მხოლოდ იმიტომ ჩამოდის, რომ ძალიან ადარდებს ჩვენი ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალური ეფექტიანობით ამოქმედება და უმუშევრობის დონის შემცირება. რა თქმა უნდა, არა! ინვესტორი ხომ ყველაფერს სათავისოდ აკეთებს?! ასე იყო ოდითგან.

მე-19 საუკუნის ბოლო ხანებში რუსეთის იმპერიის ეკონომიკაში დიდძალი კაპიტალი დააბანდა ვინმე უცხოელმა ინვესტორმა, ბატონმა მეისნერმა, რომელმაც მოინდომა კახეთის ზვრების შესყიდვაც. ამისათვის მან საქართველოს სამეურნეო საზოგადოებას შესთავაზა ორმილიონნახევარი მაშინდელი ფულით. საზოგადოების ნაწილს დიდი იმედი მიეცა, რომ გამდიდრდებოდა, ნაწილი ეჭვის თვალით უყურებდა.

ამ საკითხს გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე. მან 1882 წლის დეკემბერში ჟურნალივერიაშითავისშინაურ მიმოხილვაშიდაბეჭდა სტატია სათაურით: “ მეისნერის პროექტი”. ის ჯერ შეეხო რა კაპიტალის ძირითადი ცნებების: ღირებულებისა და ფასის განმარტებას, შემდეგ ეკონომიკური თეორიის მოშველიებითა და თავისი პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე დაასკვნა, რომ ბატონი მეისნერის პროექტი გააღატაკებდა ჩვენს გამრჯე გლეხობას _ დაისაკუთრებდა კახეთის ზვრებს და ჩვენსავე ღვინოს მამასისხლად შეგვასყიდვინებდა. ილია ჭავჭავაძის ამ დასკვნის შემდეგ საქართველოს სამეურნეო საზოგადოება მიხვდა თავის შეცდომას დასაიმპერიო ინვესტორის”, ბატონ მეისნერის პროექტს უარი ეთქვა.

მეისნერის პროექტი

ბევრი სთქვეს და ბევრი სწერეს ჰო და არაც ბ-ნ მეისნერის პროექტის თაობაზედ და ყოველივე ეს თქმული და დაწერილი რომ საქაჯავში გავატაროთ, დარჩება შემდეგი დასკვნანი, ერთის მხრით _ მექომაგეთა და მეორის მხრით _ მეწინააღმდეგეთა.

პირველთა ნაბოლოვარნი დასკვნანი იმაში მდგომარეობენ, რომ:

1) ჩვენი ქვეყანა ფულით ღარიბია და, 2 მილიონი რომ შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში _ სასარგებლოა;

2) ღვინო ხშირად გაუსყიდავი გვრჩება, რადგანაც მუშტარი არ არის; მეისნერის ამხანაგობა ორმილიონნახევრით მოდის ჩვენის ღვინის სასყიდლად, მაშასადამე, სასარგებლო იქნებაო;

3) ჩვენს ღვინოს ეხლა მარტო ერთი ბაზარი აქვს _ ქალაქი ტფილისი, მეისნერის ამხანაგობა მთელს რუსეთსა ხდის ჩვენის ღვინის ბაზრად და, რადგანაც ბაზრის გადიდებას, მუშტრის გამრავლებას, ფასების აწევა მოსდევსო, ჩვენის ღვინის ფასი აიწევსო და ჩვენი ქვეყანა ღვინის წარმოებიდამ უფრო დიდ გამორჩომას ნახავს, ვიდრე ეხლაო;

4) დიდ მუშტარს დიდი გაძღოლა უნდა, დიდძალი ღვინოო; დიდძალ ღვინოს დიდი ვენახები უნდა; მაშასადამე, უფრო მეტს ვენახებს გავაშენებთ დიდის ბაზარის და დიდის გამორჩომის იმედითაო; ქვეყანა ამ მხრითაც გამდიდრდებაო;

5) ეხლანდელი ჩვენი ღვინო მოკლებულია სავაჭრო ღირსებასა, რადგანაც კარგად ნაკეთები, კარგად დაყენებული არ არისო; ამის გამო ვერც ერთნაირის გემოს ღვინოს ვასმევთ მუშტარსა მუდმივ და ვერც დიდხანს შესანახი და არც მუშტარის მიმზიდველიაო.

ბ-ნ მეისნერის პროექტი გვპირდება, რომ თქვენის ღვინოების კეთებას მე შევუდგებიო, და რაც ღვინისათვის ღირსებაა საჭირო, რომ სავაჭრო საქონლად გახდეს, ყოველ იმ ღირსებას მივანიჭებო. ამისათვის იმოდენა ფულის გადადება შეეძლება ბ-ნ მეისნერის ამხანაგობას, რაც საჭიროა და რასაც ცალკე მემამულე, ნამეტნავად ჩვენისთანა ღარიბი, ვერ შესძლებსო. გარდა ამისა ღვინის კეთების მცოდნე კაცებსაც მოიწვევს, მათისა და ფულის შემწეობით ჩვენს ღვინოებს გააკეთებს უფრო უკეთესად და იმათგან ჩვენც ვისწავლით ღვინის კეთებას და ამ მხრითაც ბ-ნ მეისნერის ამხანაგობა ჩვენთვის სასარგებლო იქნებაო.

მეწინააღმდეგეთა აზრი ამ მექომაგეთაგან დახატულ ბედნიერებაზედ ძლიერ შორს არის.

ესენი ამტკიცებენ, რომ:

1) მაგოდენა ფულის შემოსევა ჩვენში, მერე ერთისა და იმავე ინტერესით განწყობილ საზოგადოების ხელში, იმასა იქმსო, რომ წვრილ ვაჭარს აღარ გააჭაჭანებს ღვინის ვაჭრობის მოედანზედაო და, როგორც ქორი წიწილებს, ისე შემოიფრთხობსო. რაკი მოცილენი აღარ ეყოლებიან და ღვინის მსყიდველად მარტო თითონ დარჩება ბაზრის მოედანზედ, მაშინ ღვინოში იმ ფასს შემოგვაძლევენ, რაც გუნებაში მოუვათ. რადგანაც ფული მარტო მოგებას ხარბობს და რადგანაც მოგება ვაჭრობისა იმოდენად დიდია, რამოდენადაც სხვათა შორის საგანი ვაჭრობისა იეფად ნასყიდია, ამიტომაც ღვინის ფასს იმოდენად დასწევენ, რამოდენადაც ხარბობა ფულისა გულს მოისუყებს; ყველამ ვიცით, რომ ხარბობას ფულისას სამზღვარი არა აქვსო.

2) ახალის ბაზარის აჩენა, ანუ უკეთ ვსთქვათ, ჩვენის ღვინის გატანა და გასაღება რუსეთში ამ ყოფაში, რა ყოფაშიაც დღეს ჩვენა ვართ, კი არ გაგვამდიდრებს, გაგვაღარიბებს იმოდენად, რამოდენადაც ღვინო შინაურ სახმარებლად ჩვენ დაგვაკლდებაო. იმიტომ _ რომ ჩვენი ქვეყანა ღვინის სმას ჩვეულია, ეგ ჩვეულება ისე აქვსგამჯდარი სულსა და ხორცში, რომ თითქმის პირველ საჭიროებად ჩაითვლება. ღვინო რომ რუსეთში გავიდეს ჩვენიდამ, ჩვენს ქვეყანას ღვინო მოაკლდება და იმოდენად დაძვირდება, რომ ღვინის ჩვეულმა ხელი უნდა აიღოს ღვინოზედ. რომ ამისთანა საჭიროებაზედ, როგორც ჩვენში ღვინოა, ჩვენმა ქვეყანამ ხელი აიღოს, ეგ გამდიდრება კი არ არის, დაკლებაა და დაკლება კიდევ გაღარიბებაა.

3) მეისნერის ამხანაგობის გამო ვენახები კი არ მოემატება ჩვენს ქვეყანას, არამედ ისიც ხელიდამ გამოეცლებათ, რაც დღევანდელ მემამულეებს ხელში უჭირავთ. ღვინის ფასების ძლიერ დაწევა მაგ ამხანაგობის ხელში იქნება უცილოდ, თუ, როგორც ვთქვით, ბურთი და მოედანი ღვინის ვაჭრობისა გაისაკუთრა, და შესაძლოა მაგ დაწევამ ღვინის ფასისამ იქამდის მიაღწიოს, რომ ვენახების გაშენება, მოვლა და შემუშავება საზარალოდ გაუხდეს დღევანდელს პატრონს. მაშინ ან უნდა გადახნას, ან ჩალის ფასად დაუთმოს მეისნერის ამხანაგობას;

4) ორმილიონნახევარი ფული თუ ღვინის გადაკეთებას შეუდგება ჩვენში, ამისათვის მუშახელია საჭირო, სახელდობრ იმისთანა ხელი, რომელსაც სახსარი ცხოვრებისა არა აქვსრა, გარდა თავის მარჯვენისა. მაგისთანა ბოგანა კაცი ჩვენში არ არის; მაგ ფულმა უნდა შეჰქმნას მაგისთანანი, თუ უნდა, რომ უქმად და უსარგებლოდ არ დარჩეს. თუ ეს ასე მოხდა, უბედურობა იქნება ქვეყნისათვის.

აი, როგორც ხედავს მკითხველი, ბ-ნ მეისნერის პროექტის გამო ჩვენმა საზოგადოებამ საერთოდ და მეურნეობისამ ცალკედ რა ნარდის ფიცარზედ გადიტანა კამათლები. ეს ფიცარი საპოლიტიკო ეკონომიის მეცნიერებაა. ჩვენ დავპირდით მკითხველებს, რომ ამ აზრების კრიტიკას შევუდგებით-მეთქი. მაგრამ, ცოტა არ არის, წინ უზარმაზარი კედელი დაგვხვდა. იმიტომ კი არა, რომ იმ ნარდის ფიცარზედ, რომელზედაც გადატანილია ეხლა კამათლები, ჩვენ კამათლის აყრას ვერ მოვახერხებთ. არა, ამას როგორც იქნება კიდევ გავუძღვებოდით.

ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი უცხოური ინვესტიციების შესახებ

გაჭირვება აი რაშია: აქ ისეთი მხარეებია მეცნიერებისა ხელშეხებული, რომ მთელი ტრაქტატი საპოლიტიკო ეკონომიისა მოუნდება კაცს, რომ არ დაიბნას და თავის საკუთარის მსჯელობისათვის გზა გაიკვლიოს; სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ, ჯერ პირველი, ღონე არა გვაქვს ამ ტრაქტატის დასაწერად და მერმე, თუნდაც შეგვეძლოს, სად დავტიოთ მაგოდენა ტრაქტატი, და მესამე, _ თუნდაც დატევაც შეიძლებოდეს, რა სიტყვიერებით გამოვსთქვათ. ჩვენდა სამწუხაროდ, მაგ მეცნიერებისათვის ჩვენი ენა მუნჯია ჯერ-ხანად, არც ტერმინებია დადგენილი და მიღებული საერთოდ, არც თითონ ეგრეთ-წოდებული ფრაზეოლოგია. ამიტომაც ერთს უმთავრესს სიძნელეს ამ “შინაურის მიმოხილვისას” ეს უკანასკნელი ნაკლი ჩვენის სიტყვიერებისა შეადგენს.

მაშასადამე, დღეს ჩვენისმიმოხილვისუმთავრეს გაჭირვებას შეადგენს ორი საგანი:

ერთი ისა, რომ როგორ ავცდეთ და არ გავაბათ საპოლიტიკო ეკონომიის რთულს კანონების გამოკვლევაში, როცა იგი კანონები საჭირონი იქნებიან, და მეორე _ როგორი სიტყვიერება ვიხმაროთ, რომ ჩვენი წერილი ადვილად გასაგებიც იყოს და თვით საგანიც უნაკლოდ აგვიხსნას. თქმა აღარ უნდა, ამ ორსავე შემთხვევაში ბევრი ნაკლი შამოგვერევა და წინათვე ბოდიშს ვიხდით.

ღრმად რომ ჩავაკვირდეთ ყოველს თქმულს და დაწერილს ბ-ნ მეისნერის პროექტის თაობაზედ, დავინახავთ, რომ ორისავე მხარის მსჯელობა _ მექომაგეთა თუ მეწინააღმდეგეთა _ უმთავრესად ერთს საგანს დასტრიალებს, სახელდობრ იმას თუ, კარგი იქნება თუ ცუდი ჩვენის ქვეყნისათვის მოვლენა ორმილიონნახევარ ფულისა იმ დანიშნულებით, რომელიც უკისრებია მაგ ფულისათვის მეისნერის პროექტს.

მაშასადამე, რომ გულდაჯერებით და გულმართლად მიუდგეს კაცი ან ერთს აზრს, ან მეორეს, ყველაზედ უწინარეს საჭიროა, ვიცოდეთ, რა საქმე შეიძლება ვაკისროთ ფულს საზოგადოდ საპოლიტიკო ეკონომიის მიხედვით და რა საქმე უკისრებია კერძოდ მეისნერს იმ ორმილიონნახევრისათვის, რომელიც, როგორც უჩვეულებს, ისე ზორბად მიგვაჩნია, რომ ზოგს სიხარულით ფეხზედ არ აყენებს, აბა, ეხლა გავმდიდრდებითო, და ზოგს შიშით აკანკალებს, აბა ეხლა დავიღუპებითო.

ამისათვის ჩვენ წინ წავიმძღვარებთ იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც ყოველივე ის ღირსება აქვს, რაც აქსიომას. ყოველი კაცი, ეკონომიურის თვალით რომ გავშინჯოთ, ამღებია და გამცემი საქონლისა. მეცნიერება საქონლის (товар) სახელს იმისთანა ნაწილს შრომის ნაყოფისას სდებს, რომელიც ნამეტურია, ანუ მოჭარბებულია მასზედ, რაც პირდაპირ სახმარად პატრონისათვის საჭიროა. მაგალითებრ, თუ ჩემს პირდაპირ სახმარად თორმეტი კოდი პურია საჭირო და თუ მე ხუთმეტი მაქვს, მარტო სამს ნამეტურს კოდს საქონელი ჰქვიან. ამისდა მიხედვით, რომ გადმოვთარგმნოთ ზემოთ-მოყვანილი წინადადება, გამოვა, რომ ურთიერთობითი ეკონომიური დამოკიდებულება კაცთა შორის წარმოსდგება მაშინ, როცა კაცთა მოჭარბებული აქვთ ნაყოფი თავიანთის შრომისა და აკლიათ მოჭარბებული ნაყოფი სხვის შრომისა. როცა ესენი ერთმანეთს შეხვდებიან, ყოველი მათგანი ერთიმეორის წინაშე ამღებიც არის და გამცემიც ერთსა და იმავე დროს, რადგანაც ერთი იღებს მას _ რასაც მეორე გასცემს, და გასცემს მას _ რასაც მეორე იღებს. მაგალითებრ, მე ღვინო მაქვს მეტი და მაკლია პური, თქვენ პური გაქვთ მეტი და გაკლიათ ღვინო, შევხვდით ერთმანეთს სააღებ-მიცემოდ, რა ვარ მე თქვენს წინაშე და რა ხართ თქვენ ჩემს წინაშე? მე ვარ თქვენს წინაშე გამცემი ღვინისა და იმავე დროს ამღები პურისა, თქვენ ხართ ჩემს წინაშე გამცემი პურისა და იმავე დროს ამღები ღვინისა, ესე, რომ ერთმანეთის წინაშე ორნივ ერთ და იმავე დროს ამღებნიცა ვართ და გამცემნიცა. ამ სახით, ყოველი კაცი, ეკონომიურის თვალით, ერთსა და იმავე დროს ამღებიც არის და გამცემიც, როცა სხვა კაცს შეხვდება საეკონომიო მოედანზედ. ეს არის ერთად-ერთი მხოლოობითი ეკონომიური დამოკიდებულება კაცთა შორის და კაცობრიობამ ჯერ ამის გარდა სხვა ეკონომიური დამოკიდებულება არ იცის.

ეს მოქმედება, ანუ უკეთ ვსთქვათ, საქმიანობა, რომელიც შეახვედრებს ხოლმე ერთმანეთს საქონლის პატრონებს, მარტივი გაცვლაგამოცვლაა საქონლისა საქონელზედ. ამ მოქმედებას ჩვენს ენაზედ, ჩვენის ფიქრით, ზედგამოჭრილი სახელი ჰქვიან: აღებმიცემობა (обмен). აქ პირდაპირ საქონელი საქონელზედ იცვლება, პირდაპირ, ურარაოდ ხელიდამ ხელში გადადის. ხოლო ეს მარტივი სახე აღებ-მიცემობისა ყოველთვის არ არის სახერხო ადამიანისათვის, ზოგჯერ დიდს ხანს და დიდს ჯაფას თხოულობს, რომ მოხერხდეს, ნამეტნავად მაშინ, როცა ეკონომიური და საზოგადაებრივი ცხოვრება უფრო რთულად მოეწყობა ხოლმე პროგრესის ზემოქმედების გამო. აქ საჭიროა ორი პირობა: ერთი _ რომ ჩემი საქონელი სხვას უჭირდეს და მეორე _ რომ სწორედ იმ სხვის საქონელი მე მიჭირდეს. აღება (спрос) და მიცემა (предложение) ერთს დასახელებულ საქონელზეა მიქცეული, რომელიც თავისის თვისებით და სახით წინათვე განსაზღვრულია. როცა მე პური მიჭირს და ღვინო მეტი მაქვს, აქ მარტო პური გაიცვლება ღვინოზედ და ღვინო პურზედ და სხვა არარაზედ. აქ სააღებ-მისაცემო საქონელი წინათვე დასახელებულია და უსათუოდ ერთისა და მეორის მხრისათვისაც იმ სახელის, თვისების და სახის საქონელი უნდა იყოს და არა სხვა, თორემ აღებ-მიცემობა არ მოხდება.

ეს მიზეზი, რომელიც, მაგალითებრ, ღვინის გამცემს და პურის ამღებს აიძულებს, უსათუოდ ისეთი კაცი იპოვოს, რომელიც პურის გამცემია და ღვინის ამღები, ძალიან აძნელებს საქმეს, აგვიანებს და აფერხებს საქონლის ხალხში მორიგებას, მიმოსვლას, ხელიდამ ხელში გადასვლას.

ესეთი აღებ-მიცემობა, ესეთი პირდაპირი ცვლა ერთის საქონლისა მეორეზედ, ეს უხერხო, დამაგვიანებელი მოქმედება თავისის საქონლის გაცემისა და სხვის აღებისა, იმ დრომდე სუფევდა ქვეყნიერობაზედ, ვიდრე კაცობრიობამ არ მოიგონა ერთი განსაკუთრებითი საშუალება. ეს საშუალება იმისთანა რამ არის, რომ ოღონდ ჩემის საქონლის ამღები კი ვიპოვო და იმას აღარ ვზრუნავ, ექნება თუ არა ის საქონელი, რომელიც სახელდობრ მე მიჭირს პირდაპირ მოსახმარად. რაკი ამისთანა საშუალება იპოვეს, მას შემდეგ აღებ-მიცემობის მოსახდენად საჭიროა მხოლოდ ორში ერთი იმ პირობათაგანი, რომელნიც მარტივს აღებ-მიცემობაში ორნი ერთად და ერთ დროს საჭირონი იყვნენ, იმიტომ რომ ამ საშუალების შემწეობით აღება ჩემთვის საჭირო საქონლისა მაშინაც შემიძლიან, როცა ჩემის საქონლის გაცემა სხვისთვის ერთსა და იმავე დროს და პირდაპირ საჭირო არ არის. აგრეთვე გაცემაც ჩემის საქონლისა მაშინაც შემიძლიან, როცა აღება სხვის საქონლისა არ არის ჩემთვის საჭირო იმავე დროს და პირდაპირვე.

მაგალითებრ, რაკი ის საშუალება ხელთ არის, მაშინ, როცა აღება მინდა, ვსთქვათ, პურისა ჩემდა სახმარად, მარტო იმას ვეძებ, ვინც პურის გამცემია, და როცა, ვსთქვათ, ღვინის გაცემა მინდა, მაშინ იმას ვეძებ, ვინც ღვინის ამღებია მხოლოდ; მარტივ აღებ-მიცემობაში-კი პურის გამცემს უსათუოდ ჩემის ღვინის საჭიროებაც უნდა ჰქონდეს და მე, ღვინის გამცემს, პურისაც ერთსა და იმავე დროს.

აშკარაა, ამისთანა საშუალების შემწეობით აღებ-მიცემობა გაადვილებული იქნება, საქონელი უფრო სწრაფად გადავ-გადმოვა, საქონლის მიმოსვლა ფეხს აიჩქარებს.

იმ საშუალებას, რომელიც ამისთანა აღებ-მიცემობას შესაძლოდა ხდის, უსათუოდ ორი თვისება უნდა სჭირდეს: პირველი _ საქონლის ღირებულების (ценность) ცხადი გამომხატველი იყოს და მით შესაძლო ჰყოს შეტოლება ერთის საქონლის ღირებულებისა მეორე საქონლის ღირებულებასთან; იმიტომ, რომ აღებ-მიცემობაში უსათუოდ სხვადასხვა სახის, თვითების და თვისების საქონელი იგულისხმება, და რადგანაც აღებ-მიცემობა შესაძლოა მხოლოდ მაშინ, როცა სწორი სწორედ აიღება და მიიცემა, და რადგანაც სხვადასხვაგვარ საქონელთა შორის სისწორე მარტო ღირებულების რაოდენობაზეა დამოკიდებული, მაშასადამე, შეტოლება ამ გზით საქონლისა საქონელთან უსათუოდ საჭიროა აღებ-მიცემობისათვის.

მეორე, _ ძალი ჰქონდეს ერთ-ერთის საქონლის აღებისა კი არა, არამედ ყოველის გვარის საქონლისა, ერთის სიტყვით, ის ძალი ჰქონდეს, რომელსაც მეცნიერებაში ეძახიან საყოველთაო ძალს სყიდვისას (всеобщая покуптельная сила).

მაგისთანა საშუალება ფულია.

აი, ეს არის პირდაპირი და არსებითი დანიშნულება ფულისა. ამას გარეითად არც მოედანი აქვს მოქმედებისა და არც ფასი. არც იჭმევა, არც ისმევა, არც იცმევა, თავისთავად არასფერში სახმარისი არ არის. მაშასადამე, ფული _ საყოველთაო ეკონომიაში ყოვლად უვარგისი საგანია ყოველისფერში, გარდა ამისა, რომ საშუალებაა აღებმიცემობისა, რომლის შემწეობითაც დრო და ჯაფა უფრო ნაკლებ უნდება აღებმიცემობის საქმეს.

შინაური მიმოხილვა”.

1882 წელი, დეკემბერი

P.S. დღეს ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში ისეთიმექომაგენიჰყავს, რომ მათი აზრი გადამწყვეტია; ისინი ინვესტიციების დადებით მხარეებზე უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე იმ ჩრდილოვან მხარეებზე, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოც იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, როგორც საბერძნეთი, რომელსაც საკუთარი თითქმის აღარაფერი დარჩა ისტორიული მუზეუმებისა თუ სხვა ობიექტების ჩათვლით. ცნობილია, რომ ეს ქვეყანა საწარმოო ობიექტების გასხვისებამ უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისში ჩააყენა, რომლის გადასარჩენად მრავალმილიარდიანი დახმარება ითხოვა ევროკავშირისგან. საქართველოსაც ხომ არ მიიყვანს ამ მდგომარეობამდე .. უცხოური ინვესტიციები?

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here