მთავარი პოლიტიკა ივანიშვილის “დემოკრატურას” 6 წელი შეუსრულდა

ივანიშვილის “დემოკრატურას” 6 წელი შეუსრულდა

882
გააზიარეთ
ბიძინა ივანიშვილი

ქართული ოცნებახელისუფლებაში ზუსტად 6 წლის წინათ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემდეგ, მოვიდა. ამომრჩეველმა მას დაპირებების შესასრულებლად საკმარისზე მეტი დრო მისცა, გაითვალისწინა რა ძველი რეჟიმის წინააღმდეგობა და საქართველოში შექმნილი მდგომარეობის ზოგადი სიმძიმე. საინტერესოა: რა მიიღო მან ამის სანაცვლოდ?

ხელისუფლებაში მოსულიქართული ოცნება”… დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში”, _ ეწერა პარტიის 2012 წლის პროგრამაში. ამ საკითხზე მსჯელობისას ექსპერტები, როგორც წესი, გარკვეულ უხერხულობას გრძნობენ _ ისინი აცნობიერებენ, რომ სააკაშვილის რეჟიმი ივანიშვილის რეჟიმზე უფრო სასტიკი და არარაციონალური იყო, მაგრამ ხედავენ, რომ, მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთს ჰგვანან. ერთსაც და მეორესაც “კლასიკური” ავტორიტარული რეჟიმებისგან მთელი რიგი ნიშნები განასხვავებს, ამიტომ მკვლევარები თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობენ, როდესაც “ჰიბრიდულ” ან “პერსონალისტურ” რეჟიმებზე საუბრობენ. 1992 წელს შვეიცარიელმა პოლიტოლოგმა მაქს ლინიჟერგუმამ თავის ახალ წიგნს უწოდა დემოკრატურა: შენიღბული დიქტატურა, ჩანაცვლებული დემოკრატიადა, შესაძლოა, ქართულ რეალობას ყველაზე კარგად სწორედ ეს ტერმინი აღწერს. ფორმალურად, საქართველოში არსებობს და ფუნქციონირებს ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, რეალურად კი მმართველი ჯგუფი მათ საკუთარი გავლენის სფეროს გაფართოებისთვის იყენებს.

ტერმინოლოგიური პრობლემა “მესიანიზმსაც” უკავშირდება, საქართველოში შესაბამის ფენომენს მჭიდროდ უკავშირებენ ლიდერის ფიგურას, მაშინ, როდესაც “დანარჩენ მსოფლიოში” _ იდეას. გამოჩენილი ისტორიკოსი ჯეიკობ ტალმონი მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური მესიანიზმი გამომდინარეობს პოსტულატიდან, რომ ისტორიას აქვს მიზანი და აუცილებელია მისი მიღწევა, ხოლო პოლიტიკაში ის “ჭეშმარიტების პრიმატსა და ექსკლუზიურობას ეყრდნობა”. ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი სამართლის საკითხებში _ ჯოზეფ ვეილერი წერს, რომ პოლიტიკური მესიანიზმის შემთხვევაში მოქმედებას “ამართლებს არა პროცესი, როგორც ეს კლასიკურ დემოკრატიაში ხდება, არა მისი შედეგი ან წარმატება, არამედ იდეალი, ისეთი, როგორიცაა აღქმული მიწა, რომელიც გზის ბოლოს გველოდება”. პოლიტიკური მესიანიზმის ესოდენ განსხვავებული აღქმა საქართველოში შემთხვევითი, ალბათ, არა არის _ ჩვენ, უბრალოდ, ვერ აღვიქვამთ იდეას ბელადის გარეშე; მაგალითად, არსებითად მესიანისტურმიშიზმსმიშასა და მისი წარმოსახვითი თვისებების გარეშე. თუმცა იმ გარემოებიდან, რომ ის გამაღიზიანებლად ხმაურიანი და ნაკლებად ინტელექტუალური იყო, სულაც არ გამომდინარეობს, რომბიძინიზმს”, “მიშიზმისგანგანსხვავებით, პოლიტიკურ მესიანიზმთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

მთავარი ამ შემთხვევაში, ალბათ, შემდეგია: ორი რეჟიმი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ორივე არა მხოლოდ შორს დგას ნორმალური დემოკრატიისგან, არამედ მასთან მიახლოების შესაძლებლობასაც არ გვაძლევს. ამ მხრივ ივანიშვილისდემოკრატურაწინამორბედის მსგავსად მოქმედებს, ხოლო მის ხელმძღვანელებს სწყინთ, როდესაც რეჟიმის ფარდობითი შერბილებისთვის მადლობას არ უხდიან.

იგივე შეიძლება ითქვას 2012 წლის პროგრამის კიდევ ორ პუნქტზე, რომლებშიც ეწერა, რომ “ქართული ოცნება” არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინტერესისგან”… “დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან”. ამ შემთხვევაშიც შეიცვალა მხოლოდ კონტროლის ფორმა და არა რეჟიმის არსი.

თუმცა მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ არსებითად არაფერი იცვლება, “ქართული ოცნებისამომრჩევლებისთვის, ალბათ, ის გახლდათ, რომ ახალმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უარი თქვა პროგრამაში აღნიშნული კიდევ ერთი და, შესაძლოა, მთავარი დაპირების შესრულებაზე: “ყველა თანამდებობის პირი, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული, პასუხს აგებენ სამართლიანი სასამართლოს წინაშე”. ამ შემთხვევაში ახალ ხელისუფლებას შეეძლო გაევლო მკაფიო ზღვარი, რომელიც მას წარსულისგან გამიჯნავდა; საამისო რესურსი მას ნამდვილად ჰქონდა. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ხმაურიანი პროცესი (პროკურატურისა და სასამართლოს ძალიან ცუდი მუშაობით), უამრავი დაუმთავრებელი გამოძიება და ცალკეული პირების მინიმალური დასჯა (ჩადენილი დანაშაულის მასშტაბებთან შედარებით). რეალურად კი, ქართულმა ოცნებამგააძლიერა დაუსჯელობის სინდრომი და ეს ნათლად აისახა ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოქმედებაზე: თუ 2012-14 წლებში ისინი, ასე თუ ისე, ფრთხილობდნენ, დღეს სულ უფრო ხშირად გვესმის ელიტური კორუფციის, ბიზნესზე ზეწოლისა და საპოლიციო სახელმწიფოს მანკიერებათა შესახებ. ერთ-ერთმა კომენტატორმა ეს პროცესი უხეში, მაგრამ ძალიან ზუსტი ნეოლოგიზმის გამოყენებით აღწერა: “ოცნება გამონაცდა”. მოიხსნა უკანასკნელი ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა მმართველი ელიტის ორი ნაწილის შერწყმას. თუ ადრე საზოგადოებას უკვირდა ძველი რეჟიმების მსახურთაპორტირება” “ქართულ ოცნებაში”, დღეს ეს რუტინულ პროცესად გადაიქცა. ვანო ზარდიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროში დეპარტამენტის უფროსი ხათუნა კალმახელიძის მინისტრობის პერიოდში იყო, ანუ მაშინ, როდესაც ეს უწყება სისტემური დანაშაულის ერთ დიდ კერად გადაიქცა და ა.შ.

პროგრამის სოციალურ-ეკონომიკური ნაწილი ძირითადად ზოგად ხასიათს ატარებდა, თუმცა ცალკეული ლიდერები დაპირებებს არ იშურებდნენ. მაგალითად, გუბაზ სანიკიძე ამბობდა, რომ მინიმალური პენსია 220 ლარი გახდებაო. ბიძინა ივანიშვილი კი, უკვე პრემიერმინისტრის რანგში, ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, რომ 2013 წლის ბოლომდე შეძენილი (თუ არა დამონტაჟებული) იქნებოდა 60 ახალი ქარხანა. მოგვიანებით მმართველი პარტიის წარმომადგენლები თავს იმით იმართლებდნენ, რომ პენსიის გაზრდა ეტაპობრივი, დროში გაწელილი პროცესია, ხოლო ახალ საწარმოებს რაღაც უცნაური მეთოდების გამოყენებით ითვლიდნენ, ხანდახან კი მიუთითებდნენ ისეთ ობიექტებზე, რომლებსაც ახალ ქარხანას ხუმრობითაც კი ვერ უწოდებ. ამასთანავე, იყო შესრულებული დაპირებებიც, რომლებმაც გაჭირვებულებს ცხოვრება ასე თუ ისე შეუმსუბუქა _ იქნებოდა ეს საგადასახადო შეღავათები მცირე მეწარმეებისთვის, უფასო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა თუ დევნილების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით. “ქართული ოცნების” მომხრეები და მოწინააღმდეგეები ამ თემაზე ხშირად კამათობენ, თუმცა მთავარი, ალბათ, არა კონკრეტული მიღწევები და ჩავარდნებია, არამედ ის, რომ, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, მისი წარმომადგენლები კვლავინდებურად ცდილობენ, ყველაზე მომგებიანი ბიზნეს-სფეროების მონოპოლიზება მოახდინონ, უბრალოდ, ამას ისე ველურად არ აკეთებენ, როგორც 2003-12 წლებში. მშრომელების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა, ისევე, როგორც ადრე, თითქმის ნულოვანია, რასაც ნათლად ადასტურებს ტყიბულელ მეშახტეებთან დაკავშირებული ტრაგიკული ეპოპეა. რა შეიცვალა არსებითად 2012 წლის შემდეგ?

“უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით”, _ წერდა “ოცნება” 2012-ში და მართლაც გადაიანგარიშა, ოღონდ უკუღმა. პროგრამაში ნათქვამი იყო, რომ “მოხდება საწვავის, ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონლის ფასების კლება, რაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მიიღწევა და რასაც მოსახლეობა პრაქტიკულად დაუყოვნებლივ იგრძნობს”. რეალურად, ფასები სტაბილურად იზრდებოდა, მაგალითად, გასულ კვირასსაქსტატისაღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემინტერპრესნიუსსგანუცხადა, რომ აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითსასურსათო საქონელზე ფასები გაიზარდა 3,3%-ით, რაც შეეხება მედიკამენტებს, სახეზე გვაქვს 10,3%-იანი ზრდა, ხოლო ბენზინზე _ 19,5%-იანი. რთულია იმის თქმა, ფასების ზრდის ტენდენციას უნდა ველოდოთ თუ არა”.

სხვა ქვეყანაში ყოველივე ამისთვის მმართველ პარტიას, ალბათ, სარზე გასვამდნენ, თუმცაქართულ ოცნებასამის, როგორც ჩანს, არ ეშინია. გასულ კვირას “რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა “ედისონ რიზერჩის” გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით გამოკითხულთა 22% აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემს, 18% _ დავით ბაქრაძეს და მხოლოდ 15% _ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს (8% _ ნათელაშვილს, 3% _ უსუფაშვილს). პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ მონაცემებს უნდობლობა გამოუცხადა და თქვა, რომ, მისი პარტიის შიდა კვლევების თანახმად, ზურაბიშვილი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. მართლაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ნაციონალმა კანდიდატებმა _ ვაშაძემ და ბაქრაძემ, ჯამში, შეიძლება 40% მიიღონ (უმრავლესობა მათ სწორედ ნაციონალებად აღიქვამს, იმის მიუხედავად, რომ ფორმალურად პირველი წარმოადგენს კოალიციას “ძალა ერთობაშია”, ხოლო მეორე _ “ევროპულ საქართველოს”), მაგრამ აქ გაცილებით მნიშვნელოვანია სხვა რამ: როდესაც ეს მონაცემები გამოქვეყნდა, სოციალურ ქსელებში მყისიერად გაჩნდა სამობილიზაციო სულისკვეთება და მოწოდებები, რომელთა მოკლე შინაარსი ძალიან მარტივია: არ დავუშვათ ნაციონალების დაბრუნება!”. ეს არის პოლიტტექნოლოგია ინსტინქტების დონეზე _ უამრავი ადამიანი შინაგანად მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, ოღონდ ძველი შიში და ტკივილი არ დაუბრუნდეს და ხმა მისცეს არა იმდენადქართული ოცნებას”, რამდენადაცნაცმოძრაობისწინააღმდეგ. შესაბამისად, ბიულეტენში ხელისუფლების კანდიდატი შემოხაზოს, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ და რა პრეტენზიებს უყენებსქართულ ოცნებას”. სავარაუდოდ, სწორედ ამის იმედი აქვს ირაკლი კობახიძეს, როდესაც საუბრობს გამარჯვებაზე პირველ ტურში, ხოლო “ედისონ რიზერჩის” მონაცემები, რომელთაც, ალბათ, “ერთიანი ნაციონალური ელექტორატის” საბრძოლო სულისკვეთება უნდა გაეძლიერებინა, პარადოქსულად, საპირისპიროსაც აკეთებს და ზურაბიშვილის პოტენციური ამომრჩევლების (უფრო სწორად _ ნაციონალების მოწინააღმდეგეების) მობილიზაციას ახდენს.

ექვს წელიწადში “ქართული ოცნების” გამარჯვებიდან უარესი სიტუაცია მივიღეთ, ვიდრე გვქონდა: თუ ადრე ამომრჩევლები იმედოვნებდნენ, რომ ხმას უკეთეს მომავალს ან თუნდაც შესაბამის ილუზიას აძლევდნენ, დღეს მათი დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ შეუძლია ხმა მხოლოდ და მხოლოდ “ნაკლებ ბოროტებას” მისცეს. ეს ვითარება ძალზე ტრაგიკულია, გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის “დემოკრატურა” ამ გარემოებას სათავისოდ იყენებს.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here