Home ახალი ამბები საქართველო ილია ჭავჭავაძე: “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან” _ ეს არის...

ილია ჭავჭავაძე: “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან” _ ეს არის ჩემი რჩევა, რჩევა თქვენის ქვეყნის შვილისა

რატომ არ ელოდა ილია ჭავჭავაძე საკმარის მხარდაჭერას ევროპული დიდი სახელმწიფოებისგან

4398

ამ საკითხზე ჩვენს გაზეთში რუბრიკითმწარე სიმართლევრცელი წერილი ერთხელ უკვე დაიბეჭდა 2020 წელს. დღეს შექმნილი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ამ თემასთან დაბრუნება სწორედ რომ საშური და აუცილებელიცაა. ვითარება კი ასეთია: ომი ყოველდღიურად უამრავ ადამიანს უსპობს სიცოცხლეს, ანგრევს ქალაქებს, რუდუნებით შექმნილ კულტურის ძეგლებს _ ერთი სიტყვით, დაუნდობლად ანადგურებს ყველაფერს, რაც ძვირფასია. ამ დროს პარიზში, ვერსალის სასახლეში, ევროპის საბჭოს არაფორმალური სხდომა იმართება. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებმა დისკუსია დაასრულეს იმით, რომ ევროკავშირის ლიდერებმადიახუთხრეს უკრაინის ევროინტეგრაციას, რომელსაც შეიძლება წლები დასჭირდეს, თუ ეს პროცესი დაიწყება.

რატომ თუ?

ახლა გაახსენდათ ევროკავშირში “ევროპელთა საერთო იდენტობის გადახედვა” (საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი) და რომ “გამუდმებული გაფართოება ურევს პოლიტიკურ და გეოგრაფიულ იდენტობას” (ევროსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეი). შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადები ევროკავშირის წევრობისა კანდიდატობაზე პოლიტიკურ ვაჭრობას დაემსგავსა.

ომი კი მძვინვარებს, ევროპა გულუხვად ამარაგებს ტყვიების წვიმაში მოქცეულ უკრაინას მილიონობით დოლარის საფასურის საბრძოლო ტექნიკით…

და იხოცებიან პირტიტველა ბიჭები სამშობლოსათვის, ბრმა ტყვიის მსხვერპლი ხდებიან მოხუცები, ბავშვები, ქალები… მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად რაიმე დათმობაზე წასვლაზე, მოლაპარაკების გზით ომის შეჩერებაზე უკვე აღარც საუბრობენ.

ადვილია სხვისი ხელით ნარის გლეჯა, თუმცა რუსეთის პირისპირ არც ისე ადვილი აღმოჩნდა, ძვირი ჯდება _ მილიონები, მილიარდები, მაგრამ უღირთ ევროპელ მეგობრებს _ საზარბაზნე ხორცად ქცეული უკრაინელები თავგანწირვით ებრძვიან “მტერს”.

ესეც შენი ევროპა!

ახლა კი ილიას თვალსაზრისს მივუბრუნდეთ.

მთელ თავის შემოქმედებაში, განსაკუთრებით კი 1882-1889 წლებს შორის გამოქვეყნებულ სტატიებსა და ნარკვევებში, ილია ჭავჭავაძე ევროპას განიხილავს სივრცედ, რომელზეც დიდი სახელმწიფოები დომინირებენ. რუსეთის იმპერიის სიძლიერიდან გამომდინარე, მისი აზრით, არ არსებობს იმედი იმისა, რომ საქართველო ასეთ ევროპაში შვედეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდებისა და საბერძნეთის მსგავსად დამოუკიდებლობის მოპოვებას შეძლებს.

ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ ბერძენთა განმათავისუფლებელ ომს (1821-1829) საბერძნეთის დამოუკიდებლობა მოჰყვა, მაგრამ კრეტა ოსმალთა ხელში დარჩა. ამის შემდეგ კუნძულზე რამდენიმეჯერ მოხდა აჯანყება საბერძნეთთან შეერთების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 1896 წლის მაისში კი კრეტაზე კვლავ დაიწყო აჯანყება. დიდი სახელმწიფოები (პირველ რიგში _ ინგლისი) კრეტის საბერძნეთისთვის შეერთებას მხარს არ უჭერდნენ. რუსეთი წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ არ უნდოდა საბერძნეთის ჩრდილოეთისკენ გაფართოება. 1897 წლის მაისში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ჩარევამ საბერძნეთ-ოსმალეთის ომი შეაჩერა.

გაზეთი “ივერია” 1897 წელს ფართოდ გამოეხმაურა ბერძენთა აჯანყებას კუნძულ კრეტაზე. ილია ჭავჭავაძემ კი ამ თემაზე “ივერიაში” ორი წერილი გამოაქვეყნა (10 თებერვალსა (#22) და 13 მარტს (# 48).

საბერძნეთის ამბებს თვალს ადევნებდა ასევე პეტერბურგის ქართველი სტუდენტობა, რომელთა შორის ბევრი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავგამოდებით იბრძოდა. იმხანად სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე გახლდათ სამსონ ფირცხალავა, შემდეგ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე; ხოლო მდივანი _ ვიქტორ კალანდაძე. სწორედ მათ სტუდენტების სახელით 1897 წელს წერილობით მიმართეს ილია ჭავჭავაძეს, რომელიც იმხანად გაზეთ “ივერიას” ხელმძღვანელობდა, და გიორგი წერეთელს _ გაზეთ “კვალის” რედაქტორს: დაუჭერდნენ თუ არა მხარს ევროპის დიდი სახელმწიფოები საქართველოს თვითგამორკვევას.

ილია ჭავჭავაძის პასუხში, რომელიც 5 აპრილსაა დაწერილი, ვკითხულობთ, რომ იგი მიესალმება სტუდენტთა სურვილს: ძნელია, პატიოსანი კაცი გაუმაგრდეს ამ მშვენიერ და ყოვლად თავს მოსაწონებელს გულთა ძვრას და გასამხნევებლად თუ ხელი არა, გული მაინც მიაწოდოს შორიდან დიდებულ საქმისათვის თავგამოდებულთა”. მაგრამ ამავე დროს სტუდენტებს სთხოვს, რომ პატიოსან გულთა ძვრას ცივი ანგარიში დაუყენონ წინ, რადგან სტუდენტურ გატაცებას ზიანის მოტანა შეუძლია მათთვის, ბერძნებს კი დეპეშა ბევრს არაფერს არგებთ, ამიტომ სტუდენტებს ურჩევდა: “ნუ მიწყენთ, რომ მოგახსენოთ ჩემით კი არა, ჩემისა და თქვენის ქვეყნის სახელით: სასწავლებლად წასულხართ, ისწავლეთ, ცოდნა შეიძინეთ, ჯერხანად ნურც აქეთ გადაიხედავთ, ნურც იქეთ, მარტო სწავლაცოდნას შეალიეთ თქვენი დღენი და ამ ორის უძლიერესის ფარხმალით მოდით და ეპატრონეთ ქვეყანასა, რომელსაც ჯერ სხვა სავედრებელი თქვენს წინაშე არა აქვს რა და რომელიც ამ გზით მოელის თქვენგან ხსნასა და ბედნიერებას.

ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმითი, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულგანათლებული კაცები არა ჰყავს. აი თქვენი თავი რად გვიღირს ასე ძვირად, და სიძუნწეში ნურვინ ჩამოგვართმევს, რომ სხვისთვის არც ერთს თქვენგანის თმის ბეწვსაც ვერ ვიმეტებთ: თქვენ თქვენის ქვეყნისათვის ხართ საჭირონი.

შიში განსაცდელისა აქ საბუთია და სამართლიანი. გიყვარდეთ ჩვენი ქვეყანა და ამ სიყვარულს ანაცვალეთ ყველაფერი.

საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან” _ ეს არის ჩემი რჩევა, რჩევა თქვენის ქვეყნის შვილისა”.

პავლე ინგოროყვას ცნობით, ჩვენამდე მოღწეულია ილია ჭავჭავაძის წერილის შავი ვარიანტიც და საბოლოო ტექსტიც, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც ჩანს, ილიას წერილზე ბევრი უფიქრია და გადაწერის დროს ტექსტი გადაუმუშავებია და შეუვსიაო.

ნათელია, რომ ის დიდი გულისყურითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მსგავს საკითხებს, რამეთუ ერთი არასწორი ნაბიჯიც კი, შესაძლოა, საბედისწერო გამხდარიყო მთელი ერისთვის. ილია კარგად ხედავდა მსოფლიოში შექმნილ რეალურ სურათს, რომელიც ნამდვილად არ იძლეოდა ევროპის იმედად ყოფნის საბაბს, მაგრამ ერის მამა ცდილობდა, დაემკვიდრებინა ის სამოქალაქო ეთიკა, რომელსაც სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით დასავლეთი, ევროამერიკული სივრცე ამკვიდრებდა, ამიტომ თავი აარიდა პირდაპირ პასუხს და სტუდენტებს ურჩია, ევროპაზე დაყრდნობის ნაცვლად, “მეტი გაეკეთებინათ საქართველოსთვის”.

რატომ არ ელოდა ილია საკმარის მხარდაჭერას ევროპული დიდი სახელმწიფოებისგან, ამ დიდი მამულიშვილის პუბლიცისტიკაში ნათლად ჩანს და დღეს ისიც ნათელია, რომ ევროპა ისევ ისეთ ევროპად რჩება, რომელსაც დიდი ილია არ ენდობოდა.

დღეს, როცა ხშირად გაისმის ქართველების ომში ჩაბმის მოწოდებები, ერის მამის რჩევის გათვალისწინება გვმართებს უპირველესად, რომ ჩვენც პატიოსან გულთა ძვრას ცივი ანგარიში უნდა დავუყენოთ წინ, რადგან წინდაუხედავ ნაბიჯს მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის, უკრაინელებს კი არაფერს არგებს.

რაც შეეხება დასავლეთის აღშფოთებაშეშფოთებას, მას გემო ქართველებმა უკრაინელებზე ადრე გავუსინჯეთ.

ესეც შენი ევროპა!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here