მთავარი სამართალი ია მეტრეველი: სერგო თეთრაძის მოსამართლეს უვადოდ რომ დანიშნავ, სამართლიანობაზე რთულია საუბარი

ია მეტრეველი: სერგო თეთრაძის მოსამართლეს უვადოდ რომ დანიშნავ, სამართლიანობაზე რთულია საუბარი

რას შეცვლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის აღიარება?

1111
გააზიარეთ
ია მეტერეველი

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეში ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე, რომელიც 2013 წლიდან საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, რამდენიმე დღის წინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ქართველმა სამართალდამცველებმა.

უფრო ადრე კი მან ერთერთ სატელევიზიო გამოსვლაში რობაქიძის დაღუპვაში მისთვის წარდგენილი ბრალი აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, ბარამიძე საქართველოში ჩვენების მისაცემად და გამოძიებასთან სათანამშრომლოდ ჩამოვიდა, სანაცვლოდ კი სასამართლოსგან სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს. მისი ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, რომ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. მისივე განმარტებით, დაცვის მხარე უახლოეს პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხსაც დააყენებს

იმ გარემოებამ, რომ სააკაშვილის რეჟიმის ერთერთი მაღალჩინოსანი გახმაურებულ საქმეზე ბრალს აღიარებს, ბუნებრივია, ისევ გააჩინა სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. განცდა, რომ დამნაშავეები ამდენი წლის შემდეგ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან, გარდაცვლილის ოჯახსაც აქვს, თუმცა რამდენად პრინციპული და თანმიმდევრული იქნება მართლმსაჯულება ამ შემთხვევაში, დრო გვიჩვენებს.

რას შეცვლის რეალურად ზურაბ ბარამიძის აღიარება და რა მოლოდინი აქვს 2004 წლის 24 ნოემბერს სააკაშვილის რეჟიმის მიერ ქუჩაში მოკლული ბუტა რობაქიძის ოჯახს? _ “საქართველო და მსოფლიოსბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ესაუბრება.

_ ქალბატონო ია, კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ ბაქრაძემ მცირე ხნის წინათ ბრალი აღიარა და, ფაქტობრივად, ფარდა აჰხადა რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულს. რა რეაგირება ექნება ამაზე მართლმსაჯულებას და რას ელოდებით?

_ თავისთავად ის ფაქტი, რომ ძალოვანი უწყების იმჟამინდელი მაღალჩინოსანი, რომელიც ამ საქმის გაყალბების უშუალო მონაწილეა, ასეთ ჩვენებას იძლევა, ცხადია, ოპტიმიზმის საფუძველს მიჩენს, მაგრამ რა მოხდება მომავალში და როგორ წარიმართება პროცესი, ჯერ ძნელი სათქმელია. ისე, საქმე ბაქრაძის ჩვენების გარეშეც მიდიოდა ბოლოსკენ, იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან უკვე 85 მოწმეზე მეტი დაიკითხა და ყველა ერთსა და იმავეს ადასტურებს, ანუ ყველა ამბობს, რომ იარაღი იქ არ იყო და შემდეგ მიიტანეს. შესაბამისად, ის ხუთი პირი, რომელთა მიმართაც საქმე აღიძრა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან, თუმცა ბაქრაძის ჩვენებამ საბოლოო წერტილი დაუსვა ყველაფერს და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი აღიარება. დანარჩენი ვნახოთ, რა იქნება. ველოდები კიდევ უფრო მეტ დეტალს, ვინაიდან ტელეეთერში ბაქრაძემ თქვა, რომ არ უნდოდა, გამოძიებისთვის ხელი შეეშალა და, როცა ჩამოვიდოდა, გაცილებით მეტს იტყოდა…

_ გურამ დონაძის ნათქვამი, რომ ის არანაირ გაყალბებაში არ მონაწილეობდა, გაბათილდება ამ აღიარებით?

_ გურამ დონაძე, რა თქმა უნდა, თავიდანვე ცრუობდა და, საერთოდ, ვინმეს თუ სჯეროდა მისი, არ ვიცი. ის კი არა, თავის დროზე, როცა საზღვარგარეთ გაიქცა, წერილიც გამოგზავნა და შემდეგ ეს წერილი პრესაშიც გამოქვეყნდა, რომ თურმე იმ დროს, როცა დანაშაული მოხდა, საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა ტყუილს ამბობდა. მერე კი, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ის და მიქაძე საზღვარგარეთ გაიქცნენ.

_ რას იტყვით იმ კადრებზე, რომლებიც დონაძემ გაავრცელა და ამტკიცებდა, რომ დამონტაჟებული არ იყო?

_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მოგეხსენებათ, სააკაშვილი ერთი წლის განმავლობაში კიდევ იყო პრეზიდენტი. სწორედ იმ პერიოდში დონაძემ, სააკაშვილისა და კუბლაშვილის ხელშეწყობით, საზღვარგარეთ ფირი გააყალბა და შემდეგ ეს ფირი ატრიალა. მეტიც, კუბლაშვილის სასამართლომ იკადრა და, მიუხედავად იმ მტკიცებულებებისა, რომლებიც არსებობდა, გირაოთი გაათავისუფლა დაკავებულები, თუმცა ახლა უკვე წყალი შეუდგა მათ ტყუილებს და ბაქრაძის აღიარება ამის ნათელი დასტურებია. მე, როგორც ვიცი, სხვა მოწმეებიც არსებობენ…

_ თქვით, რომ საქმე ისედაც დასასრულისკენ მიდიოდა და უამრავი მოწმის ჩვენება ადასტურებს პასუხისგებაში მიცემული პირების ბრალს. იმ მართლმსაჯულების პირობებში, რომელმაც გიგი უგულავას ობიექტური განაჩენი ვერ გამოუტანა და, რაც გამოუტანა, ისიც თურმე უკვე მოხდილმა სასჯელმა შთანთქა, გაქვთ კი სამართლიანობის იმედი?

_ დღეს აღშფოთებულნი ვართ იმ მოსამართლეების არაკეთილსინისიერი საქმიანობითა და უპრინციპობით, რომლებსაც, წლებია, ვერ გამოაქვთ ობიექტური განაჩენი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას თავისი მიზეზი აქვს… თუნდაც სერგო თეთრაძის საქმე ავიღოთ. კაცმა სამშობლოს ღალატი, რომელსაც სწამებდნენ, სიცოცხლის ფასად არ აღიარა და საშინელი სიკვდილით მოკლეს. დღეს კი მისი მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან. მხედველობაში მყავს სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი მოსამართლეები, რომლებიც პირდაპირ იმართებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ხალხის, მე არ ვიცი. ვერ ვხვდები, რატომ აკეთებენ ამას. რაც შეეხება კონკრეტულად გიგი უგულავას, როგორც ვიცი, მას რამდენიმე მილიონის გაფლანგვას თუ მითვისებას ედავებიან. მერიის ან რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყების რიგითმა თანამშრომელმა ასი ლარი რომ მოიპაროს, გადააყოლებენ და უგულავას და მისნაირებს რატომ მიუტევებენ მილიონების მითვისებას, არ მესმის.

_ იმიტომ ხომ არა, რომ დღევანდელ ხელისუფლებაშიც არიან მსგავსი ადამიანები?

_ არ ვიცი, ეს ძნელი სათმელია, მაგრამ სასამართლო რომ არ არის ის, რაც უნდა იყოს და რისთვისაც ვიბრძოდით, ფაქტია. ან რა რეფორმასა და სამართლიანობაზეა საუბარი, ერთადერთი შვილი მომიკლეს _ უდანაშაულო, მოსამართლე კიდევ სამი-ოთხი თვით გადადებდა ხოლმე პროცესს. ჯვარს ვეცვი, რასაც ჰქვია. ადამიანის წამება ამაზე მეტი რა გინდა?! დედაჩემი ისეთ საშინელ დღეშია ამ სასამართლოების გამო, რომ მდგომარეობიდან ვერ გამომყავს. როგორია, ჭრილობაში მუდმივად ხელს რომ გიფათურებენ?! თუმცა ბოლო პერიოდში მოსამართლემ შეცვალა პოზიცია და უკვე კვირაში ორჯერ ნიშნავს პროცესებს. არ ვიცი, ალბათ, ადამიანობამ გაიღვიძა და მიხვდა, რეალურად ვისთან გვქონდა საქმე.

_ ზურაბ ბაქრაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მის დასაცავს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ. თქვენი აზრით, სამართლიანი იქნება ეს?

_ თუ ის გამოძიებას რამე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის და ეს ინფორმაცია მართლმსაჯულებას დაეხმარება სამართლიანი განაჩენის გამოტანაში, წინააღმდეგი არ ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანს, თუ ის მართლა აღიარებს ბრალს და სინდისის ქენჯნას განიცდის, ღირსების რაღაც ნატამალი ჰქონია, განსხვავებით იმ არაადამიანებისგან, რომლებიც არათუ სინანულს გამოხატავენ, კიდევ აქეთ გაწვებიან და ცდილობენ, მორალურად გაგანადგურონ.

_ თქვით, რომ სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი პოლიტიკურად ანგაჟირებული მოსამართლეები დღეს უვადოდ ინიშნებიან. დაგვიკონკრეტეთ თქვენი პოზიცია: რაზე მიუთითებს ეს ფაქტი, ხელისუფლებას საბოლოოდ დაკარგული აქვს განცდა, რომ ხალხმა თავის დროზე სამართლიანობის აღდგენის დაპირებით აირჩია?

_ ხელისუფლების წარმომადგენელებმა თქვეს, _ ჩვენ არ ვერევით და მოსამართლეების დანიშვნის პროცესი დამოუკიდებლად მიდისო.

_ და გჯერათ, რომ ასეა?

_ ცხადია, ამის დაჯერება ყველას გვიჭირს. ჩემთვის ეს მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, მეტი რა გითხრათ. სერგო თეთრაძის მოსამართლეს უვადოდ რომ დანიშნავ, სამართლიანობაზე ცოტა რთულია საუბარი. თუმცა მე ყველაზე მეტად ის მიკვირს, თვითონ ამ მოსამართლეებმა როგორ მისცეს თავიანთ თავს მორალური უფლება, უვადოდ დაენიშნათ.

_ იმიტომ ხომ არ გაბედეს ეს, რომ ყველანაირი წნეხი, ფაქტობრივად, მოხსნილი აქვთ, როგორც საზოგადოების, ისე ოპოზიციისა და უფლებადამცველებისგან?

_ ალბათ, ესეც არის. როგორც ჩანს, ამ კატეგორიის ადამიანებს რაღაცის უნდა ეშინოდეთ, ბოროტებას რომ არ ემსახურონ, თორემ სინდისი და მორალი მათთვის უცხოა. მე, უბრალოდ, გული იმაზე მწყდება, რომ ამდენი ბრძოლის, ამდენი უბედურების შემდეგ ხალხმა, ვერც ერთმა ჩვენგანმა, ვერ მივიღეთ ის, რისთვისაც ბევრმა თავი გაწირა. მაინც ვერ დამკვიდრდა საქართველოში, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც, ის სამართლებრივი პრინციპები, რომლებისთვისაც წლების განმავლობაში ყველა ერთად ვუპირისპირდებოდით სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here