Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა,...

თამარ კიკნაძე: კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა, სწორი არ იყო

ნატოსა და ევროკავშირის ძახილს, სჯობდა, რუსეთთან უფრო კონსტრუქციული და პოზიტიური ურთიერთობა გვქონოდა

8753
თამარ კიკნაძე

15 იანვარს რუსეთის ფედერაციის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მთავრობის გადაყენების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა:  “დროა, მსოფლიო უსაფრთხოებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ.

სერიოზული და პირდაპირი დიალოგი მსოფლიოს სტაბილური უსაფრთხოების ძირითად საფუძვლებზე, იმ მწვავე პრობლემებზე, რომლებიც კაცობრიობის წინაშე დგას, რა თქმა უნდა, მომწიფდა. საჭიროა პოლიტიკური ნების, სიბრძნის, გამბედაობის გამოჩენა. დრო გვაიძულებს, გავაცნობიეროთ საერთო პასუხისმგებლობა და რეალურად ვიმოქმედოთ. მაგალითი იმ ქვეყნებმა უნდა აჩვენონ, რომლებმაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დააარსეს. სწორედ ხუთ ბირთვულ სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კაცობრიობის შენარჩუნებასა და მდგრად განვითარებაზე. ხუთმა ერმა, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს ზომების მიღება გლობალური ომის წინაპირობების აღმოსაფხვრელად, შეიმუშავოს ახლებური მეთოდები პლანეტაზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რომლებიც სრულად გაითვალისწინებენ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო ასპექტებს…”

რა ცვლილებებსა და ახლებურ გადანაწილებაზე საუბრობს რუსეთის პრეზიდენტი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.

_ რუსეთს, დიდ ხანია, წამოყენებული აქვს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს იდეა. ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა… საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ იყო მცდელობა, რომ რუსეთი, როგორც დიდი მოთამაშე, ნიველირებული ყოფილიყო. შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ ისტორიის გადაწერა დაიწყეს და დიდი სამამულო ომის შედეგები და გამარჯვების ავტორი სტალინი გაუტოლეს ჰიტლერს. რუსეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა და მას მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა, მიუხედავად ამისა, გამუდმებით იყო მცდელობა, რომ ეს ქვეყანა გლობალური პროექტებიდან ამოეშალათ, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიოს დაანახვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულმა პროპაგანდამ არ გაამართლა, გეგმა ვერ განხორციელდა.

ამერიკის პრეზიდენტად ტრამპის მოსვლაც შემთხვევითი არ არის და არც ის პოლიტიკაა შემთხვევითი, რომელსაც აწარმოებს. ამერიკა, როგორც ჰეგემონი, აღარ არსებობს, ტრამპის პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით შეძლოს ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, მაგრამ ასე არ გამოვა _ მსოფლიო პოლიტიკისარქიტექტურასულ სხვა იქნება _ იქნება მრავალპოლუსიანი სამყარო და იქნებიან რეგიონული ლიდერები. ასეთ ვითარებაში რუსეთი ერთ-ერთ რეგიონულ ლიდერად მოგვევლინება დასავლეთის უშუალო თანხმობით. ამ თანხმობას ადასტურებს ამერიკის პრეზიდენტის განცხადებები, საფრანგეთის პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია პირდაპირ არ ამბობს სათქმელს, მისი დაინტერესება “ჩრდილოეთის ნაკადით” და ასევე, გააქტიურებული ურთიერთობები რუსეთთან ამ სახელმწიფოსადმი მხარდაჭერაზე მეტყველებს.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ევროპამ გადაწყვიტა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ჯობია მისგან დისტანცირებას. ცვლილებები, რომლებიც რუსეთში დაიწყო, ბევრ რამეს შეცვლის. რუსეთმა წარმატება მოიპოვა საერთაშორისო ორბიტაზე, მაგრამ რთული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა აქვს ქვეყანაში, ამიტომ საჭირო შეიქნა მედვედევის მთავრობის შეცვლა, რაც მისცემს ქვეყანას იმის საშუალებას, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს, რომლებიც საჭიროებამ მოითხოვა, რადგან ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი ეკონომიკური პრობლემების გამო საგრძნობლად დაეცა.

რუსეთში მიმდინარე საკადრო ცვლილებები ითვალისწინებს ფუნქციების გადანაწილებას სხვადასხვა შტოზე, გაძლიერდება პარლამენტის როლი, აღმასრულებელ ხელისუფლებას დაემატება ფუნქციები. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ერთპიროვნული მმართველობა აღარ იქნება.

რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანას მომავლისთვის ამზადებს, რადგან ფაქტია, რომ მსოფლიოს “არქიტექტურა” იცვლება, ამას კი, შესაძლოა, ჩვენს რეგიონშიც მოჰყვეს მტკივნეული ცვლილებები.

_ როდის მოხდება ეს .. არქიტექტურული ცვლილებები და რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს მას?

_ პროცესები კულუარულად, ალბათ, უკვე დაწყებულია, მაგრამ ამის გაფორმება იქნება საჭირო და ეს მოხდება მსოფლიო ლიდერების შეხვედრის შემდეგ; შესაძლოა, იალტის კონფერენციის მსგავსი შეხვედრა გაიმართოს და გაფორმდეს ის ყველაფერი, რაზეც, ამდენი ხანია საუბრობენ _ მსოფლიო მრავალპოლუსიანი უნდა გახდეს და სრულიად შეიცვალოს არსებული ვითარება. ძალიან მალე ვიხილავთ ახალ რეგიონულ გადანაწილებას, ზოგიერთი ქვეყნის დასუსტებას, ზოგიერთის _ გაძლიერებას. ამ გადანაწილებამ, შესაძლოა, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილი შეიწიროს.

_ ფაქტია, რომ ცვლილებები გარდაუვალია. როგორ ფიქრობთ, “ჩვენი სტრატეგიულიპარტნიორები ამ გადანაწილებისას საქართველოს გაიხსენებენ? რა ბედი გველის?

_ საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენ პოლიტიკურ ამინდს ვერ ვქმნით. კარგი იქნება, თუ ევროპა და რუსეთი შეთანხმებულად ითანამშრომლებენ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს კარგი ადგილი და როლი ერგოს. ამისთვის კი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა, სწორი არ იყო; სწორი არ იყო ნატოსა და ევროკავშირის ძახილი; სჯობდა, რუსეთთან უფრო კონსტრუქციული და პოზიტიური ურთიერთობა გვქონოდა, რადგან მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა და რუსეთში მიმდინარე პროცესებმა ნათლად დაგვანახვა, რომ რუსეთი ანგარიშგასაწევი ქვეყანაა. რუსეთის ისტორია კარგად ვიცი და მის ძლიერებაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. ამ ქვეყნის შესაძლებლობები ვინც იცის, უნდა სცოდნოდა, რომ ეს ქვეყანა, მიწაზე გართხმულიც კი, ადრე თუ გვიან ფეხზე დადგებოდა. გათვლები, რომლებიც დასავლეთმაც გააკეთა და საქართველომაც მიბაძა, არ აღმოჩნდა ზუსტი. რუსეთის მიმართ დესტრუქციული პოლიტიკა დიდი შეცდომა იყო ყველასთვის და განსაკუთრებით _ საქართველოსთვის. ჩვენმა ქვეყანამ რა პოზიციაც აირჩია, ასეთი არავის აურჩევია, რუსეთთან ურთიერთობა, კავკასიაში არ გვაქვს მხოლოდ ჩვენ, აზერბაიჯანიც და სომხეთიც გამუდმებით ცდილობდნენ, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონოდათ. საქართველოს პოლიტიკური არჩევანი და კურსი შეცდომა იყო. საქართველოს მოუწევს ამ შეცდომების გამოსწორება. ეს გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ის, რომ თანმიმდევრული, სწორი პოლიტიკა ეწარმოებინათ და არ შეშინებოდათ გარეშე თუ შიდა ძალების რეაქციისა.

_ მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესში რა პერსპექტივა აქვს ნატოსა და ევროკავშირს?

_ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ ცხადყოფს, რომ ამ მოთამაშეების როლი აქტუალური აღარ არის. ასე ვთქვათ, ბლოკური პოლიტიკის დრო დასრულდა…

_ აცნობიერებს ჩვენი ხელისუფლება იმას, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და რა რეალობის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ?

_ თვალყურს ვადევნებ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არაფერი ჩანს ისეთი, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქართველო ემზადება სიახლეებისთვის. კულუარებში რა ხდება, რას გეგმავენ, არ ვიცი, არც ის ვიცი, გათვითცნობიერებული აქვთ თუ არა, რა ხდება მსოფლიოში… ერთი, რასაც ვამჩნევ, არის ის, რომ თვითონ სახელისუფლო გუნდი ანტირუსული განცხადებებით არ გამოირჩევა, საერთოდ, “ქართული ოცნება” არ იყო წინა ხელისუფლების მსგავსად აგრესიული რუსეთის მიმართ. მათ ეშინიათ ე.წ. ოპოზიციის, მაგრამ დღეს უკვე აღარ არის შიშის დრო, სჯობს, შეცვალონ მიმართულება და გეზი აიღონ რუსეთისკენ, ურთიერთობების მოგვარებას შეეცადონ, რადგან რუსეთი არის ქვეყანა, რომლის გაუთვალისწინებლობაც არ შეიძლება.

სამწუხაროა, რომ ამდენი წელია, ვერ მივხვდით, საით უნდა აგვეღო გეზი და რა გვეკეთებინა, რადგან ძალიან დიდი დანაკარგი გვაქვს. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ამაზე სერიოზულად დაფიქრდებიან. მტკივნეული იქნება ცვლილება, მაგრამ აუცილებელი.

_ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო, ადგილი რომ დაიმკვიდროს ახალ მსოფლიო წესრიგში და ვინ იქნებიან ჩვენი პარტნიორები? რა პირობებზე უნდა ავაგოთ საერთაშორისო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კუთხით?

_ პირველ რიგში, უნდა დავაკვირდეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს; შევხედოთ, როგორ გადანაწილდება რეგიონული მმართველობა, ვის მიგვაკუთვნებენ.

_ გამოდის, ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. რა გვინდა, როგორ გვინდა ან სად გვინდა?

_ ჩვენზეც არის დამოკიდებული. პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა, ამიტომ აუცილებელია მუშაობა კულისებში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანასთან, როგორც არის რუსეთი.

_ შეძლებს ეს ხელისუფლება ამ თამაშს და კულუარულ ურთიერთობებს? როგორც თქვენ აღნიშნეთ, შეშინებული არიან. ამერიკელებმა ორი დღის წინათ რაღაც ფურცელი გამოგზავნეს, რომელშიც მთავრობის მუშაობა იყო დაწუნებული და ამის გამო ერთი ამბავია ატეხილი

_ რუსეთთან მოლაპარაკება უნდა შეძლონ, სხვა გზა არ არის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისედაც ყველაფერი დაგვიანებულია, ცვლილებები მტკივნეული იქნება, მაგრამ თადარიგი დასაჭერია. რაც შეეხება ამერიკიდან გამოგზავნილ წერილებს, ყველამ კარგად იცის, ეს როგორ კეთდება. აქაური ძალები ლობირებენ ვიღაცებს და მერე სოციალურ ქსელში და ზოგიერთ საინფორმაციოში თვითონვე ტეხენ ერთ ამბავს. ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, დესტრუქციულ ძალებს ღრმად აქვთ ფესვები გადგმული, რაც ისევ და ისევ ხელისუფლების ბრალია.

საქართველოს ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს. რუსეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს გადანაწილება დაწყებულია, მრავალპოლუსიან მსოფლიოზე საუბარი მითი არ არის. რუსეთში დაიწყო ლიბერალების შევიწროება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა გაძლიერდება ეკონომიკურად და ეს მსოფლიოზეც აისახება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი უნდა იყოს სუვერენული სახელმწიფო და მის კანონმდებლობას მეტი ძალა უნდა ჰქონდეს, ვიდრე საერთაშორისო აქტებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

5 COMMENTS

  1. ,..” რუსეთში დაიწყო ლიბერალების შევიწროება”,……ძალზედ მეამააა,….მაგრამ სხვა სიტყვებმა დამაფიქრა,..” ვის მიგვაკუთვნებენ”,…..აღარ დასცალდა საქართველოს, მართლა დამოუკიდებლად ცხოვრება,.!!!

  2. გვირჩევნია დროზე მოვეგოთ გონს რუსებთან ურთიერთობაში, ფაქტია რომ , ჩვენი ქ1ვეყანა მათთვის სულ ერთი არ არის და არც თავის დანებებას არ აპირებს, ჩვენთვისვე უმჯობესი იქნება, ჩვენვე დროულად მოვაგვაროთ საქმე რუსებთან, პირველ რიგში იმიტომ რომ ცხადზე ცხადია, მათ გარეშე საქართველოს გაერთიანება უტოპიაა და მეორე, სანამ ჩექმით შემოვლენ, პოლიტიკურად და კეთილმეზობლურად განვაწყოთ ჩვენდამი, როცა ქართველ კაცის სიტყვას ყოველთვის ფასი ქონდა რუსეთში

  3. გეთანხმები ქალბატონო თამარ.მაგრამ დღევანდელი მთავრობა რისი გამკეთებელიაა????მაგენმა მარტო ხალხის დაბეჩავება და გაუბედურება იციან.ჰო კიდევ არჩევნების გაყალბებაა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here