Home რუბრიკები სპორტი ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები დასრულდა

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები დასრულდა

119

20 თებერვალს პეკინში საზეიმოდ დაიხურა ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები. ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 4-დან 20 თებერვლამდე მიმდინარეობდა, მასში 91 ქვეყნის 2800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. გათამაშდა მედლების 109 კომპლექტი სპორტის 7 სახეობაში (15 დისციპლინაში).

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების დახურვის, ისევე, როგორც გახსნის ცერემონია გაიმართა პეკინის ეროვნულ სტადიონზე, რომელიც ცნობილია, როგორც “ჩიტის ბუდე”. ეს სტადიონი პირველია ისტორიაში, რომელზეც ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები გაიმართა.

პეკინის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 9 სპორტსმენი მონაწილეობდა.

სკანდალები ოლიმპიადაზე

პეკინის ოლიმპიადა რამდენიმე სკანდალით აღინიშნა. კერძოდ, რამდენიმე ქვეყანამ _ აშშ-მა, ავსტრალიამ, ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, კანადამ, კოსოვომ, ლიეტუვამ და იაპონიამ _ დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა ოლიმპიადას, მიზეზად ჩინეთის პროვინცია სინძიანში მუსლიმი უიღურების უფლებების შელახვა დაასახელა.

ალექსანდრა ტრუსოვა, ეთერ თუთბერიძე, კამილა ვალიევა და ანა შჩერბაკოვა

მეორე სკანდალი გამოიწვია 15 წლის ნიჭიერი რუსი მოციგურავის, კამილა ვალიევას, დოპინგ-სინჯში, რომელიც ოლიმპიადის დაწყებამდე 2 თვით ადრე, გასული წლის 25 დეკემბერს აუღეს, აკრძალული პრეპარატის _ ტრიმეტაზიდინის უმნიშვნელო რაოდენობის აღმოჩენამ (აღსანიშნავია, რომ ვალიევას დოპინგ-ტესტები უშუალოდ ოლიმპიადაზე უარყოფითი იყო). ბევრი მიმომხილველის აზრით, კამილა ვალიევას გარშემო დასავლური პრესის მიერ აგორებული სკანდალი დადგმული სპექტაკლი გახლდათ, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა გოგონას ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ვალიევამ გუნდურ ჩათვლაში რუსეთის ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი მოიპოვა, ინდივიდუალური პირველობის ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ, მიუხედავად თავდაპირველი ლიდერობისა, ცუდად იასპარეზა და მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

“ტურებივით მიესივნენ”, _ ასე შეაფასა ცნობილმა მწვრთნელმა ეთერ თუთბერიძემ თავისი შეგირდის, კამილა ვალიევას, გარშემო აგორებული სკანდალი. მიუხედავად ვალიევას წარუმატებლობისა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, ეთერ თუთბერიძის სხვა აღზრდილებმა შესანიშნავად იასპარეზეს: ფიგურული ციგურაობის ქალთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ანა შჩერბაკოვამ, ვერცხლის _ ალექსანდრა ტრუსოვამ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე მორის ყვითელაშვილის მწვრთნელიც ეთერ თუთბერიძეა.

ქართველი სპორტსმენები პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე

ქართველმა სპორტსმენებმა პეკინის ოლიმპიურ თამაშებში მედალი ვერ მოიპოვეს, მაგრამ პირადი მაჩვენებლები გაიუმჯობესეს.

* კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ფიგურულ სრიალში მე-9 ადგილი დაიკავა. ეს საუკეთესო შედეგია ქართველ სპორტსმენთა შორის.

* მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში მე-10 იყო მორის ყვითელაშვილი. მან ელენე გედევანიშვილის 2006 წლის მიღწევა გაიმეორა.

* ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში მე-11 ადგილი დაიკავა ანასტასია გუბანოვამ.

* ყინულზე ცეკვაში მე-19 ადგილზე გავიდნენ მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

* გიგანტურ სლალომში 34-ე იყო მოთხილამურე ნინო წიკლაური;

* სლალომში 32-ე ადგილი დაიკავა სოსო ჯაფარიძემ;

* მოციგურავე საბა ქუმარიტაშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 31-ე ადგილზე დაასრულა.

ოლიმპიადაზე ტრადიციულად ძლიერად იასპარეზეს ნორვეგიელმა სპორტსმენებმა, რომლებმაც 16 ოქროს, 8 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

* * *

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები დახურულად გამოაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

პეკინის მერმა, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჩენ ძინინმა ოლიმპიური დროშა გადასცა თომას ბახს, რომელმაც, თავის მხრივ, ეს დროშა გადაულოცა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქების _ მილანისა და კორტინა დ’ამპეცოს _ მერებს.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 2026 წლის 6-22 თებერვალს გაიმართება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here