Home რუბრიკები საზოგადოება ილიამ სტუდენტებს ურჩია, ევროპაზე დაყრდნობის ნაცვლად, “მეტი გაეკეთებინათ საქართველოსთვის”

ილიამ სტუდენტებს ურჩია, ევროპაზე დაყრდნობის ნაცვლად, “მეტი გაეკეთებინათ საქართველოსთვის”

3508
ილია ჭავჭავაძე

რატომ არ ელოდა ილია საკმარის მხარდაჭერას ევროპული დიდი სახელმწიფოებისგან

დასასრული. დასაწყისი იხ. “საქართველო და მსოფლიო” #6

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ბურჟუაზიული ნაციონალიზმის განვითარებასთან ერთად, ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგში ერების დამოუკიდებლობისა და მათთვის სუვერენული უფლებების მინიჭების საკითხი დადგა. საერთო პოლიტიკურმა კლიმატმა შექმნა ნიადაგი ახალი კონცეფციების ჩამოყალიბებისთვის. ავსტრიაუნგრეთის, გერმანიის, რუსეთისა და თურქეთის იმპერიების მიერ ასიმილაციური პოლიტიკის განვითარების ფონზე იზრდებოდა ავტონომიისა და თვითგამორკვევის მოთხოვნა.

წინა წერილში აღვნიშნეთ, რომ, მას შემდეგ, რაც 1897 წელს, კუნძულ კრეტაზე ოსმანთა ბატონობის წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყებით დაწყებული თურქეთსაბერძნეთის ომი დასრულდა, პეტერბურგის ქართველი სტუდენტები საქართველოს თვითგამორკვევის საკითხისადმი ევროპის მხარდაჭერაზე დაფიქრდნენ. მკითხველთა თხოვნით, ამ საკითხს ამჯერად უფრო ვრცლად შევეხებით:

ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ ბერძენთა განმათავისუფლებელ ომს (1821-1829) საბერძნეთის დამოუკიდებლობა მოჰყვა, მაგრამ კრეტა ოსმალთა ხელში დარჩა. ამის შემდეგ კუნძულზე რამდენჯერმე მოხდა აჯანყება საბერძნეთთან შეერთების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 1896 წლის მაისში კი კრეტაზე კვლავ დაიწყო აჯანყება. დიდი სახელმწიფოები (პირველ რიგში _ ინგლისი) კრეტის საბერძნეთისთვის შეერთებას მხარს არ უჭერდნენ. რუსეთი წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ არ უნდოდა საბერძნეთის ჩრდილოეთისკენ გაფართოება. 1897 წლის მაისში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ჩარევამ საბერძნეთოსმალეთის ომი შეაჩერა (ერთი წლის შემდეგ თურქეთმა კრეტადან ჯარი გაიყვანა, კრეტამ ავტონომია მიიღო და იქ საერთაშორისო სამშვიდობოები (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი, იტალია) ჩადგნენ. 1908 წელს კრეტის ბერძნულმა ადმინისტრაციამ თურქეთის შიდა არეულობით ისარგებლა და საბერძნეთთან შეერთება გამოაცხადა. საბერძნეთმა კი ეს შეერთება 1912 წელს ცნო).

გაზეთიივერია” 1897 წელს ფართოდ გამოეხმაურა ბერძენთა აჯანყებას კუნძულ კრეტაზე. თავად ილია ჭავჭავაძემ კი ამ თემაზეივერიაშიორი წერილი გამოაქვეყნა (10 თებერვალსა (#22) და 13 მარტს (# 48).

საბერძნეთის ამბებს თვალს ადევნებდა ასევე პეტერბურგის ქართველი სტუდენტობა, რომელთა შორის ბევრნი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავგამოდებით იბრძოდნენ. იმხანად სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე გახლდათ სამსონ ფირცხალავა, შემდეგ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე; ხოლო მდივანი _ ვიქტორ კალანდაძე. სწორედ მათ სტუდენტების სახელით 1897 წელს წერილობით მიმართეს ილია ჭავჭავაძეს, რომელიც იმხანად გაზეთივერიასხელმძღვანელობდა, და გიორგი წერეთელს _ გაზეთკვალისრედაქტორს: დაუჭერდნენ თუ არა მხარს ევროპის დიდი სახელმწიფოები საქართველოს თვითგამორკვევას.

ილია ჭავჭავაძის პასუხში, რომელიც 5 აპრილსაა დაწერილი, ვკითხულობთ, რომ იგი მიესალმება სტუდენტთა სურვილს: “ძნელია, პატიოსანი კაცი გაუმაგრდეს ამ მშვენიერ და ყოვლად თავს მოსაწონებელს გულთა ძვრას და გასამხნევებლად თუ ხელი არა, გული მაინც მიაწოდოს შორიდან დიდებულ საქმისათვის თავგამოდებულთა”. მაგრამ ამავე დროს სტუდენტებს სთხოვს, რომ პატიოსან გულთა ძვრას ცივი ანგარიში დაუყენონ წინ, რადგან სტუდენტურ გატაცებას ზიანის მოტანა შეუძლია მათთვის, ბერძნებს კი დეპეშა ბევრს არაფერს არგებთ, ამიტომ სტუდენტებს ურჩევდა: “ნუ მიწყენთ, რომ მოგახსენოთ ჩემით კი არა, ჩემისა და თქვენის ქვეყნის სახელით: სასწავლებლად წასულხართ, ისწავლეთ, ცოდნა შეიძინეთ, ჯერხანად ნურც აქეთ გადაიხედავთ, ნურც იქეთ, მარტო სწავლაცოდნას შეალიეთ თქვენი დღენი და ამ ორის უძლიერესის ფარხმალით მოდით და ეპატრონეთ ქვეყანასა, რომელსაც ჯერ სხვა სავედრებელი თქვენს წინაშე არა აქვს რა და რომელიც ამ გზით მოელის თქვენგან ხსნასა და ბედნიერებას.

ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმითი, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულგანათლებული კაცები არა ჰყავს. აი თქვენი თავი რად გვიღირს ასე ძვირად, და სიძუნწეში ნურვინ ჩამოგვართმევს, რომ სხვისთვის არც ერთს თქვენგანის თმის ბეწვსაც ვერ ვიმეტებთ: თქვენ თქვენის ქვეყნისათვის ხართ საჭირონი”.

შიში განსაცდელისა აქ საბუთია და სამართლიანი. გიყვარდეთ ჩვენი ქვეყანა და ამ სიყვარულს ანაცვალეთ ყველაფერი.

საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან…” ეს არის ჩემი რჩევა, რჩევა თქვენის ქვეყნის შვლისა”.

პავლე ინგოროყვას ცნობით, ჩვენამდე მოღწეულია ილია ჭავჭავაძის წერილის შავი ვარიანტიც და საბოლოო ტექსტიც, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც ჩანს, ილიას წერილზე ბევრი უფიქრია და გადაწერის დროს ტექსტი გადაუმუშავებია და შეუვსიაო.

ნათელია, რომ ის დიდი გულისყურითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მსგავს საკითხებს, რამეთუ ერთი არასწორი ნაბიჯიც კი, შესაძლოა, საბედისწერო გამხდარიყო მთელი ერისთვის. ილია კარგად ხედავდა მსოფლიოში შექმნილ რეალურ სურათს, რომელიც ნამდვილად არ იძლეოდა ევროპის იმედად ყოფნის საბაბს, მაგრამ ერის მამა ცდილობდა, დაემკვიდრებინა ის სამოქალაქო ეთიკა, რომელსაც სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით დასავლეთი, ევროამერიკული სივრცე, ამკვიდრებდა. ამიტომ ის სწრაფად ეხმიანებოდა მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს, როგორც პუბლიცისტიკის, ასევე მხატვრული ნაწარმოებების საშუალებით.

წინა ნომერში დაბეჭდილ მასალაში აღვნიშნე და აქაც გავიმეორებ, რომ, მიუხედავად იმისა, ილია ღიად აკრიტიკებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას საქართველოში, ოსმალური და სპარსული მუსლიმური არმიებისგან სანდო თავდაცვის ერთადერთ საშუალებად მაინც ქრისტიანულ რუსეთს მიიჩნევდა.

რატომ არ ელოდა ილია საკმარის მხარდაჭერას ევროპული დიდი სახელმწიფოებისგან, ისევ ამ დიდი მამულიშვილის პუბლიცისტიკაში ვიპოვით პასუხს:

ტფილისი, 15 თებერვალი, 1886.

მესამე დიდი სახელმწიფო ევროპისა არის ავსტროვენგრია. მას აქეთ, რაც ნაპოლეონ III-ის პოლიტიკამ ხალხთა ერთმანეთში განწყობისა და მოთავსებისათვის დედააზრად გვარტომობა, ანუ, ვრცლად რომ ვსთქვათ, ეროვნება წამოაყენა, _ ამ დედააზრმა ძლიერ გაშალა ფრთა. ამ დედააზრმა ერთად მოუყარა თავი იტალიას და დააბინავა, ამავე დედააზრმა შეაერთა გერმანიაცა და დღეს ჯერი სლავიანებზედ არის მიმდგარი. ეს დევი დედააზრი, ერთხელ გაღვიძებული, ერთხელ დაძრული, იმოდენად ძლიერია, რომ დღეს მის მიერ უკან დახევა შეუძლებელია და არც ჯერ სხვა მისი მსგავსი არა არის რა ევროპაში, რომ წინ დაუდგეს და გამკლავება გაუბედოს.

ეგრეთ წოდებულის აღმოსავლეთის საქმის ძირი ამ დედააზრის მოძრაობაა სლავიანების სამეოხედ. ისტორიის მსვლელობამ ყველაზედ მეტად სამს დიდს სახელმწიფოს ევროპაში გაუნაწილა სლავიანები: ერთი რუსეთია, მეორე ავსტრია და მესამე ოსმალეთი. რადგანაც ყველანი ჰგრძნობენ, რომ ოსმალეთს ანდერძი უკვე აგებული აქვს ევროპაში, და გაჭირება მარტო იმაშია _ მისი სამკვიდრო როგორ გაინაწილონ, ამიტომაც დანარჩენს ორს სახელმწიფოს თვალი ჰრჩებათ ოსმალეთის სლავიანებზედ და თვითოეული ჰსცდილობს თუ სრულიად არა, დიდი ლუკმა მაინც მოიჭრას თავისთვის. აშკარაა, რომ საცა უფრო მრავალი სლავიანები თავს მოიყრიან, დანარჩენებსაც ზემოთ ხსენებული ეროვნებური დედააზრი პირს იქით აქმნევინებს, და თუ დროებით ვისმე შეჰრჩებიან, ბოლოს ხელიდამ გამოეცლებიან. ავსტრიას რომ ეს საქმე დაემართოს, თითქმის ცარიელზედ უნდა დასჯდეს და პირველხარისხოვან სახელმწიფოის ტახტიდამ კარგა ძირს ჩამოჰხტეს. ამისთანა ყოფაში ჩავარდნას, რა თქმა უნდა, ავსტრია არ მოინდომებს, და არც სხვა სახელმწიფონი მიიყვანენ საქმეს აქამდე, რადგანაც ეგრეთ წოდებული “უღელი ევროპის სასწორისა” გამრუდდება და ერთმხრივ გადიწევს დანარჩენთა საფრთხალად და სამუქაროდ. აქედამ ცხადია ჯერ ისა, რომ ავსტრიისა და რუსეთის შორის მეტოქეობა ევროპაში იქიდამ წარმომდინარეობს, რომ ერთსაც უნდა სლავიანთა დედააზრის მატარებელი და განმახორციელებელი იყოს და მეორესაც, მეორე ისა, რომ ევროპაც მოწადინებულია, ავსტრია ძლიერი იყოს, და ამიტომაც ყოველ შემთხვევაში ესარჩლება, ჰფრთხილობს, არავის გააქელვინოს და ეხლანდელი ძლიერება მაინც შეარჩუნოს.

ავსტრო-ვენგრიაში უფრო სამი გვარ-ტომობის ერია მომწყვდეული, ვენგერები ან უმადიარები, ნემენცები და სლავიანები. ეს უკანასკნელნი კარგა მოზრდილს ნაწილს შეადგენენ. ვიდრე ავსტრია გერმანიიდამ გამოიძევოდა, რასაკვირველია, მისი არსებობა ნემენცთა გვარტომობაზედ იყო დამყარებული და ყოველი სხვა გვარტომობის ხალხი ნემენცთ გვარტომობას ენაცვლებოდა. ბისმარკის ოსტატურმა პოლიტიკამ ჯერ 1859 წელს შეარყია ავსტრიის მბრძანებლობა გერმანიაში და მერმე 1866 წელს ასეთი საქმე დააწია, რომ ავსტრია კუდაკრეფილი სრულად გამოაძია გერმანიიდამ. ამ ამბავმა იმავ დღეს აიძულა ავსტრია, თვისთა დანარჩენთა ხალხთა შორის ამოერჩია ერთ-ერთი უფრო ძლიერი, უფრო მომზადებული, და იმაზედ დაემყარებინა თვისი პოლიტიკური აგებულება და კეთილდღეობა. ამისთანანი აღმოჩნდნენ მადიარები. რადგანაც, ერთის მხრით, ძველი ტრადიციები ჰაბსბურგის გვარეულობისა, რომელიც დღეს ჰხელმწიფობს ავსტრო-ვენგრიაში, ნემენცობას არ ავიწყებს ავსტრიასა, და უამისოდაც ავსტრიის ნემენცობა ასე თუ ისე ძლიერად ზედმოქმედობს საქმეთა მიმდინარეობაზედ, და მეორეს მხრით მადიარობა ძლიერი აღმოჩნდა თავისის ეროვნებურის ძალღონიერობითა, _ ამიტომაც ავსტრია იძულებული შეიქმნა გაორთავებულიყო, თუ ესე შეიძლება თქმა: ორ ცალკე მომქმედ ნაწილად გაიყო, ერთი იმიერ-ლეიტანია და მეორე ამიერ-ლეიტანია (ცისლეიტანია და ტრანსლეიტანია). ორსავე ნაწილს ცალ-ცალკე სამინისტრო აქვს, ცალ-ცალკე პარლამენტი თვითოეულის საკუთარ საქმეების გამგეობისა და მმართველობისათვის. ერთობა ამ ორ თანაწილთა შორის განხორციელებულია ჯერ იმითი, რომ ერთი ხელმწიფე ჰყავთ, და მეორე იმითი, რომ ჯარი და სახელმწიფო ფინანსები საერთოა და საერთო სახელმწიფო საქმეებში ერთად იღვწიან და მოქმედობენ. ამ სახით, სლავიანთა მოძრაობაა ის ქსელი ავსტრიის გარეთა საქმეებისა, რომელშიაც გაბმულია დღეს ავსტრო-ვენგრია. გარდა ამისა, თვითონ ნემენცები ავსტრიისა გერმანიისაკენ ძალიან მიიზიდებიან. ესეც ერთი თოკის წვერია, რომელიც ხელთ უპყრია ბისმარკსა და რომელიც ჰხლართავს ერთმანეთში ავსტროვენგრიის და გერმანიის საქმეებსა. ესეც უნდა ვიქონიოთ სახეში, რომ ავსტროვენგრია ერთს ადგილს მომწყვდეული სახელმწიფოა და ხმელეთიდგან ზღვისაკენ გზა არა აქვს. ესეთი მდებარეობა აიძულებს ავსტროვენგრიას, ხმელთაშუა ზღვისაკენ გასავალი გაიხსნას ადრიატიკის ზღვითა. ეს ვერაფრად უხდება ჯერ ინგლისსა და მერე იტალიასაც, რომელსაც გარდა ამისა იმისი წყურვილიცა აქვს, რომ ტრენტინო და ტრიესტი, ეხლა ავსტრიის სახელმწიფოში მომწყვდეული, შემოიერთოს, რადგანაც ტრენტინოსა და ტრიესტში უფრო მომეტებული ნაწილი იტალიელები არიან. აი, რა თოკები ეზიდება ავსტროვენგრიის საგარეო საქმეებსა.

ტფილისი, 17 თებერვალი, 1886 .

ავსტრიას ბედმა არგუნა და შინაურ საქმედ გაუხადა ერთი რთული, მძიმე და მეტად შესანიშნავი საქმე. ეგ საქმე სხვადასხვა გვარტომობის ერის მოთავსებაა ერთსა და იმავე სახელმწიფოში ისე, რომ არც გვარტომობას ევნოს რამე და არც სახელმწიფოს ერთიანობასა. დღევანდლამდე კაცობრიობა თითქმის დარწმუნებულია, რომ თუ ერთმა გვარტომის ერმა მეორე არა ჰყლაპა, ერთობა, ერთიანობა სახელმწიფოსი შეუძლებელიაო. თუმცა ახალმა ისტორიამ ბევრი მაგალითები უჩვენა ქვეყანას ამისი წინააღმდეგი, მაგალითებრ, ჩრდილო ამერიკის შტატები, შვეიცარია, საცა სხვადასხვა გვარტომის ერნი ისე სამართლიანად და მშვიდობიანად ერთმანეთში მოთავსებული არიან, რომ ერთობა სახელმწიფოსი არამც თუ ჰკარგავს რასმე, არამედ მტკიცედ და ფეხმაგრად ჰსდგას.

იყო დრო, როცა სხვადასხვაობა სარწმუნოებისა ქვეყანას ეგონა მოუთავსებელი სახელმწიფოს ერთობასთან. იყო დრო, როცა რწმენად ჰქონდათ მიღებული, რომ თუ ერთსა და იმავე სახელმწიფოში სხვადასხვა რჯულის მკვიდრნი არიან, ერთობა სახელმწიფოსი სიზმარიაო. ბევრი სისხლი დაანთხია კაცობრიობამ, ბევრმა სახელმწიფომ შეალია თვისი დრო, თვისი სიმდიდრე, თვისი ღონე ამ ცდომილებას: ისპანია, ერთხელ განთქმული და ზარი ევროპისა, თითქმის მიწასთან გასწორდა ამის გამო და მას აქეთ ვეღარ გამომდგარა; საფრანგეთსაც კინაღამ იგივე არ დაემართა. ხოლო სახელოვანმა რეფორმაციამ და მისმა მომდევარმა დრომ თვალსაჩინოდ დაანახვა ქვეყანას, რომ სხვადასხვაობა სარწმუნოებისა სრულიად არაფერს უშლის ერთობას და ძლიერებას სახელმწიფოისას. გამარჯვება რეფორმაციისა, სხვათა შორის, ამ ცდომილების დამარცხებაც იყო. რომ სხვადასხვაობა სარწმუნოებისა მართლადა არ უშლის სახელმწიფოს ერთობას და ძლიერებას, ამისი მაგალითები მრავალი გვიდგა თვალწინ. რაკი კაცობრიობა ამას გადაურჩა და დაიძრა გვარტომობის დედააზრი, ჯერი გვარტომობის საქმეზედ მისდგა. ამისი რთული, მრავალწვერი ნასკვი ყველაზედ მეტად აქ, ავსტრიაში, გამოინასკვა და ავსტრიის დღევანდელი შინაური ტკივილი ეგ არის. ეგ ტკივილი მთელს აგებულებაში აქვს გამჯდარი ამ სახელმწიფოს და ისეთი ძნელი ტკივილიც არის, რომ შესაძლოა, ავსტრია ან სულ თან გადაიტანოს, თუ რიგიანი წამალი ვერ მოუხერხდა, ან სულ გამოაცოცხლოს, და როგორც ჯანმრთელი, საღი სახელმწიფო, ახლად გადახალისებული, ფეხ- და ფესვმაგრად დააყენოს. გამოჰხსნის თუ არა ამ ძნელს ნასკვსა, ან როგორ გამოჰხსნის? _ აი საკითხავი, რომელსაც ავსტრიამ გადაწყვეტილი, მოჭრილი პასუხი უნდა მისცეს დღესა თუ ხვალ.

ავსტრიაში დღეს შინაურ თუ საგარეო საქმეებში უპირატესობენ ორის სხვადასხვა გვარტომის ერი; იმიერ-ლეიტანიაში მადიარები და ამიერ-ლეიტანიაში ნემენცები. საცა მადიარები მბრძანებლობენ, იქ არიან ნემენცებიც, რუმინებიც, და უფრო სლავიანები, და ერთსაც, მეორესაც და მესამესაც მადიარები სჩაგრავენ. რასაკვირველია, ეგენიც ჰსცდილობენ არ დაეჩაგვრინონ და არის ატეხილი ბრძოლა და კამათობა, რომელიც ხანდისხან ისე გაძლიერდება და გაფიცხდება ხოლმე, რომ საერთო სახელმწიფოს ჩაშველება უნდება. ამიერ-ლეიტანიაში ნემენცები ჰცდილობენ ბურთი და მოედანი მარტო დაისაკუთრონ, აქაც მოპირდაპირედ ჰყავთ სლავიანები, რომელთ შორის ჩეხები, როგორც უფრო გამოღვიძებული, განათლებული და ცნობაში მოსული ერი, ძლიერ ებრძვის ნემენცობას და მაგ ბურთსა და მოედანს არამც თუ უთმობს, არამედ თავისაკენ ითლის სრულად და განუყოფელად.

ჩეხები, როგორც უფრო ერთად თავმოყრილი, გონებითაც ძალიან წარმატებული ტომი სლავიანებისა, და ამასთანაც დაუღალავნი მებრძოლნი თავისის გვარტომობის არსებობისათვის, მეტად აფიქრებს ავსტრიის ნემენცობას. ამის გარდა, გალიციაში, ნამეტნავად აღმოსავლეთს გალიციაში, პოლშელები კათოლიკენი და რუსინები მართლმადიდებელნი ძალიან შეტაკებულნი არიან ერთმანეთთან და იბრძვიან უპირატესობისათვის. ამ ბოლო ხანებში თავი იჩინეს სლოვენებმაც; ხორვატებმაც კარგა მოიმაგრეს ფეხი გვარტომობის ნიადაგზედ. მადიარებს და ნემენცებს დიდი ფიქრი და შიში მიეცათ, ამ მესამე მდინარემაც გზა არ გაიხსნასო, არ გამოარღვიოს ჩვენგან აშენებული კედლებიო და ამჟამად ორთავიანი ავსტრია სამთავიან სახელმწიფოდ არ გვიქციონო. ბევრსა ჰგონია, რომ დღესა თუ ხვალე, ყოველთვის ფრთხილი, მოხერხებული შინაური პოლიტიკა ავსტრიისა-სლავიანებსაც იმ მდგომარეობას მიანიჭებსო, რაც იმიერ-ლეიტანიაში მადიარებსა აქვთ და ამიერში _ ნემენცობას. მით უფრო საფიქრებელია ამისთანა დაბოლოვება საქმისა, რომ სლავიანები ბევრნი არიან, როგორც თითონ ავსტრიაში, ისე ავსტრიის გარეთაც, და მერე მეტად ახლომახლო ერთმანეთზედ. თუ ავსტრიამ გული არ მოუგო სლავიანებს, ჯერ იმისი შიშია, რომ შესაძლოა თითონ სლავიანებმა თვისი ცალკე სახელმწიფო გაიმართონ ახლო თუ შორს მომავალში, მეორე იმის, რომ დიდი სახელმწიფო სლავიანებისა, რუსეთი უნუგეშოდ დარჩენილი სლავიანობის მიმზიდველ ქვეყნად შეიქმნება. არც ერთი და არც მეორე არ ახეირებს ავსტრიასა. ავსტრიამ ეს ჩვენზედ კარგად იცის და ამიტომაც სხვადასხვა გვარტომობის მოთავსება ერთმანეთში დღეს ავსტრიისათვის იმისთანა სატკივარია, რომელსაც ავსტრია ბევრს დროს, მეცადინეობას, ზრუნვას ანდომებს, და რომელიც იმოდენად არა ცლის, რომ სხვა საგარეო საქმეებში თავისუფლად და ხელგახსნილად ამოქმედოს.

ტფილისი, 18 თებერვალი, 1886 .

მეოთხე სახელმწიფო, რომელსაც ეხლანდელს საქმეთა მიმდინარეობაში ხმა აქვს ცოტად თუ ბევრად გავლენიანი, იტალია არის. მას აქეთ, რაც გვარტომობის დედააზრმა დიდი და თითქმის მხოლოობითი ადგილი დაიჭირა სახელმწიფოთა დალაგების საქმეში, იტალია პირველი იყო, რომელმაც ნაპოლეონ III-ის შემწეობით განახორციელა ეგ აზრი და თავისი ნაჭერ-ნაჭრად დანაწილებული ქვეყნები შემოიკრიბა და გაერთდა. ამით აუსრულდათ დიდის ხნის სანატრელი საქმე საოცარ გმირებს იტალიის მამულიშვილობისას. იმოდენა მაგალითი ახოვანებისა, დიდსულოვნებისა, თავდადებისა, რამოდენაც იტალიის გმირთ გამოიჩინეს თავისის ქვეყნის გაერთებისათვის, ბევრს სხვა ერს არ გამოუჩენია.

მრავალმა გამოჩენილმა კაცმა იტალიისამ თავი შეაკლა, მრავალმა თავისი საკუთარი ბედნიერება მტლად დაუდო ამ დიდს საქმეს შეერთებისას, და მათმა ღვაწლმა და თავის სამშობლოსთვის დაქცეულმა სისხლმა ამაოდ არ ჩაუარათ. დღეს იტალია გაერთიანებულია და კარგა მოზრდილს სახელმწიფოს შეადგენს, თვით იტალიელთა თავმოსაწონებელსა და ევროპის სახელმწიფოთა შორის ხმის მქონებელსა. ამ შეერთების მახლობელი განმახორციელებელი ორი კაცი იყო: ერთი კავური და მეორე გარიბალდი. პირველი იყო ჭკუა და მეორე _ ხმალი იტალიისა. იტალია წარმოადგენს ერთს კარგა მოგრძო ნახევარკუნძულს, რომელსაც ჩრდილოეთის მხრივ თავი მიუდევს საფრანგეთს, შვეიცარიას და ავსტრიას, და აქედამ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გეზად მიდის და ჰსწყდება ხმელთაშუა ზღვაში. აღმოსავლეთით ადრიატიკის ზღვა აქვს, ზღვის გაღმა თავში კიდევ ავსტრიას უჭირავს ადგილი, მერე ოსმალეთი ჩამოსდევს და მერე საბერძნეთი. სიცილიის კუნძული, რომელიც იტალიას ეკუთვნის, თითქმის პირდაპირ გაჰყურებს აფრიკის ქვეყანას-ტუნისსა, საფრანგეთის ალჟირის გვერდით მდებარეს, ხმელთაშუა ზღვის გაღმით. საფრანგეთს უჭირავს ზედ იტალიის საზღვარზედ ნიცცა და სავოია, რომლის მკვიდრნი წმინდა იტალიელები არიან და რომელნიც ნაპოლეონ III-მ ჩამოართვა იტალიას თავის გასამრჯელოდ, რადგანაც გაერთებისათვის იტალიას შეეწია. შვეიცარიასაც უჭირავს იტალიელ მკვიდრთაგან დასახლებული ქვეყანა, გარდა ამისა ავსტრიასაც იტალიის ტიროლი, ტორენტო და ტრიესტი ადრიატიკის ზღვის პირად.

ამ მოკლე აღწერილობიდამ ჰსჩანს, თუ საგარეო საქმეებში იტალიას ვისთან უნდა ჰქონდეს საქმე და რაზედ უნდა ეჭიროს თვალი, როცა ევროპის სახელმწიფონი ერთმანეთსა ეშლებიან. ჯერ საფრანგეთთან _ სავოიას და ნიცცის უკანვე დაბრუნება იტალიის ნატვრას უნდა შეადგენდეს. მერე მეტად სასურველი უნდა იყოს დაპყრობა ტუნისისა, რომელზედაც საფრანგეთმა იტალიას ამ ბოლოს ხანებში ხელი დააბანინა და რომელიც საჭიროა იტალიისათვის, რადგანაც სიცილიის და აფრიკის შორის ხმელთაშუა ზღვის ორივე ნაპირი ხელთ ექმნებოდა. შვეიცარიის იტალიაზედ თუმცა მუშტრის თვალი უჭირავს იტალიას, მაგრამ აქ ხელის გაწვდენა ძალიან აშლიდა მთელს ევროპასა და იმიტომაც ჯერ სურვილი გულში უქმადა აქვს დარჩენილი.

საქმე აღმოსავლეთის საზღვრებზეა დღეს ყველაზედ მომეტებულად გამწვავებული. აქ სლავიანების საქმე დაიძრა, ოსმალეთს სულთამხუთავი თავს ადგა და დღესა თუ ხვალ ანდერძიცა ეგება. ბერძნებიც სამართლიანად მღელვარებენ. სლავიანების მოძრაობა, ოსმალეთის გაუქმება ევროპაში, ბერძნების დუღილი, _ ყოველივე ეს ავსტრიას, ძველს მტერს იტალიისას, აღვიძებს და ყურებს აცქვეტინებს. ადრიატიკის ზღვისაკენ ჩამოწევა ავსტრიისა და გამოსვლა ხმელთაშუა ზღვაში, სიკვდილი თუ არა, დიდი ჭირი მაინც არის იტალიისათვის. გერმანია თითქო ამაში ხელს უწყობს ავსტრიასა და ამის გამო იტალიას წყლული ორისაგანვე ერთნაირად ჰსტკივა. იტალიას თავისით ბევრი არა შეუძლიან რა, რომ წინ აღუდგეს ავსტრიასა და მის მოსარჩლეს გერმანიას. და რომ გარემოებამ სადმე მარტოდ არ მოამწყვდიოს, იტალია, რასაკვირველია, მოზავეს უნდა ეძებდეს და საქმე დაიჭიროს იმისთანა სახელმწიფოსთან, რომელსაც ძველი ანგარიშები აქვს ჯერ გერმანიასთან, და მერე ავსტრიის მეტად და ამრიგად გაძლიერება თვალში არ მოსდით. ამისთანა სახელმწიფონი დღეს საფრანგეთია და ინგლისი. ამის გამო საკვირველიც არ იქნება, რომ დღეს იტალიას და ამ ორს სახელმწიფოს ერთმანეთში ლაპარაკიცა ჰქონდეს. ეს მით უფრო დასაჯერია, რომ ამ ბოლოს ხანებში ბისმარკი მეტად მოუტკბილდა რომის პაპსა.

ეგრეთ წოდებული “მაისის კანონები”, კათოლიკეთა სამღვდელოების წინააღმდეგ ბისმარკის მიერვე დადგენილნი, პაპისა და ბისმარკის ერთმანეთში აშლის მიზეზნი, დღეს ბისმარკის მიერვე წარდგენილნი არიან გასაუქმებლად. როცა ბისმარკი ეგრე მოურბილდება და მოუტკბილდება ხოლმე პაპსა, ეგ იმის ნიშანია, რომ ბისმარკი რაღაცაზედ უწყრება იტალიას. რომის პაპი, მსოფლიო კათოლიკეთა მთავარმოძღვარი, ჯერ კიდევ იმისთანა მნიშვნელობიანი არის იტალიაში, რომ იმისი ასე თუ ისე გამხნევება და ფრთების ასხმა იტალიისათვის ფრიად საშიშარია…

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here