Home რუბრიკები პოლიტიკა ზურაბ კვარაცხელია: აფხაზეთის კონფლიქტის თავიდან აცილება, ალბათ, შეიძლებოდა

ზურაბ კვარაცხელია: აფხაზეთის კონფლიქტის თავიდან აცილება, ალბათ, შეიძლებოდა

4063
ზურაბ კვარაცხელია

1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო ქართულაფხაზური კონფლიქტი, რომლის შედეგად 3 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. რაც შეეხება მშვიდობიან მოსახლეობას, სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა მხოლოდ პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით გამოასალმეს სიცოცხლეს. ქართველთა ეთნიკური წმენდისა და განადგურების საშინელი ფაქტებია აღრიცხული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში.

სეპარატისტები დაპყრობილი სოფლების (ოთხარა, ახალშენი, კამანი, შრომა, ზემო ეშერა, ახალდაბა, ახალი კინდღი, ქოჩარა, მერკულა და სხვ.) ქართველ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ. ქართველთა მკვლელობებმა პიკს სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ ათასამდე სოხუმელი საშინლად აწამეს. საერთო ჯამში, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 5 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მძიმე დანაკარგები განიცადა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგეს.

აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ განიცადა უზარმაზარი ნგრევა და ეკონომიკის კოლაფსი. მთლიანად განადგურდა რკინიგზა, 450 კმ სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, ელექტროგადამცემი ხაზები, 49 000-მდე შენობა და სხვ.

შეიძლებოდა თუ არა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება? შესაძლებელია თუ არა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ეროვნული მოძრაობის წევრი, სახალხო მოძრაობასამეგრელოსწარმომადგენელი ზურაბ კვარაცხელია გვესაუბრება.

_ ქართულაფხაზური კონფლიქტიდან 27 წელი გავიდა, დღეს რას იტყვით: შეიძლებოდა მისი თავიდან აცილება?

_ ალბათ, შეიძლებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საკმარისი ძალისხმევა არც ერთმა მხარემ არ გამოიჩინა.

ყველა უბედურება 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სახელწიფო გადატრიალების, ანუ პუტჩის შედეგია. არ შეიძლებოდა საქართველოში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების დაშვება; არ შეიძლებოდა დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი ქვეყნის კონსტიტუციისა და ლეგიტიმური სახელისუფლო სტრუქტურების გარეშე დატოვება. მართალია, გარედან იყო ეს ყველაფერი ინსპირირებული, მაგრამ ჩვენც ვერ აღმოვჩნდით მოწოდების სიმაღლეზე. ამით მშვენივრად ისარგებლეს საქართველოსგან განდგომის მოსურნე სეპარატისტულმა ძალებმა.

სოხუმი

სოხუმში გამართულ საპროტესტო, ანტიპუტჩისტურ მიტინგებზე ყოველთვის მოვუწოდებდით შევარდნაძის უკანონო ხელისუფლებას, არ დაეშვათ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პროვოცირება. ანალოგიური მოწოდებებით მივმართავდით აფხაზური სეპარატიზმის მამებსაც.

საომარი მოქმედებების დაწყებამდე ორიოდე თვით ადრე მე, აწ განსვენებული ანზორ გვარამია და ჩვენი სოხუმელი საერთო მეგობარი თენგიზ ბურღაშვილი შევხვდით აფხაზური საზოგადოებრივი მოძრაობა “აიდგილარას” ხელმძღვანელობას. დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა ჩვენი საუბარი სერგეი შამბასთან, ზურაბ აჩბასა და ვალერი კვარჭიასთან. ვეუბნებოდით მათ, რომ ორი მოძმე ხალხის ურთიერთობაში არსებული ყველა პრობლემა ლეგიტიმური სტრუქტურების აღდგენის შემდეგ მშვიდობიანად მოგვარდებოდა. სამწუხაროდ, ისინი აფხაზეთს უკვე საქართველოს იურისდიქციის გარეთ განიხილავდნენ. საუბრის დასასრულს მოვუწოდე მათ, არ ესარგებლათ ქართველებს შორის არსებული დაპირისპირებით, რადგან სეპარატისტული დემარშით ისინი საბაბს აძლევდნენ საქართველოს უკანონო ხელისუფლებას, აფხაზეთში დაეწყო საომარი მოქმედებები. საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში კი ჩვენ იძულებული ვიქნებოდით, აფხაზების წინააღმდეგ გვეომა. მახსოვს ზურაბ აჩბას პასუხი: “ნუ ჩტოჟ, დრატსა, ტაკ დრატსა”.

მასპინძლებმა რომ გამოგვაცილეს, ანზორ გვარამიასა და თენგო ბურღაშვილს ვუთხარი: როგორც ჩანს, ომი გარდაუვალია და სეპარატისტებმა იციან, მომავალ ომში ჩვენ დავმარცხდებით-მეთქი. იქვე გადავწყვიტეთ, სასწრაფოდ გვენახა გივი ლომინაძე, რომელიც ე. წ. ომის პარტიის არაფორმალური ლიდერი გახლდათ ქართველებში. მახსოვს მისი გამაოგნებელი სიტყვები ჩემი მისამართით: ზურიკო, რა დროს ზვიადია, შეწყვიტე აქციები, აგერ უჯრაში შენახული მაქვს შენი საქმეები და იცოდე, თბილისი მოითხოვს შენს დაპატიმრებას, მაგრამ მე არ გაპატიმრებ”. ამის შემდეგ სამივეს მოგვმართა: შევარდნაძის სახით დიდი პოლიტიკოსი ჩამობრძანდა საქართველოში და ახლა გვაქვს შანსი, ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ აფხაზეთის პრობლემაო. ანზორ გვარამიამ უთხრა: ომი თუ გარდაუვალია, ქართული მხარე მაინც ნუ იქნება მისი წამომწყები, თორემ მსოფლიოს თვალში მცირერიცხოვანი ხალხის მიმართ აგრესიასა და გენოციდში დაგვადანაშაულებენო.

14 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს, ანზორ გვარამია და მე ზემო კელასურში თანამოაზრის ოჯახში ვიყავით, ვაპირებდით ქალაქში ჩასვლას, რადგან ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო-საპროტესტო მიტინგი გვქონდა დანიშნული. ზუსტად არ მახსოვს, რომელი საათი იქნებოდა, როცა სოხუმის მხრიდან ზარბაზნების ექომ ჩვენამდეც მოაღწია. სასწრაფოდ ჩავრთეთ ტელევიზორი. პროგრამა “ვესტიმ” გვამცნო, რომ საქართველოს სახელმწოფო საბჭოს ჯარები სოხუმში შევიდნენ და შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. მე და ანზორ გვარამიამ გადავხედეთ ერთმანეთს და ორივეს ერთხმად სიმწრით აღმოგვხდა: “მორჩა, აფხაზეთი დავკარგეთ!”

_ აფხაზეთის ომის დაწყებისას ზვიად გამსახურდიას როლზე ვისაუბროთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მან რამდენიმეჯერ მიმართა აფხაზ ხალხს….

_ დიახ, ზვიად გამსახურდიამ რამდენიმეჯერ მიმართა ქართველ და აფხაზ ხალხს. 1992 წლის 14 მაისის მიმართვაში აფხაზეთის მოსახლეობისადმი იგი აღნიშნავდა: მოგმართავთ, როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ვინაიდან საფრთხეშია ჩვენი საუკუნოვანი ძმობა. იმპერიულმა ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ აფხაზეთში კვლავ გაღვივდეს ეთნოკონფლიქტი, მან მოსკოვის დავალებითგააუქმასაქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, რომელშიც ჩაწერილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, რამაც საბაბი მისცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, გაეძლიერებინა სეპარატისტული კურსი და ქართული ეროვნების კადრების დისკრიმინაცია. ვინაიდან, მისი აზრით, საქართველოს ახალი კონსტიტუცია აღარ არსებობს, ძველში კი საერთოდ არ არის ნახსენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, პროვოკატორებს სურთ იარაღის ძალით გადაჭრა ამ პრობლემებისა, რაც ყოვლად დაუშვებელია. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ, გაერთიანებისკენ, ყველა სადავო პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ. მოვუწოდებ აფხაზ მოსახლეობას, იმოქმედოს პარლამენტზე, რათა შეწყვიტოს ანტიქართული პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთში გარდაუვალი იქნება სისხლის ღვრა”.

მიუხედავად ამისა, როგორც ხუნტა, ისე აფხაზი სეპარატისტები განაგრძობდნენ პროვოკაციულ ქმედებებს.

21 აგვისტოს ზვიად გამსახურდიამ მიმართა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბას:

აფხაზეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისთვის, აფხაზი ხალხის გენოციდისგან გადასარჩენად გთავაზობთ, სასწრაფოდ მოიწვიოთ პარლამენტის სესია და გააუქმოთ გადაწყვეტილება კონსტიტუციის აღდგენის შესახებ, აღადგინოთ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და 1978 წლის კონსტიტუცია”.

ბატონ ზვიადს არც მოსკოვში 3 სექტემბერს გამართული სამმხრივი შეხვედრა დარჩენია უყურადღებოდ:

“3 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა . ელცინს, . შევარდნაძესა და . არძინბას შორის, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი შედეგი არ მოუტანა არც საქართველოს და არც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას”.

თავის განცხადებას დევნილი პრეზიდენტი ასე ამთავრებს:

დარწმუნებული ვარ, სანამ არსებობს შევარდნაძის სისხლიანი, ფაშისტური რეჟიმი, აფხაზეთში კონფლიქტი უფრო გამწვავდება და მიიღებს უმძაფრეს ფორმებს. . შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაცდემილიტარიზაციაზე”, კონფლიქტის ზონიდან ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისთვის.

მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ . შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის ძირძველი ქართული მიწის არც ერთი გოჯი, არ ჩაბააროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის! ღმერთი და სამართალი ჩვენთან არის, ჩვენ გავიმარჯვებთ!”

ასე რომ, ბატონ ზვიად გამსახურდიას ძალ-ღონე არ დაუშურებია მამულის გადასარჩენად…

_ და, მაინცვის მეტი ბრალი მიუძღვის საქართველოსგან აფხაზეთის მოწყვეტაში _ რუსეთს თუ ამერიკას? ამ საკითხზე საზოგადოების აზრი გაიყო

_ სამეგრელოში დევნილი პრეზიდენტის ჩამოსვლას კანონზომიერად მოჰყვა ლეგიტიმური სტრუქტურების აღდგენის პროცესი. ამ სტრუქტურების კონტროლს დაქვემდებარებული არეალიც სწრაფად ფართოვდებოდა. ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების აღდგენა ქვეყნის მასშტაბით უკვე რეალური იყო. როგორც ჩანს, ამგვარმა პერსპექტივამ მეტისმეტად შეაშფოთა ეროვნული სახელმწიფოების უპირველესი მტერი _ ამერიკის შეერთებული შტატები და ვაშინგტონიდან მოსკოვში სასწრაფოდ ჩავიდა სახელმწიფო მდივანი უორენ კრისტოფერი. მან რუსეთისა და უკრაინის მარიონეტ მმართველებს (ელცინი, კრავჩუკი) მისცა მითითება, ნებისმიერი საშუალებით, თუნდაც სამხედრო ძალის გამოყენებით, უზრუნველეყოთ ევრო-ამერიკული იმპერიალიზმის აგენტ შევარდნაძისთვის საქართველოში ძალაუფლების შენარჩუნება. ცხადია, ამით გლობალისტურმა ძალებმა, ახალი მსოფლიო წესრიგის მესვეურებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ზვიად გამსახურდიას და ჩვენი სამშობლოს რეალურ ეროვნულსახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასაც. რუსეთუკრაინის ერთობლივ დაქვემდებარებაში მყოფმა . . ბალტინის შენაერთმა კი განაჩენი აღასრულა

თუ ვინ ჩაერია ჩვენი სამშობლოს დაშლა-დანაწევრებაში, დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს.

_ დღეს საქართველოს აფხაზეთის დაბრუნების შანსი თუ დარჩა?

_ რაღაც შანსი მაინც არსებობს. ვიცი, ეს ურაპატრიოტებს ძალიან გააღიზიანებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა. როცა ჩვენი სამშობლოს გადარჩენა-არგადარჩენის დილემა აშკარაა, არ შემიძლია, ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ გულრწფელად და მიუკიბ-მოუკიბავად არ გამოვთქვა, ამიტომ ერისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებ: გეოპოლიტიკური პროცესების დინამიკიდან გამომდინარე, ტერიტორიული გამთლიანებისა და სახელმწიფოს გადარჩენის პერსპექტივას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაში ვხედავ. უფრო მეტიც: ჩვენ აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ ევრაზიულ კავშირში. სხვა შანსი, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, აღარ არსებობს. დროც არ ითმენს და მალე ყველაფერი გვიანი იქნება, ამიტომ უნდა ვიჩქაროთ. ჰოდა, შევთხოვ უფალს, რომ გაუნათოს ჩვენს ერს გონება და მისცეს სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

2 COMMENTS

  1. კარგი სტატიაა. სიმართლეა, განსაკუთრებით კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here