Home რუბრიკები პოლიტიკა თუ ოპოზიციამ აუქნია ხელი დასავლეთს, რატომ უნდა იყოს მმართველი გუნდი მისი მითითებების...

თუ ოპოზიციამ აუქნია ხელი დასავლეთს, რატომ უნდა იყოს მმართველი გუნდი მისი მითითებების უსიტყვო შემსრულებელი?

სააკაშვილის ხელისუფლება ჯალათების ხელისუფლება იყო და, თუ დაბრუნდებიან, ისევ ძველ პროფესიას მოირგებენ

530
თუ ოპოზიციამ აუქნია ხელი დასავლეთს, რატომ უნდა იყოს მმართველი გუნდი მისი მითითებების უსიტყვო შემსრულებელი?

მეათე მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბა. უფრო ზუსტად, შეიკრიბნენ მხოლოდ მმართველი გუნდის დეპუტატები, ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია. იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, გაგიკვირდებათ და, სახალხო დამცველი, დასავლელი ელჩები და, რაც მთავარია, ამერიკის ელჩი, ერთხმად მოუწოდებენ ოპოზიციას, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენონ პროტესტისთვის. როგორც ჩანს, ოპოზიცია დასავლეთის ასეთ დამოკიდებულებას არ ელოდა. მათ განგაშის ზარებს პირველად მაშინ შემოჰკრეს, როცა მაიკ პომპეო ჩამოვიდა და ოპოზიციონერებს არ შეხვდა. ახლა კი, როცა მიხვდნენ, რომ დასავლეთმა ისინი, უბრალოდ, მიატოვა და არ გაიმეორა ის, რაც 2003 წელს მოხდა, გაბრაზდნენ. შეგახსენებთ, რომ 2003 წელს, 5-ათასიანი აქცია სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდა და ახლაც იგივე სურდათ.

“ვითომ კონფლიქტი განმუხტეს თავიანთი ადმინისტრაციების წინაშე. ეს არის სირცხვილი დ ზუსტად ეს არის დასავლეთის დამაზიანებელი. მე ნუ დამელაპარაკება ანტიდასავლურ ქცევაზე რუსეთის ოფიციალური ღია აგენტის შვილი ირაკლი კობახიძე და რუსული პროექტის, ბიძინა ივანიშვილის მონა ირაკლი კობახიძე; მე _ რუსეთის მიერ დევნილ ნიკა გვარამიას, მათ შორის ის ფალსიფიკატორები, რომლებიც ახლა სხედან და არავინ იცის, რაზე მუშაობენ. თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის ქცევა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ და “ქართული ოცნების” ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს”, _ განაცხადა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მთავარი პროკურორის მოადგილემ, იუსტიციისა და განათლების ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” რუპორის, ტელეარხ “მთავარის” გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ.

რატომ ვიწყებთ გვარამიას და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებით? იმიტომ, რომ ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციისა სწორედ “მთავარი არხის” გენდირექტორია და სწორედ მის რადიკალიზმს უკრავს ტაშს უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილი. ერთი ეგაა, სააკაშვილი და გვარამია ვერ მიხვდნენ, რომ რუსული თემის ხსენება უკვე ქულებს ვეღარ წერს, რადგან ერმაც და ბერმაც დაინახა, რომ რუსეთი როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ისე მის შემდგომ განვითარებულ პროცესებში განზე იდგა და არაფერში არ ჩარეულა. ამას მიხვდა დანარჩენი ოპოზიცია და ამიტომ ისინი რუსეთს აღარ (ვეღარ) ახსენებენ. ჰო, გვარამიამ ისიც თქვა: გამაბოროტეს და, ხელისუფლება რომ შეიცვლება, მათი “პალაჩი” გავხდებიო. სწორედ ეს სიტყვა იხმარა ბატონმა ნიკამ და დააანონსა ის, რასაც ყოველთვის ვიმეორებთ _ სააკაშვილის ხელისუფლება ჯალათების ხელისუფლება იყო და, თუ დაბრუნდებიან, ისევ ძველ პროფესიას მოირგებენ.

ამ დაპირისპირებაში ისიც გამოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” რეალურად ერთნი არიან და მათ შორის წინააღმდეგობებიც არაა _ სააკაშვილისა და უგულავაბოკერიას განცხადებები ერთი-ერთში ემთხვევა. მიშას ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, უგულავა და ბოკერია კი პარლამენტში ვერ ხვდებიან იმის გამო, რომ წინასაარჩევნოდ ხმამაღლა თქვეს: ჩვენი სია პირობითია, პარლამენტში ის შევა, ვინც პროცენტულად მეტს აიღებსო. ეს “მეტი” კი ვერც უგულავამ აიღო და ვერც ბოკერიამ. შესაბამისად, ისინი პარლამენტში ვერ შედიან და ამიტომ სხვებსაც აიძულებენ, მანდატებზე უარი თქვან. იმავეს აკეთებს ნინო ბურჯანაძეც, ანუ უმანდატო პარტიის ლიდერი ამბობს: მე პარლამენტში ვერ შევდივარ და სხვაც არ უნდა შევიდესო.

გამოდის, ამ .. ოპოზიციას ხელს აძლევს ერთადერთი რამ _ ხელისუფლების სათავეში მოსვლა და მერე რა, რომ საამისოდ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. 9წლის განმავლობაში ისინი მიეჩვივნენ იმას, რომ ხალხს არაფერს არ ეკითხებოდნენ, იქცეოდნენ ისე, როგორც სურდათ, აკეთებდნენ იმას, რაც სურდათ და, რაც მთავარია, დასავლეთი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდა, ხოლო თუ რომელიმე პოლიტიკოსი იტყოდა, დიქტატურაა საქართველოშიო, მაშინვე ხმალამოღებულები წაესეოდნენ: ოკუპანტის როგორ გჯერათ, დემოკრატიის შუქურა გვყავს პრეზიდენტადო. ახლა კი ფაქტია, რომ ეს შუქურა დასავლეთმა ჩააქრო, დასავლელმა პოლიტიკოსებმა რეალობას თვალი გაუსწორეს და ცოტა არ იყოს, გაოცებულნიც არიან ოპოზიციის ქმედებით. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამერიკისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების ელჩებს ვერავინ დააჯერებდა ოპოზიციის ურჩობას. ისინი ხომ მათი ყურმოჭრილი მონები იყვნენ, აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც უბრძანებდნენ, ექსპერიმენტებს ატარებინებდნენ ხალხზე, ერი კრიმინალად გამოაცხადებინეს სააკაშვილს და ახლა რადიკალური ცვლილება მოხდა. ოპოზიციამ დასავლეთსაც დაანახვა რეალური სახე, ისინი თავიანთ კეთილდღეობაზე ზრუნავენ და რის ფასად იქნება ეს ყველაფერი, არ აინტერესებთ.

სამაგიეროდ, მიმდინარე პროცესები კარგი მაგალითი უნდა იყოს “ქართული ოცნებისთვის”. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ დასავლეთის ელჩების მოთხოვნებზე უარის თქმა სამყაროს დასასრული არ არის. ხომ დაინახეს, რომ ლამის ტალახში ათრიეს ელჩები ერთად და სათითაოდ ოპოზიციის ლიდერებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც არჩევნების მათთვის არმოსაწონი მონაცემები გამოაქვეყნა, მოსყიდულად გამოაცხადეს, რუსეთუმეობა დასწამეს და ამით სამყარო არ დასრულებულა. პროცესი ისევ გრძელდება, ელჩები ისევ მზად არიან, შეხვდნენ ოპოზიციას და, რაც მთავარია, შეხვდნენ იმ ლიდერებს, რომლებიც მათ მოღალატეებსა და დემოკრატიული ღირებულებების მტრებს ეძახიან.

რა გამოდის? თურმე შესაძლებელია რაღაცებზე უარის თქმა, საქართველოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება და ამისთვის არავინ დაგსჯის, არც სამსახურიდან გაგიშვებს, არც კედელთან მიგაყენებს და უფრო მეტიც, შეგხვდება, დაგელაპარაკება. სწორედ დღევანდელი ვითარებაა მოვლენების რადიკალურად შეცვლისა და სხვა რელსებზე გადაწყობის საუკეთესო საშუალება. თუ ოპოზიციამ ხელი აუქნია დასავლეთს, რატომ უნდა იყოს მმართველი გუნდი მათი მითითებების უსიტყვო შემსრულებელი? დასავლეთის ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებაზე უარი არ ნიშნავს სხვა ქვეყნისკენ წასვლას და სხვა ბატონზე ჩამოკიდებას. მმართველმა გუნდმა პირველ ადგილზე ქართული სახელმწიფოს ინტერესი უნდა დააყენოს, უნდა თქვას ის, რა არის კარგი საქართველოსთვის და არა ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის.

არავინ იცის, ასეთი შანსი სხვა დროს როდის გვექნება და ამას ახლა უნდა გამოყენება. ახლა უნდა ითქვას ხმამაღლა, რომ თურმე საუბარი შეიძლება ყველასთან. თუ გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის ელჩებს დემოკრატიის მტრებს ეძახის ოპოზიცია (თუმცა გაზაფხულზე, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები მიაღებინესოცნებას”, მათ მზეს ფიცულობდნენ) და მაინც სასაუბროდ სხდებიან ერთ მაგიდასთან, რატომ არ შეიძლება იმავე მაგიდასთან დავსხდეთ სხვასთან და ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე? დიახ, რუსეთს ვგულისხმობთ, ქვეყანას, რომელზეც გადის საქართველოს სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა. არ ვამტკიცებთ, რომ პირველივე შეხვედრა აუცილებლად დადებითი შედეგით დასრულდება, ასე არსად და არასდროს ხდება, მაგრამ ერთ შეხვედრაზე ვერც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, ვერც დასავლეთმა დაარწმუნა მხარეები და კომპრომისი ვერ მოინახა არც ერთი და არც ათი შეხვედრის შემდეგ. ამის მიუხედავად, შეხვედრები გრძელდება, საბანს ყველა თავისკენ ქაჩავს და, ბოლოს რა მოხდება, არავინ იცის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: სწორედ დღევანდელი მდგომარეობაა საბაბი და საფუძველი იმისა, რომ ხელისუფლებამ ხმამაღლა და დაბეჯითებით თქვას, რომ საუბარს ყველასთან და ყველაფერზე აპირებს. არ და ვერ გაბრაზდებიან დასავლელი ელჩები, რადგან მათ წინ აქვთ ნათელი მაგალითი იმისა, რომ აღარ ემორჩილება ოპოზიცია, ანუ პოლიტიკოსები არ იზიარებენ მათ იმ მოსაზრებებს, რომლებიც, უბრალოდ, ხელს არ აძლევთ და არათუ არ იზიარებენ, იერიშზე გადადიან და ლანძღავენ კიდეც მათ. მოლოდინი იმისა, რომ ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ოპოზიციის სასიკეთოდ რამე შეიცვლება, აბსურდია, რადგან კელი დეგნანი სწორედ ბაიდენის ბანაკის წევრია და, თუ რამეს ამბობს, სწორედ ბაიდენის ბანაკთან შეთანხმებით.

ამ ყველაფრის პარალელურად, პოლიტიკოსების კინკლაობაში რიგითი ადამიანები იმაზე უარეს დღეში ცვივდებიან, ვიდრე მანამდე იყვნენ. ვირუსის გარდა, პროდუქტების გაძვირება და უმუშევრობა მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას და მათთვის სულერთია, ვინ იქნება პარლამენტის შიგნით და ვინ _ გარეთ; მათთვის მთავარი ის არის, საღამოს შინ რას მიიტანენ და რას აჭმევენ შვილებს. იმ შვილებს, რომელთა უმრავლესობა, სათანადო ტექნიკის უქონლობის გამო, დისტანციურრად ვერ სწავლობს, უფასო განათლების მიღების შესაძლებლობაც არ აქვს. ჰო, ტექნიკის გარდა, ინტერნეტის გადასახდელი ფული ცალკე პრობლემაა და იმ სოფლებში, რომლებშიც ინტერნეტი, უბრალოდ, არ არის, დისტანციურ სწავლაზე საუბარიც კი სასაცილოა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here