Home რუბრიკები სპორტი ვლადისლავ ტრეტიაკი _ ლეგენდარული მეკარე

ვლადისლავ ტრეტიაკი _ ლეგენდარული მეკარე

5393
ვლადისლავ ტრეტიაკი

რუსი ჰოკეისტი ვლადისლავ ტრეტიაკი _ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1972, 1976, 1984 წწ.), მსოფლიოს, ევროპისა და სსრკის მრავალგზის ჩემპიონი (1970-1984 წწ.), კანადის თასის მფლობელი (1981 .), არმიის ცენტრალური სპორტული კლუბისა (“ცეესკა”) და სსრკის ნაკრების მეკარე, 1952 წლის 25 აპრილს დაიბადა.

ვლადისლავ ტრეტიაკი ბავშვობიდანვე მისდევდა სპორტს: ზამთარში სრიალებდა თხილამურებით, ციგურებით, თამაშობდა ფრენბურთს, მაგიდის ჩოგბურთს, ფეხბურთს. ტრეტიაკების ოჯახი საცურაო აუზთან ახლოს ცხოვრობდა და ვლადისლავმა ძმასთან ერთად დაიწყო ცურვაში ვარჯიში, მაგრამ გადაერთო წყალში ხტომაზე _ არ ეშინოდა 5-მეტრიანი კოშკიდან გადმოხტომაც კი. მან ბავშვობიდანვე სძლია შიშს, თანაც სურდა, ყოველთვის და ყველაფერში პირველი ყოფილიყო.

11 წლის ვლადისლავ ტრეტიაკი მოსკოვის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის ჰოკეის სკოლაში მივიდა. უამრავ ბავშვთა შორის სკოლაში ჩარიცხვის ბედნიერება მხოლოდ რამდენიმეს ხვდა წილად, მათ შორის, ვლადისლავს. მწვრთნელებმა ყურადღება, უწინარესად, მიაპყრეს იმას, რომ ვლადისლავი კარგად სრიალებდა ციგურებით, განსაკუთრებით უკან სვლისას, ამას გარდა, ის მაღალი იყო და ფიზიკურად ძლიერი.

ვლადისლავ ტრეტიაკი

ჰოკეის სკოლაში ტრეტიაკი მომავალ თავდამსხმელად აიყვანეს. ის კვირაში სამჯერ ვარჯიშობდა და მოუთმენლად ელოდა, როდის მისცემდნენ ჰოკეისტის ფორმას. ერთხელ ის კარში დადგომაზეც კი დათანხმდა. სწორედ ეს იყო შემთხვევა, რომელმაც ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.

კარში დგომა რთული და სახიფათო იყო, მაგრამ ვლადისლავმა შიში ჯერ კიდევ წყალში ხტომისას დაძლია. ზოგჯერ ძალიან მტკივნეულ დაჟეჟილობებსა და ტრავმებს იღებდა, მაგრამ ამისგან ჰოკეიში დაზღვეული არავინ არის. მოგვიანებით ტრეტიაკი მიხვდა, რომ კარში დგომა უფრო მოსწონდა, ვიდრე შაიბის გატანა.

12 წლის იყო ვლადისლავი, თავისი პირველი მედალი რომ მოიპოვა, მისი გუნდი კი მოსკოვის ჩემპიონი გახდა. 16 წლისა უკვე სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების კარს იცავდა _ 1967 წელს ის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა ფინეთში. ნაკრების მწვრთნელი იყო 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, შესანიშნავი მეკარე ნიკოლაი პუჩკოვი, რომელმაც ფინეთში გამგზავრებამდე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: “მე მყავს ერთი ბიჭი, სახელად ვლადისლავი, ვარჯიშებზე მანცვიფრებს თავისი რეაქციით, სწრაფი მოძრაობებით, სიმამაცით, მჯერა, რომ მისგან შესანიშნავი ჰოკეისტი დადგება”.

ვლადისლავ ტრეტიაკი

1969 წლის 14 სექტემბერს ვლადისლავ ტრეტიაკს პირველად მიანდვეს “ცე-ეს-კა”-ს კარის დაცვა სსრკ-ის ჩემპიონატში და მას შემდეგ 16 წლის განმავლობაში ამ გუნდთან ერთად 13-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

“ცე-ეს-კა”-ში დებიუტიდან რამდენიმე თვის შემდეგ ტრეტიაკი მსოფლიოს ჩემპიონის პირველ ოქროს მედალს დაეუფლა. სულ კი მის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონის 10 ტიტულია, ევროპის ჩემპიონის _ 9.

ვლადისლავმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის პირველი მედალი კი 1972 წელს მოიპოვა საპოროში, სადაც საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ყველა გუნდი დაამარცხა. იმავე 1972 წელს გაიმართა ცნობილი შეხვედრები სსრკ-ის ნაკრებსა და NHL-ის _ ჰოკეის ნაციონალური ლიგის საუკეთესო ჰოკეისტებს შორის. ბევრს ეგონა, რომ საბჭოთა ჰოკეისტები ვერაფერს გააწყობდნენ კანადელ და ამერიკელ საუკეთესო პროფესიონალებთან, მაგრამ საბჭოელებმა ღირსეულად ჩაატარეს ეს შეხვედრები (4 _ კანადაში, 4 _ საბჭოთა კავშირში). სწორედ ამ მატჩების შემდეგ მოიპოვა ვლადისლავ ტრეტიაკმა უდიდესი პოპულარობა ჰოკეის, როგორც საბჭოთა, ისე კანადელ მოყვარულებს შორის. მისი ავტოგრაფისთვის უზარმაზარი რიგი იდგა ხოლმე და ისიც დაუზარლად აწერდა ხელს წიგნებზე, ბილეთებზე, პროგრამებზე… მას შემდეგ ტრეტიაკი ბევრჯერ ჩავიდა კანადაში და ყოველ ჩასვლაზე მისი პოპულარობა იმატებდა _ კანადელი სახელმწიფო მოღვაწეები, ბიზნესმენები, მწერლები, კინომსახიობები დიდ პატივად თვლიდნენ ტრეტიაკთან ერთად ფოტოს გადაღებას.

1976 წელს ტრეტიაკმა XII ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1980 წელს კი ოქროს მედლები ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრებს ხვდათ წილად, და მხოლოდ 1984 წელს დაიბრუნა ტრეტიაკმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. ის ოლიმპიური ტურნირი სსრკ-ის ნაკრებმა შესანიშნავად ჩაატარა _ წინასწარ ეტაპზე 42 შაიბა გაიტანა და 5 გაუშვა; ფინალურ ეტაპზე კი სხვაობა 16-1-ზე იყო. ფინალში საბჭოთა ნაკრებმა მთავარი მეტოქე _ ჩეხოსლოვაკიის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 2:0.

სხვათა შორის, ოლიმპიადის ბოლო დღე ტრეტიაკისთვის საინტერესო აღმოჩნდა: სარაევოში ჩაიტანეს გამზადებული კონტრაქტი ასტრონომიულ თანხაზე. ტრეტიაკის შეძენა NHL-ის სახელოვან კანადურ კლუბმონრეალ კანადიენზსსურდა (მსგავსი შეთავაზებები ვლადისლავს ადრეც ჰქონია), მაგრამ იმხანად სხვა დრო იყო _ საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე სხვა ქვეყანაში ვერ ითამაშებდა.

იმავე 1984 წელს ტრეტიაკმა გადაწყვიტა, წასულიყო დიდი სპორტიდან.

2003 წელს ლეგენდარული სპორტსმენი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს.

2006 წელს ის რუსეთის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

შედის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ასწლეულის სიმბოლურ ნაკრებში.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here