მთავარი პოლიტიკა ივანიშვილის ალფა და ოქუაშვილის ომეგა

ივანიშვილის ალფა და ოქუაშვილის ომეგა

312
გააზიარეთ
ბიძინა ივანიშვილი

უცნაურია, მაგრამ წინასაარჩევნო პროცესში ჩართული ძალები თითქმის არ ამტკიცებენ, რომ კარგები არიან; შესაძლოა, იმიტომ, რომ აზრი აღარ აქვს, რადგან ამომრჩეველი მათ კარგად იცნობს და, უბრალოდ, მიუთითებენ, რომ მოწინააღმდეგე გაცილებით უარესია და საწადელს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიაღწიოს. ამ არჩევნებში ნეგატივი უფრო მეტია, ვიდრე რადიაცია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკში.

კომენტატორები გამუდმებით იმეორებენ, რომ ამომრჩეველთა ნახევარს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას 28 ოქტომბერს (ნაწილი მესამედს ამბობს, ნაწილი _ ორ მესამედს. ყველა თავის მონაცემებს ეყრდნობა; ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარია დიდ რაოდენობაზე). მათ ხშირად ჰგონიათ, რომ ეს ადამიანები ინტერესით ადევნებენ თვალს პოლიტიკურ შოუს და გაფაციცებით ეძებენ საუკეთესო კანდიდატს. სინამდვილეში, ამ ამომრჩევლების უმრავლესობა გადაღლილია და ხშირად, პოლიტიკოსების მიმართ ზიზღის გარდა, არაფერს გრძნობს.

1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: სწორი მობილიზაციის შემთხვევაში, ჩვენ ამას (არჩევნებში გამარჯვებას) მოვახერხებთ”. აშკარაა, რომ მმართველი პარტია იმავე გამოწვევის წინაშე დგას, როგორც 2016-ში _ მისთვის მნიშვნელოვანია, საარჩევნო უბნებზე მიიყვანოს ის ადამიანები, რომელთაც იქ მისვლა არ სურთ, იმიტომაც, რომ “ქართული ოცნების” მიმართ უამრავი პრეტენზია დაუგროვდათ. ორი წლის წინათ გადამწყვეტი როლი საფრთხის განცდამ შეასრულა _ “ოცნებისელექტორატის ძირითადმა ნაწილმა დაიჯერა, რომ სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაცია სავსებით რეალური იყო და, ფაქტობრივად, ხმა ამის წინააღმდეგ მისცა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საფრთხის განცდა ნაწილობრივ განეიტრალდა და ამას ხელი შეუწყო “ნაცმოძრაობის” ორ ნაწილად დაშლამაც. ამასთანავე, გაიზარდა უკმაყოფილება ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ _ მან ბევრი შეცდომა დაუშვა. პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის გადადგომის (თუ ფაქტობრივი გადაყენების) პერიოდში კი თავიდან ვერ აიცილა არცთუ მასშტაბური, თუმცა სავსებით რეალური კრიზისი.

ამასთანავე, “ქართულმა ოცნებამ” ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერა გადაწყვეტა, რომლის მიმართაც ელექტორატში კონსენსუსი არ არსებობს. ის არც 2014-ში არსებობდა, როდესაც ივანიშვილმა, ფაქტობრივად, აიძულა პარტია და მისი ამომრჩეველი, მხარი მარგველაშვილისთვის დაეჭირათ. იმხანადქართულ ოცნებაგაცილებით ენერგიული ჩანდა, “ნაცმოძრაობისსაფრთხობელის ფაქტორი 100%-ით მუშაობდა, ხოლო წყალგამყოფი მარგველაშვილის მხარდამჭერებსა და კრიტიკოსებს შორის, ძირითადად, ემთხვეოდა საზღვარს ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. ზურაბიშვილის შემთხვევაში ასე არ არის _ დამოკიდებულებას მის მიმართ სხვა, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტური, ზოგჯერ კი შემთხვევითი ფაქტორები (მაგალითად, კანდიდატის, ასე ვთქვათ, არასტანდარტული განცხადებები) განსაზღვრავს, რომელთა მართვა გაცილებით ძნელია.

ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ართულებს ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენებ “მობილიზაციას”. მართალია, “ქართული ოცნება” კვლავინდებურად ცდილობს, დაამტკიცოს, რომ “ნაცმოძრაობაზე” ნაკლებ ბოროტებას წარმოადგენს, მაგრამ ეს არასაკმარისია იმისთვის, რომ მისმა ამომრჩევლებმა აპათია დაძლიონ და საარჩევნო უბნებზე მივიდნენ. საერთოდ, “ნაკლები ბოროტების კონცეფცია” და არჩევანი ბოროტების სასარგებლოდ, მისი ზომისა და კალიბრის მიუხედავად, ჩვეულებრივი ადამიანისთვის ფრიად უსიამოვნო რამ არის. შესაბამისად, “ოცნებას” სჭირდება სხვა სტიმულები “მობილიზაციის” უზრუნველსაყოფად.

ზაზა ოქუაშვილი
ზაზა ოქუაშვილი

მმართველი პარტიის პასიურობა კამპანიის პირველ ეტაპზე, შესაძლოა, გამოწვეულია ზოგადი დაბნეულობით, თუმცა გამორიცხული არაა, რომ მის უკან გარკვეული გათვლა დგას. ის თითქოს აძლევს შესაძლებლობას ნაციონალებს (“ტრადიციულ” თუ “ევრო” ვარიანტში), რაც შეიძლება მეტი იხმაურონ და თავი ხელისუფლების მთავარ ოპონენტებად წარმოაჩინონ (მათ ხელთ არსებული საინფორმაციო ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს); შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური გახადონ 2016 წელს წარმატებით გამოყენებული ბიპოლარული მოდელი “ოცნება _ “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ”. პრინციპში, მმართველ პარტიას ხელს აძლევს, რომ ამომრჩეველი, რომელიც სააკაშვილს ვერ იტანს, დარწმუნდეს, რომ ნაციონალები კვლავინდებურად აქტიურები არიან და ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობენ, “დააცადოსმათ შეშინება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოსმობილიზაცია”.

რაც შეეხება ნაციონალებს, მთავარ პრობლემას მათთვის, ალბათ, წარმოადგენს არა საკუთარი ამომრჩევლების კონსოლიდაცია და მოტივირება (ეს, როგორც წესი, გამოსდით) და არც ელექტორატის გაფართოება (ეს კი, პირიქით, არ გამოსდით), არამედ სახლებში იმ ინერტული პროსახელისუფლო მასის დატოვება, რომლის მიყვანას უბნებზე “ქართული ოცნება” ცდილობს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ სააკაშვილის თანამოაზრეები კონცენტრირებულნი არიან ნეგატივზე, სალომე ზურაბიშვილისა და მისი მხარდამჭერი “ქართული ოცნების” გაშავებაზე _ ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს მეორე შემთხვევაში (ამ ეტაპზე) “ოქუაშვილის საქმე” ასრულებს.

ერთი შეხედვით, საგანგაშო, წინასაარჩევნო კონტექსტში, არაფერი ხდება _ ღარიბი მოსახლეობა საქართველოში არასოდეს უცხადებს სოლიდარობას მდიდრებს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი კანონის დარღვევით გამდიდრდნენ. ეს ფაქტორი რომც არ არსებობდეს, ზაზა ოქუაშვილს გაუჭირდება წამებულის მანტიის მორგება, მათ შორის იმის გამო, რომ მისი იმიჯის განადგურებაზე თავის დროზე (2004-05 წლებში) სააკაშვილის ხელისუფლებამ იზრუნა. რაც შეეხება ელიტას _ ის ზაზა ოქუაშვილს “თავისიანად” არ თვლის. თუ კვირიკაშვილის გადადგომის პერიოდში, მაშინ, როდესაც მედიასა და სოცქსელებში “ბანკირების შეთქმულებაზე” წერდნენ, მსგავსი რამ, მაგალითად, მამუკა ხაზარაძეს შეემთხვეოდა, საზოგადოების ზედა ფენა, სავარაუდოდ, შეშფოთდებოდა და, ალბათ, ჩათვლიდა, რომ ივანიშვილი მასთან დადებულ დაუწერელ “პაქტს” არღვევს _ სწორედ იმიტომ, რომ ხაზარაძე ამ ფენისთვის “თავისიანია”, ოქუაშვილი კი _ არა (თუ რატომ, ცალკე საუბრის თემაა). არის კიდევ ერთი ფაქტორი: ამ სკანდალს რთული არქიტექტონიკა აქვს, ეპიზოდებსა თუ მოქმედ პირებს შორის კავშირის დადგენა ძნელია, ვერსიებისა და ნიუანსების სიმრავლე მაყურებელს აბნევს და ღლის. ამასთანავე, ოქუაშვილმა და მისმა ნაციონალმა პარტნიორებმა, ალბათ, მძიმე ტაქტიკური შეცდომა დაუშვეს _ “ომეგას” ხელმძღვანელმა, გარეგნული ნეიტრალიტეტის შენარჩუნების ნაცვლად, ღიად დაუჭირა მხარი გრიგოლ ვაშაძეს და ამ მომენტიდან სააკაშვილის მოწინააღმდეგეები აღიქვამენ მას, როგორც “ნაცებთან შეკრულს”, შესაბამისად, აღარ უსმენენ და, მარტივად რომ ვთქვათ, მის ოპონენტებს გულშემატკივრობენ. თუ კამპანიის ერთ-ერთი (და, შესაძლოა _ მთავარი) მიზანი იყო ნაპრალის გაღრმავება “ქართულ ოცნებასა” და მის “ძველ” ამომრჩევლებს შორის, ეს ნაბიჯი ფრიად წინდაუხედავი ჩანს.

მაგრამ, თქმულის მიუხედავად, თამბაქოს სკანდალიმაინც ძალზე საზიანოაქართული ოცნებისთვის”, რადგან ის პირდაპირ ურტყამს მის მთავარ არგუმენტს _ “მე ნაკლები ბოროტება ვარ”. ოქუაშვილმა თავის რეზონანსულ ინტერვიუში ხელისუფლება სწორედ იმ მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა, რომელსაც ნაციონალები მიმართავდნენ და საზოგადოება სწორედ ამის გარშემო მსჯელობს. სოცქსელებში კარგად ჩანს, რომ სულ უფრო მეტი ამომრჩეველი უახლოვდება დასკვნას: სხვაობა ძველ და ახალ რეჟიმებს შორის არსებით ხასიათს არ ატარებს და ამ პოზიციის გამყარებას ხელს უწყობენრუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები ოქუაშვილის, ყიფიანისა და სხვა ფიგურანტების მონაწილეობით. ყოველივე ესმობილიზაციისნაწილობრივ ჩავარდნას მოასწავებს (მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსით შორს ვერ წავლენ).

“ქართულ ოცნებას” სჭირდება არა, უბრალოდ, არჩევნების მოგება, არამედ დამაჯერებელი გამარჯვება, დაახლოებით ისეთი, როგორც 2016-ში, რომელიც არ დაუტოვებს მის ოპონენტებს შესაძლებლობას, გაყალბებაზე ისაუბრონ და “მაიდნის” აგორება სცადონ. ამან მყისიერი შედეგი რომც არ მოიტანოს _ არადამაჯერებელ გამარჯვებას, სავარაუდოდ, მოჰყვება საუბრები ხელისუფლების დაღმა სვლაზე, იმაზე, რომ 2020-ში ოცნება აუცილებლად წააგებს საპარლამენტო არჩევნებს და ა.შ., რაც საზოგადოებაში ფსიქოლოგიურ ფონს შეცვლის.

თავის დროზე (1995 წლის შემდეგ) შევარდნაძის ხელისუფლება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აღიქმებოდა, როგორც “ნაკლები ბოროტება” ქაოსთან და შეიარაღებული ბანდების თარეშთან შედარებით, მაგრამ ეს გარემოება მის არსებობას მუდმივად ვერ გაამართლებდა, რამდენიმე წელიწადში მას ზურგი თითქმის მთელმა საქართველომ შეაქცია. ასეა ახლაც _ ნაკლები ბოროტებისიდეა უსასრულოდ ვერ იმუშავებს, თუ ხელისუფლების რადიკალურიწმენდაარ მოეწყობა, არ შეიზღუდება ელიტური კორუფცია, ნეპოტიზმი და უსამართლობამაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორებას აპირებს. შესაძლოა, მას, უბრალოდ, არ ძალუძს, ჩამოაყალიბოს ახალი კონცეფცია ან თუნდაც ერთი პოზიტიური იდეა და ამიტომ მხოლოდ ნაციონალებზე (“ეს მოღალატეები” _ 1 ოქტომბრის განცხადება) და მობილიზაციაზე საუბრობს. მის გამოსვლას აკლდა მხოლოდ შეძახილი: “ნო პასარან” (“ისინი ვერ გაივლიან)”.

მთავარი პრობლემა შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ქართველი საზოგადოება, ავად თუ კარგად, წინ მიდის, ვითარდება, ვეღარ კმაყოფილდება ქვეყნის მოწყობის იმ ფორმებით, რომლებსაც მას მმართველი რეჟიმები სთავაზობენ და უარყოფს მათ. ასე მოხდა 2003-სა და 2012-ში და, შესაძლოა, ახლა გარდატეხის მსგავს წერტილს ვუახლოვდებით.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here