მთავარი პოლიტიკა თავისუფლებისთვის კი არა, საქართველოს არსებობისთვის ბრძოლა უწევს

თავისუფლებისთვის კი არა, საქართველოს არსებობისთვის ბრძოლა უწევს

გმადლობთ, ბატონო იენს,  თქვენ ძალიან ყურადღებიანი ბრძანდებით!

359
გააზიარეთ
თავისუფლებისთვის კი არა, საქართველოს არსებობისთვის ბრძოლა უწევს

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეცხრამეტე გამოშვება

ჩვენ მზად ვართ ნატოსთან დიალოგისთვის,

თუნდაც ეს მონოლოგი აღმოჩნდეს!”

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიოს წინაშე მთელი სიგრძესიგანით დგას შეკითხვა _ საით მივექანებით? თეორიულად ორი გზა ჩანს _ ან ერთმანეთთან კონფრონტაციაში შესულ ზესახელმწიფოთა შორის მოლაპარაკება და შეთანხმება, ან გლობალური დაპირისპირება და მესამე მსოფლიო ომი. შეიარაღების თანამედროვე დონის ვითარებაში გლობალური დაპირისპირება და მსოფლიო ომი რასაც ნიშნავს, ყველასთვის გასაგებია, ეს პლანეტარული კატასტროფაა, მაგრამ რას ნიშნავს მოლაპარაკება და შეთანხმება _ ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი და ყველასთვის მარტივად გასაგები. თეორიულად აქ მრავალი ვარიანტი არსებობს, ხოლო რა იქნება პრაქტიკულად, ამას დრო გვაჩვენებს.

ახლოვდება რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში, რომელიც, თუ არ ჩაიშალა (რაც სულაც არ არის გამორიცხული), ყველა შემთხვევაში უაღრესად დიდი მნიშვნელობის მოვლენა იქნება. ყველა შემთხვევაში-მეთქი, როდესაც ვამბობ, ვგულისხმობ იმასაც, რომ შეხვედრა შესაძლებელია წარმატებული აღმოჩნდეს და, იმასაც, რომ შესაძლებელია, წარუმატებელიც იყოს. შეხვედრა ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება. პირველ შემთხვევაში იმით, რომელი საკითხი როგორ გადაწყდება; მეორე შემთხვევაში კი იმით, რომ, თუ მოლაპარაკება შეუძლებელი აღმოჩნდება, კონფრონტაცია გაგრძელდება და ადრე თუ გვიან ის წითელი ხაზიც გადაიკვეთება, რომლიდანაც უკან დასახევი არც ერთს და არც მეორეს აღარ დარჩებათ.

აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი ჟენევაში დანიშნული შეხვედრის წინ ასეთ განცხადებას აკეთებს: აშშ არ ეძებს კონფლიქტს. ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებული ურთიერთობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, რუსეთთან ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა და შეიარაღებაზე კონტროლი. ამასთანავე, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რუსეთისთვის დადგეს სერიოზული შედეგები აშშის სუვერენიტეტის შემლახავი ქმედებებისა და არჩევნებში ჩარევის გამო. ჩვენ როდესაც შევხვდებით, მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს აშშის, ევროპისა და ჩვენი თანამოაზრე დემოკრატიული სახელმწიფოების მიჯაჭვულობას ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვისადმი”.

პრეზიდენტ ბაიდენის ამ განცხადების ის ნაწილი, რომელშიც საუბარია სტაბილური და პროგნოზირებული ურთიერთობების სურვილზე, გადაფარულია განცხადების იმ ნაწილით, რომელშიც საუბარია რუსეთის მიერ აშშ-ის სუვერენიტეტის ხელყოფასა და არჩევნებში მის ჩარევაზე, ანუ კეთილგანწყობისა და შეთანხმების მიღწევის სურვილი გაქარწყლებულია ანგარიშსწორებისა და შურისძიების სურვილით. პრეზიდენტ ბაიდენის ამ წინააღმდეგობრივი განცხადების შემდეგ პრეზიდენტ პუტინის პასუხმაც არ დააყოვნა, რომელიც, ბაიდენის პოზიციიდან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია, მაგრამ სტაბილურობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტად ვერ გამოიყურება: “Вы знаете, в чем проблема, я вам расскажу как бывший гражданин бывшего Советского Союза. В чем проблема империй – им кажется, что они такие могущественные, что они могут позволить себе небольшие погрешности и ошибки. Этих купим, этих напугаем, с этими договоримся, этим дадим бусы, этим погрозим военными кораблями. И это решит проблемы. Но количество проблем нарастает. Наступает момент, когда с ними уже не справиться. И Соединенные Штаты уверенной поступью, уверенной походкой, твердым шагом идут прямо по пути Советского Союза”.

მკაცრი განცხადებაა, რომელშიც აშშ-ისთვის კატასტროფული დასასრულია ნაწინასწარმეტყველები. მიჭირს, დავეთანხმო პრეზიდენტ პუტინის იმ აზრს, რომ საბჭოთა კავშირი იმპერიებისთვის დამახასიათებელმა წინააღმდეგობებმა დაანგრია, თუნდაც იმიტომ, რომ იგი არ ყოფილა იმპერია ამ ცნების კლასიკური გაგებით. საბჭოთა სახელმწიფო სოციალური სამართლიანობის იდეით გაერთიანებულ რესპუბლიკათა კავშირი იყო, რომელიც მას თვისებრივად განასხვავებდა ისტორიული იმპერიებისგან. მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არ ყოფილა იმპერიათა შინაგანი წინააღმდეგობებით გამოწვეული მოვლენა, ეს იყო გარეშე მტრების დივერსიული ქმედებებისა და შინაურთა მიერ ჩადენილი ღალატის შედეგი. საშინაო საქმეებში ჩარევის გამო დღეს ვინმეს ვინმესთვის სასაყვედურო რამე თუ აქვს, ეს, უწინარესად, საბჭოთა ხალხია, რომელიც მთელი არსებით უნდა იყოს მომართული ამერიკული პოლიტიკის წინააღმდეგ, რადგან მან ჯერ საბჭოთა კავშირის ნგრევა გამოიწვია, ახლა კი რუსეთისა და დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკების დანგრევა უნდა. ეს ერთი ასპექტია პრეზიდენტ პუტინის განცხადებისა. პრეზიდენტ პუტინის განცხადების მეორე ასპექტს კი, რომელიც აშშ-ის იმ მძიმე ისტორიულ ხვედრს შეეხება, რომელიც, იმპერიათა განვითარების ისტორიული კანონზომიერებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დადგეს, არ მაქვს საფუძველი, არ დავეთანხმო. აშშ მართლაც კლასიკური იმპერიაა, რომელიც საერთო წესიდან გამონაკლისი ვერ იქნება. სხვა საკითხია, რა მასშტაბის კატაკლიზმებს გამოიწვევს აშშის კრახის ეს გარდაუვალი პროცესი. მწარე გამოცდილებიდან ვიცით, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ მსოფლიო წესრიგს საფუძველი შეურყია და თითქმის მთელი პლანეტა ქაოსში გადაჩეხა. ამ მასშტაბის კიდევ ერთი კრიზისი შესაძლებელია მსოფლიოსთვის მძიმედ გადასატანი აღმოჩნდეს, ამიტომ უნდა ვილოცოთ, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის დღეს არსებული წინააღმდეგობა ადვილად მოგვარდეს, თან იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რა შემთხვევაში მოხდება ეს და რა შედეგებს მოუტანს პროცესი საქართველოს, კონკრეტულად…

რუსეთსა და აშშ შორის დაძაბულობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ ისინი რაღაცაში მორიგდებიან და ახლებური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში კონსენსუსს მიაღწევენ. რას ნიშნავს ეს? რუსეთი აშშის მსოფლიო ჰეგემონიის აღიარებისა და მისი ვასალად ქცევის გზით რომ არ წავა, ეს საქმეში მხოლოდ ზედპირულად ჩახედულმა ადამიანებმაც კი იციან. რჩება მეორე გზა. აშშ უნდა შეელიოს მსოფლიოზე ერთპიროვნული ბატონობის დიდი ხნის წინათ აკვიატებულ იდეას და რუსეთს, როგორც ნამდვილ ზესახელმწიფოს (დავარქვათ ყველაფერს მისი სახელი), მისი გავლენის სფერო უნდა დაუტოვოს. რუსეთის გავლენა სრულიად ბუნებრივად ყველა კონტინენტზე გავრცელდება, მაგრამ როგორ შეზღუდულადაც უნდა წარმოვიდგინოთ ეს გეოგრაფია, უეჭველია, რომ იგი, ნებისმიერ შემთხვევაში, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მომცველი იქნება. საქართველომ და უკრაინამ რა ციებ-ცხელებიანებივითაც უნდა იკანკალონ ნატოსთან მოსალოდნელი ჯვრისწერის მოლოდინში, მათი გეოპოლიტიკური ადგილი წინასწარ არის განსაზღვრული. მეტიც: თვით ბალტიისპირეთის, დღეს უკვე ნატოს წევრი, სახელმწიფოების, ბედიც განხილვისა და გეოპოლიტიკური ვაჭრობის თემად იქცევა, ვინაიდან ამას თვითონ მომავალი მსოფლიო წესრიგის ბალანსის საკითხი დააყენებს დღის წესრიგში. გვაქვს რამე ხელშესახები ფაქტორი ამგვარი ვარაუდების გამოსათქმელად? ვფიქრობ, გვაქვს. პირველი ფაქტორი არის ის, რომ აშშ აშკარად არ ეყო არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც იდეოლოგიური და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც სამხედრო რესურსი მსოფლიოზე ერთპიროვნული გავლენის მოსაპოვებლად; მეორე უმთავრესი ფაქტორი რუსეთია, რომელიც .. ცივ ომში გამანადგურებელი მარცხისა და საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის დაშლის მიუხედავად, ვერ დააჩოქეს. მესამე ფაქტორი ჩინეთია, მისი ფანტასტიკურად მზარდი ეკონომიკითა და ტექნიკური სიახლეებით, რომელმაც აშშ უკან მოიტოვა. ეს, რაც შეეხება ფაქტორებს, თუმცა, შესაძლებელი იყო, რომ აშშ-ს, როგორც ჯერ კიდევ მძლავრი ეკონომიკისა და ამოუწურავი საერთო პოტენციალის მქონე ქვეყანას, ამ ფაქტორთა უგულებელყოფა მოეხდინა და მსოფლიო დომინანტობისკენ აღებული გეზიდან არ გადაეხვია, მაგრამ ასე არ მოხდა. პირველი გზავნილები, რომ აშშ გაჯიუტებას არ აპირებს და რეალობას თვალს უსწორებს, უკვე გაჩნდა. სამაგალითოდ ე.წ. “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მიმართ ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც საკმარისია. მილსადენის მშენებლობა, რომლითაც გერმანიას რუსული ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდოს და რომელიც ამერიკელთა დაჟინებული მოთხოვნითა და დაწესებული სანქციების გამო შეჩერებული იყო, განახლდა (და უკვე დასრულდა კიდეც): “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობისთვის სანქციების დაწესება და მისი შეჩერება, რომელიც იმ მომენტისთვის, როდესაც მე პრეზიდენტის უფლებამოსილება მივიღე, პრაქტიკულად დასრულებული იყო, აშშ-ისა და გერმანიის ურთიერთობებისთვის კონტრპროდუქტიული იქნება”, _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა. მან აღნიშნა ისიც, რომ თავიდანვე წინააღმდეგი იყო ამ პროექტის განხორციელებისა. აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ეს არსებულ, თუნდაც არასასურველ ვითარებასთან შეგუებას ნიშნავს, რომელსაც პოლიტიკაში კომპრომისზე წასვლას უწოდებენ. ჩრდილოეთის ნაკადი 2”, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ 2019 წელს შეჩერდა, დასრულდება. იგი ორი ხაზისგან შედგება, რომლებიც რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვით გავა და წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრის სიმძლავრე ექნება. ბაიდენის ეს გადაწყვეტილება, ძნელია, სხვაგვარად შეაფასო, თუ არა რეალობისთვის თვალის გასწორება და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სხვა შეფასებები მაინც გაჩნდა, პირველ რიგში, აშშ-ის კონგრესში. კონგრესმენთა აზრით, “რუსეთს “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის გამოყენებით შეუძლია ევროპაში ვითარების დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედება. ამას გარდა, ამ პროექტის დასრულებისთვის სანქციების მოხსნა იმას ნიშნავს, რომ აშშ გერმანიის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე დანარჩენი ევროპის ინტერესებს”. პრეზიდენტ ბაიდენს რუსეთთან თუნდაც ყველაზე გონივრულ კომპრომისზე წასვლას ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ აპატიებს, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი სწორედ კომპრომისების გზით სვლას აპირებს.

ახლა იმის შესახებაც ვთქვათ, რა შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ვითარება საქართველოსთვის. ორ უძლიერეს სახელმწიფოს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური კომპრომისების გზით სიარული ერთმანეთის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებას ნიშნავს, ანუ, ჩვეულებრივი ენით რომ ვთქვათ, რიგ საკითხებში გარკვეულ გარიგებებზე წასვლას. ასეთ შემთხვევაში უამრავი ინტერესი იყრის თავს, მაგრამ, შედარებით პატარა მოცულობის ამ წერილში ყველაფერს რომ არ მივედ-მოვედოთ, ერთ კონკრეტულ საკითხზე შევჩერდები. ესაა გავლენის სფეროები. მსოფლიო ყოველთვის ისე იყო მოწყობილი, რომ დიდი და ძლიერი სახელმწიფოები გავლენას ახდენდნენ მცირე და სუსტ სახელმწიფოებზე. ეს ტენდენციები დღეს განსაკუთრებით გაძლიერებულია.

დღეს მხოლოდ სამ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი სუვერენიტეტი _ აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს. დანარჩენი ბირთვული სახელმწიფოებიც კი სრული სუვერენიტეტით ვერ დაიკვეხნიან, ამიტომ გავლენის სფეროების არსებობა ბუნებრივი ამბავია. იმ ვითარებაში, როდესაც დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიასა და სხვა მძლავრ სახელმწიფოებს არ აქვთ სრული სუვერენიტეტი, საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბარი უხერხულიც კი არის. საქართველო არათუ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის, იმის შესაძლებლობასაც კი მოკლებულია, რომ თვითონ აირჩიოს, ვისზე დამოკიდებულება სურს ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვის ვასალად ყოფნა ურჩევნია. საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში, გარკვეული ხნის განმავლობაში არსებობდა ილუზია საქართველოს დამოუკიდებლობის შესაძლებლობისა. შემდგომ ეს ილუზია გაქრა, მაგრამ გაჩნდა მეორე ილუზია, რომ ჩვენ თვითონ ავირჩევდით, ვის უნდა მივკედლებოდით, უფრო ზუსტად, ვის კოლონიად უნდა ვქცეულიყავით. ახლა, იმ შემთხვევაში, თუ აშშ და რუსეთი შეთანხმდებიან, რომ ერთმანეთთან კომპრომისების გზით იარონ და ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას გადაწყვეტენ, ეს ილუზიაც გაქრება. ჩვენ აღმოვჩნდებით იქ, სადაც ჩვენს ყოფნას ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთთან შეთანხმებით გადაწყვეტს. დიდი ალბათობით, ეს რუსეთი იქნება. ასეთ შემთხვევაში აზრდაკარგული აღმოჩნდება ოცდაათწლიანი თავ-პირის მტვრევა ერთმანეთისთვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გამო, ჩვენი აზრი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ არავის დააინტერესებს, ჩვენს ღაღადისს ისტორულ ევროპელობაზე არავინ შეისმენს, ჩვენი წყალწყალა არგუმენტები ჩვენი “მაშასადამე ევროპელობის” შესახებ გულს ვერავის მოულბობს და დავრჩებით იქ, სადაც ყოფნა ჩვენი ისტორიული გზის ლოგიკური გაგრძელება იქნება. რაც მთავარია, ეს იქნება მენტალური იდენტობის შენარჩუნების ის ნაცადი გზა, რომელსაც ისტორიული ალტერნატივა არც არასდროს ჰქონია და არც დღეს აქვს, თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ უნაყოფო პოლიტიკურ მეოცნებეთა და დამნაშავე ავანტიურისტთა მიერ ჩვენი ერისთვის თავსმოხვეულ ოცდაათწლიან ქიმერას ევროპული გზის საკრალურობისა და დასავლეთის ერთგვარ “აღთქმულ მიწად” გამოცხადების შესახებ. განა ამაზე არ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება და რომელსაც აშშის პრეზიდენტი ბაიდენიც დაესწრება, საქართველო და უკრაინა არც მიიწვიეს? ოცდაათწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და მომქანცველი ლოდინის შემდეგ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ამგვარი შეურაცხმყოფელი ჟესტით გვიპასუხეს. არა მგონია, ამ სიტუაციას ოდნავ მაინც არბილებდეს ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თავის იაფფასიანი მართლება, რომ ნატოს სამიტზე, თურმე, მხოლოდ წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლები იკრიბებიან. სტოლტენბერგმა ვერ დაასახელა თარიღი, როდის ჩატარდება შეხვედრები ალიანსის პარტნიორ სახელმწიფოებთან. ის მხოლოდ ამგვარი არაფრისმთქმელი სიტყვებით შემოიფარგლა: “თავდაცვის სექტორის რეფორმები უკრაინისა და საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საუკეთესო მეთოდია”. ამგვარ ნათქვამს საქართველოში სიტყვის ბანზე აგდებას უწოდებენ და მოსაუბრის თავიდან მოცილებას ნიშნავს. ჰო, ნატოთი დიდხანს გვატყუეს, ხან .. მაპი არ მოგვცეს, ხან მაპზე უკეთესი მოგვცეს, ხან კარზე გვაკაკუნებინეს, ხან კართან გვაყურყუტეს, ახლა თათბირსაც არც დაგვასწრეს და, ბოლოს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, _ საერთოდ, თავიდან მომწყდითო, _ გვითხრა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მის მაღალკეთილშობილებას ქართული თავაზიანობით ვუპასუხოთ, _ გმადლობთ, ბატონო იენს, თქვენ ძალიან ყურადღებიანი ბრძანდებით! სხვა რა გზა გვაქვს, ჩხუბით ვერაფერს გავხდებით და ჩივილითაც ვერსად ვუჩივლებთ, იეთიმ გურჯისა არ იყოს, “რუსთაველი მკვდარია”.

თავისუფლებისთვის კი არა, საქართველოს არსებობისთვის ბრძოლა უწევს

ყოველივე ამას მოგახსენებთ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი და აშშ მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე წავლენ, მაგრამ შესაძლებელია, ასე არ მოხდეს და ორ “დერჟავას” შორის კონფრონტაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს, რადგან, როგორც ვიცით, აშშში პრეზიდენტი აბსოლუტურ ძალაუფლებას ვერ ფლობს. ამ ქვეყანაში პრეზიდენტსა და ოფიციალურ ხელისუფლებაზე მაღლა საერთაშორისო საფინანსო მაგნატები და ოლიგარქიული კლანები დგანან. რას მოგვიტანს რუსეთსა და აშშ შორის კონფრონტაციის გაღრმავება? ასეთ შემთხვევაში საქართველო საბოლოოდ დააღწევს თავს რუსეთს და დარჩება ამერიკის კოლონიად? სავარაუდოა, რომ მოვლენათა ამგვარად განვითარების შემთხვევაშიც აშშ პოსტსაბჭოთა სივრცეზე (მათ შორის, საქართველოზე) კონტროლს მაინც დაკარგავს. პუტინის ნათქვამი, რომ აშშ საბჭოთა კავშირის გზით მიდის, შემთხვევითი არ არის. ნორვეგიელი პროფესორი იოჰან გალტუნგი ვარაუდობდა, რომ აშშ 2020 წლისთვის “სუპერდერჟავას” სტატუსს დაკარგავდა. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ ამგვარი პროგნოზისათვის თუნდაც რამდენიმეწლიანი ცდომილება დიდ დანაშაულად ვერ ჩაითვლება. აშშში პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური და ზნეობრივი კრიზისი მძვინვარებს. დაპირისპირებამ ტრამპსა და ობამას შორის ამერიკელი ხალხი ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყო; საგარეო და საშინაო ვალების კატასტროფულმა ზრდამ, რომელმაც ფულის დიდი მასების მოჭრა განაპირობა, ეკონომიკის საფუძვლები მოარყია; რასობრივმა შეუთავსებლობამ და ღირებულებათა მკვეთრმა დევალვაციამ კი სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რომელიც ისედაც დემოკრატიის ყალბ გაგებაზე იდგა, სიცარიელეში გამოკიდებული დატოვა. ამ ვითარებაში მყოფ სახელმწიფოში გარედან მცირეოდენი ბიძგებიც რომ განხორციელდეს, უკვე საფუძველგამოცლილი მყიფე სისტემები ისე სწრაფად ჩამოიშლება, ამერიკელი ხალხი გონს მოსვლასაც ვერ მოასწრებს. გარედან განხორციელებულ ბიძგებში იმ მოვლენებს ვგულისხმობ, რომელთა ინსპირირება გამორიცხული არ არის. პუტინმა ამას წინათ უაღრესად საგულისხმო განცხადება გააკეთა: “Вы знаете, в чем проблема, я вам расскажу как бывший гражданин бывшего Советского Союза. В чем проблема империй – им кажется, что они такие могущественные, что они могут позволить себе небольшие погрешности и ошибки. Этих купим, этих напугаем, с этими договоримся, этим дадим бусы, этим погрозим военными кораблями. И это решит проблемы. Но количество проблем нарастает. Наступает момент, когда с ними уже не справиться. И Соединенные Штаты уверенной поступью, уверенной походкой, твердым шагом идут прямо по пути Советского Союза”.ფორმის თვალსაზრისით უაღრესად დიპლომატიური, მაგრამ შინაარსის თვალსაზრისით უმძიმესი განცხადებაა. რუსეთის გამოსვლა დოლარის სივრციდან აშშის ეკონომიკას სასიკვდილო ლახვარს ჩასცემს. იმავე შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმაც გააკეთა, თანაც გაცილებით ხისტად, ვიდრე პუტინმა: თქვენ ხედავთ, რომ აშშ თავის ამოცანად სახავს, შეზღუდოს რუსეთისა და ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობები, ამიტომ სანქციებით გამოწვეული რისკები ჩვენ უნდა შევამციროთ დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის გზით, ანგარიშსწორებისთვის ეროვნულ ვალუტასა და დოლარის ალტერნატიულ ვალუტებზე გადასვლის გზით. ჩვენ უნდა გავიდეთ გადახდის დასავლეთის მიერ კონტროლირებადი სისტემებიდან”. აქ უკვე საუბარია დოლარის სივრცის დატოვებაზე არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მასთან ერთად ჩინეთის მიერ, რაც აშშ-ის ეკონომიკის საფეთქელზე ის საკონტროლო გასროლა იქნება, რომელიც გადარჩენის თეორიულ შანსსაც აღარ ტოვებს. ამერიკას სხვა ბევრი მოწყვლადი ადგილიც აქვს, მაგრამ შესაძლებელია, ამგვარმა ხისტმა მოქმედებებმა იგი იმ დაჭრილ მხეცად აქციოს, რომელიც სასიკვდილო აგონიაში მსოფლიოს ჩათრევას დააპირებს, რის გამოც დიდი სიფრთხილეა საჭირო.

მოკლედ რომ შევაჯამოთ ის, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, ასეთ სურათს მივიღებთ: აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარების ორი გზა არსებობს _ კონსენსუსის გზა და კონფრონტაციის გზა, მაგრამ იმის მიხედვით, რომელი გზით წავა მოვლენები, საქართველოსთვის არაფერი შეიცვლება. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ჩვენ რუსეთის გავლენის სფეროში დავრჩებით. საქმე ახლა ამ არჩევანში კი არ არის (ეს არჩევანი ისტორიის მიერ არის გაკეთებული), საქმე ამ რეალობის სწორად შეფასებაშია. ვიღაცისთვის ეს ეროვნული ტრაგედია იქნება, ვიღაცისთვის _ გადარჩენა, ვიღაცისთვის კი ობიექტური კანონზომიერება. ემოციებს განზე თუ გადავდებთ და მოვლენის რაციონალურად შეფასებას შევეცდებით, რუსეთის სივრცეში დარჩენა საქართველოს დასავლეთიდან ნიაღვრად მომსკდარი იმ ჭუჭყისგან დაიცავს, რომელიც სულ მალე ჩვენს ეროვნულ შინაარსს ისე წაბილწავს, რომ საკუთარი თავის შეცნობა გაგვიჭირდება, ამიტომ ამ მოვლენას არამხოლოდ გაგებით, არამედ სიხარულითაც უნდა შევხვდეთ, ვინაიდან ეს საქართველოს ფიზიკურ გადარჩენას ნიშნავს. როგორც ჩანს, საქართველოსთვის ჯერ არ დასრულებულა ის ისტორიული პროცესი, რომელშიც, თავისუფლებისთვის კი არა, არსებობისთვის ბრძოლა უწევს.

ვალერი კვარაცხელია

P. S. უკრაინის პრეზიდენტმა ბატონმა ზელენსკიმ ამ სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებში მარტო არ დამტოვა, რის გამოც მადლობას მოვახსენებ. “ნატოს თუ მართლა სურს, რომ უკრაინა თავის რიგებში იხილოს, მაშინ ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვიტოს, ვინაიდან ქვეყანა განსაცდელშია. მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ უკრაინა ნატოს წევრი იქნება, მაგრამ სულ უფრო მეტი უკრაინელი უკვე კარგავს ამის რწმენას”, _ განაცხადა მან.

როგორც ჩანს, უკრაინაში ხალხი გაცილებით უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე პრეზიდენტი, თუმცა, ის მაინც მისასალმებელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ამის გაცნობიერებას იწყებს. საქართველოს ხელისუფლება კი ისევე შორსაა რეალობისგანაც და აზროვნებისგანაც, როგორც ნატოსგან

..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here