მთავარი საზოგადოება “თუ საძრახავსა არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ, მაშ რის მაქნისიღაა...

“თუ საძრახავსა არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ, მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული… დოყლაპია ლიბერალობა”

482
გააზიარეთ
აქცია

კარგა ხანია, საუბარია, რომ 18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, ლგბტქ აქტივისტებს შსს წარმომადგენლებთან შეხვედრაზეღირსების მარშისდახურულ სივრცეში გადატანა შესთავაზეს, რადგან მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ. მიუხედავად ამისა, ლგბტ პრაიდის ორგანიზატორები მარშის გამართვას მაინც აპირებენ.

ახლახან საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა აღნიშნული პრაიდის მიმართ და მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვან ღონისძიების ჩატარება. “ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს. ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.

სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ, თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.

როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს, თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს თავისთავად იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა, დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.

ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას”, _ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ილიას გზით მივდივართო და სადამდე მივედით

ეს სადაური სამართალია, სადაური ლიბერალობა? ეს ფარისევლობაა, ეს მელატურობაა, ქვემძრომობაა, ეს სოროში თავის შეძვრენაა, კუდისაკი გარეთ დარჩენა, და არა ლიბერალობა!”

“ლიბერალობა, პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდიაო”, _ აი, რას ამბობდა ერის მამა. ის იზიარებდა ლიბერალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა თავისი ერის წინააღმდეგ. როდესაც ხედავდა, რომ რომელიმე ერი (მის ეპოქაში თუნდაც რუსი, სომეხი) სხვა ერს (მაგალითად _ ქართველს) უსამართლოდ ავიწროებდა, ჩაგრავდა, უზღუდავდა ძალაუფლების არეალს, უყალბებდა ისტორიას ან ართმევდა კანონიერ უფლებებს, მაშინ ნამდვილი ნაციონალისტივით იქცეოდა. კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი სრულიად შეთავსებადია და ასეც უნდა იყოს, თუ ნორმალურად აზროვნებ და ნორმალური საზოგადოების ჩამოყალიბება გინდა. სწორედ ამას ამბობს ილია ჭავჭავაძეც, რომ ყველაფერი ძველი ვერ და არ იქნება კარგი, ისევე, როგორც ყველაფერი ახალი. კონსერვატიზმი ძველის შენარჩუნებაზე ზრუნვაა და ყოველივე ახლის მიუღებლობა ან ძალიან ფრთხილად მიღება; ლიბერალიზმი კი ახლისა და გამოსადეგის დამკვიდრებისკენ სწრაფვაა და ნაკლებად დაგიდევს ძველს.

ჰოდა საქმე ისაა, რომ არც კონიაკი დაიწუნება იმისთვის, რომ ძველია (პირიქით _ უკეთესია) და არც უმწიფარი ხურმა, ახალდაკრეფილი. ლიბერალიზმიც და კონსერვატიზმიც საჭიროა და კიდევ საკმარისი ტვინი და ჰუმანიზმი, რათა გაარჩიო, რომელი ძველი ფასეულობაა გამოსადეგი და შესანარჩუნებელი და რომელია ისეთი, რომელიც აუცილებლად სანაგვეში უნდა მოისროლო; ახალი ღირებულებიდან კი რომელია კარგი და გამოსადეგი და რომელი _ დასაგმობი და უარსაყოფი.

სადამდის შეუძლიან, ჩვენის ფიქრით, გაიწვდინოს ხელი ან ძველის მცველმა და ახლის უარმყოფელმა, ან ძველის უარმყოფელმა და ახლის მდომელმა, რომ ჭეშმარიტს კონსერვატორობას ან ლიბერალობას არ გადაჰსცდეს” _ ამ საკითხზე წერს ილიაშინაური მიმოხილვაშისათაურითევროპის კონსერვატორობა და ლიბერალობა”:

“ყოველგან, საცა კი ისტორიის ღირსი ერი თავისითა ჰსცხოვრობს, ორნაირი წყობაა აზრისა და ეგ ორნაირი წყობა აზრისა შეადგენს ცხოვრების მდინარეობასა. ერთი ის წყობაა, რომელიც ცხოვრებას უკვე აღმოუჩენია, დაუდგენია და დღეს მოქმედებს, მეორე ის – რასაც დღევანდელი დღე თხოულობს და ჰსაჭიროებს. ამ ორთა წყობათა მოქმედება დაუძინარია და მუდამი. როცა ის, რასაც დღევანდელი დღე თხოულობს, ყველას თუ არა, ბევრს მაინც ძვალსა და რბილში დაუვლის, შესმენილი და გაგებული ექნება, – მაშინ ეგ მეორე წყობა იმარჯვებს და ყოველ საქმეთა სათავეში მოექცევა ხოლმე. ეხლა ეგ წყობა დაიჭერს პირველს ადგილს ცხოვრებაში. რასაკვირველია, მინამ ეს ასე მოხდება, ცხოვრება მაინც მოქმედებს და ახალს საჭიროებას აჩენს. ამიტომაც ახლად გამარჯვებულს წყობასაც სხვა, ახალი წყობა გამოუჩნდება ხოლმე მოპირდაპირედ. ესე მიდის კაცობრიობის ცხოვრება და ამნაირ სვლას დასასრული არ აქვს. თვითონ კაცობრიობის ისტორიაც სხვა არ არის რა, გარდა ამნაირად ფეხის გადანაცვლებისა.

პირველის წყობის მომხრეებს ევროპაში კონსერვატორებს ეძახიან, მეორისას – ლიბერალებს. პირველები არიან უკვე დადგენილის მცველნი, მეორენი – ახლის მესვეურნი და მდომელნი. თუმცა ერთნი ძველის მცველები არიან და მეორენი ახლის მდომელნი, მაგრამ პირველებს ყველაფერი ძველი არ მოსწონთ და მეორეებს ყველა ახალი არ ენატრებათ. ბევრი იმისთანა ახალია, რომლის მოსაპოებლად ჭეშმარიტი კონსერვატორი სიცოცხლესაც არ დაზოგავს, და ბევრი იმისთანა ძველია, რომლის დღეგრძელობისათვის ჭეშმარიტი ლიბერალი თავის საკუთარს დღეს შეიმოკლებს. ირლანდიისათვის ინგლისის ხელიდამ განთავისუფლება ახალი საქმე იქნება, მაგრამ ჭეშმარიტი კონსერვატორი ირლანდიისა თავს დაჰსდებს, ოღონდ ეგ მოიპოვოს. ინგლისის ეგრეთ წოდებული “დიდი ხარტია” ძველი რამ არის, მაგრამ ინგლისის ლიბერალი უსიკვდილოდ არ დასთმობს არც ერთს ასოს იმ ხარტიისას.

აქცია

ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც, მისის გულწრფელის აზრით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის, და თუ ხანდისხან ჰსცოდავს რაშიმე ქვეყანას, მარტო იმაში, რომ ზოგჯერ იმისთანა ძველსაც გადეფარება, რომელიც, თუმცა გამოსადეგი აღარ არის, მაგრამ უვნებელია და ძველის ადგილს არ უთმობს ახალსა – მინამ კარგად გულს არ დააჯერებს, რომ ახალი კეთილს მოიტანს. ჭეშმარიტი ლიბერალობაც უარჰყოფს მარტო იმისთანა ძველს, რომელსაც თავისი დრო და ჟამი მოუჭამია, რომელიც დღეს ხარიხად გაჰსდებია ცხოვრებას და წინსვლას უშლის. იგი ნდომობს იმ ძველის მაგიერ იმისთანა ახალს, რომელიც ძველზედ უკეთ ხელს მოუმართავს ცხოვრების განკარგებასა და წარმატებას. საცა ბრალმდებელია, იქ მფარველიც უნდა იყოს. მარტო ამ ორკეცად გასინჯულ საქმეს მოსდევს მართალი და ჭეშმარიტი. კაცობრიობას დღესაქამომდე სხვა გზა არ აღმოუჩენია ჭეშმარიტის და მართლის მოსაპოებლად.

ჩვენ ესა ვსთქვით იმიტომ, რომ ვაჩვენოთ, სადამდის შეუძლიან, ჩვენის ფიქრით, გაიწვდინოს ხელი ან ძველის მცველმა და ახლის უარმყოფელმა, ან ძველის უარმყოფელმა და ახლის მდომელმა, რომ ჭეშმარიტს კონსერვატორობას ან ლიბერალობას არ გადაჰსცდეს.

კონსერვატორების უკან და ლიბერალების წინ, მარცხნივ და მარჯვნივ ბევრნაირი სხვადასხვა აზრის ნაკადულებია კიდევ, და თუ ჩვენ მარტო ორი წყობა აზრისა მოვიხსენიეთ, ეგ იმიტომ, რომ ცხოვრების მდინარეობის შუა წელი მაგ ორ მხარდამხარ მოარულს წყობას აზრისას უჭირავს”.

ახლანდელ ლიბერალებს ერთი მთავარი რამ ავიწყდებათ: სრულიად სხვა იყო ლიბერალიზმი ილიას ეპოქაში და სრულიად სხვა არის ის დღეს. აბა ილიას მოვუსმინოთ:

ლიბერალობა განა მალვაა, ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა, ოინბაზობისა, თაღლითობისა, თვალთმაქცობისა და ყოველგვარ ნამუსახდილობისა, და არა მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ, მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული, თქვენი ქადებული დოყლაპია ლიბერალობა. მაშ ეს გამოჯარება ყოველ საქმისა, ეს მზეზე გამოტანა ყოველის ფარულის და არა ფარულის ბოროტისა, _ იმისდა მიუხედავად, შფოთს ასტეხს, თუ არ ასტეხს, _ განა უწმინდესი და უპირველესი ღირსება არ არის ჭეშმარიტის ლიბერალობისა, რომელიცკი მას შეუძენია და დიდი ღვაწლითა და ზოგჯერ სისხლის ნთხევითაცა…”

ვის მოუვა ფიქრად, რომ ბოროტის მხილებას კრიჭა შეუკრას ვისამე წყენის შიშითა, თუ არ დოყლაპია ლიბერალსა. საბუთიანს, მართალს მხილებას, თუნდა მთელის ერისას, გონიერი ერი მადლობით ეპყრობა და არა რისხვითა და შფოთითა. ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის, რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედინო, არავის გააქელვინო, ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და, თუ საიმისოა, ცხვირიდამაც ძმარი ადინო”.

“თუ აქაო-და შფოთი ასტყდება და ლიბერალობის ღაღადებით ჩვენ, ქართველებს, ხმას გვაკმედინებენ, და თუ მარტო ბალღების საცდენად და საფრთხობლად არ მოაქვთ აქ უადგილოდ ლიბერალობა”.

“გამოდის, რომ ჩვენ-კი მადლობელნი უნდა ვიყვნეთ, როცა ჩვენს მთელს ერს დედაბუდიანად სთხრიან და ისინი-კი უნდა აგვიშფოთდნენ, როცა ჩვენს მთხრელსა და მაგინებელს _ ისიც გუნდს და არა მთელს ერს _ ვიგერიებთ და იმის თვალთმაქცობას ვამხელთ. გამოდის, რომ ჩვენზედ, თუნდ ერთს ცალკე გუნდზე, მართალი ძვრიც არა სთქვათო ჩვენის შფოთისა და წყენის შიშითა და ჩვენ-კი თქვენი აშფოთება, თქვენი წყენა აინუნშიაც არ მოგვდის, თუნდ მთელი ერი გამოგილანძღოთ და მთელი გუდა ტყულიებისა ზედ თავზე დაგაბერტყოთ თქვენის სახელის გატეხვისათვისო. ეს სადაური სამართალია, სადური ლიბერალობა? ეს ფარისევლობაა, ეს მელა-ტურობაა, ქვემძრომობაა, ეს სოროში თავის შეძვრენაა, კუდისა-კი გარეთ დარჩენა, და არა ლიბერალობა. პატიოსან კაცთა შორის ნამუსია მოციქულიო, ნათქვამია”.

ესაა ამონარიდები ილია ჭავჭავაძის “ქვათა ღაღადიდან”. როგორც ჩანს, ილია ჭავჭავაძე იმ დროს არსებულ ლიბერალიზმში, ბევრ ნაკლოვანებას ხედავდა და ყოველგვარი სიახლის გადმოღებასა და დამკვიდრებას არ მიესალმებოდა.

ილია ჭავჭავაძე აკრიტიკებს ცრუ ლიბერალობას, რომელიც უკვე იმდენად გადავარდნილია იდეოლოგიაში, რომ სიმართლესა და ტყუილს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს. ილია ლიბერალიზმის უსამართლოდ მაკრიტიკებელ ხალხს დიდი შემართებით ებრძოდა და ამ აზრთა პაექრობას, რომელიც რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდა “მამათა და შვილთა ბრძოლა” ეწოდა, ანუ ბრძოლა თაობებს შორის. ილია ახალ თაობას ეკუთვნოდა და ახალი იდეებით, ლიბერალური, გახსნილი აზროვნებით უპირისპირდებოდა დრომოჭმულ იდეებსა და ტრადიციებს. სამაგიეროდ ხალხს სთავაზობდა ახალ, მართალ, ფაქტებით გამყარებულ, ლოგიკურ და ამავე დროს ეროვნული ინტერესების დამცველ იდეოლოგიას. ლიბერალიზმის კრიტიკა იმ დროში ნამდვილად არ წარმოადგენდა იშვიათობას უფროსი თაობის წარმომადგენელთა მხრიდან.

დღევანდელი ლიბერალიზმი ილიასდროინდელი ლიბერალიზმისგან ისე განსხვავდება, როგორც დღე და ღამე. დღეს ლიბერალიზმი აგრესიული იდეოლოგიაა, გვევლინება ყველანაირი უმცირესობის დამცველად, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს უფრო უმცირესობის ბატონობას წარმოადგენს უმრავლესობაზე. ეს არის მსოფლიოში გაბატონებული იდეოლოგია სხვადასხვა საცეცებით, როგორიცაა: ჰომოსექსუალთა უფლებები და ფემინიზმი, რომელიც ღიად უპირისპირდება ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს. ამ ყველაფერს კი კეთილშობილური მიზნებით: შემწყნარებლობითა და თანასწორობით ნიღბავს. ლიბერალიზმის პრინციპების საქადაგებლად აუცილებელი ინსტრუმენტია არასამთავრობო სექტორი, რომელიც ფინანსდება ქვეყნის გარედან, გამოხატავს დამფინანსებელთა ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში საკუთარი სახელმწიფოსა და ერის წინააღმდეგ ილაშქრებს.

რატომღაც ნებისმიერი იდეოლოგია, ყველაზე კეთილშობილიც კი, როგორიც არის “ძმობა, ერთობა, თავისუფლება” ან “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება” თითქმის ყოველთვის ძვირი უჯდება კაცობრიობას. რადგან ეს კეთილშობილური და ზოგადსაკაცობრიო იდეები ძალიან უცნაურ ადამიანებს ან მედროვეებს უვარდებათ ხელში.

რას ნიშნავს დღეს “სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება”? რაც ენაზე მოგადგება ან შენს ავადმყოფურ წარმოსახვაში დაიბადება _ ყველაფერი უნდა ილაპარაკო?! არა, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დღეს მწყრალადაა თავშეკავებასთან, სინდისთან და ნამუსთან?!

ახლა ილია ჭავჭავაძე რომ წამოაყენა და თანამედროვე ლიბერალები დაანახვა, ალბათ, დაფრთხებოდა. ვაილიბერალებო, განა მაგას გასწავლიდათ ლიბერალი ილია ჭავჭავაძე, _ ბიჭებს გოგოები არ მოეწონოთ, გოგოებს ბიჭებიო?! აა, თქვენ გლობალურად აზროვნებთ, სოფლელი ილია ჭავჭავაზე კი ამ მხრივ ჩამორჩენილი იყო, ხომ?!

თქვენი აზრით, რას ნიშნავს გლობალური აზროვნება? თუ აზროვნებ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ გლობალურადაც აზროვნებ, კოსმიურადაც და აზრის ძალაც სწორედ ეგ არის. მაგრამ, თუ საერთოდ ვერ აზროვნებ, მაგას გეოგრაფიული მდებარეობა, სიტყვების თამაში არ შველის, როგორც იმის განცხადება, რომ მსოფლიო მოქალაქე ხარ…

მაგრამ მსოფლიო გთვლის კი თავის მოქალაქედ? თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა?! ეს უკვე გლობალური პროვინციალიზმის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია, რომელსაც ჩვენი გამოჩენილი ლიბერალები ქვეყნიერების სასაცილოდ’ ლიბერალიზმს ეძახიან, თუმცა ამ ბოლო დროს ლიბერალები ხშირად ილია ჭავჭავაძის ლიბერალობით ამაყობენ.

ამჯერად, სოფლელ ვაჟა-ფშაველას აზრს “მოგახვევთ” თავს: რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, მეგობრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, მის კეთილდღეობასო.

ნუთუ დღეს ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ლგბტ პრაიდები შეუწყობს ხელს მთელი კაცობრიობის განვითარებასა და მის კეთილდღეობას?

კაცობრიობის ისტორიას უამრავი სექსუალურად განსხვავებული ადამიანის სახელი შემორჩა, რომლებმაც კაცობრიობის განვითარებაში მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, მაგრამ მათი ღვაწლი არავის მიუჩქმალავს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო.

1905 წელს ვაჟა-ფშაველა თავის წერილში “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” წერს:

“ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, _ რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში…

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო _ მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. “ჰამლეტით”, “მეფე ლირით” ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება “ვეფხისტყაოსნით” და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? _ არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება…

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომსაწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე _ საზრდოდ, ნანა _ მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, _ ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? _ იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, _ სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ…

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა”.

ეს ის ვაჟა ფშაველაა, რომელმაც 25 წლისამ “ალუდა ქეთელაური” დაწერა. პოემა, რომელიც საუკეთესო ლიბელარული ტექსტია ქართულ ლიტერატურაში, ოღონდ ნამდვილი ლიბერალური, ნამდვილი ილია ჭავჭავაძისეული, ანუ “გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს”, მაგრამ, მოწინავე ქვეყნებს რომ გაუთანაბრდეს, ამისთვის მათგან ყოველგვარი სისაძაგლის გადმოღება და პროპაგანდა ვერაფერი საწინდარია.

“პრაიდზე შეკრებილებო! რას ითხოვთ, რა გინდათ? იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით. როგორიც ხართ, რად უნდა ამას აფიშირება და დემონსტრაციები? რა მიზანს ემსახურებით? დაგავიწყდათ, რომ საქართველო ტრადიციების ქვეყანაა და არ დაუშვებს თქვენს ასეთ ქმედებებს? (ამონარიდი ერთერთი ფეიბუკმომხმარებლის გვერდიდან).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here