მთავარი პოლიტიკა თამარ კიკნაძე: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთის გარეშე აფხაზებსა და ოსებთან...

თამარ კიკნაძე: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთის გარეშე აფხაზებსა და ოსებთან არანაირი ურთიერთობა არ გამოვა

“ჩვენი ქვეყანა დასავლეთზეა მიჯაჭვული, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი არჩევანის საშუალება არ გვაქვს”

698
გააზიარეთ
თამარ კიკნაძე

მალე ოცდაათი წელი შესრულდება, რაც აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს იურისდიქციაში აღარ არის, თუმცა მხოლოდ ექვსი თვეა, რაც ამ რეგიონებში მცხოვრები ქართველებისთვის ჩაიკეტა საქართველოს ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადმოსასვლელი გზები და დედასამშობლოს მოწყვეტილ მიწაზე მცხოვრებ ქართველებთან ოფიციალურ თბილისს მიმოსვლაც აღარ აქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რამდენიმე დღის წინათ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “საქართველო უმიზეზოდ აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას, მათ შორის ბორდერიზაციაზე. რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ოფიციალური თბილისის დესტრუქციული ხაზის გამო. გრძელდება კოვიდ-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო მოქმედების თემით პოლიტიკური სპეკულაცია და ამ ფონზე არ შეიძლება, წუხილს არ იწვევდეს საქართველოს ხელისუფლების უარი სოხუმსა და ცხინვალთან არსებული პრობლემების გადასაჭრელად კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაზე, პირველ რიგში, სასაზღვრო დოსიეზე. რუსეთისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების პოზიციები ემთხვევა, რაც მაქსიმალურად ქმედითი დიალოგის არხების მხარდაჭერას ნიშნავს. მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის რთული სამუშოს გაგრძელება მხარეების სტიმულირების მიზნით, რათა გამოავლინონ თავშეკავება და ეძებონ პოზიციების კომპრომისული ურთიერთგაცვლა ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებებისთვის”.

აფხაზეთსა და ოსეთთანგაყინულერთიერთობებზე, რუსეთის მიმართ დესტრუქციულ ქმედებებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

_ “ქართული ოცნებაწინა ხელისუფლებისგან იმით გამოირჩევა, რომ რუსეთის მიმართ აგრესიული რიტორიკა არ აქვს. სააკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიზანმიმართულად ლანძღავდა, რაც დასავლეთის წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან ქართული სახელმწიფოს ინტერესებში ეს არ შედიოდა.

სააკაშვილის მიერ დატოვებული კუდები გვარამიაგაბუნიას სახით იმ საქმეს განაგრძობენ, რომელსაც მათი ლიდერი აკეთებდა. გვარამია-გაბუნიას ტანდემს დავალებული აქვს დესტრუქციული ქმედებები. მათ სურთ, რუსეთის პროვოცირება, რათა მეზობელმა ქვეყანამ აგრესია გამოიჩინოს, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, რუსეთის ხელმძღვანელობა ამ ორ ფიგურას სერიოზულად არ აღიქვამს და მათ საქციელზე მკაცრი რეაქცია არ აქვს. ვისურვებ, საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრი იყოს გვარამია-გაბუნიების მიმართ, რადგან მათი დესტრუქციული ქმედება საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება აფხაზეთსა და ოსეთთან გაყინულ ურთიერთობებს, ძალიან მინდა, რომ შიდა დინებები მიმდინარეობდეს, რომელიც გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი იქნება, მაგრამ საქმისთვის სასიკეთო. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს და მინდა, მჯეროდეს, იცის კიდეც, რომ რუსეთის გარეშე აფხაზებსა და ოსებთან არანაირი ურთიერთობა არ გამოვა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს თავმჯდომარედ ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი, უმცროსი ევგენი პრიმაკოვი დაინიშნა. ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეს იმედისმომცემი ფაქტია. ის თავისი საქმის პროფესიონალი და ქართველების პატივისმცემელია. შესაძლოა, არსებული სურათი დიდად ვერ შეცვალოს, მაგრამ ქართულ მხარეს მასთან ლაპარაკის საშუალება ექნება.

_ ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ საქართველოს თუ ექნება ევგენი პრომაკოვთან ლაპარაკის სურვილი? მოგვცემენ ამის საშუალებას?

_ საქართველოს ძალიან გაუჭირდება დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი ქვეყანა დასავლეთზეა მიჯაჭვული. საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თავისუფალი არჩევანის საშუალება არ გვაქვს. ევროპა და ამერიკა მილიარდობით დოლარით გვეხმარება და ჩვენ უფრო და უფრო ვხდებით მათზე დამოკიდებულნი.

მხოლოდ ერთი რამის იმედის მაქვს _ მსოფლიო წესრიგის ცვლილების.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აღარ იქნება მსოფლიო პოლიციელი, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თქმით კი, აშშ-ს აღარ აქვს სურვილი, იყოს ჰეგემონი სახელმწიფო. ეს ყველაფერი იძლევა იმედს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი ჩვენს სასარგებლოდ შეიცვლება. ამერიკის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ სურს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას დასავლეთიც შეეცდება, რადგან ამ უზარმაზარი სახელმწიფოს ფაქტორის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. სწორედ ამ კონტექსტში მაქვს იმედი, რომ საქართველოც შეეცდება, მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებით ისარგებლოს. მესმის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, რომ მათ ახლა არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. მოვლენების დაჩქარება, შესაძლოა, საქართველოსთვის სასარგებლო არ აღმოჩნდეს, მაგრამ ცვლილებები, რომლებიც მალე დაიწყება მსოფლიოში, ნამდვილად წაგვადგება და კარგ პოზიციაზე ვიქნებით.

_ თქვენი ოპტიმიზმი გასაგებია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჩვენს ხელისუფლებას მხოლოდ დასავლეთის ვასალის როლში ხედავს, რადგან რიგითი კონგრესმენების ბრძანებებსაც კი უსიტყვოდ ასრულებს

_ საქართველო თავის ქმედებებში არ არის დამოუკიდებელი, ეს ვიცით და ამაზე აღარ ვდაობთ, მაგრამ მალე ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის მიხედვით ყველაფერი ახლებურად გადანაწილდება. ეს პროცესი საქართველოსთვის საიმედოა. კიდევ ვიმეორებ: საქართველოს ამ ეტაპზე მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა არ გამოადგება (შეიძლება დაგვღუპოს კიდეც), ჩვენი ხელისუფლება უნდა დააკვირდეს, როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი და მერე მოქმედების უფრო დიდი საშუალება მიეცემა.

_ ბევრს საუბრობენ, რომ პანდემიის გამო ახლა დასავლეთს ჩვენთვის არ სცალია. ამ, ასე ვთქვათ, მოუცლელობის ჟამს, არ შეიძლებოდა, საქართველოს შექმნილი ვითარებით ესარგებლა და კულუარული ურთიერთობები მაინც დაემყარებინა ჩრდილოელ მეზობელთან?

_ კულუარული ურთიერთობები აუცილებელია პოლიტიკაში და ამაზე გამუდმებით ვსაუბრობ. ამის გაკეთება პანდემიის გარეშეც შეიძლებოდა.

პანდემიამ მართლაც დიდი გავლენა იქონია მსოფლიო პოლიტიკაზე და ე.წ. ახალი გადანაწილების პროცესიც დააჩქარა. ამერიკაში ელიტები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ლიბერალები, ფინანსისტები და .. პრეზიდენტს ერჩიან, მსოფლიო ელიტების დაპირიპირების მსხვერპლია. ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები დიდწილად განსაზღვრავს შემდგომ მსოფლიო პოლიტიკას. დონალდ ტრამპი მოიგებს ამ არჩევნებს და დაასრულებს ლიბერალების თარეშს. მსოფლიო ძალიან არეულდარეულია და ჩვენი პატარა ქვეყანა ფრთხილად უნდა იყოს. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მთავრობის მეთაური პროფესიონალია, მისნაირი კიდევ რამდენიმე რომ გვყავდეს, თავისუფლად შეიძლება არსებული მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა და გადარჩენა.

_ რატომ თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, რომ საქართველო უმიზეზოდ აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას?

_ მარია ზახაროვა საუბრობს ჟენევაში შეწყვეტილ ურთიერთობებზე, თუმცა ვფიქრობ, რომ არც ჟენევის ფორმატი და არც კარასინისა და აბაშიძის შეხვედრები არ არის საკმარისი აფხაზეთისა და ოსეთის პრობლებების მოსაგვარებლად. ყველანაირი შეხვედრა შეჩერებულია, თუმცა შესაძლებელი იყო ვიდეოჩართვები და ტელეხიდების მოწყობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. საქართველოს ამ წუთში საშინაო პრობლემებიც აქვს, ხელისუფლებას დაძაბული ურთიერთობა აქვს .. ოპოზიციასთან, რომელიც გლობალიზაციის სულისჩამდგმელების მოკავშირეა და ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს.

_ დღეს სოციალურ ქსელში ვრცელდება მოსაზრება, რომ რუსეთში აუცილებლად უნდა გვყავდეს ლობი

_ დიახ, აუცილებელი იყო, რუსეთში გვყოლოდა ლობი. წინა ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა _ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა. რამდენიმე წლის წინათ ერთერთ გადაცემაში ვთქვი, რომ საჭიროა რუსეთთან საერთო ენის გამოძებნამეთქი და ნაციონალებმა მიპასუხეს: უნდა ჩათვალოთ, რომ რუსეთი არ არსებობს; უნდა იფიქროთ, რომ იქ არის ოკეანეო. ვუპასუხე, რომ ასე თუ მოვიქცეოდით, ის ოკეანე წაგვლეკავდა.

ჩემისთანა ადამიანებზე, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რუსეთთან ლაპარაკი აუცილებელია, ისინი ამბობენ, რუსეთუმეები არიან და ჩუმად იყვნენო. არადა, პირიქითაა _ თავიანთი დესტრუქციული ქმედებებით აიძულებენ რუსეთის ფედერაციას, საქართველოს მიმართ აგრესია გამოიჩინოს. სააკაშვილი იყო ქვეყნის მტერი და მის დაწყებულ საქმეს გვარამია-გაბუნიები განაგრძობენ. არ შეიძლება ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა და მისი პრეზიდენტი ასე შეურაცხყო. საერთაშორისო სამართალში არსებობს ასეთი ცნება _ ვიქტიმიზაცია, რომელიც ნიშნავს მსხვერპლად ყოფნას და ჩვენ მიზანმიმართულად ვცდილობთ, გავაღიზიანოთ რუსეთი და ვიყოთ მსხვერპლის პოზიციაში, რომ დასავლეთს, ლიბერალებს რუსეთის საწინააღმდეგო კოზირი მივცეთ. ასე მოხდა 2008 წელსაც, როდესაც რუსეთთან ომი დაიწყო. მახსოვს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშორების კომიტეტის იმჟამინდელი თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობდა, _ რუსეთთან ომს დავიწყებთო. მაშინ მეგონა, ხუმრობდნენ ან ვერ იყვნენ კარგად, მაგრამ ფაქტია _ ყველაფერი შეასრულეს, რასაც ამბობდნენ.

ნაციონალებმა საქართველო ათეული და, შესაძლოა, ასეული წლით უკან დახიეს ტერიტორიული პრობლემების თვალსაზრისით, ქართველებს, ფაქტობრივად, მინუსებიდან აქვთ სამშობლოსთვის ბრძოლა დასაწყები ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. სააკაშვილის მმართველობა სათანადოდ უნდა შეფასებულიყო, მისთვის კრიმინალის სტატუსი კი არ უნდა მიეცათ, არამედ სამშობლოს მოღალატის.

_ ექვსი წელიწადი გავიდა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან, ამ ღონისძიებიდან მხოლოდ შალახოს ჰანგები მახსოვსრა მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ?

_ ქვეყანას ოფიციალურად აქვს გაცხადებული დასავლური კურსი, შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებით მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, რომელიც, სადავოა, კარგი იყო თუ ცუდი.

ცოტა ხანში, შესაძლოა, ასოცირების ხელშეკრულებამაც დაკარგოს აზრი და ბევრმა სხვა რამემაც. კიდევ ვიმეორებ: მიდის მსოფლიოს ახალი გადანაწილება და ჯერ არავინ იცის, ვინ რომელ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ზოლში მოხვდება. საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ფრთხილად უნდა იყოს, უნდა ვეცადოთ, პოლიტიკურ ლაბირინთებში არ დავიკარგოთ. არ დავიკარგოთ კი არა, რამდენიმე გასასვლელიდან ჩვენთვის ყველაზე უკეთესი უნდა გამოვარჩიოთ და ამ გზით ვიაროთ. უმოქმედობა დამღუპველია, თუ არ გავინძრევით, ჩვენს ბედს სხვები გადაწყვეტენ ჩვენს უკითხავად და სადმე პერიფერიაზე უუფლებოდ და უყველაფროდ მიგვაგდებენ და როცა გადანაწილების პროცესი დასრულდება, _ და ეს მალე მოხდება, _ მერე უკვე ვერაფერს ვეღარ შევცვლით, ყველა ადგილი დაკავებული იქნება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here