Home ახალი ამბები საქართველო ზღვარზეა ხალხი, სიღარიბისა და შიმშილის ზღვარზე, ბიზნესი კი ისედაც წაქცეულ ადამიანებს ზურგზე...

ზღვარზეა ხალხი, სიღარიბისა და შიმშილის ზღვარზე, ბიზნესი კი ისედაც წაქცეულ ადამიანებს ზურგზე ფეხს აჭერს

336

სიმართლე გითხრათ, სამედიცინო სფეროსა და ტერმინოლოგიაში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ, როცა საქმე ფასებს ეხება, ნებისმიერ ექსპერტს გავუწევ კონკურენციას და არამხოლოდ მათემატიკური მიმართულებით, არამედ იმითაც, რატომ არის მეტი და რატომ უნდა ღირდეს ნაკლები. მოდი, ჯერ იმ წამლების ნაწილს გადავხედოთ, რომელიც პრემიერის ინიციატივის შემდეგ თურქეთიდან შემოვიდა და გაიაფდა. კიდევ გავიმეორებთ, რომ აქ მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი:

აკლასტა _ ხსნარი საინფუზიო, ძვალ-სახსროვანი დაავადებების სამკურნალო საშუალება. ღირდა 867 ლარი, ღირს 223 ლარი.

არიმედექსი _ ჰორმონული წამალი. ღირდა 80 ლარი, ღირს 13 ლარი.

ატაკანდი _ წნევის მარეგულირებელი საშუალება. ღირდა 80 ლარი, ღირს 12 ლარი.

ბრილინტა _ ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალება. ღირდა 221 ლარი, ღირს 48 ლარი.

გალვუსი _ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება. ღირდა 64 ლარი, ღირს 31 ლარი.

დიოვანი _ წნევის მარეგულირებელი საშუალება. ღირდა 41 ლარი, ღირს 9 ლარი.

იანუვია _ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება. ღირდა 122 ლარი, ღირს 26 ლარი.

იანუმეტი _ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება. ღირდა 135 ლარი, ღირს 26 ლარი.

ინსულინი ლანტუსი _ ხსნარი საინექციო, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება. ღირდა 238 ლარი, ღირს 43 ლარი.

კრესტორი 10 მგ _ ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება. ღირდა 56 ლარი, ღირს 7 ლარი.

კრესტორი 20 მგ _ ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება. ღირდა 111 ლარი, ღირს 10 ლარი.

სიმბიკორტ ტურბოჰალერი _ ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ, ბრონქების კუნთების მომადუნებელი საშუალება, ღირდა 84 ლარი, ღირს 15 ლარი.

ტენორეტიკი _ ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება (არტერიული წნევა). ღირდა 47 ლარი, ღირს 7 ლარი.

ფორქსიგა _ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება. ღირდა 131 ლარი, ღირს 36 ლარი.

ამ ცვლილების შემდეგ ხელისუფლებამ გამარჯვება იზეიმა და მოსახლეობისგან აპლოდისმენტებიც მიიღო, მაგრამ ჩვენ ამ აპლოდისმენტებს ვერ შევუერთდებით და მიზეზს ახლავე მოგახსენებთ.

კიევის მერმა ვლადიმირ კლიჩკომ ომის დაწყებისთანავე თქვა, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების მატება მაროდიორობად შეფასდება და ის ბიზნესმენები, რომლებიც ამას გააკეთებენ, კანონის წინაშე პასუხს, როგორც მაროდიორები, ისე აგებენო. მოვიძიეთ, რა ხდება რუსულ ბაზარზე იმ დროს, როცა ფასები შესაბამისი არ არის და შევიტყვეთ, რომ რუსეთში საბაზრო ფასების კონტროლი ევალებაპროკურატურას და, როგორც კი ფასი შეუსაბამო აღმოჩნდება, სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება და ბიზნესმენს არა მხოლოდ დაპატიმრება, არამედ ბიზნესის ჩამორთმევაც გარანტირებული აქვს. ახლა, ვნახოთ, რა ხდება ჩვენთან ამ მიმართულებით. არაფერი, საერთოდ არაფერი. საქართველოში ამა თუ იმ ფარმაკოლოგიური პროდუქტის შემომტან 2-3 ბიზნესმენს (ჩვენ, პრაქტიკულად, ყველაფერი შემოგვაქვს) შეუძლია ერთმანეთში მოილაპარაკოს და ათჯერ და ოცჯერ მეტი ფასი დაადოს პროდუქტს, რომელიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. როცა საქმე მედიკამენტებს ეხება, ეს პირდაპირ სიცოცხლესთან არის კავშირში, ზუსტად ისე, როგორც საკვებ პროდუქტებზე, თორემ ტანსაცმელი, შესაძლოა, 2 წელიწადში ერთხელ იყიდოს ადამიანმა და დაკემსილით იაროს.

ჰოდა, ამ უსინდისო ბიზნესმენებს პასუხს არავინ სთხოვს. ახლა ხომ მაინც დეტალებში ვიცით, კონკრეტული ადამიანები ერის ჯანმრთელობაზე მდიდრდებოდნენ, შეუსაბამო ფასებში ყიდდნენ წამლებს, რომლებიც განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენს სიაში პირველ ნომერია “აკლასტა _ ხსნარი საინფუზიო, ძვალ-სახსროვანი დაავადებების სამკურნალო საშუალება, რომელსაც 867 ლარად ასაღებდნენ და ახლა 223 ლარი ღირს. ანუ, კონკრეტული ადამიანები ამ წამალში 4-ჯერ მეტს იხდიდნენ, 644 ლარი კი ორი თვის პენსიაზე მეტია და ვაი, რომ აღნიშნული წამალი ძირითადად სწორედ პენსიონერებს სჭირდებათ. ახლა ვეკითხებით ხელისუფლებას _ როცა მოქალაქეების ოფიციალური ძარცვის, მაროდიორობის ფაქტები აქვთ, რატომ არ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს და რატომ არ აძლევენ პასუხისგებაში იმ პირებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამას აკეთებდნენ? რატომ არ აუქმებთ კონკურენციის სააგენტოს, რომელსაც ერთი დასკვნაც კი არ დაუდევს აღნიშნულ ფაქტზე და არ უთქვამს, რომ ფარმაცევტულ ბიზნესში ოფიციალური ყაჩაღები მოღვაწეობენ და მოსახლეობას შეგნებულად აღარიბებენ, უკანასკნელ ლუკმას ართმევენ, რატომ?!

მედიკამენტებზე თუ არ გამოდის ეს ყველაფერი, საკვებ პროდუქტებზე “გამოიყვანეთ”. ეკონომიკის მინისტრმა ცალკე და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ცალკე გამართულ ბრიფინგებზე ერთი ტექსტი თქვეს _ “ქვეყანაში ყველა საკვები პროდუქტის მარაგი არსებობს და საგანგაშო არაფერი ხდება, მით უმეტეს შაქარზე, რომელიც ბრაზილიიდან შემოგვაქვს”. ბატონებო, სად არის ეს მარაგები და ბრაზილიიდან შემოტანილი შაქარი? რატომ არ იყიდება მაღაზიაში თავისუფლად შაქარი და რატომ ღირს დახლს ქვემოდან გაყიდული ერთი ტომარა 200 ლარზე მეტი? ვინ მოუმატა ფასები ხელოვნურად პროდუქტზე, რომელზეც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომატებულიყო ფასი, რადგან ბრაზილიიდან შაქრის შემოტანაზე არც შეფერხება ყოფილა და არც ფასი მოუმატებიათ სამხრეთ ამერიკელებს. ვინმე დაინტერესდა ფასის ხელოვნურად მატებით და იმ პროდუქტის მაღაზიებიდან გაქრობით, რომელზეც მოთხოვნა ყოველთვის იყო და იქნება? მაგრამ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი ბიზნესმენებმა სათავისოდ საუცხოოდ გამოიყენეს და შედეგიც მივიღეთ _ ერთი ტომარა შაქარი 200 ლარზე მეტი ღირს და ეს მაშინ, როცა ევროპაში მისი ფასი 140 ლარია შესაბამის ვალუტაში. ევროპელები ამბობენ, რომ ფასმა იქაც მოიმატა, მაგრამ ისე არა, პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში თირკმლის დატოვება მოგიწიოთ.

ომია უკრაინაში და იქ არ გაძვირებულა პროდუქტები ისე, როგორც საქართველოში. ჩევნთანაც ომია, ოღონდ მოსახლეობას პროდუქტების ფასებთან აქვს ომი. მედიკამენტის ფასებთან ლამის 15-წლიანი ომი სახელმწიფოს დახმარებით მოსახლეობის სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ არავინ დასჯილა. ახლა კი პროდუქტის ფასებია დასამარცხებელი და აქაც, თუ სახელმწიფო არ ჩაერევა, არაფერი გამოვა. არ შეიძლება, ქვეყნებში, სადაც ჩვენზე, სულ ცოტა, ათჯერ უკეთ ცხოვრობენ და ათჯერ მეტი ჯამაგირი და პენსია აქვთ, იმაზე ნაკლები ღირდეს პირველადი მოხმარების პროდუქტები, ვიდრე ჩვენთან. იქ სწორედ სახელმწიფოს კონკრეტული უწყება აკონტროლებს ფასებს და ვერავინ ვერაფერს ბედავს. აქ კი მხოლოდ კონკურენციის სააგენტოს იმედად ვართ. მედიკამენტების მაგალითზე დამტკიცდა, რომ ეს უწყება არ ან ვერ მუშაობს და ორივე შემთხვევაში ან რეორგანიზაციაა საჭირო, ან, უბრალოდ, გაუქმება და სხვა ეფექტიანი სამსახურის შექმნა. ზუსტად ერთ დღეში შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება კანონის გამკაცრებით, იგივე მინისტრები ერთ ხმაში რომ ამტკიცებენ, მარაგები არსებობსო, სად არის, აბა, დაგვანახვეთ, გამოიტანეთ, შესაბამის ფასში გაყიდეთ… წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ სწორედ მაღალჩინოსნებს აძლევთ ხელს ეს აჟიოტაჟი, ეს ფასების მატება, ეს გაურკვევლობა და გაუგებრობა, რადგან თავადაც ხეირობენ. თუ ასე არ არის, დაგვიმტკიცეთ საპირისპირო და მკაცრად დასაჯეთ ისინი, ვინც პანიკასა და პროდუქტების გაძვირებას შეგნებულად უწყობს ხელს. ეს დივერსიაა საკუთარი ერისა და ხალხის წინაშე; ეს დანაშაულია, რომელიც უნდა დაისაჯოს და კონკრეტულმა პირებმა პასუხი აგონ, რა თქმა უნდა, თუ სახელმწიფო გვქვია და პრეტენზია გვაქვს, რომ აქ კანონი უზენაესი და ყველასთვის ერთია.

ვერ გეტყვით, როდის ექნება პროდუქტებს შესაბამისი ფასი, მაგრამ დღეს ასეა _ სახელმწიფო საკვებ პროდუქტებზე რეაგირებას არ აკეთებს და ბიზნესმენებს ყურს არ უწევს იმის გამო, რომ ევროპულ და ამერიკულ ფასებთან შედარებითაც კი ჩვენთან ყველაფერი ძვირია. აღარაფერს ვამბოთ იმაზე, რომ რეგიონში ყველაზე ძვირი ცხოვრება საქართველოშია და იმავე რეგიონში ყველაზე ნაკლები შემოსავალი სწორედ ქართველებს აქვთ. ასე გაგრძელება, უბრალოდ, აღარ შეიძლება, ზღვარზეა ხალხი, სიღარიბისა და შიმშილის ზღვარზე, ბიზნესი კი ისედაც წაქცეულ ადამიანებს ზურგზე ფეხს აჭერს და წამოდგომის საშუალებას არ აძლევს!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here