Home რუბრიკები საზოგადოება ვლადიმერ ხუნდაძე და ირაკლი გიკაშვილი _ სიძე და ცოლისძმა, რომლებიც სამშობლოს შეეწირნენ

ვლადიმერ ხუნდაძე და ირაკლი გიკაშვილი _ სიძე და ცოლისძმა, რომლებიც სამშობლოს შეეწირნენ

401
ლია ხუნდაძე

როგორც იქნა, ვესტუმრე ქალბატონ ლია ხუნდაძეს _ სტალინგრადში მებრძოლი ქართველი მეომრის, ვლადიმერ ხუნდაძის, ქალიშვილს. ქალბატონმა ლიამ გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პროექტიდიდი სამამულო”, რომელიც მომავალი თაობებისთვის პირველ ქართულენოვან ენციკლოპედიას ქმნის 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ. პროექტის ავტორებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, როდესაც მკითხველები თვითონვე გვიკავშირდებიან და გამოთქვამენ სურვილს, ჩვენი ელექტრონული არქივის რუბრიკაში სახელწოდებით  “ჩემი მამაცი წინაპარიგანთავსდეს ინფორმაციები და ფოტოსურათები მათი ოჯახებისა და მთელი ქვეყნისთვის ძვირფასი ადამიანების, ომში მონაწილე მათ წინაპართა შესახებ. სწორედ ასეთი ძვირფასი ადამიანია ვლადიმერ ივანეს ძე ხუნდაძე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალბატონ ლიას მამა, რომელიც სტალინგრადში იბრძოდა. ქალბატონმა ლიამ გამოთქვა სურვილი, მამის სახელი და ფოტო განთავსდეს ჩვენს ელეტრონულ არქივში და ასევე გამოქვეყნდეს ჩვენს პარტნიორ გაზეთსაქართველო და მსოფლიოში”.

ძალიან  ტრაგიკული და აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა ჩოხატაურელი ვლადიმერ ხუნდაძის ხანმოკლე ბიოგრაფია. სანქტ-პეტერბურგში განათლებამიღებული მამის, რამდენიმე უცხო ენის მცოდნე ივანე ხუნდაძის ოჯახში 1916 წელს დაბადებული ვლადიმერი, განათლებით ისტორიკოსი, პედაგოგობას აპირებდა და მუშაობდა კიდეც ამ პროფილით. ქალიშვილი ლია 1939 წელს დაიბადა. ქალბატონ ლიას ახსოვს, როგორ ელოდებოდა ხოლმე საყვარელ მამას, “პაპკოიას”, ფანჯარასთან, სანამ იგი სამსახურიდან დაბრუნდებოდა. 1941 წელს ცოლ-ქმარ ხუნდაძეებს მეორე ქალიშვილი, ლუარა, შეეძინათ.

ვლადიმერ ხუნდაძე (მარცხნივ) და ირაკლი გიკაშვილი
ვლადიმერ ხუნდაძე (მარცხნივ) და ირაკლი გიკაშვილი

ვლადიმერ ხუნდაძე წითელ არმიაში 1942 წლის ზაფხულში გაიწვიეს და პირდაპირ ფრონტის ყველაზე ურთულეს მიმართულებაზე გაგზავნეს _ სტალინგრადის დასაცავად. გვარდიის უფროსი სერჟანტი ხუნდაძე სტალინგრადისთვის წარმოებულ ბრძოლებში თითქმის დასაწყისიდან ბოლომდე მონაწილეობდა _  1942 წლის 21 აგვისტოდან 1943 წლის 2 თებერვლამდე. მიღებული აქვს მედალი “სტალინგრადის დაცვისთვის” (დასტურდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივის დოკუმენტით _ ფონდი 12776, აღწერა 2, შენახვის ერთეული _ 7).

ქალბატონი ლია ზუსტ თარიღს ვერ იხსენებს, მაგრამ, როგორც ჩანს, სტალინგრადის ბრძოლების შემდეგ ვლადიმერ ხუნდაძე დაიჭრა. ხელმძღვანელობამ იგი შინ დააბრუნა და მას, როგორც პედაგოგს, შეეძლო მშვიდობიანი ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ თვითონ ვლადიმერმა არ ისურვა შინ დარჩენა. მეუღლისთვის უთქვამს: ვერ დავრჩები, ჩემი მეგობრები ფრონტზე არიანო, და მალე ისევ საომრად გაბრუნებულა, თავისივე ნებით. იბრძოდა ბრიანსკის ფრონტზე, შემდეგ _ ვორონეჟის ფრონტზე. საუბედუროდ, ეს მისი ბოლო ბრძოლა აღმოჩნდა _ 1943 წლის 12 აგვისტოს ვლადიმერ ხუნდაძე დაიღუპა უკრაინის სსრ ტერიტორიაზე. დაკრძალულია სუმის ოლქში, სოფელ ჩერნეტჩინაში.

ასე დაქვრივდა ვლადიმერის 21 წლის მეუღლე, ეთერ გიკაშვილი, რომელიც თავისი გმირი მეუღლის დიდი სიყვარულით აღარ გათხოვილა.

ვლადიმერ ხუნდაძე მეუღლე ეთერ გიკაშვილთან ერთად
ვლადიმერ ხუნდაძე მეუღლე ეთერ გიკაშვილთან ერთად

შემონახულია “ჯილდოს ფურცელი” (“Наградной лист”), 536-ე გვარდიული  ნაღმმტყორცნი დიჰვიზიის მეთაურის, გვარდიის კაპიტან კორობკოვის ხელმოწერით, რომელშიც ვლადიმერ ხუნდაძის სიმამაცეა ასახული. დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ: “საბრძოლო ამოცანის შესრულებისას, სოფელ ზადუშნოეში (მდებარეობს ქალაქ მცენსკთან ახლოს, ორიოლის ოლქში) ამხანაგი ხუნდაძე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მოწინააღმდეგის ნაღმების ქარიშხლისებრი ცეცხლის პირობებში, მუშაობდა ნაღმების… (ერთი სიტყვა ხელნაწერ ტექსტში გაურკვეველია). ოპერაციის მიდამოებში ჩამოგდებულ იქნა მოწინააღმდეგის ალმოდებული თვითმფრინავი, რომელიც დატვირთული იყო საბრძოლო მასალით. ცეცხლის ჩაქრობის გარეშე იქმნებოდა M-30-ის ჭურვების აფეთქების საფრთხე. ხუნდაძე პირველი გავარდა ცეცხლის ჩასაქრობად და დანარჩენი მებრძოლებიც აიყოლია. ხანძრის ჩაქრობით მან უზრუნველყო უსაფრთხოება. ამხანაგი ხუნდაძე იმსახურებს სამთავრობო ჯილდოს _ მედალსმამაცობისათვის”.

ტრაგიკული აღმოჩნდა ქალბატონ ლიას ბიძის, 1917 წელს დაბადებული ირაკლი გიორგის ძე გიკაშვილის, ბედიც. ასევე პედაგოგი, ირაკლი გიკაშვილი განაწილებული იყო ჯავის სკოლაში. ფრონტზე თბილისის საქალაქო სამხედრო კომისარიატიდან გაიწვიეს 1943 წელს. 49-ე გვარდიული სატანკო ბრიგადის ტანკის ეკიპაჟის მეთაური, ლეიტენანტი გიკაშვილი 1945 წლის 20 თებერვალს დაიღუპა გერმანიაში. ჰყავდა ერთი ქალიშვილი, 1940 წელს დაბადებული, რომელიც შარშან გარდაიცვალა.

მამის მიერ ფრონტიდან გამოგზავნილი და სათუთად შენახული წერილები
მამის მიერ ფრონტიდან გამოგზავნილი და სათუთად შენახული წერილები

შვილიშვილებისა და შვილთაშვილების პატრონი, ქალბატონი ლია ხუნდაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სწორი ინფორმაცია გადავცეთ მომავალ თაობებს დიდი სამამულო ომის შესახებ. ამ მხრივ მან თავისი ვალი მოიხადა. თავის დროზე ქალბატონი ლია ვოლგოგრადშიც ჩადიოდა, ეცნობოდა არქივებს, რეალურ ისტორიას ასწავლიდა თავის შვილიშვილებს, ახალგაზრდა თაობებს… აღარ არის დღეს ის საოცარი დრო, მაგრამ ერის ისტორიულ მეხსიერებაში ეს ყველაფერი სამუდამოდ უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერს გადარჩენა არ უწერია!

გულბაათ რცხილაძე

didisamamulo.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here