მთავარი საზოგადოება თუ ქართველი სპორტსმენი სათამაშოდ თურქეთში მიდის, ძალიან კარგია, თუ რუსეთში _ მოღალატეა...

თუ ქართველი სპორტსმენი სათამაშოდ თურქეთში მიდის, ძალიან კარგია, თუ რუსეთში _ მოღალატეა და მტერი?

1623
გააზიარეთ
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ

ვლადიმერ კობახიძე, გიორგი მელქაძე, გიორგი შელია, ნიკო გიორგობიანი, ნიკოლოზ ყიფიანი, ნიკო მეცხვარიშვილი _ ეს იმ ბიჭების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რუსეთის უმაღლეს თუ პირველ ლიგაში აგორებენ ბურთს. საერთო ჯამში, რუსეთის პროფესიულ საფეხბურთო კლუბებში ორასზე მეტი ქართველი თამაშობს, მაგრამ მათ ქართველი გულშემატკივარი არ სწყალობს. მიზეზი მარტივია _ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.

მოდი, თავიდან მივყვეთ. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს ბიჭები 18-21 წლისანი არიან, ანუ მათი მშობლები საქართველოდან 1990-იანი წლების მიწურულს წავიდნენ, მაშინ, როცა სამშობლოში არაფრის პერსპექტივა არ ჩანდა და ხალხი შიმშილით იხოცებოდა. ჰოდა, ეს ბიჭები რუსეთში დაიბადნენ, იქ ისწავლეს, რუსეთის მოქალაქეები გახდნენ და ახლა კარიერის აწყობას ცდილობენ. ერთეული გამნაკლისის გარდა, ყველა მათგანი საქართველოში ყოველწლიურად ჩამოდის; ცდილობს, მშობლიური კუთხე და წინაპრების სახლ-კარი არ დაივიწყოს, ეზოს უვლის, სახლს ამაგრებს და, რაც მთავარია, აქ დარჩენილ ნათესავებს პურის ფულით ეხმარება…

თურქ-სელჩუკები საუკუნეების განმავლობაში ეომებოდნენ საქართველოს. მათ ჩვენს ქვეყანში ათეულობით ლაშქრობა მოაწყვეს, ააოხრეს და გადაწვეს ქალაქები, სოფლები, ტყვედ წაიყვანეს ათასობით ქართველი. მათი საბოლოოდ განდევნა მხოლოდ დავით აღმაშენებელმა შეძლო და “ძლევაი საკვირველი” ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართულ ისტორიაში. მას შემდეგაც მეზობელ თურქეთს არაერთხელ ჰქონდა ჩვენი დაპყრობა-დამონების მცდელობა და ახლახან კი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბათუმი თურქულ ქალაქად გამოაცხადა და დასძინა, _ ისტორიული სამართლიანობა მალე აღდგებაო. ისე, ისტორიული სამართლიანობა თუ უნდათ, ტრაბზონის იმპერია საქართველოს ქვეშევრდომი და ყმადნაფიცი იყო თამარის დროს და…

გასულ კვირას ესპანეთის საკალათბურთო ჩამპიონატში პატარა სასწაული მოხდა. ფინალში ყველასთვის მოულოდნელად გასული “ბასკონია” ტიტულებით დახუნძლულ “ბარსელონას” დაუპირისპირდა. რაღა თქმა უნდა, უპირობო ფავორიტი კატალონიელი გრანდი იყო, მაგრამ “ბასკონიამ” პატარა სასწაული მოახდინა, შეხვედრა 69:67 მოიგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი გუნდის ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ აღმართა. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა ქართველი კაცი საზღვარგარეთ წარმატებას აღწევს, მით უმეტეს, უცხო გუნდის კაპიტნის რანგში. ისიც ვთქვათ, რომ თორნიკე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანიცაა და ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ითვლება. ჰოდა, ამ მატჩამდეც და მის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენგელია ახალ სეზონს მოსკოვის ცსკა-ში დაიწყებს. უფრო მეტიც, ევრობასკეტის ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი ცენტრი რუსული კლუბის მომავალი სეზონის განაცხადშიც შეიყვანა.

“მომავალ სეზონში ცსკა-ს სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება _ დანიელ ჰეკეტი, ნიკიტა კურბანოვი, იოჰანეს ფოგტმანი, თორნიკე შენგელია, ნიკოლა მილუტინოვი”, _ წერს ევრობასკეტი და დასძენს, ამ შემადგენლობით მოსკოვური კლუბი ევროპაში უძლიერესი იქნება და მის შეჩერებას ვერავინ მოახერხებსო.

სხვა გამოცემები უფრო შორს წავიდნენ და აღნიშნეს, რომ ქართველმა ცენტრმა 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და ივლისის ბოლომდე ოფიციალურ ხელშეკრულებასაც გააფორმებს. აი, ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო. სოციალური ქსელები წალეკა რუსული კლუბის გინებამ და შენგელიას კრიტიკამ. “კლავიატურის ლომებიბრდღვინავდნენ: თუ შენგელია ცსკაში მართლა გადავა, გინებას არც მას დავაკლებთ და ურჩევნია, ნაკრების თამაშებზე არ ჩამოვიდეს, ტრიბუნებიდან ობსტრუქციას მოვუწყობთო. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, კიდევ ერთი მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ უნდა გითხრათ: ავსტრიული “შტურმის” ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, დიდი ალბათობით, თვის ბოლომდე თურქულ “ბეშიქთაშთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ შესაძლო ტრანსფერს ქართულ სოციალურ ქსელში დიდი აღტყინებით ხვდებიან. გულშემატკივრები ოთარს წარმატებას უსურვებენ და წერენ, რომ “ბეშიქთაში” თურქეთის ერთ-ერთი ძლიერი კლუბია, რომ მას ამ კლუბის მაისურით ევროთასებზე თამაშის შესაძლებლობა ექნება, რომ… რომ… რომ…

რა გამოდის? თუ ქართველი სპორტსმენი სათამაშოდ თურქეთში მიდის, ძალიან კარგია, თუ რუსეთში _ მოღალატეა და მტერი? ლოგიკა სად არის? რატომ იქნება ცსკა მაისურით მოთამაშე შენგელია ქვეყნის მოღალატე? თურქეთში გადასულ სპორტსმენს ევროთასებზე თამაშის შესაძლებლობა რომ ექნება, ეს ძალიან კარგია და თორნიკე შენგელიას ამ ევროთასების მოგების ძალიან დიდი შანსი რომ ექნება, ცუდი? თორნიკემ ევროლიგის თასი რომ აღმართოს, პირველი ქართველი კალათბურთელი იქნება, რომელიც ამ პრესტიჟულ ჯილდოს შესწვდება და ეს ცუდია?

სპორტსმენის კარიერა ხანმოკლეა და მან რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს ის კაპიტალი, რომელიც შემდეგ ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს და ქუჩაში არ დარჩება. სპორტსმენებმა, ძირითადად, მხოლოდ იმ საქმის კეთება იციან, რომელ სფეროშიც მოღვაწეობენ და ეს ლოგიკურიცაა _ ხუთი წლიდან კალათბურთს რომ თამაშობ და 35 წლისა ასრულებ კარიერას, გამოდის, მთელი შეგნებული ცხოვრება მხოლოდ ერთ საქმეს აკეთებდი და შემდეგ უკვე ძნელია სხვა რამეზე გადაწყობა, ამიტომ ფულია საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესი დაიწყო, ნორმალური ბინა გქონდეს, არ გშიოდეს, არ გციოდეს. შემოდგომაზე 29 წლის ხდება შენგელია და დიდიდიდი 5-6 წელი კიდევ იასპარეზოს, მერე უკვე ვეღარ შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს. და რა უნდა ქნას? ევროპის ერთერთ უძლიერეს და უმდიდრეს კლუბში არ გადავიდეს, ხელფასი არ აიღოს და კარიერას რომ დაასრულებს, “კლავიატურის ლომებსეხვეწოს: თქვენს ჭკუაზე ხომ დავდიოდი, ახლა თითო ლარი შემიგროვეთ, ბანკის კრედიტი მაქვს გადასახდელიო? რას ვითხოვთ ამ კაცისგან?! და თუ ასეა, რატომ არ ვთხოვთ იმავეს კიტეიშვილს, რატომ არ მოვთხოვეთ არველაძეებს, _ თურქეთში ნუ მიდიხართ და მათ საფეხბურთო ისტორიას ნუ უწერთო? ხომ იქნებოდა აბსურდი და სასაცილო? ისეთივე აბსურდი და სასაცილოა ესეც, მაგრამ ისე ლამაზად არის შეფუთულ-მიწოდებული ხალხისთვის, რომ არავის ეცინება.

მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ. შენგელიამ “ბასკონიაში” მიაღწია ყველაფერს, რისი მიღწევაც შეიძლებოდა _ გახდა გუნდის კაპიტანი, საუკეთესო კალათბურთელი და ესპანეთის ჩემპიონი. შესაბამისად, მომავალში ნებისმიერი სხვა შედეგი მისთვის რეგრესი იქნება და, რა თქმა უნდა, ეს სხვა შედეგი აუცილებლად დადგება. გამორიცხულია, “ბარსელონასა” და “რეალის” პირობებში, “ბასკონიამ” ჩემპიონის თასი უახლოეს მომავალში კიდევ აღმართოს. ანუ, თორნიკე უნდა დარჩეს ესპანეთში და განიცადოს რეგრესი _ ეს გვინდა? წაადგება ეს ეროვნულ ნაკრებს ან თვითონ შენგელიას? თუ, ნაკრების კაპიტანი, იმავე ევროპელი ექსპერტების ვარაუდით, კონტინენტის ერთ-ერთ ძლიერ გუნდში რომ გადავა, ეს არის ცუდი? მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ევრობასკეტის ფინალური ეტაპის მატჩებს საქართველოც უმასპინძლებს და ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა დედაქალაქში გაორმაგებული ძალით რომ მიმდინარეობს, არაფერს ნიშნავს? იმაზე უფიქრია ვინმეს, რუსულ საფეხბურთო ლიგებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები სამშობლოში დააბრუნონ, ეროვნულ ჩემპიონატში სათამაშო პირობები შეუქმნან და დონეც ამაღლდება? ეს ვერ მოხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთის პირველ ლიგაში ყოველთვიური ხელფასი 5000 დოლარიდან იწყება, საქართველოს პირველ ლიგაში კი არა, უმაღლეს ლიგაშიც კი ფეხბურთელების უმრავლესობის ჯამაგირი ამ თანხასთან მიახლოებულიც არ არის.

დიდი ალბათობით, შენგელია ცსკა-სთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გაისად ევროლიგაზეც ითამაშებს. არმიული კლუბი უკვე სახელდება ამ ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტად და გვჯერა, ქართველი ცენტრი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. აი, საქართველოს ნაკრების რიგებში სათამაშოდ რომ ჩამოვა, ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, მას სტვენით შეხვდნენ, ტრიბუნებზე კი არა, ტელევიზორთანაც არ უნდა მიუშვა და ნაკრების თამაშები არ უნდა აყურებინო. ვისაც არ უნახავს, ახლა ნახოს _ როცა ესპანეთის ჩემპიონის თასი ჩაიბარა, შენგელიას ქართული დროშა ჰქონდა მხრებზე მოსხმული და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, წარმატების შემთხვევაში, ამის გაკეთებას არც რუსეთში აუკრძალავენ. ზუსტად ისე, როგორც ჯანო ანანიძემსპარტაკისჩემპიონობა იზეიმა ქართული დროშით, შარშან კი ანალოგიური რამ საბა კვირკველიამლოკომოტივთანერთად გააკეთა. არც ერთ რუსულ გამოცემაში არ დაწერილა: როგორ გაბედეს ქართველებმა თავიანთი დროშის მოსკოვში ფრიალიო.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. საქართველოს უდიდესი პრობლემაა გაუნათლებელი მასის აგრესიული თვითდაჯერებულობა! დისტანციური სწავლება საბოლოოდ დაასამარებს განათლებას!

  2. 100 %–ით გეთანხმებით, ბ–ნო ბესო. დარწმუნებული ვარ, რომ თორნიკე შენგელია ცსკა–ს ევროლიგაზე გაამარჯვებინებს და ამით კიდევ უფრო შეაყვარებს რუსებს ქართველებს. რუსეთთან ჩვენ ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს და ეს უნდა გამოვიყენოთ, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების გასაღები სწორედ რუსეთში დევს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here