მთავარი საზოგადოება “ზღვა, რომელიც შორია”

“ზღვა, რომელიც შორია”

488
გააზიარეთ
აკაკი ნადარეიშვილი

აკაკი ნადარეიშვილს იცნობენ თბილისში, მოსკოვში, კიევში, სოხუმში, გუდაუთაში… “სტაიანშჩიკებიდანდაწყებული მაღალი სამედიცინო წრეებით დამთავრებული. აბაშელმასტაიანშჩიკმალაშა ცომაიამ მითხრა: _ რომ იცოდეთ, რამხელა ტრაგედია აქვს გადატანილი! სხვა ხელებს ჩამოყრიდა, ბატონი კოკა არაფერს გაგრძნობინებს. თავის გაჭირვებას არავის თავს არ ახვევს. ორი ვაჟი დაეღუპა.

იმ კაცის ნათქვამი გადავეცი ადრესატს.

დაფიქრდა.

_ რომ ვილაპარაკო, რამე შველა იქნება? რას მოვიგებ? ყველას თავისი გასჭირვებია

_ შველა არა, მაგრამ გაზიარება, თანადგომა ხომ შეგიმსუბუქებთ ტკივილს…

_ ეეჰ… _ ამოიოხრა, და ეს თემა ამით ამოიწურა…

_ ბატონო კოკა, პაციენტს, ახლა რომ გავიდა თქვენი კაბინეტიდან, მგონი, აფხაზურად ელაპარაკებოდით.

_ კი. აფხაზეთში დავიბადე და გავიზარდე, გუდაუთაში _ “აფხაზების ცენტრში”.

მამაჩემი ოჯახში მეექვსე შვილი იყო, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. ვერ დაამთავრა, რადგან მამა გარდაეცვალა და 15 წლის ბიჭს ოჯახის პატრონობა დაეკისრა. მუშაობა დაიწყო ორგანიზაციაში სახელწოდებით _ “ტორგმორტრანსი”.

_ საზღვაო ვაჭრობის ტრანსპორტი?

_ რაღაც ამგვარი. შემდეგ “ჩერნომორეცად” გადაკეთდა, “ალბატროსად”, რომელსაც ვასილ კონჯარია ედგა სათავეში. სერგო ორჯონიკიძის მეგობარი იყო რევოლუციის პერიოდში. მამამ სენაკელი ქალი მოიყვანა ცოლად. გუდაუთაში დასახლდნენ.

ნადარეიშვილები მშრომელი ხალხია. მამა ძალიან ნიჭიერი კაცი იყო. არც ჩვენ გამოვედით უნიჭოები (იცინის).

მაშინ გუდაუთაში აფხაზური სკოლა არ არსებობდა. მხოლოდ სოხუმში იყო. იქაც მხოლოდ ოთხ კლასში ასწავლიდნენ აფხაზურს. აფხაზებს დამწერლობად ქართული ანბანი ჰქონდათ, შემდეგ რუსულზე გადავიდნენ. ბავშვები ან რუსულ, ან ქართულ სკოლებში დადიოდნენ.

გუდაუთაში დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საშუალო სკოლა.

7 ივლისს ასი წელი უსრულდება ჩვენს სკოლას. კურსდამთავრებულები ვაპირებთ ამ საიუბილეო თარიღის საზეიმოდ აღნიშვნას. პირველი დირექტორი იყო იპოლიტე ჭანტურია. ასი წლის წინათ სწორედ მან ქართველი გოგობიჭები ჩამოიყვანა პლასტუნკიდან (სოჭის მახლობლად, ხომ გახსოვთ, ქართველებით რომ იყო დასახლებული) მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად.

სკოლა მედალზე არ დაუმთავრებია. ცოტა ცელქი ბავშვი ვიყავიო. სპორტით იყო გატაცებული, უმეტესად, კალათბურთით. უმედლოდ მაშინ უმაღლესში ვერ ჩააბარებდი. სულ ცოტა, ორი წლის სამუშაო სტაჟი უნდა გქონოდა. მამის მეგობარმა, აფხაზმა გრიშა ფილიამ თავისთან მოაწყო _ სოხუმის საკონდიტრო ფაბრიკაში. წითელ ხიდთან. კინოთეატრი “აფსნი” რომ გაიხსნა, იქვე. კოკა ნადარეიშვილმა ქარხანაში მუშაობის პარალელურად საბუღალტრო ორწლიანი სკოლა დაამთავრა. დიპლომი მაქვს, დედას ვფიცავარო, _ მითხრა.

_ მამაჩემმა იქ მომაწყო, საყალთაბანდოდ დრო რომ არ დამრჩენოდა… ჩემი აფხაზური ნუ გაგიკვირდებათ, მათ შორის ვტრიალებდი _ ყველა ჯურის ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა: მამას ჰქონდა მიზეზი ჩამოვეშორებინე იმათგან, ვინც, რბილად რომ ვთქვა, ქურდული მენტალიტეტით ამჯობინებდა ცხოვრებას.

(მკითხველი უთუოდ შეამჩნევს, რომ ამ ნარკვევის გმირის მონათხრობში დეტალები ხშირად არის მოხმობილი. სიამოვნებით იხსენებდა. მეც სიამოვნებით გადმომაქვს ქაღალდზე, რადგან ახლა უკვე მოგონებად ქცეული აფხაზეთი მახსენდება, ის გარემო, რომელშიც ჩვენმა ახალგაზრდობამ ჩაიარა:

გამარჯობა, აფხაზეთო შენი”,

ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია,

მომენატრა მზე სინათლის მფენი,

მომენატრა ზღვა, რომელიც შორია…”

გალაკტიონი

ბიჭვინთა, გაგრა, “ჩორნაია რეჩკა”, მიუსერა, სტალინის აგარაკი, ამ სახელებს ჩვენი დროის აფხაზეთის სურნელება მოჰქონდა. ანდამატივით იზიდავდა ფიქრთა ნარჩენებს…

გვაპატიოს ახალმა თაობამ, რომ ვერ შევუნარჩუნეთ “ზღვა, რომელიც შორია”…).

მოგონებების ტალღამ კინაღამ რომ წაგვლეკა, ამ დროს აკაკი ნადარეიშვილის სამუშაო კაბინეტის კარი მისმა კოლეგამ შემოაღო.

_ ეს ჩვენი ონკოქირურგია, უროლოგი, _ გამაცნო, _ ზალიკო კვირიკაშვილი.

მოკლე, საქმიანი საუბარი _ ოპერაციაზე ლაპარაკობენ.

ვუბრუნდებით რეალობას.

_ ბატონო აკაკი, ბუღალტრის დიპლომიანი ბიჭი სამედიცინო ინსტიტუტში როგორ აღმოჩნდით?

_ თავიდანვე ექიმობა მინდოდა. ჩემი უფროსი ძმა გივი ნადარეიშვილი ექიმი იყო. კი მაფრთხილებდა დედაჩემი, ვერ მოხვდებიო ინსტიტუტში. მამაჩემი საყვედურობდა, რას აიჩემე, ვერ მოხვდებიო. გაუშვი, ჩააბაროს, ჩაირიცხება.

თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი პეტრე გელბახიანი იყო, ძალაუფლების მოყვარული კაცი. მე რომ ჩავაბარე, იმ წელს საგამოცდო კომისიების მთელი შემადგენლობა შეცვალეს. ფიზიკის კომისიის თავმჯდომარედ მოიყვანეს თსუ პროფესორი ჭელიძე, უცხო ენაში ინოლა გურგულიამ გამომცადა.

იმ წელს (1962-ში) ჩავირიცხეთ მე, ფრიდონ თოდუა, რომა შაქარიშვილი, დათო გორდელაძე, გია ლეშკაშელი, ლიანა ოსეფაიშვილი (მამამისი მილიციის თბილისის სამმართველოს უფროსი იყო), მანანა სარიშვილი (სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლეგენდარული რექტორის ივან ფაუსტოვიჩ სარიშვილის ქალიშვილი)… ერთი მე ვიყავი და კიდევ, რა თქმა უნდა, ფრიდონ თოდუა “უპატრონოები”.

_ უროლოგის სპეციალობა როდის აირჩიეთ?

_ ჩვენ დროს, გახსოვთ, ალბათ, უმაღლესდამთავრებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს სამუშაოდ ანაწილებდა სახელმწიფო კომისია. მე შემომთავაზეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიდის კოლონიაში ექიმის თანამდებობა, _ ИТК-26-ში. უარი ვთქვი, რადგან იყო ორი სხვა ადგილი გალის რაიონის საავადმყოფოებში. კომისიაში იჯდა პეტრე გელბახიანი თავისი ამალით. ჩემი უარი არ მოეწონა. რატომ არ გინდათ, მკითხა, იქ წასვლა სამუშაოდ, სადაც სახელმწიფო გაგზავნითო? ციხეში მუშაობა არ მხიბლავს-მეთქი. უყურე, შენ! _ გაცეცხლდა რექტორი, _ უარს იტყვი და საერთოდ ვერ დაამთავრებ ჩემს ინსტიტუტს! მე ჩემსაზე დავდექი _ სამიანს მაინც მივიღებ ყველა საგანში! _ შევეპასუხე. შემომიტიეს კომისიის სხვა წევრებმაც და იძულებული გავხდი, თანხმობა ხელმოწერით დამედასტურებინა: წელიწადნახევარი მომიწია იქ მუშაობა.

შემდეგ, როგორც იქნა, იპოვეს ექიმი, რომელიც ჩემს ადგილზე მუშაობას დათანხმდა, და მე წავედი კიევში, ექიმების დახელოვნების ინსტიტუტში უროლოგიის სპეციალობით. ხუთი თვე ვიყავი უკრაინის დედაქალაქში. შემდეგ მოვხვდი მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში უროლოგიის კათედრაზე. მოსკოვში დავამთავრე ასპირანტურა და მოსკოვშივე გავაგრძელე მუშაობა ჩემი სპეციალობით: ვიყავი ჯერ კლინიკური ორდინატორი, შემდეგ კლინიკის ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1980-1990 წლებში მოსკოვის კრასნოპრესენსკი რაიონის მთავარ უროლოგად ვმუშაობდი.

_ კარგად ყოფილხართ მოწყობილი

_ დიახ. უკეთესის წარმოდგენაც კი ძნელია.

_ ვიცი, რომ 90-იანი წლების დასაწყისში იმ ქართველ ექიმებს შორის იყავით, რომლებიც ბატონ ფრიდონ თოდუას ჩამოჰყვნენ მოსკოვიდან თბილისში სამუშაოდ.

_ დიახ, ასე იყო. და, სამწუხაროდ, ბატონ ფრიდონს ჩემ გარდა ყველა გამოეცალა, დღესაც მისი სახელობის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობ. აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ, პრაქტიკულად, ცარიელ ადგილზე შექმნა უთანამედროვესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ეს კლინიკა, რომელმაც მთელ ევროპაში გაითქვა სახელი.

_ თქვენ თბილისში დაბრუნდით მაშინ, როცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ჟინი და შემდეგ უკვე _ მოპოვებული თავისუფლებით გამოწვეული ეიფორია სუფევდა.

პრევალირებდა ტოტალური თავისუფლების გრძნობა და პატრიოტულ ლოზუნგებს ამოფარებული დილეტანტიზმი.

_ მით უფრო საჭირო იყო პროფესიონალი კადრების კონცენტრაცია მეურნეობის ყველა სფეროში. ცხადია, მედიცინაშიც. ურთულესი პერიოდი იყო.

დაძლიეს. მისი წვლილიც იყო ქვეყანა კალაპოტში რომ ჩადგა. დაუფასეს: ორგზის ღირსების ორდენის კავალერია, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, დოქტორი, პროფესორი, მეცნიერი-ხელმძღვანელი: ათზე მეტმა ახალგაზრდა რადიოლოგმა მისი ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და ა.შ.

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკის უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალთა ამქრის გამორჩეული წევრია ბატონი აკაკი ნადარეიშვილი, სახელგანთქმული უროლოგი.

ამას წინათ ყაზახეთიდან ჩამოაკითხა კაცმა. ვინ გამიწია რეკომენდაცია, იმ სიშორიდან რომ ჩამოხვედითო, ჰკითხა ბატონმა აკაკიმ. ინტერნეტში ამოვიკითხეო, უპასუხია მომავალ პაციენტს. რუსეთიდანაც ჩამოდიან, სხვა ქვეყნებიდან. თორემ სომხეთისა და აზერბაიჯანის მკვიდრთა ყოველდღიურ რიგებს ბოლო არ უჩანს.

ვკითხე (ეტყობა, არ უნდა მეკითხა): რითი ახსნით, ბატონო აკაკი, პაციენტების ასეთ შემოჯარვას _ თქვენი პოპულარობით, თუ უროლოგიური დაავადებების ზრდით?

ამ უკანასკნელითო, _ მიპასუხა.

ხომ ვიცოდი, რომ ასე იტყოდა…

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.. ინტერვიუსთვის სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ დამიბარა. მივედი. ორი ბოლო (ასე მეგონა) პაციენტი ისის იყო გაუშვა.

40-იოდ წუთის შემდეგ მისი კაბინეტიდან გამოსულს, ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი წყვილი თვალის საყვედურიანმა მზერამ ზურგი ამიწვა.

სამუშაო დღე დიდი ხნის დამთავრებული იყოოღონდ არა აკაკი ნადარეიშვილისთვის.

..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here