Home რუბრიკები სპორტი თანამედროვეობის 10 ყველაზე ძლიერი ტაქტიკოსი მწვრთნელი ევროპაში

თანამედროვეობის 10 ყველაზე ძლიერი ტაქტიკოსი მწვრთნელი ევროპაში

1780
ხოსეპ გვარდიოლა

დასასრული. დასაწყისი იხ. #22, 2020 წ.

მარსელო ბიელსა
მარსელო ბიელსა
  1. მარსელო ბიელსა, “ლიდსი

თავმდაბალი არგენტინელი მწვრთნელი ფეხბურთს განიხილავს, როგორც მეცნიერებას. მარსელო ბიელსა თავისი შეგირდებისა და მეტოქე ფეხბურთელების მოქმედებებში პოულობს ისეთ ელემენტებს, რომელთა გამოყენების შედეგად უპირატესობა მისი გუნდის მხარესაა.

ბიელსამ სახელი გაითქვა, როდესაც ჩილეს ეროვნულ ნაკრებში მუშაობისას გამოიყენა უჩვეულო სქემა 3-3-1-3, მაგრამ ამჟამად მწვრთნელი მხოლოდ ერთ ტაქტიკას არ მიმართავს _ ყოველი მატჩის წინ ის სხვადასხვა სქემას იყენებს. მიმდინარე სეზონში მისმა “ლიდსმა” 5 (!) სხვადასხვა სქემით ითამაშა: 4-3-3-ით თავდამსხმელებით ფლანგებზე, 4-4-2 რომბით, 4-1-4-1 ძლიერი ნახევარდაცვით, 3-4-3-ითა და 3-5-2-ით. აღსანიშნავია, რომ ბიელსამ დიდი გავლენა იქონია პეპ გვარდიოლასა და მის მიდგომებზე ფეხბურთის მიმართ. ბიელსამ მოიგო არგენტინის ჩემპიონატი, ბილბაოს “ატლეტიკოსთან” ერთად გავიდა ესპანეთის თასისა და ევროპის ლიგის ფინალში, მაგრამ მეტ დიდ წარმატებას ჯერჯერობით ვერ მიაღწია. ახლა ბიელსა, ალბათ, დააბრუნებს “ლიდსს” ინგლისის პრემიერლიგაში და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ყველაზე ახალგაზრდულია.

დიეგო სიმეონე
დიეგო სიმეონე
  1. დიეგო სიმეონე, “ატლეტიკო

წლები გადის და “ატლეტიკოზე” უკეთ დაცვაში თამაშს ვერავინ ახერხებს. სანამ ბევრი გულშემატკივარი აღტაცებულია “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შეტევითი კონცეფციით, არგენტინელი დიეგო სიმეონე დაცვით ტაქტიკას არ ღალატობს. დიეგოს სწამს 4-4-2-ის და მასზე უარს თითქმის არასოდეს ამბობს. როცა “ატლეტიკომ” ჟოაუ ფელიქსი შეიძინა, სიმეონე შეეცადა, თავდასხმაში თამაში ნიჭიერი პორტუგალიელის გარშემო აეწყო, რამაც მოითხოვა სისტემაში ფლეიმეიკერის ამპლუის დანერგვა. სიმეონემ ფელიქსი თავდამსხმელთა უკანაც ათამაშა, მაგრამ ეს ანგრევდა ყველა შემოწმებულ პრინციპს. საბოლოოდ, ფეხბურთელი მაინც შეეწყო სიმეონეს სქემას. ისე, უნდა ითქვას, რომ “ატლეტიკო” ფელიქსის გარეშე უკეთესად გამოიყურება. სიმეონეს რიცხობრივი უპირატესობის მოპოვება სურს თამაშის ყველა ხაზზე _ დაცვაში, ნახევარდაცვაში, თავდასხმაში. როცა ფლანგზე მოთამაშე მცველი მიდის წინ მოწინააღმდეგეზე წნეხის გასაძლიერებლად, მის ადგილს მყისვე იკავებს ერთ-ერთი საყრდენი ნახევარმცველი. “ატლეტიკოს” არ ეშინია ჩაწოდების თავის საჯარიმო მოედანზე, რადგან ჰყავს ძლიერი ცენტრალური მცველები, რომლებიც წარმატებით თამაშობენ თავით. ანალოგიური ვითარებაა, როდესაც “ატლეტიკო” მეტოქის საჯარიმოშია და კუთხურს ან საჯარიმოს ასრულებს. სიმეონეს “ატლეტიკო”, უკვე წლებია, გამუდმებით შედის სიაში იმ გუნდებისა, რომლებიც შესანიშნავად თამაშობენ სტანდარტულ მდგომარეობაში.

ჯან პიერო გასპერინი
ჯან პიერო გასპერინი
  1. ჯან პიერო გასპერინი, “ატალანტა” (ბერგამო)

ბევრი ტაქტიკური სქემა იქმნება მსოფლიოს საუკეთესო კლუბების გარეთ. რაც ნაკლებად ვარსკვლავურია გუნდის შემადგენლობა, მით ადვილია მწვრთნელისთვის მოთამაშეების ინდივიდუალური ამბიციების მოთოკვა გუნდის სასარგებლოდ და იდეების განხორციელება. გასპარინიმ ევროპაში ერთ-ერთი შესანიშნავი გუნდი შექმნა. ჯან პიეროს მოკრძალებული დონის შემსრულებლები ჰყავს, “ატალანტას” შემადგენლობის ღირებულება მერვეა იტალიის სერია A-ში, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ოთხეულში იყოს (შარშან ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა).

გასპერინი არის მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი ბიჭებისგან შექმნას გუნდი და დისციპლინის დაცვითა და გონიერი თამაშით დაამარცხოს გრანდები. გასპერინის საყვარელი სქემებია 3-5-2 და 3-4-3. სხვათა შორის, მან აღადგინა პერსონალური მეურვეობა, რომლის გამოყენებითაც შეიძლება არა მხოლოდ მჭიდრო პრესინგის განხორციელება, არამედ ბურთზე კონტროლის მოპოვებაც მოედნის შუაგულში. ამას ემატება მოთამაშეების ტოტალური ურთიერთგაგება და კომბინაციური თამაში. გასპარინიმ თავისი ტაქტიკური შესაძლებლობები გამოიყენა არა მხოლოდ იტალიის სერია A-ში, არამედ ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც მეოთხედფინალში გააღწია.

მაურიციო სარი
მაურიციო სარი
  1. მაურიციო სარი, “იუვენტუსი

“ჩელსიში” არცთუ წარმატებულმა სამწვრთნელო კარიერამ მაურიციო სარი ვერ გატეხა _ ის უფრო დაბრძენდა და მეტი მოქნილობა შეიძინა. ადრე მაურიციო არასოდეს ამბობდა უარს 4-3-3 სქემაზე, მაგრამ “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ სარიმ გადახედა თავის იდეებს მისთვის სქემა უკვე აღარ არის დოგმა. თანაც, როდესაც გუნდში გყავს კრიშტიანუ რონალდუ, პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი, სისულელე იქნება, არ იფიქრო ამ ფეხბურთელების მოედანზე გამოყვანა და 4-3-3 სქემით თამაში ფლანგებზე რონალდუთი და იგუანინით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მაინცდამაინც კარგად ვერ თამაშობს დაცვაში, ეს ტაქტიკური სქემა “იუვენტუსისთვის” ძალიან სახიფათო იქნებოდა, ამიტომ სარიმ გაიხსენა “რომბი” და დიბალა “ათიანად” აქცია, რონალდუ კი თავდასხმის ცენტრში დააყენა იგუაინთან ერთად. თუმცა “იუვენტუსის” რომბი სულაც არ არის ორთოდოქსული და დიბალა ხშირად თამაშობს თავდასხმის წინა ხაზზე, როცა მას ზონას უთავისუფლებს იგუაინი.

როცა “იუვენტუსი” 4-3-3 სქემას მიმართავს, დიბალა ცენტრფორვარდის ამპლუაში გვევლინება, ხოლო რონალდუ მარცხენა ფლანგიდან უტევს. 4-4-2 სქემით თამაშისას მარჯვეენა ჰავბეკის ადგილს კუადრადო იკავებს, მარცხნიდან კი მატუიდი თამაშობს.

დოგმატიკოსი სარი ევროპის ერთ-ერთ შესანიშნავ ტაქტიკოს მწვრთნელად იქცა.

  1. ხოსეპ გვარდიოლა. “მანჩესტერ სიტი

ამ სეზონში “მანჩესტერ სიტის” არასახარბიელო გამოსვლის გამო (მეორე ადგილი პრემიერლიგაში) გვარდიოლას არავინ დაითხოვს, რადგან, მიუხედავად ჩავარდნისა, გვარდიოლას გუნდები ყოველთვის გამოირჩევიან ტაქტიკური მრავალფეროვნებით. როცა მოწინააღმდეგე ანგარიშში წინ არის და მის შესანარჩუნებლად ცდილობს, თავის საჯარიმოსთან მიუვალი თავდაცვითი ზღუდეები ააგოს, “მანჩესტერ სიტი” ფლანგებიდან ჩაწოდებებს იყენებს. მიმდინარე წლის თებერვალში მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, რომელშიც “სიტიმ” გაიმარჯვა, გვარდიოლას შეგირდებმა თითქოს უარი თქვეს თავიანთ საფეხბურთო მსოფლმხედველობაზე. მოკლე გადაცემების ნაცვლად “სიტი” შეტევაზე გრძელი პასებით გადადიოდა, რაც სიურპრიზი იყო ზიდანის შეგირდებისთვის. სიტის სათამაშო სქემაც მოულოდნელი იყო _ 4-4-2, რომელშიც თავდამსხმელებად თამაშობდნენ ტექნიკური გარემარბი ბერნარდუ სილვა და ცენტრალური ნახევარმცველი კევინ დე ბრეინე, ცენტრფორვარდი ჟეზუსი კი განაპირა ნახევარმცველის ამპლუაში მოგვევლინა. აი ასეთია ხოსეპ გვარდიოლა, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელებს უჩვეულო როლი ათამაშოს. თითქმის ყველა მწვრთნელი გვარდიოლას ბაძავს და ცდილობს, თავისი გუნდი გვარდიოლას მიერ შემუშავებული ტაქტიკით ათამაშოს. გვარდიოლამ უკვე გამოიგონა “ცრუ ცხრიანი”, “ცრუ ფლანგის მცველი” და, ალბათ, კიდევ ბევრ რამეს მოიფიქრებს.

დღეს გვარდიოლა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ტაქტიკოსი მწვრთნელია.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here