მთავარი პოლიტიკა თამარ კიკნაძე: დასავლეთს სურს რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარების გამძაფრება და მოუგვარებელ...

თამარ კიკნაძე: დასავლეთს სურს რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარების გამძაფრება და მოუგვარებელ პრობლემად მისი წარმოჩენა

275
გააზიარეთ

დასავლურმა მედიამ გაავრცელა სიყალბე, თითქოს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პუტინს სთხოვა, თებერვალში არ შეიჭრას უკრაინაში და სამხედრო კონფლიქტით არ გადაფაროს მსოფლიო სპორტული ზეიმი, რომელსაც ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისი იმიჯისთვის. ეს ამბავი მალევე უარყვეს რუსეთმაც და ჩინეთმაც. როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დასავლეთის სურვილია, რუსეთს კი უკრაინაზე თავდასხმა არაფერში არ სჭირდება და არც აპირებს. ძაბავს თუ არა ვითარებას ხელოვნურად დასავლეთი რუსეთსა და უკრაინას შორის? რას მოილაპარაკებენ .. ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში გერმანია, რუსეთი, უკრაინა და საფრანგეთი? დათმობს თუ არა პოზიციებს რუსეთი? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ დასავლეთი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკითხს სხვადასხვანაირად უყურებენ. რუსეთის პრეზიდენტი საკითხს გლობალურად უდგება, მსოფლიოს ახალ წესრიგზე აკეთებს აქცენტს და ამ ახალ წესრიგში რუსეთის ფედერაციის როლზე საუბრობს; დასავლეთი კი ამ ყველაფერს განიხილავს, როგორც უკრაინის პრობლემას და რუსეთის იქ შეჭრის სურვილს. ვლადიმერ პუტინი ძალიან ხისტად აყენებს საკითხს და საუბრობს რუსეთის როლზე. ის წერილობით პასუხს, დასტურს ელოდება თავის წინადადებებზე, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთით. დასავლეთი კი, როგორც ყოველთვის, ჩვეული წესებით თამაშობს _ დროს აჭიანურებს და ახალ-ახალ საკითხებს აყენებს.

დღეს ძალიან დაძაბულია ვითარება, ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოები ესაუბრებიან ერთმანეთს და საკმაოდ დაძაბულად, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცაზე აუცილებლად შეთანხმდებიან.

_ რა იქნება ეს რაღაც? ფაქტია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა პროვოცირებულია და ეს ვიღაცას ხელს აძლევს. ხელოვნურად იძაბება ვითარება, რადგან უკვე ითქვა, რომ რუსეთი არსად შეჭრას არ აპირებს

_ დიახ, დასავლეთს სურს რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარების გამძაფრება და მისი წარმოჩენა, როგორც მოუგვარებელი პრობლემა.

რუსეთი და დასავლეთი ძალების დემონსტირებას ახდენენ. რუსეთის საჯარისო ნაწილები სამხედრო ოპერაციებისთვის მზად არიან, ამის საპირწონედ კი დასავლეთის მასმედია გაჰყვირის, რომ შესაძლოა, დაიწყოს საომარი მოქმედებები, რომლებსაც უკრაინის ოკუპაცია მოჰყვება. ჩატარდა რუსეთის, ირანისა და ჩინეთის ერთობლივი წვრთვნები, ეს ისევ და ისევ ძალის დემონტრირებას ნიშნავს. რამდენიმე დღის წინათ კი უპრეცენდენტო რამ მოხდა _ ირანის პრეზიდენტი ჩავიდა მოსკოვში და მას სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცეს, რაც უდიდეს მხარდაჭერას ნიშნავს. ძალების კონცენტრაცია ხდება ორივე მხარეს. ასევე ხვდებიან ერთმანეთს პუტინი, სი ძინპინი, ინდოეთის პრემიერი, ამერიკის პრეზიდენტი და ა.შ.

დღეს ყველანი მომსწრენი ვართ ისეთი მტკივნეული პროცესისა, როგორიც არის ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება. მართალია, ამერიკელები ამბობენ, რომ 21- საუკუნეში ისინი არ შეეგუებიან გავლენის სფეროების შეცვლას, მაგრამ შეუვალია რუსეთის პრეზიდენტიც და აცხადებს, რომ უკრაინა, საქართველო და პოსტსაბჭოთა სივრცე ის წითელი ხაზებია, რომელთა გადაკვეთასაც არ დაუშვებს; უფრო მეტიც, პუტინი მოითხოვს, რომ ყველაფერი დაბრუნდეს ისე, როგორც იყო 1997 წელს.

_ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევი და ბერლინი მოიარა და მერე ჟენევაში ლავროვთან გამართა შეხვედრა. მისი ძირითადი სალაპარაკო თემა მინსკის შეთანხმების შესრულება იყო. ორმაგ თამაშს ხომ არ თამაშობენ ამერიკელები და დასავლეთი?

_ ენტონი ბლინკენი მოითხოვს მინსკის ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილის შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს სადავო ტერიტორიების ავტონომიას უკრაინის შემადგენლობაში, მაგრამ რუსები უფრო შორს წავიდნენ და არა მხოლოდ მინსკის შეთანხმების შესრულებას მოითხოვენ უკრაინისგან, არამედ წინადადებაზე პასუხს, თანაც წერილობით, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით; ასევე მოითხოვენ პასუხს რუსეთის როლზე საერთაშორისო დღის წესრიგში და გავლენის სფეროებს. ამ გავლენის სფეროებში რუსები გულისხმობენ პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ სივრცესაც…

_ თებერვალში პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს. დასავლეთში ზოგი ფიქრობს, რომ სწორედ ამ ოლიმპიადის მიმდინარეობისას დაიწყება ომი, ზოგი _ პირიქით ფიქრობსვარაუდი ბევრია, ზოგის აზრით, შესაძლოა, უკრაინამაც კი დაიწყოს ომი, სწორედ ისე, როგორც 2008 წლის აგვისტოში მოხდა საქართველოში

_ პირიქით… ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩადის და იქ იქნება იმის საშუალება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გამართოს შეხვედრები და მთელი რიგი საკითხები განიხილოს.

_ უკვე რამდენიმე თვეა, მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია რუსეთისა და უკრაინისკენ. გამუდმებით ვისმენთ ინფორმაციებს, რომ ომი წუთიწუთზე დაიწყება, მაგრამ, საბედნიეროდ, არ დაიწყოწარმოდგენა რჩება ისეთი, თითქოს ვითარებას ვიღაც ხელოვნურად ამწვავებს

_ მართალია, რუსეთსა და უკრაინას შორის ძალიან დაძაბული ვითარებაა და თანაც მობილიზებულია ორივე ქვეყნის საჯარისო ფორმირებები, მაგრამ ამ არეულობაში სულ სხვა თემაა დასავლეთის რიტორიკა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელიც მართლაც ჰგავს წაქეზებას. დასავლეთი არ საუბრობს ძირითად თემაზე და ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ უკრაინაზე, ძირითადი თემა კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არის რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნა, რომ არ შეეხონ პოსტსაბჭოთა სივრცეს.

_ ამ მოლაპარაკებებში ვის მხარეს არის უპირატესობა?

_ სამხედრო ძლიერება რუსეთის მხარესაა. თუკი გავითვალისწინებთ თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, რუსეთს ბადალი არ ჰყავს, თანაც რუსეთი ტყუილად არ ილაპარაკებს, თუ თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული არ არის.

_ შეიარაღების თვალსაზრისით გასაგებია რუსეთის სიძლიერე, მაგრამ სიმართლე ვის მხარეზეა?

_ უფრო რუსეთისკენ, აქამდე ყოველთვის მშვიდი იყო და დასავლეთს პარტნიორს უწოდებდა, მაგრამ დასავლეთი ხშირად იგნორირებას უკეთებდა. ახლა ვითარება შეიცვალა. ასე რომ, უპირატესობა ყოველმხრივ რუსეთისკენაა, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ რაღაცაზე შეთანხმდებიან და საქმე ომამდე არ მივა.

_ ფიქრობთ, რომ ასეთი დაძაბული ვითარება მოლაპარაკებებით ჩაცხრება? ამერიკის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთისმცირე შეჭრაზესაუბრობდა

_ ბაიდენის “მცირე შეჭრის” თემაზე საუბარმა ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვია და თეთრ სახლს ამ საკითხის ახსნა-განმარტება მოუწია.

იმედს ვიტოვებ, რომ ბირთვული იარაღის პირობებში მოლაპარაკებები, რომლებიც ქვეყნებს შორის მიმდინარეობს, შემაკავებელი ფაქტორია და რაღაც კომპრომისამდე აუცილებლად მივლენ.

ვლადიმერ პუტინს ხელს არ აძლევს უკრაინაში შეჭრა. ჩვენ ვნახეთ, რა გააკეთეს რუსებმა საქართველოს შემთხვევაში _ დაიკავეს მხოლოდ ის სტრატეგიული მიდამოები, რომლებიც მათ მისცემდა ბაზების განლაგების საშუალებას, რათა გაეკონტროლებინათ ზღვა და საზღვრები. უკრაინა დიდი ქვეყანაა, მისი ოკუპაცია და უკრაინის მოსახლეობის რჩენა არ არის მომგებიანი რუსეთისთვის, ისინი პრაგმატულად იქცევიან, თუკი რამე მოხდა, იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ ტერიტორიები გააკონტროლონ, სრულ ოკუპაციას არ შეეცდებიან. ყირიმის შეერთებაც იყო პრაგმატული ნაბიჯი, იქ მათი ბაზებია, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. სევასტოპოლში რუსეთის ფლოტია, მათ ის არენდით ჰქონდათ აღებული და სულ გაუგებრობები იყო, ამიტომ საკითხი ასე გადაწყდა.

_ მოკლედ, მთელი ეს ქაოსური მდგომარეობა მოლაპარაკებებით ჩაცხრება?

_ მთლად ისე, რომ არაფერი მოხდეს, არა. რუსეთი თავის კატეგორიულ მოთხოვნას არ წაიღებს უკან. გავიხსენოთ ე.წ. კარიბის კრიზისი, იმხანად ბოლო წუთს ყველა მხარემ პასუხისმგებლობა გამოიჩინა და რაღაცაზე მოილაპარაკეს. ვფიქრობ, ამჯერადაც ასე მოხდება.

_ ვიცით, რომ .. ნორმანდიული ფორმატის მონაწილეების _ რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა შეხვედრა 26 იანვარს პარიზშია დაგეგმილი. რა შედეგით დასრულდება ეს შეხვედრა, უკრაინა უკან დაიხევს?

_ ნორმანდიული ფორმატის მონაწილეთა შეხვედრაზე რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება არ მიიღონ. რუსეთი უკან არ დაიხევს, ის აუცილებლად მოითხოვს ცვლილებებს მსოფლიო წესრიგში. ვფიქრობ, ამ შეხვედრების, ამ დაძაბულობისა და მოლაპარაკებების ფონზე აუცილებლად შეიცვლება ბევრი რამ, მათ შორის რუსეთის როლიც. რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა, ის არ დათმობს იმას, რაზეც ახლა პრეტენზია აქვს და რაზეც თავშივე ვისაუბრეთ. პროცესი, შესაძლოა, ცოტა გაჭიანურდეს, მაგრამ ბევრი რამ აუცილებლად შეიცვლება…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here