Home ახალი ამბები საქართველო თეატრის დაბადების დღე

თეატრის დაბადების დღე

ქუთაისის ოპერის თეატრში ვერდის “რიგოლეტოს” პრემიერაა

2645
ქუთაისის ოპერის თეატრი

27 დეკემბერი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დაბადების დღეა. თეატრის კარი პირველად 1969 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა აუდიტორიისთვის, პირველი წარმოდგენა კი ზაქარია ფალიაშვილისაბესალომ და ეთერიიყო. ქუთაისის ოპერის თეატრმა არსებობის 48 წლის განმავლობაში საოპერო თუ საბალეტო სპექტაკლებით ათასობით ადამიანს მოჰგვარა განუზომელი სიხარული და მაღალი ხელოვნებით ტკბობის სიამოვნება. დაბადების დღეს მუდამ გამორჩეულად ეგებება თეატრი. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და ქუთაისის ოპერის თეატრი მსმენელს პრემიერაზე მიიწვევს, თეატრის რეპერტუარს ჯუზეპე ვერდის კიდევ ერთი შედევრი _ “რიგოლეტოშეემატება.

სამწუხარო რეალობაა, რომ არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჭირს რეპერტუარის მკვეთრი, სწრაფი გამდიდრება, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში მაინც მოხერხდა არაერთი პრემიერის გამართვა თუ აღდგენილ-განახლებულ სპექტაკლებზე მსმენელთა მიწვევა, რაც, უწინარესად, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირინე ლომინაძის, დამსახურებაა. შეგახსენებთ, არსებული სარეპერტუარო სპექტაკლების პარალელურად, თეატრმა საკუთარი შემოსავლებით განახორციელა ოთარ თაქთაქიშვილის “პირველი სიყვარულის” აღდგენა, სერგეი რახმანინოვის “ალეკოს” საპრემიერო დადგმა, შარშანწინ დეკემბერში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ახალი სპექტაკლის, ზაქარია ფალიაშვილის ოპერის _ “აბესალომ და ეთერის” დადგმა. შარშან, ისევ სამინისტროს მხარდაჭერით, შედგა ვერდის “ტრავიატას” პრემიერა. ყოველივე ამან ხელი შეუწყო და სტიმული მისცა თეატრის კოლექტივს ნაყოფიერი შემოქმედებითი განვითარებისთვის. “რიგოლეტოს” ამჟამინდელი საპრემიერო დადგმაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ქუთაისის ოპერის თეატრის ბოლოდროინდელ რეპერტუარში იყო ვერდის მხოლოდ ერთი ოპერა _ “ტრავიატა” (ზემოთ ჩამოთვლილი ოპერების გარდა, რეპერტუარშია, ასევე, რუჯერო ლეონკავალოს “ჯამბაზები”, პიეტრო მასკანის “სოფლის ღირსება”, ზაქარია ფალიაშვილის “დაისი”, ვიქტორ დოლიძის “ქეთო და კოტე”, ოთარ თაქთაქიშვილის “მინდია”, რევაზ ლაღიძის “ლელა”, ივანე გოკიელის “წითელქუდა”). შესაბამისად, აქტუალური და ძალიან საჭირო იყო “რიგოლეტოს” (ლიბრეტოს ავტორი ფრანჩესკო მარია პიავე, ვიქტორ ჰიუგოს დრამის “მეფე ერთობა” მიხედვით) ახალი დადგმა, მისი ახალი სცენური იერ-სახით წარმოდგენა. მოგეხსენებათ, “რიგოლეტო” მსოფლიო სამუსიკო კლასიკის იმ შედევრთა რიგს განეკუთვნება, რომლის რეპერტუარში არსებობა აუცილებელია საოპერო თეატრისთვის. “რიგოლეტო” შესანიშნავი საფუძველია, უშრეტი წყაროა მუსიკალური ინტერპრეტაციის, სარეჟისორო და სცენოგრაფიული ხედვების ხორცშესხმისთვის. შემოქმედებითმა ჯგუფმა რევაზ ჯავახიშვილის (დამდგმელი დირიჟორი), მაია გაჩეჩილაძის (დამდგმელი რეჟისორი), თეო კუხიანიძისა (თეატრის ახალი მთავარი მხატვრის) და ვახტანგ უშვერიძის (დამდგმელი ქორეოგრაფი) შემადგენლობით, მაღალი ხარისხის პროდუქცია შექმნა.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ შემოქმედებითი სტუმრები: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები _ არმაზ დარაშვილი (მანტუას ჰერცოგი), სულხან გველესიანი (რიგოლეტო), გერმანიაში წარმატებით მოღვაწე სოპრანო მარიამ კუბლაშვილი (ჯილდა) და, ცხადია, მასპინძლები _ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: კალისტრატე ხარჩილავა (სპარაფუჩილე), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), ბადრი ადამია (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო) და მარიეტა მაჩალაძე (პაჟი), რომლებსაც პარტნიორობას გაუწევს თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თეატრის დაბადების დღე მივულოცო ხელოვნების ამ კერის მთელ კოლექტივს _ სოლისტებს, ორკესტრს, გუნდს, კონცერტმაისტერებს, შემოქმედებით და ტექნიკურ ადმინისტრაციას, თეატრის ყველა სეგმენტის თანამშრომლებს, რომელთა მუხლჩაუხრელი შრომის, პროფესიონალიზმის, თეატრისადმი სიყვარულისა და ერთგულების წყალობით ყოველთვის შესაძლებელია სასურველი შემოქმედებითი შედეგის მიღწევა.

ზურაბ ოიკაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here