მთავარი დაიჯესტი თურქეთისთვის არც ნატო აიტკივებს თავს და არც ევროკავშირი

თურქეთისთვის არც ნატო აიტკივებს თავს და არც ევროკავშირი

1213
გააზიარეთ
ერდოღანი და პუტინი

ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოს შტაბბინას მიაშურა თურქეთსირიის საზღვრის დასაცავად დამატებითი დახმარების მისაღებად. ერდოღანი იმუქრება, რომ, თუ ბრიუსელი არ დაეხმარება, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება და არაორაზროვნად მიუთითებს მიგრანტების პრობლემაზე.

ევროპის სამხრეთი საზღვრების დასაცავად

“ჩვენ ვიყავით ევროპისა და ნატოს ბასტიონი სირიის მხრიდან ამ ქვეყანაში ცხრაწლიანი კონფლიქტის განმავლობაში. თურქეთი ნატოს ერთადერთი წევრია, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოს” ებრძოდა. ჩვენ 3,7 მლნ სირიელი ლტოლვილი მივიღეთ და ახლა მოკავშირეების დახმარების იმედი გვაქვს”. _ შეახსენა ერდოღანმა იენს სტოლტენბერგს. ნატოს გენერალური მდივანი დაეთანხმა შეფასებას, რომ იდლიბში რთული სიტუაციაა შექმნილი და თქვა, რომ ალიანსი მზად არის, ანკარის დასახმარებლად “სხვადასხვა მეთოდით”, მაგრამ სტოლტენბერგის ბუნდოვანმა ფორმულირებამ ვერ დააკმაყოფილა ერდოღანი, და მან ალიანსის წევრებს კონკრეტული მხარდაჭერა მოსთხოვა ქვეყნის სამხრეთი საზღვრების დასაცავად.

“სირიისა და თურქეთის საზღვარი _ ეს არის ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი. სირიის კრიზისი _ ეს საფრთხეა ჩვენი რეგიონისთვის და სრულიად ევროპისთვის როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარულ სფეროში. არც ერთი ევროპული ქვეყანა არ უნდა დარჩეს გულგრილი სირიის ტრაგედიისადმი”, _ მოითხოვდა ერდოღანი.

თურქეთის ლიდერმა გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებმაც ანკარა მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად ესკალაციაში დაადანაშაულეს. თვითონ ევროკავშირის წევრებიც ხომ არცთუ იშვიათად იყენებენ ამ თემას, “რათა მოიპოვონ დაუსაბუთებელი პრეფერენციები”. თუმცა, ერდოღანს არ განუმარტავს, რომელ ქვეყნებს გულისხმობდა. დისკუსიის ტემპერატურის დასაწევად ნატოს გენმდივანმა, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო კონკრეტულად ლაპარაკი. “ნატო ანკარას დაეხმარება სარაკეტო სისტემებით, რომლებიც ქვეყანას დაიცავს სირიისგან მომდინარე საფრთხისაგან”. _ დაჰპირდა ერდოღანს სტოლტენბერგი.

ერდოღანი, შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი
ერდოღანი, შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი

შეთანხმება მიგრანტებზე

ალიანსის მხრიდან დახმარების პირობის მიღების შემდეგ ერდოღანი გაემართა ევროსაბჭოს მეთაურ შარლ მიშელსა და ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შესახვედრად. თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ არ შეუძლია იდლიბიდან წამოსული ლტოლვილების ნაკადის შეჩერება და ამიტომ გადაწყვიტა, გაეხსნა საზღვარი ევროკავშირთან.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, თავის მხრივ, აღიარა, რომ ანკარასა და ბრიუსელის მიდგომები პრობლემის გადაწყვეტის მიმართ ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. “მიგრანტებს სჭირდებათ მხარდაჭერა, სებერძნეთს სჭირდება მხარდაჭერა, თუმცა თურქეთსაც, აგრეთვე, სჭირდება”. _ განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მოლაპარაკებებმა 2 საათს გასტანა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაახლებდნენ ხელშეკრულებას არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის შესახებ. უახლოეს დღეებში შექმნიან სამუშაო ჯგუფს. თანათავმჯდომარეები იქნებიან ევროპული დიპლომატიის მეთაური ჟოზეპ ბორელი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

ერდოღანმა მოლაპარაკება შეაფასა, როგორც პროდუქტიული, თუმცა ევროპელ მაღალჩინოსნებთან ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვაზე უარი განაცხადა.

ერდოღანი

გეგმები, რეალური და მოჩვენებითი

იდლიბში ვითარების გამწვავებამდე, რომლის პიკიც თებერვალში იყო, ერდოღანი გეგმავდა, სახელდობრ, იქ განეთავსებინა ყველა სირიელი ლტოლვილი. მათ შესანახავად სახსრები ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოიყო. თანხაზე ლაპარაკი იყო მიგრაციულ კრიზისთან ბრძოლის ერთობლივ გეგმაში, რომელიც ანკარამ და ბრიუსელმა 2016 წელს შეათანხმეს.

ლტოლვილთა გარდა, იდლიბში ერდოღანი გეგმავდა სირიული ოპოზიციის რაზმების განლაგებასაც. პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეების მხარდაჭერით, მას სურდა, გავლენა მოეხდინა რეგიონში რეგულირების პროცესზე. ერდოღანი დიდი ხნის განმავლობაში არად აგდებდა იმას, რომ ანტიასადის ქვედანაყოფებში ბევრი იყო ტერორისტული ორგანიზაცია “ჰაიათ თახრირ აშ-შამის” მომხრე.

მოსკოვმა არაერთხელ მიუთითა, რომ დაუშვებელი იყო ტერორისტების ყოფნა დეესკალაციის ზონაში. ერდოღანმა განაცხადა, რომ გაერკვეოდა, მაგრამ მან ვერ შეძლო ტერორისტებისგან ოპოზიციის გამოცალკევება. შედეგად ამ ტერიტორიაზე სირიის სამთავრობო ჯარების შეტევამ, რომელიც ზამთარში დაიწყო, თურქეთის ლიდერის ყველა გეგმა ჩაფუშა.

იდლიბზე კონტროლის შესანარჩუნებლად პროთურქულად განწყობილი “ბოევიკები” ასადის არმიას დაუპირისპირდნენ. ბრძოლა დაახლოებით 2 კვირას გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ერდოღანმა არაერთხელ მიმართა ნატოს დახმარებისთვის, მაგრამ ალიანსის წევრებმა და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ მოუწოდეს თურქეთის ხელისუფლებას, რუსეთთან ერთად დაეძლია კრიზისი იდლიბში. ცეცხლის შეწყვეტა და ვითარების სტაბილიზაცია მოხერხდა მხოლოდ 5 მარტს პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებების შემდეგ. ამ დღეებში ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებმა უსაფრთხოების დერეფანი უნდა შექმნან ტრასა M4-ის გასწვრივ, რომელიც სირიის საზღვაო პორტებს აკავშირებს ქვეყნის პროვინციებთან. ამ არტერიის ერთობლივად პატრულირება თურქმა და რუსმა სამხედროებმა 15 მარტიდან დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეთანხმებაში არ არის პუნქტი ლტოლვილების პრობლემის შესახებ.

“როდესაც თურქეთი ატარებდა ოპერაციას სირიაში ქურთების წინააღმდეგ, ამერიკელები და ნატო მათ დაჰპირდნენ, რომ დაიცავდნენ. მაგრამ მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლა. ანალოგიური რამ ხდება ახლაც. ძალიან საეჭვოა, ალიანსმა თურქეთის ინტერესები დაიცვას სირიაში. ერთადერთი, რასაც დასავლეთი ხელს შეუწყობს, არის სირია-თურქეთის საზღვრის გამაგრება, რათა მოხდეს ლტოლვილთა მდგომარეობის დარეგულირება”. _ ასეთია ექსპერტთა აზრი.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here