მთავარი პოლიტიკა თბილისი-ყარსი: თურქეთი, რუსეთი და საქართველოს უთავმოყვარეო, უმაქნისი ხელისუფლება

თბილისი-ყარსი: თურქეთი, რუსეთი და საქართველოს უთავმოყვარეო, უმაქნისი ხელისუფლება

851
გააზიარეთ
თბილისი-ყარსი: თურქეთი, რუსეთი და საქართველოს უთავმოყვარეო, უმაქნისი ხელისუფლება

გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლება ფრიად დამამცირებელ სიტუაციაში აღმოჩნდა. უჩვეულო და ახალი ამაში არაფერია, მაგრამ ამჯერად პრობლემა ბაქოთბილისიყარსის რკინიგზამ წარმოქმნა, რომელიც აქამდე მეზობელი ქვეყნების წარმატებული თანამშრომლობის სიმბოლოდ ითვლებოდა.

სკანდალი თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფო კომპანია “რუსეთის რკინიგზამ” 6 მაისს შემდეგი შინაარსის პრესრელიზი გამოაქვეყნა: ორშაბათს ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების სფეროში თანამშრომლობის თაობაზემემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ საქმიანობას ბაქოთბილისიყარსის მარშრუტით რეგულარული სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ეკონომიკურად გამართლებული ტარიფების დადგენას და ახალი სატვირთო ბაზის მოზიდვას. ამ მიზნისთვის მხარეები განიხილავენ თურქეთის ტერიტორიაზე მეორე, 1520 მმ სიგანის 75-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და ყარსში სატერმინალო-ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობის შესაძლებლობას”. ამავე რელიზში მოყვანილი იყო “რუსეთის რკინიგზის” ხელმძღვანელ ოლეგ ბელოზეროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ ხაზზე მოხვდება “ტვირთები ტრანსციმბირული მაგისტრალიდან, რომელიც სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან იგზავნება”.

თბილისში ამ ინფორმაციამ შოკი გამოიწვია და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა: ჯერ ერთი, საქართველო, ფორმალურად მაინც, პროექტის მონაწილე თანასწორუფლებიან მხარედ ითვლება და მისი წარმომადგენლის არმიწვევა სამიტზე, სადაც მის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის მომავალი განიხილებოდა, ბევრმა ქართველმა შეურაცხყოფად აღიქვა. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ყარსიდან საქართველოს საზღვრამდე 1520 მმ (ანუ საბჭოთა (რუსული) სტანდარტის) ხაზს გაიყვანენ, საჭირო გახდება მისი შეერთება 1520 მმ ხაზთან საქართველოს ტერიტორიაზე _ მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაკვეთი მოკლე იქნება, მან ჩვენს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. ყარსამდე 1520 მმ ხაზის მიყვანა აზრს უკარგავს იმ როლს, რომელიც პროექტის საწყის სტადიაზე ახალქალაქს მიენიჭა. სწორედ ახალქალაქში ხდება მატარებლების გადაყვანა საბჭოთა სტანდარტის ლიანდაგიდან ევროპულზე და რიგი სხვა ლოგისტიკური ხასიათის ოპერაციები. ახალი პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში საკვანძო პუნქტი ყარსი გახდება, საქართველოს კი მოუწევს დაკმაყოფილება იმ მცირე შემოსავლით, რომელიც ტრანზიტიდან შემოვა, ხოლო ახალქალაქის სადგურის ფუნქცია დაიკარგება.

ამ სარკინიგზო პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველომ აზერბაიჯანისგან 750 მილიონ დოლარზე მეტი ისესხა. ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ ხარჯები გაბერილი იყო, რომ პროექტის ბიუჯეტში კორუფციული შემადგენელი, ე.წ. ატკატები ჩაიდო, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია სხვა რამ: საქართველოს ხელისუფლება ამ ფულს იმ შემოსავლის იმედით იღებდა, რომელსაც ახალქალაქის კვანძისგან მიიღებდა. ანკარაში დადებული შეთანხმება ამ თვალსაზრისით უმძიმეს პერსპექტივას გვიქადის.

პრობლემას კიდევ ერთი ასპექტი აქვს: ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის წლებში სახელისუფლო პროპაგანდა წარმოაჩენდა ბაქოთბილისიყარსის რკინიგზას, როგორცფანჯარას ევროპაში”, სააკაშვილი ამ მატარებლით ლონდონში აპირებდა ჩასვლას და .. ბევრი ექსპერტი ხაზს უსვამდა იმას, რომ პროექტი რუსული გავლენისგან თავისუფალია. ახლა კი აღმოჩნდა, რომ თურქები მაგისტრალის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის სწორედ რუსებს უხმობენ, თანაც ამას საქართველოს ხელისუფლებისთვის შეურაცხმყოფელი ფორმით აკეთებენ.

ამ სარკინიგზო ხაზით, მისი გახსნიდან დღემდე, 200 ათასი ტონა ტვირთიც კი არ გადაუტანიათ, მაშინ, როდესაც მას შეუძლია წელიწადში 6 მილიონ ტონაზე მეტი გაატაროს. თურქების სურვილი, ხაზი მაქსიმალურად დატვირთონ, გასაგებია, ისევე, როგორც მათი მოწადინება ლოჯისტიკური ცენტრი ყარსში გადაიტანონ, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც დაკვირვებას საჭიროებს. თუ საქართველოს ხელისუფლება გაჯიუტდება და არ მისცემს თურქეთს შესაძლებლობას ჰიპოთეზური 1520 მმ ხაზი თავის ტერიტორიაზე გამავალ მაგისტრალს შეუერთოს, პროექტი არ განხორციელდება. შესაბამისად, გამოდის, რომ თურქული მხარე და ანკარაში გაფორმებული შეთანხმების სხვა მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა “რუსთავი 2”-ის კითხვას ამ თემაზე ასე უპასუხა: “საქართველოს გარეშე ამ პროექტის შემოერთება გამორიცხულია. თქვენ ეს ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ? გარდა იმისა, რომ არსებობს სამმხრივი ხელშეკრულება აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის, რომელიც განსაზღვრავს, რომ სამივე ქვეყნის თანხმობით შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს, ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს გარეშე მოხდეს ამ პროექტის ან ცვლილება, ან იმგვარი განვითარება, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებს? ეს არის გამორიცხული პოლიტიკურადაც, საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც და ფიზიკურადაც… ამ პროექტში რაც არის მნიშვნელოვანი, და, ბუნებრივია, ამას ყოველთვის მხარს დავუჭერთ, არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს ორი სტანდარტის რკინიგზის შეერთება ახალქალაქში. სწორედ ახალქალაქში იყოს გადატვირთვის პუნქტი”. ეკონომიკის მინიტრმა ნათია თურნავამ კი თქვა: “არც ერთ ცალკეულ მხარეს არ აქვს უფლება, ცალმხრივად შეცვალოს რამე ამ პროექტში, ამ პროექტს იმ ფორმით ვახორციელებთ, როგორითაც არის დამტკიცებული და შეთანხმებული და შეესაბამება ჩვენს სუვერენულ ინტერესებს”.

ყოველივე ეს, ერთი შეხედვით, დამაიმედებლად ისმის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ პროექტში არსებითი ცვლილებების შეტანა ისე განიზრახა, რომქართული ფაქტორიარ გაითვალისწინა. შესაძლოა, ანკარაში ფიქრობენ, რომ პრობლემას იოლად, მინიმალური დანახარჯებით მოაგვარებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ დემონსტრაციული იგნორირება, ალბათ, არ მოხდებოდა.

ვითარებას კიდევ ორი ფაქტორი ამძიმებს. ბოლო პერიოდში გართულდა საქართველოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ის თურქეთთან და რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს ინტერესების დამცველად მოგვევლინოს. ამასთანავე, თურქეთის ურთიერთობა აშშ-სა და ევროკავშირთან სულ უფრო იძაბება, ხოლო თანამშრომლობა რუსეთთან, პირიქით _ ფართოვდება. საერთოდ, ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთისა და თურქეთის დაახლოება არც ისე ხშირია, თუმცა ქართველებს ახსოვთ, რა მოხდა 1921-ში, როდესაც მათი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. თუ ორივე მხარე ჩათვლის, რომ საქართველო მათ მიმართ მტრულად განწყობილი ძალების პლაცდარმად იქცა, საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ. ეს გარემოება ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი დილემის წინაშე აყენებს _ შეეცადოს, დარჩეს გარე ძალების რეგიონულ დასაყრდენად თურქეთრუსეთის მორიგი დაახლოების პირობებში თუ შეეცადოს მეზობელი ქვეყნებისთვის დამაკავშირებელი ხიდი გახდეს. ამან კი, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ასპექტში, შეიძლება დღის წესრიგში აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნის საკითხიც დააყენოს.

სიტუაცია ძალიან მძიმე ჩანს, როგორც ქვეყნის პრესტიჟის, ისე ფინანსების თვალსაზრისით. ახალქალაქის ლოჯისტიკური პოტენციალი ეჭვქვეშ დადგა, ამასთაბავე, ჰაერში გამოეკიდა ანაკლიის პროექტიც _ მთავრობისა და ინვესტორების მოლაპარაკებებში პროგრესი ჯერჯერობით არ შეინიშნება. პარალელურად მიდის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს რკინიგზას მიზანმიმართულად აკოტრებენ. მოკლედ, სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით, ქვეყანა, სულ ცოტა, “ბუქსაობს”, რეალურად კი უკან მიდის.

ეკონომიკური განზომილების გარდა, პრობლემას დიპლომატიური და ფსიქოლოგიური განზომილებაც აქვს. როდესაც არსებობს თუნდაც მინიმალური შანსი იმისა, რომ პატარა ქვეყანა წინააღმდეგობას გაწევს და დიდი პროექტის დაბლოკვაზე ლაპარაკს გაბედავს (განხილულ შემთხვევაში ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს), მის პოზიციის სრულ იგნორირებას ზესახელმწიფოებიც კი არ მოახდენენ. მაგრამ, თუ დაინახავენ, რომ ასეთ ქვეყანას უთავმოყვარეო და მშიშარა ხელისუფლება ჰყავს, შესაბამისად მოეპყრობიან.

კიდევ ერთი და, შესაძლოა, მთავარი პრობლემა მითებში ცხოვრებაა. როდესაც ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასა და მის პროდასავლურ არსზე საუბრობდნენ, მათ არ უფიქრიათ იმაზე, როგორ უყურებენ ამ ხაზს თურქები, რომლებიც, შესაძლოა, ხედავდნენ უბრალოდ რკინიგზას, რომელიც გადაზიდავს თურქულ პომიდორს (თუ რაც იქნება) რუსეთში და რუსულ ხორბალს _ თურქეთში, ამასთანავე, სხვა საქონელს, რომელიც თურქეთში გადანაწილდება და სხვადასხვა მიმართულებით წავა. თურქებს, დიდი ალბათობით, საერთოდ არ აინტერესებთ ის გეოსტრატეგიული მითები, რომლებსაც ამ რკინიგზას ქართველები მიაწერდნენ. სხვათა შორის, ამერიკელი კომენტატორების ნაწილი ამ პროექტს თავიდანვე თავშეკავებული სკეპტიციზმით უყურებდა, შესაძლოა, იმიტომ, რომ მასში რუსეთისა და თურქეთის დამაკავშირებელი რგოლის პოტენციალს ხედავდა.

მიუხედავად იმისა, აშენდება თუ არა ახალი ხაზი და წაართმევს თუ არა ყარსი ახალქალაქს მთავარი კვანძის ფუნქციას _ ის, რაც ანკარაში მოხდა, უპირველეს ყოვლისა, გაკვეთილია. ის შესაძლებლობას გვაძლევს, დაშვებული შეცდომები გავაანალიზოთ და გავთავისუფლდეთ პროპაგანდისტული მითოლოგიისგან, რომელიც ხელს გვიშლის, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებს ცივი გონებით რომ მივუდგეთ.

ლუკა ნემსაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here