მთავარი სპორტი “თუ ვინმე მასთან ერთ ოთახში მარტო დამტოვებს, მოვკლავ მაგ არაკაცს!”

“თუ ვინმე მასთან ერთ ოთახში მარტო დამტოვებს, მოვკლავ მაგ არაკაცს!”

ილია თოფურიამ პროვოკატორ ინგლისელს ქართველი ხალხის შეურაცხყოფა შეახსენა, მეორე ინგლისელი კი ნოკაუტში გაგზავნა

106
გააზიარეთ

UFC (Ultimate Fighting Championship _ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი)-ში სპორტსმენებს ცოტა მეტის უფლებას აძლევენ, ვიდრე კლასიურ სახეობებში. ფეხბურთში რასისტულ გამოვლენას სასტიკად ახშობენ, UFCში კი ხელმძღვანელობა ისეთ სახეს იღებს, თითქოს არ ესმის ამერიკული კოლბი კოვინქტონის ბინძური სიტყვები ბრაზილიელების მიმართ და ვერ ამჩნევს ირლანდიელი კონორ მაკგრეგორის შეურაცხყოფას დაღესტნელებისადმი.

შარშან UFC-თან კონტრაქტი გააფორმა პედი პიმბლეტმა _ ეპატაჟურმა მებრძოლმა ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. უცნაური ვარცხნილობის მქონე პიმბლეტი განაგრძობს ირლანდიელ კონორ მაკგრეგორის საქციელის გამეორებას _ შეურაცხყოფს ყველას და ცდილობს, რაც შეიძლება, მეტი ჰაიპის (ყურადღების მისაქცევი აგრესიული უხეში რეკლამა) მოგროვებას. 27 წლის პიმბლეტს UFC-ში მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს გამართული, მაგრამ მისი სახელი MMA-ს (შერეული საბროლო ხელოვნება _ “ბრძოლა წესების გარეშე”) თაყვანისმცემელთა უმრავლესობისთვის ცნობილია. ასეთ ტაქტიკას, რა თქმა უნდა, აქვს მეორე მხარეც _ ზოგჯერ შენი სიტყვების გამო პასუხისგება გიწევს.

ინგლისელი პედი პამბლეტი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ხშირად წერს მისდამი არამეგობრულად განწყობილ მებრძოლებზე და მათ ეროვნებასა და სამშობლოს ხშირად შეურაცხყოფს. მაგალითად, შარშან ის პოლემიკაში ჩაერთო ქართველ მებრძოლ გურამ ქუთათელაძესთან და დაწერა: “ყველა ქართველი გონებაჩლუნგია” და შეახსენა 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ამ შეურაცხყოფას გამოეხმაურნენ UFC-ს მებრძოლი ქართველები: დიანა ჯოჯუა, გურამ ქუთათელაძე და ილია თოფურია. მათ პიმბლეტი რასიზმსა და დაუშვებულ ხუმრობაში დადანაშაულეს და დაუყოვნებლივ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. ინგლისელმა საჯაროდ ბოდიში არ მოიხადა, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ გადაამლაშა, სასწრაფოდ წაშალა ტვიტი. მოგვიანებით პედი პიმბლეტმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ ბევრი არაფერი იცოდა საქართველოს შესახებ და ამიტომ მისცა თავს ასეთი ხუმრობის უფლება. ქუთათელაძესთან კონფლიქტი თითქოს მოგვარდა, მაგრამ თუოფურიასთან… ლონდონში 19 მარტს გასამართი UFC-ს ტურნირის (Fight Night204) წინ შოუს მონაწილეები ინგლისის დედაქალაქში ჩავიდნენ მედიასთან ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე შეხვდნენ ერთმანეთს ილია თოფურია და პიმბლეტი და, რომ არა მაგიდა, რომელიც მათ შორის იდგა, დაუნდობელი ჩხუბი ატყდებოდა. ილია თოფურიამ გადაწყვიტა, პასუხი გაეცა პიმბლეტისთვის, რომელმაც ქართველი ხალხი და საქართველო შეურაცხყო. ქართველმა მებრძოლმა პროვოკატორ ინგლისელს ხელი მას შემდეგ მოუქნია, როცა მან ანტისეპტიკური სითხის ბოთლი ესროლა. ქართველი სასწრაფოდ შეაჩერეს თანაგუნდელებმა, მაგრამ პიმბლეტმა სოციალურ ქსელში განაგრძო ურთიერთობის გარკვევა.

“ძმაკაც, მიდი, გამოაქვეყნე ვიდეო, როგორ დამესხი თავს, მე კი უკან არ დავიხიე შენი 6-კაციანი ბრიგადის წინაშე და, როგორ ცდილობდი, დაგერტყა, მე კი ავიცილე, შემდეგ კი თავში ანტისეპტური სითხის ბოთლი გესროლე, პატარა ჭიაყელავ!” _ დაწერა პიმბლეტმა “ტვიტერში”.

ილია თოფურიამ გამოაქვეყნა ვიდეო, შემდეგ კი დაწერა: “მე გაფრთხილებდი! აი რა ხდება, როცა გამოხატავ უპატივცემულობას ჩემი და ჩემი ქვეყნის მიმართ! დამინახე და გინდოდა მომსალმებოდი, იმიტომ, რომ ჩაისვარე. სჯობს, მადლობა უთხრა ჩემი გუნდის წევრებს, მათ რომ არ გავეჩერებინე, თავს მოგაგლეჯდი. ეს არ არის “ტვიტერი”, ეს რეალური ცხოვრებაა!”

მოგვიანებით ილიამ განაცხადა: “ამ დაპირისპირების შემდეგ UFC-თან პრობლემები არ შემქმნია. პრობლემები პიმბლეტს აქვს, დაცვით დადის, რადგან მშიშარაა და შარვალში ისვრის. ორგანიზაციიდან კი მხოლოდ ის მითხრეს, რომ სიმშვიდის შენარჩუნებას უნდა ვეცადო. მესმის, რომ არც ისე პროფესიონალურია, როცა ვიღაცას სასტუმროში ეჩხუბები, მაგრამ იმ მომენტში ემოციების კონტროლი ვერ შევძელი. ძალიან ძნელია, ასეთი ნაბიჭვრის დანახვაზე რეაქცია არ გქონდეს. თუ ვინმე მასთან ერთ ოთახში მარტო დამტოვებს, მოვკლავ მაგ არაკაცს”

შეიძლება თუ არა თოფურიასა და პიმბლეტს შორის გაიმართოს ორთაბრძოლა უახლოეს მომავალში? UFC-ში გამორიცხული არაფერია, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის, რომ პიმბლეტი მსუბუქ წონაში ასპარეზობს, თოფურია კი _ ნახევრად მსუბუქში.

დიდი ხანია, UFC-ში არ ყოფილა აყალმაყალი და ჩხუბი ოქტაგონის გარეთ. ბოლო დაპირისპირება 2019 წელს მოხდა სწორედ ლონდონში, როცა ხორხე მასვიდალი თავს დაესხა ლეონ ედვარდს.

გამორიცხული არ არის, რომ კიდევ ვიხილოთ თოფურიასა და პიმბლეტს შორის საქმის გარჩევა. აღსანიშნავია, რომ თოფურია ერთადერთი მებრძოლი არ არის, რომელიც ნეგატიურად არის განწყობილი ინგლისელის მიმართ. 2018 წელს პიმბლეტი რასობრივ საფუძველზე დაუპირისპირდა 21 წლის დაღესტნელ მუჰამედ მოკაევს. მისი მწვრთნელის, დინ გარნეტის, მანქანას კი ცეცხლი წაუკიდა.

ილია თოფურია გერმანიის ქალაქ ჰალეში დაიბადა 1997 წლის 21 იანვარს. ის 5 ქართველ მებრძოლს შორისაა, რომლებიც UFC-ში ასპარეზობენ: მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე, გიკაძე, დიანა ჯოჯუა და ილია თოფურია.

19 მარტს ილია თოფურია კიდევ ერთ ინგლისელ მებრძოლს, ჯეი ჰერბერტს, შეხვდა და ნოკაუტით დაამარცხა. მან UFC-ში ჩატარებული 12 ორთაბრძოლა ჩაატარა და ყველაში გაიმარჯვა.

აქვს ორი პასპორტი _ ქართული და ესპანური. ესპანეთში გადასვლამდე დაკავებული იყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობით, რომელიც შემდეგ შერეულ ორთაბრძოლებში გამოსასვლელ ბაზად იქცა.

ილია თოფურია მისი გუნდის წევრებმა ძლივს გააჩერეს

ილია თოფურია სკოლის დამთავრების შემდეგ ოჯახთან ერთად ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გადასახლდა. სწორედ იქ შენიშნეს ის Climent Club-ის მწვრთნელებმა, რომლებიც შერეული ორთაბრძოლის ილეთებს ასწავლიდნენ. ილიასთან ერთად შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიშობდა მისი ძმა _ ალექსი, რომელსაც, აგრეთვე, აქვს წარმატებები.

ესპანეთში გულმოდგინე ვარჯიშიდან 3 წლის შემდეგ ილიას დებიუტი ჰქონდა Coast Warriors-ის მოედანზე ვალენსიაში, და სულ 3,5 წუთი დასჭირდა ფრანსისკო ასპრილას დასამარცხებლად, რომელსაც 7 პროფესიონალური ორთაბრძოლა ჰქონდა გამართული.

აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიას ბევრი სპეციალისტი უწინასწარმეტყველებს ჩემპიონობას, მაგრამ ჩემპიონის ტიტულამდე გასავლელი გზა იოლი არ იქნება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here