მთავარი საზოგადოება თემურ თვალიაშვილი – In Memoriam

თემურ თვალიაშვილი – In Memoriam

39
გააზიარეთ

არ მინდოდა, ახალი წლის პირველივე საგაზეთო ნომერში მკითხველისთვის სამწუხარო ინფორმაცია მიმეწოდებინა, მაგრამ, სხვა გზა არ არის.

გასული წლის 31 დეკემბერს, ტრადიციისამებრ, ჩვენი ორგანიზაციის – ევრაზიის ინსტიტუტის რეგიონულ თანამშრომლებს შევეხმიანე ტელეფონით.  როდესაც მცხეთის რაიონში თემურ თვალიაშვილთან დავრეკე, მისმა მეუღლემ მიპასუხა. მოვიკითხე თემური, სად არის-მეთქი და ქალბატონს ტირილი აუვარდა – თემური აგვისტოში გარდაცვლილიყო, კოვიდ-ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე საათში, ტრომბით.

თავზარდამცემი იყო ჩემთვის ეს ინფორმაცია. ვაპირებდი, კაცისთვის მესაყვედურა – სად დაიკარგე ამდენ ხანს, წელს შენი დაწურული ღვინო რატომ არ მომიკითხე-მეთქი  და თურმე, რას ამბობ, ცოცხალი არ ყოფილა, მე კი თვეების მანძილზე არ ვიცოდი!  ვფიქრობ, რომ პანდემიის თემით გამოწვეული გათიშულობის გამო, შესაძლოა, ბევრმა საერთო ნაცნობმა და მეგობარმა ჩემსავით არ იცოდა თემურის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ…

დიდი დანაკლისია თემურ თვალიაშვილის გარდაცვალება ჩვენი ორგანიზაციისთვის, პირადად ჩემთვის, მთელი იმ აქტივისათვის, ვინც ქართულ-რუსული ურთიერთობების გადასარჩენად იბრძოდა ათწლეულების მანძილზე და ახლაც იბრძვის. ყოფილი მესაზღვრე, შემდეგ სპორტის პედაგოგი სკოლაში, თემურ თვალიაშვილი დიდი ხანია, დაუფარავად იბრძოდა იმისათვის, რომ  საქართველოს საგარეო გეზი რუსეთისკენ შემობრუნებულიყო, აღმდგარიყო ყოველივე ის საუკეთესო, რაც ქართველი და რუსი ხალხების ურთიერთობებს ახასიათებდა საუკუნეების მანძილზე. განსაკუთრებულ ყურადღებას თემური ოსებთან ურთიერთობებს უთმობდა, ამიტომაც გამოდიოდა იგი „დავით სოსლანის საზოგადოების“ სახელით, იღვწოდა შიდა ქართლიდან დევნილებს შორის, არაერთხელ მოაწყო შეხვედრები ქართლელ დევნილთა დასახლებებში. აქტიურად მონაწილეობდა ევრაზიის ინსტიტუტის მიერ გამართულ ღონისძიებებში. ჩემი თხოვნით, მოახდინა დევნილი მოსწავლეების ჩამოყვანა თბილისში, დიდ სამამულო ომთან დაკავშირებულ სემინარზე. სამწუხაროდ, ამაში ჩვენმა „სახელოვანმა სუსმა“ მისთვის ხელის შეშლა გადაწყვიტა, თუმცა თემურს საქმისთვის არასოდეს უღალატია და ყველა დაგეგმილი ღონისძიება ზედმიწევნით განვახორციელეთ.

აქვე აღვნიშნავ, რომ „სუსი“ არა მარტო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში გვიშლიდა ხელს, არამედ შემდგომაც, „დემოკრატიულ ხანაში“. იყო ზეწოლის არაერთი ფაქტი პედაგოგებზე, მათ შორის, თემურ თვალიაშვილზე. თუმცა, ვიმეორებ, თემური უღალატო კაცი იყო. ამავე დროს, იგი თავისით იჩენდა ბევრ სასიკეთო ინიციატივას. მე სწორედ მისგან გავიგე, რომ სოფელ ნატახტარში, საერთო სასაფლაოზე, განისვენებს რუსი მფრინავი – ანატოლი ზებზდა, რომელიც გერმანელებთან ბრძოლაში, საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვის დროს, 1942 წლის ნოემბერში, დაიღუპა. ერთად მოვინახულეთ მამაცი საბჭოთა პილოტის საფლავი – სარეველებით გადაჯაგრული, მოუვლელი, მიტოვებული… ერთობლივად გადავწყვიტეთ საფლავის წესრიგში მოყვანა; თემურმა თავისი ხელით გაკაფა სარეველები, გაიტანა ნაგავი, შეღება და გაალამაზა პატარა მონუმენტი, რომელიც 23 წლის ასაკში დაღუპული სამხედრო პილოტის საფლავზე დგას…

უფალმა მარადიულ ნათელში ამყოფოს ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი, თემურ თვალიაშვილი.

გულბაათ რცხილაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here