მთავარი პოლიტიკა თამარ კიკნაძე: როდესაც საქართველო ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიილტვის და ზურგს აქცევს რუსეთს, ამით...

თამარ კიკნაძე: როდესაც საქართველო ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიილტვის და ზურგს აქცევს რუსეთს, ამით ბევრს კარგავს

“დაიშლება რუსეთი და ჩვენი ქვეყანაც შესაძლოა, მიყვეს, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოც ზედ მიყვა”

1953
გააზიარეთ
თამარ კიკნაძე

9 მარტს ავსტრიის დედაქალაქიდან გავრცელებულმა ცნობებმა ნავთობის ინდუსტრია შეაშფოთა. ამ დღეს ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სხდომაზე ცნობილი შეიქნა, რომ 2016 წელს შექმნილი რუსეთისა და საუდის არაბეთის ალიანსი ჩაიშალა. სწორედ ამ ალიანსის მეშვეობით კონტროლდებოდა ნავთობის ფასი ბოლო 4 წლის განმავლობაში. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ნავთობის ფასი 10%-ით შემცირდა. კიდევ უფრო გაიაფდა 9 მარტს _ თითქმის 30%-ით.

ნავთობის ექსპორტიორი სახელმწიფოების ორგანიზაციის (ოპეკი) სხდომაზე ფასების შესანარჩუნებლად არაბები მოპოვების შემცირების წინადადებით გამოვიდნენ. კორონავირუსის გავრცელების გამო ბოლო თვეებში ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია და ნაკლები რაოდენობის მოპოვებით ექსპორტიორები ფასების შენარჩუნებას ცდილობენ.

რუსეთმა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე უარი თქვა და შეთანხმება ვერ შედგა _ საუდის არაბეთის წინადადება ჩავარდა. ვერ შედგა კონსესუსი ძველი გარიგების გაგრძელებაზეც. ნავთობის მოპოვების ჯერ კიდევ მოქმედი ლიმიტები 2016 წელს დაწესდა და დღეღამეში მოპოვების 2,1 მილიონი ბარელით შემცირებას გულისხმობდა. ამრიგად, ვერ შედგა ახალი შეთანხმება და დაირღვა ძველი გარიგებაც. ეს ინფორმაცია სასიხარულო აღმოჩნდა რუსოფობებისთვის. ქართული, ლიბერალური პრესა წერს: “კომუნისტური პარტიის მანიფესტის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, შეიძლება ითქვას, რომაჩრდილი დაძრწის კრემლში, აჩრდილი 1986 წლისა”. 1986 წლის შუაში ბარელ ნავთობზე ფასი 10 დოლარამდე დაეცა, მაშინ, როცა 1985 წლის ბოლოს ის დაახლოებით 30 დოლარი ღირდა. ფასების ამ დრამატულმა დაცემამ სასიკვდილო დარტყმა მიაყენა საბჭოთა ეკონომიკას და დააჩქარა იმპერიის დაშლა”. ლიბერალები ნავთობის გაიაფების გამო რუსეთის ფედერაციის დაშლის მოლოდინში არიან.

საქართველო პანდემიას ებრძვის, ამასობაში კი გუგლის რუკაზე საქართველოს საზღვრები შეიცვალა _ დავითგარეჯა აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა

ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე და ანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია გვესაუბრებიან.

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და მისი იგნორირება საერთაშორისო პოლიტიკაში ყოვლად წარმოუდგენელია, დაშლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი:

_ რუსეთმა საუდის არაბეთის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ფასების შესანარჩუნებლად არაბები მოპოვების შემცირების წინადადებით გამოვიდნენ. ნავთობის ფასზე სხვადასხვა გარემოება მოქმედებს, ამჯერად ეს კორონავირუსის გამო მოხდა. ბოლო თვეებში ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის შემცირებული და მოპოვების კლებით ექსპორტიორები ფასების შენარჩუნებას ცდილობენ.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის სხდომაზე, საუდის არაბეთის წინადადებით, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის რუსეთსაც, ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში ჯამურად 1,5 მილიონი ბარელით უნდა შეემცირებინათ. რუსეთის წილი ამ შემცირებაში, თუ არ ვცდები, 500 ათასი ბარელით იყო განსაზღვრული. რუსეთმა მოპოვების შემცირებაზე უარი განაცხადა.

უნდა ითქვას, რომ ნავთობის ასეთი დაბალი ფასი არ არის ხელსაყრელი არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან ფიქლური აირის მოპოვება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობის.

რუსეთს თავისი ნავთობის ბიუჯეტი ბარელზე 40-42 დოლარზე აქვს გათვლილი, დანარჩენი რაც რჩება, სარეზერვო ფონდში მიდის. ახლა ნავთობის ფასი თითქმის 32-30 დოლარამდე დაეცა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ სარეზერვო ფონდიდან დახარჯავს ფულს. რუსების გათვლით, ნავთობზე ასეთი დაბალი ფასი დიდხანს ვერ შენარჩუნდება, ამიტომ ამის კომპენსაციას სწორედ სარეზერვო ფონდიდან მოახდენენ. დღევანდელ რუსეთს ნავთობზე ფასის დაცემა ვერაფერს დააკლებს. ასე რომ, ლიბერალებმა თუ რუსოფობებმა წინასწარი პროგნოზებისგან თავი შეიკავონ.

_ რატომ ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირი ნავთობზე ფასის დაცემამ დაშალა?

_ ნავთობის გაიაფება იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლისა და არავითარ შემთხვევაში _ ერთადერთი… მან, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესს სწავლობს, კარგად იცის, რომ უდიდესი ქვეყნის დაშლის პროცესს ხელი შეუწყო იმჟამინდელმა ელიტამ. 1970-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინტენსიური გაყიდვა დაიწყო, ქვეყანაში ძალიან დიდი ფული შემოდიოდა, პარტიული ელიტა კი საბჭოთა კავშირში არსებული წესების გამო, ფულს საჯაროდ ვერ აჩენდა. იმხანად აკრძალული იყო ზედმეტი ბინის ქონა, ზედმეტი მანქანის ყოლა, მაგრამ ელიტა ხედავდა, როგორ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ დასავლეთში. მათ ეგონათ, თუკი დაშლიდნენ საბჭოთა კავშირს, თვითონაც დასავლური ელიტის შემადგენელი ნაწილი გახდებოდნენ და იცხოვრებდნენ ფუფუნებაში, მაგრამ ისტორიამ სხვაგვარად წაიყვანა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესიც და რუსეთის ბედიც.

როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ თვითონ ამერიკელებსაც არ აძლევდათ ხელს. ცნობილია, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობა ამერიკელების პროექტია, რათა მსოფლიოში ბალანსი შეენარჩუნებინათ…

რუსები ძალიან პრაგმატულად იქცევიან, და ამერიკის პრეზიდენტსაც სურს, ითანამშრომლოს რუსეთთან. ამას ტრამპი არც მალავს.

გასული საუკუნის ბოლოს ამერიკელებმა აქტიურად ითანამშრომლეს ჩინეთთან, შედეგად ჩინური ეკონომიკა აღორძინდა, მაგრამ შეიცვალა ვითარება და ახლა ჩინეთი ამერიკის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე და პოტენციური ლიდერია ეკონომიკაში. გეოპოლიტიკური კანონების თანახმად ამერიკას ხელს აძლევს რუსეთთან თანამშრომლობა ჩინეთის საპირწონედ.

რუსეთის დაშლაზე საუბარი დიდი სიბეცეა, რუსეთის გარეშე დღეს ევროპას ძალიან გაუჭირდება. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და მისი იგნორირება საერთაშორისო პოლიტიკაში წარმოუდგენელია, დაშლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

_ მართალია, დღეს ქვეყანა სულ სხვა გამოწვევის წინაშეა, კორონავირუსს ვებრძვით, მაგრამ ეს ყველაფერი ჩაივლის და დავდგებით რეალობის წინაშე _ დავითგარეჯა გუგლის რუკაზე უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ეს ამბავი ახლა არ დაწყებულა, დიდი ხანია, მიმდინარეობს აზერბაიჯანსა და ქართველებს შორის დავა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არც ევროპელ პარტნიორებსა და არც ამერიკას ჩვენი მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებიათ…

_ მოვითხოვოთ დასავლელი პარტნიორების თანადგომა, სისულელეა, რადგან პარტნიორებად წოდებულ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს აზერბაიჯანთანაც. ვინც პოლიტიკას არ იცნობს, მისთვის ყველაფერი ადვილი სათქმელია. აზერბაიჯანიც ისეთივე მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროპისა და ამერიკისთვის, როგორც საქართველო. საქართველომ უნდა შეიგნოს ერთი რამ _ პოლიტიკაში ყველაფერი წყდება ვაჭრობით. თუ შენი პრობლემის გადაჭრით მხარეები არ დააინტერესე, ლამაზი თვალებისა და .. კარგი დემოკრატობისთვის მხარს არავინ დაგიჭერს. თუ არ ვიმოქმედეთ, დახმარებაზე და მხარდაჭერაზე საუბარი გულუბრყვილობაა.

ჩვენ აზერბაიჯანთანაც უნდა ვივაჭროთ, ის დაინტერესებული უნდა იყოს, რომ დაგვითმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დათმობს. როგორც ჩანს, ჩვენმა ქვეყანამ შეცდომები დაუშვა და ეს არჩვეულებრივი ძეგლი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

სხვანაირი მექანიზმებია ასამოქმედებელი. ჩვენდა სამწუხაროდ, როდესაც საქართველო ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიილტვის და ზურგს აქცევს რუსეთს, ამით ბევრს კარგავს, რადგან აზერბაიჯანიცა და სომხეთიც, ჩვენი მეზობელი ქვეყნები დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან. როდესაც საქართველო ელაპარაკება აზერბაიჯანს, განყენებულად ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს არ ელაპარაკება, ამაზე საქართველო უნდა დაფიქრდეს _ რამდენად ხელსაყრელია სახელმწიფოსთვის აღნიშნული რეგიონული ორგანიზაციების წევრობა. ევროპას და ამერიკას თავისი პრობლემები აქვთ და საქართველოაზერბაიჯანის საქმეში არ ჩაერევიან.

ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია

რუსეთის დაშლა საქართველოს ერთიანობას პირდაპირ დაარტყამს

ვალერი კვარაცხელია, ანალიტიკოსი:

_ ლიბერალები და რუსოფობები ამბობენ, რომ ნავთობის მკვეთრად გაიაფება რუსეთის ფედერაციას დაშლის, ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა კავშირი დაშალა

_ ჯერ ერთი, საბჭოთა კავშირი არ დაშლილა ნავთობის გაიაფების გამო, მეორე, ნავთობის დიდი ექსპორტიორი ქვეყანა ფასის მკვეთრად დაცემის გამო არ და ვერ დაიშლება, ასეთი რამ გამორიცხულია. ნავთობის ფასის შემცირების პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება, ფასების ცვლილება მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული. ისე, ვთქვათ, დაიშალა რუსეთი, ზოგიერთს რა უხარია?!

მიმოვიხედოთ, რა ხდება მსოფლიოში, რა პროცესებთან გვაქვს საქმე?! ქართველები ვსხედვართ და რუსეთის დაშლაზე ვსაუბრობთ, თითქოს რუსეთი დაიშლება და ამით საქართველოს ეშველება. დაიშლება რუსეთი და ჩვენი ქვეყანაც შესაძლოა, მიყვეს, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოც ზედ მიყვა, ჯერ სამ ნაწილად ვართ დაშლილი, მაგრამ რუსეთის დაშლას შესაძლოა ისეთი გლობალური კატასტროფა მოყვეს საქართველოსთვის, წარმოდგენაც რომ არ შეიძლება.

_ ჯერ სამ ნაწილად არის დაშლილი საქართველოო, _ თქვით, გუგლის რუკაზე დავითგარეჯის მონასტერი აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, თუმცა ხმას არავინ იღებს და ჩვენი .. პარტინორებიც ჩუმად არიან

_ მოდით, ვთქვათ სიმართლე _ არანაირი პარტნიორები საქართველოს არ ჰყავს, ჩვენ გვყავს თაღლითები, რომლებიც მხოლოდ თავიანთ ინტერესებს ატარებენ ამ ქვეყანაში. ისინი არასოდეს არაფერს გააკეთებენ ჩვენს დასახმარებლად, ყველა მათგანი გლობალურ ინტერესებს ემსახურება.

საქართველოს რუკა ბევრნაირად არის შეცვლილი, არა მხოლოდ აფხაზეთი და ოსეთი მაქვს მხედველობაში. გარეჯა, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა _ ეს ის რეგიონებია ხვალ რომ შეიძლება აფეთქდეს. საქართველოს ყველა მეზობელთან აქვს ტერიტორიული პრობლემა. საქართველოს დაშლის პროცესი დაწყებულია, დასრულებული _ არა, ამიტომ რუსეთი თუკი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება და, როგორც ვიღაცას სურს, დაიშლება, აი, მაშინ თქვით, რა მოხდება. რუსეთის დაშლა საქართველოს ერთიანობას პირდაპირ დაარტყამს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here